მანამდე, დახურულ კარს მიღმა, ორი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის განმსაზღვრელ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის შინაარსს მინსკიც და მოსკოვიც ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ.
ასევე ნახეთ შოიგუმ მინსკში ხელი მოაწერა დოკუმენტებს ბირთვული იარაღის განლაგების შესახებშესაბამისად, უპასუხო რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა: რას წარმოადგენს ბელარუსისთვის განკუთვნილი ტაქტიკურ-ბირთვული იარაღი და სად განთავსდება ამ შეიარაღებისთვის განკუთვნილი სპეციალური საცავი?
ასევე ნახეთ პუტინის თქმით, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებსსად განთავსდება ბირთვული იარაღის საცავი?
25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია „როსია-24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საცავის მშენებლობა 1 ივლისს დასრულდება.
პუტინის ამ განცხადების შემდეგ პენტაგონმა აღნიშნა, რომ მათ ჯერ არ დაუნახავთ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გადაადგილების ნიშნები.
ზოგიერთი მიმომხილველი კი ამბობს, რომ ბელარუსში ასეთი იარაღის განლაგებისთვის პრაქტიკულად არაფერი არ არის მზად.
„სხვათა შორის, ამ დღეებში ბელარუსის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვალენტინ რიბაკოვმა თქვა, რომ ჯერჯერობით პუტინის ამ განცხადების რეალიზების მხრივ ბელარუსში არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთო. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება, სარაკეტო კომპლექს „ისკანდერებზეც“ შეიძლება და სამხედრო თვითმფრინავებზეც და ამიტომ, რაღაც განსაკუთრებული საცავის მშენებლობა, შესაძლოა, არც კი გახდეს საჭირო“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი იური დრაკახრუსტი.
2 აპრილს რუსეთის ელჩმა მინსკში, ბორის გრიზლოვმა, მიანიშნა, რომ ბირთვული იარაღის ასეთი საცავი „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ დასავლეთის საზღვრისკენ გადაინაცვლებს.
ბელარუსის დასავლეთის საზღვრიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის შეკავების საბაბით რუსეთმა და ბელარუსმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში ჯერ რეგიონული დაჯგუფება შექმნეს, შემდეგ კი გარკვეულ ზომებს მიმართეს, რათა გაეძლიერებინათ მისი საბრძოლო პოტენციალი „შეიარაღების თანამედროვე“ სახეობებით.
„ისეთით, როგორიცაა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-მ“-ი და საზენიტო-სარაკეტო სისტემა ს-400. გადაიარაღდა სამხედრო თვითმფრინავი სუ-25, რათა შესაძლებელი გახდეს ბირთვული აღჭურვილობის გამოყენება გამანადგურებელ საავიაციო საშუალებებში“, - ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ამტკიცებდა, რომ რუსეთის დახმარებით ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთი თვითმფრინავი ხელახლა აღჭურვეს და მათ უკვე შეუძლიათ ბირთვული რაკეტების ტარებაო.
აპრილის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დაადასტურა ბელარუსის შეიარაღებული ძალებისათვის სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ-მ“-ის გადაცემა.
„ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს გადაეცათ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-მ“-ი. მას რაკეტების გამოყენება შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული დანიშნულებით“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი?
ამ ტერმინის ზუსტ განსაზღვრებასთან დაკავშირებით წლებია, რაც დავა მიმდინარეობს. ძირითადი განსაზღვრება ასეთია: ესაა ბირთვული იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე კონკრეტული ტაქტიკური მიზნით იყენებენ და არა, ვთქვათ, აშშ-ის ან რუსეთის დიდი ქალაქების გასანადგურებლად.
ცოტამ თუ იცის, თუ ზუსტად რამდენ ასეთ იარაღს ფლობს რუსეთი, რადგან ეს სფერო კვლავაც ცივი ომის დროინდელი საიდუმლოებითაა მოცული.
მიიჩნევა, რომ რუსეთს ბევრად მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე აშშ-ს ან ნატოს: ამერიკელები ფიქრობენ, რომ კრემლის განკარგულებაში დღეს 2 ათასამდე ამგვარი ტაქტიკური ქობინია - ვაშინგტონს ათჯერ ნაკლები აქვს.
ტაქტიკური ბირთვული ქობინი შეიძლება განთავსდეს სხვადასხვა ტიპის რაკეტებზე, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებისთვის, როგორიცაა ფრთოსანი რაკეტები და საარტილერიო ჭურვები. მათი გასროლა შესაძლებელია თვითმფრინავებიდან და გემებიდან.
აშშ-ის 200 ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნახევარი ევროპაშია განთავსებული - 0,3-დან 170 კილოტონამდე სიმძლავრის ატომური ბომბები იტალიის, გერმანიის, თურქეთის, ბელგიისა და ნიდერლანდის საჰაერო ბაზებზეა გადანაწილებული.
1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაზე ამერიკის მიერ ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრე დაახლოებით 15 კილოტონა იყო.
ასევე ნახეთ რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რას აპირებს და რა შეუძლია რუსეთს?რას წარმოადგენს მინსკის „ბირთვული ფარი“?
25 მაისს მინსკში ხელმოწერილმა დოკუმენტმა რუსეთსა და ბელარუსს გაუმყარა რწმენა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსება „აიძულებს კოლექტიური დასავლეთის ხელმძღვანელობას, დაფიქრდნენ რეგიონში ვითარების შემდგომი ესკალაციის დაუშვებლობაზე“.
ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პაველ ლატუშკო კი მიიჩნევს, რომ ბირთვული ფარი ლუკაშენკას სჭირდება როგორც ერთგვარი გარანტია იმისთვის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ვერ შეძლონ ადამიანის უფლებათა მასობრივი ხელყოფის გამო მისი სისხლისსამართლებრივი დევნა.
ამ მოსაზრებას ბელარუსი პოლიტოლოგი, პაველ მაცუკევიჩიც იზიარებს.
„ვფიქრობ, პუტინი ლუკაშენკას დიდი ხნის ოცნებას ასრულებს. ლუკაშენკამ არაერთხელ განაცხადა, რომ გული წყდება, ბელარუსიდან ბირთვული იარაღი რომ გაიტანეს. ეს 1996 წელს მოხდა.
თუმცა, მაშინ ბუდაპეშტის მემორანდუმს თავად ლუკაშენკამ მოაწერა ხელი. მემორანდუმის მიხედვით, ბელარუსმა ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან უსაფრთხოების გარანტია მიიღო.
თავად ლუკაშენკამ, როდესაც ის ბელარუსის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო, ხმა მისცა ბირთვული იარაღის გატანას. მაგრამ უკვე პრეზიდენტობისას გადაწყვიტა, რომ ბირთვული იარაღის ქონა ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე წერილობითი გარანტიები: 2014-მა და 2022-მა წლებმა (იგულისხმება მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში - კ.ლ.) და უკრაინისთვის დასავლეთის დახმარებამ, ვფიქრობ, საბოლოოდ დაარწმუნა იგი ამაში“, - უთხრა პაველ მაცუკევიჩმა ტელეკომპანია „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.
ასევე ნახეთ ბირთვული იარაღი - უსაფრთხოების გარანტია ლუკაშენკასთვისშესაძლოა, პუტინმა კი აასრულა „ლუკაშენკას ოცნება“, მაგრამ ბელარუსის ტერიტორიაზე დაბინავებული შესაძლო ტაქტიკური ბირთვული იარაღის კონტროლისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება, სერგეი შოიგუს თქმით, მოსკოვს რჩება.