2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოხმარება იკრძალება დახურულ სივრცეში - როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში, იქ, სადაც მწეველებთან ერთად არამწეველებიც ტრიალებენ. დასაქმებულებს მოსაწევად ძირითადად ქუჩაში გასვლა მოუხდებათ, რადგანაც სპეციალურ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აივანი, რათა იქ მოწევა კანონდარღვევად არ ჩაითვალოს.
მოწევა აკრძალულია სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებისა და საავადმყოფოების ეზოებში. თამბაქოს ბოლი არ უნდა შეეხოს საბავშვო მოედნებსა და გასართობ ცენტრებს. კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ღია სივრცეში იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუკი ურჩი სტუმარი დახურულ სივრცეში მაინც გააბოლებს და გაფრთხილებას არ დაემორჩილება, რესტორნის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოიძახოს საპატრულო პოლიცია, რომელიც ურჩ მწეველს დააჯარიმებს. იმ შემთხვევაში კი, თუ რესტორნის ადმინისტრაცია ამ კანონდარღვევაზე თვალს დახუჭავს და ფაქტი სხვა გზებით გახმაურდება, ჯარიმის გადახდა თავად რესტორანს მოუწევს.
ერთადერთი ადგილი, სადაც მოწევისთვის არც ერთ შემთხვევაში არ
დაჯარიმდებით, ეს თქვენი საკუთარი ბინა ან სახლია.