საგუშაგოები საგუშაგოების წინააღმდეგ

საგუშაგოები საგუშაგოების წინააღმდეგ - ასე შეიძლება ეწოდოს პროცესს, რომელიც ახლა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე მიმდინარეობს. დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო გამოცემები აჭრელებულია ფოტოებითა და ვიდეომასალით იმის შესახებ, რომ დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა წნელისთან ახლოს დროშა აღმართეს და საგუშაგოს მოწყობა დაიწყეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა ოკუპირებული სოფლის, წნელისის, რაიონში, რომელსაც ოსური მხარე უისტას უწოდებს, 944 მეტრის სიმაღლე დაიკავა, სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა. ამის შესახებ დღეს, 5 სექტემბერს, განაცხადა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა, რომელიც საქართველოსთან ე. წ. სახელმწიფო საზღვარზე ამ ქმედებას უწოდებს ქართული მხარის პროვოკაციის საპასუხოდ მიღებულ გამაფრთხილებელ ზომასა და მშვიდობიან, ჰუმანიტარულ ოპერაციას, რომლის მიზანია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ქართული მხარის პროვოკაციად მიიჩნევს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ რაიონში, პოლიციის საგუშაგოს განთავსებას. ჩორჩანა ოკუპირებულ წნელისს ესაზღვრება.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისში ჰუმანიტარული ოპერაცია „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით ტარდება და „სამხრეთოსეთელი მესაზღვრეების“ მოქმედება საფრთხეს არ უქმნის მოსაზღვრე დასახლებული პუნქტების, ჩორჩანისა და კობის, მცხოვრებთ.

„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზის მონიშვნით სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, რომლებიც რუსებთან ერთად იცავენ ალანიის სახელმწიფოს მიჯნას, მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფენ“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა 5 სექტემბერს, დილით, „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა“, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ არის შექმნილი. განცხადებაში წერია:

„ახალი საგუშაგო, რომელიც სეპარატისტებმა "944" სიმაღლეზე აღმართეს, არასდროს შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში - არც ერთი იმ რუკის მიხედვით, რომელსაც სეპარატისტები ხშირად იშველიებენ.

მომხდარი თამამად შეიძლება შეფასდეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტი. საყურადღებოა, რომ სეპარატისტთა მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოში შიდა გარდამავალ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეიძლება ერთიორად გართულდეს.

ჩვენი შეზღუდული რესურსებით, ლეგიონერების აქტიური დახმარებით შევეცდებით მომხდარის შესახებ პროაქტიული საინფორმაციო კამპანია ვაწარმოოთ. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება შეეგუოს მომხდარს. საჭიროა დროულად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ყველა სამიზნე აუდიტორიის პროაქტიულ რეჟიმში ინფორმირება. გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება უპირატესობის მოპოვებას საინფორმაციო სივრცეში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ლეგიონი ავრცელებს რუკასაც, სადაც, მათი აზრით, შესაძლოა სეპარატისტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“.


„საინფორმაციო ლეგიონის“ ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ რუკაზე დატანილი ლოკაციების სიზუსტეზე პრეტენზია არა აქვთ და ცდილობენ ეს საკითხი სხვადასხვა წყაროების მეშვეობით გადაამოწმონ. მოლოდინის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ არ წააგოს საინფორმაციო ომი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და სახელმწიფოს ჰქონდეს მყისიერი რეაქცია, სასწრაფოდ ავრცელოს ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ონლაინ და სატელევიზიო მედია ამ დღეებში მუდმივად ავრცელებდა ფოტოებსა და ვიდეოკადრებს წნელისიდან, სადაც დროშა და ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერი აღმარეს. ამ კადრებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩორჩანის საგუშაგოც ჩანს. 5 სექტემბერს სააგენტო „რესის“ მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ თხრიან საინჟინრო ნაგებობას და გაჰყავთ გზა ტყეში დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, თუმცა ამ ადგილის ზუსტი ლოკაციის დადგენა ძნელია. ერთ ფოტოზე მოპირდაპირე მხარეს, მთაზე, ჩანს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, იმ ტერიტორიაზე კი ასეთი ხაზი ერთია და მას „ქართლი-2“ ჰქვია, რომელიც ჩორჩანის მთაზე გადის.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 5 სექტემბრის 16 საათის მონაცემებით, ჯერ ისევ აზუსტებდა ოსური საგუშაგოს მდებარეობას. საქართველოს პარლამენტში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით ზუსტდება იქ არსებული ვითარება. გომელაურის თქმით, ჩორჩანის პოლიციური საგუშაგო 40 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს:

„ჩვენი ინფორმაციით, დროშა აღმართეს. დასაზუსტებელია, რა ადგილია - ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია თუ მათი კონტროლირებადი ტერიტორია. ცხელი ხაზი გაააქტიურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ხვალ ტექნიკური შეხვედრაა, იქაც დადგება ეს საკითხი, დაზუსტდება და აუცილებლად გაცნობებთ ინფორმაციას. რაც მთავარია, უსაფრთხოდ რომ იყოს ე. წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა, მთავარი საზრუნავი არის დღეს ჩვენი ეს, დანარჩენ ცნობებს მოგაწვდით აუცილებლად“.


კიდევ ერთი ადგილი, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქმედებები გაააქტიურა, ესაა პერევი-სინაგურის მიმართულება. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე კვლავ ცდილობს ე.წ. საზღვართან დაძაბულობის პროვოცირებას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი დეპუტატებთან ერთად გაემგზავრა სოფელ სინაგურში, საიდანაც ინფორმაცია მოდის ქართული მხარის მორიგი პროვოკაციის შესახებ - ამ შინაარსის ცნობას ავრცელებს დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

საუბარია ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთან, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, კერძოდ, სინაგურს ესაზღვრება.

ასევე ნახეთ საგუშაგო ჩორჩანასთან - რამდენად ახლოს ესკალაციასთან?

სინაგურში დე ფაქტო პარლამენტის წევრების გამგზავრებას წინ უძღოდა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადება, რომ ქართული მხარე კვლავ ცდილობს დაძაბულობის პროვოცირებას და ამ მიზნით 25 აგვისტოს გააგრძელა პერევთან პოლიციის ობიექტების მოწყობის სამუშაოები. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტისავე განცხადებით, პოლიციის საგუშაგოსა და დასახლებული პუნქტის, პერევის, დამაკავშირებელ გზაზე იგეგმება კაპიტალური სამუშაოები და გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. სინაგურში მყოფი დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი თავად დარწმუნდა, რომ საგუშაგოს მშენებლობა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ამის შესახებ ოსურ მედიასთან საუბარში განაცხადა:

„15-20 დეპუტატი გაემგზავრა ადგილზე, რათა გვენახა და ვითარება ადგილზე გაგვერკვია. ჩვენთან ერთად იყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი საზღვრის რუკით და ნავიგატორით. ადგილზე განისაზღვრა, რომ საგუშაგო, რომელსაც ქართული მხარე აშენებს, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, 60-იანი წლებისა და საბჭოთა პერიოდის სხვა, ადრინდელი რუკითაც. ქართულ მხარეს არ გადაუკვეთია სამხრეთ ოსეთის საზღვარი. ჩვენი მესაზღვრეები დგანან რესპუბლიკის საზღვარზე და იცავენ ხეობას, რომელიც, რუკების მიხედვით, გადის როგორც სამხრეთ ოსეთის საზღვრის გამყოფი ხაზი“.

ასევე ნახეთ ჩორჩანის ტყის ამბები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადასატანად, „რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ის ინფორმაციით, სამუშაოების შესახებ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ყველა მონაწილის ინფორმირება მოხდა ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში და ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო ამ ფორმატის მექანიზმებით.


სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ჩორჩანასთან შექმნილი ვითარების გამო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს სთხოვა საქმეში აქტიურად ჩაერთოს, რომ დეესკალაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

„ამ ეტაპზე ვამოწმებთ ინფორმაციას და ვადგენთ დეტალებს. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის სხდომა მქონდა, მომეცა შესაძლებლობა კომუნიკაციისა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელსა და ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან. მათ ძალიან აქტიური ჩართულობა ვთხოვე. ხვალ დაგეგმილია ტექნიკური შეხვედრა და, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობა გამოყენებულ იქნება იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენი მთავარი ინტერესისთვის, რომელზეც შეთანხმებაც არის, სხვათა შორის, რომ დეესკალაციისაკენ გადაიდგას ნაბიჯები და მოსახლეობისთვის უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი, ყველაფერი კეთდება“.

აგვისტოს ბოლოს, საოკუპაციო ხაზთან ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შენიშნეს საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია. დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა.


სიტუაციის განმუხტვის მიზნით, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, ეუთოსა და ევროკავშირის შუამავლობით ჩატარდა ორი ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ წნელისთან საგუშაგოს თავადაც გახსნის.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მიზნად ისახავს მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მის გადატანას არ აპირებს.

6 სექტემბერს ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, რეგიონში კი რუკებითა და საგუშაგოებით წინააღმდეგობა ისევ გრძელდება.