მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. ქალაქებში შესასვლელები და გამოსასვლელები მკაცრად კონტროლდება. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები თითქმის ყოველდღიურად ავრცელებენ ფოტო- და ვიდეომასალას საგუშაგო ბლოკ-პოსტებიდან, თუმცა არ იძლევიან პასუხს კითხვაზე, კონკრეტულად რა ადგილებშია განთავსებული საგუშაგოები. ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური თვალთვალის საშუალებით ჩაკეტილი სივრცის 24-საათიანი კონტროლი.
- რამდენი საგუშაგოა კარანტინის ზონაში?
- რა არის საგუშაგოების ფუნქცია?
- რა მონაცემებს შეიძლება აგროვებდეს სახელმწიფო ტექნიკური თვალთვალის საშუალებით?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 მარტს გაავრცელა ინფორმაცია კარანტინის ზონაში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოს მოწყობის შესახებ. საგუშაგოები რეგიონში მოძრაობის გასაკონტროლებლად დაიდგა. იქ პოლიციასთან ერთად მობილიზებულია თავდაცვის ძალებიც; შსს ამბობს, რომ ცენტრალური მაგისტრალების გარდა აკონტოლებს მეორეხარისხოვან გზებსაც, სადაც მობილური საგუშაგოებია განთავსებული. გამომდინარე იქიდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 23-დან 27 მარტამდე არ იძლევა პასუხს კითხვაზე, სად არის განთავსებული საგუშაგოები, ღიად რჩება კითხვა, მობილური საგუშაგოები 12 საგუშაგოს ნაწილია თუ არა.
23 მარტსვე თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროს ძალები არა 12-ივე საგუშაგო პოსტზე, არამედ 5 მათგანზე არიან განთავსებული. მომდევნო დღეებში ფეისბუკზე სამინისტრომ გაავრცელა ამ 5 პოსტის მიახლოებითი მდებარეობა. ჩვენს კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელ პოსტებზე იდგნენ სამხედროები, გვიპასუხეს, რომ ეს საიდუმლოა.
24 მარტს თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები აკონტროლებენ შემდეგ გამშვებ პუქტებს:
- 5 შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში;
- თეთრიწყარო-მარნეულის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილ საგუშაგოს;
- თეთრიწყარო-მარნეულის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილ საგუშაგო პოსტებს.
25 მარტს გაირკვა, რომ მეორეხარისხოვანი გზების გაკონტროლების მიზნით თავდაცვის ძალების 6 სტაციონარული და 1 მობილური საკონტროლო პუნქტი ფუნქციონირებდა კარანტინის ზონაში. ამ ფეისბუკპოსტიდან იხატება სურათი, რომ ეს 6 სტაციონარული და 1 მობილური პოსტი იმ 12 პოსტში არ შედის, რომელზეც შსს ლაპარაკობს. ეს საგუშაგოები არ უნდა იყოს არც უკვე ნახსენები, დამაკავშირებელ გზებსა და ბოლნისისა და კაზრეთის შესასვლელებში განლაგებული საგუშაგოები.
საგუშაგოების მდებარეობის დასაზუსტებლად მივმართეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ საგუშაგო განთავსებულია ბოლნისის შესასვლელსა და გამოსასვლელში, ასევე სოფელ ცურტავში. მარნეულში ამ ინფორმაციას არ გასცემენ, თუმცა ამბობენ, რომ მარნეულის 4-ვე გასასვლელი კონტროლდება, საგუშაგოები დგას მარაბდასა და წითელ ხიდთან. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა 9 საგუშაგოს მდებარეობა. საგუშაგოების მდებარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას არც ადგილობრივები ფლობენ. სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარანტინის ზონიდან ადამიანები შემოვლითი გზებით ახერხებენ გამოღწევას.
რუკა, რომელიც ფრაგმენტული ინფორმაციის მიხედვით შევქმენით და ზუსტი და სრული შესაძლოა არ იყოს, ასე გამოიყურება:
სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება გავარკვიოთ, გზებზე ნაკადის კონტროლის გარდა, რისთვის შეიქმნა საგუშაგოები:
- პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნის საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს.
- სამხედრო მოსამსახურეები ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს.
- საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ამუშავებს ტერიტორიაზე შემავალ და გამავალ ავტოტრანსპორტს.
- საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს უტარდებათ პირველადი სამედიცინო შემოწმება.
- გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრზე მუდმივი მონიტორინგი ხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონების საშუალებით.
- სამხედროები აკონტროლებენ მეორეხარისხოვან გზებს დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებით 24 საათის განმავლობაში.
საგუშაგოებთან დაყენებულია ძლიერი განათება, აღმართულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, დამონტაჟებულია მოძრავი ვიდეოკამერები, რამდენიმე ადგილას გაბმულია მავთულხლართები.
დრონების გამოყენება კარანტინის ზონებში რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე, შეიძლება ითქვას, მიღებული პრაქტიკა გახდა კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ. საჰაერო კონტროლის გარდა, რიგ ადგილებში მოქალაქეებს აკონტროლებდნენ მობილური ტელეფონების, ბანკის ბარათების და ელექტრონული სამაჯურების საშუალებით. კითხვები ისმის იმის შესახებ, თუ როდის და რისთვის შეიძლება გამოიყენონ მთავრობებმა პანდემიის დროს შეგროვებული მონაცემები და გამოცდილება, რომელსაც ახლა იძენენ ამ მიმართულებით.
რაც ვიცით, რამდენიმე ქვეყნისა და პანდემიისას დრონების გამოყენების შესახებ:
ჩინეთი იყენებდა დრონებს დეზინფექციისთვის, ანალიზებისა და ტესტების პასუხების ტრანსპორტირებისთვის; ასევე, მიუვალ ადგილებში საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მისატანად. ჩინური მედია ავრცელებდა თერმული კამერით აღჭურვილი დრონის ვიდეოს, რომელსაც სიცხიანი ადამიანების პოვნა შეუძლია. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, თუმცა რამდენად რეალისტურია მასში აღწერილი პროცესი, ძნელი სათქმელია.
ესპანეთის პოლიციამ დრონების საშუალებით გააფრთხილა მოქალაქეები, დარჩენილიყვნენ სახლებში და არ დაერღვიათ იზოლაციის წესები.
კალიფორნიის პოლიცია დრონებით ვირუსთან ბრძოლის შესაძლებლობებს ახლა იკვლევს და ფიქრობს, რომ მათი გამოყენება განსაკუთრებით კარგი იქნებოდა უსახლკარო ადამიანებთან ინფორმაციის მისატანად.
ბრიტანელი პოლიციელების მიერ დრონით გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნებამ სოციალურ ქსელებში საკითხის ფართო განხილვა გამოიწვია. ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც ეროვნულ პარკში სეირნობენ იზოლაციის წესების დაცვის ნაცვლად. ვიდეო კონტროვერსულად შეფასდა და ეჭვქვეშ დადგა ტყეებსა და ეროვნულ პარკებში ადამიანების დევნის მართებულობა.
საქართველოში ძალოვანი უწყებების დრონები არც ერთ ჩამოთვლილ ფუნქციას არ ასრულებენ - გარდა იმისა, რომ შესაძლოა აგროვებდნენ ინფორმაციას ადამიანების მიმოსვლაზე. ამ მიზნით სხვადასხვა ქვეყანა დრონების გარდა სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებსაც იყენებს. მაგალითად:
- ისრაელი, სინგაპური და სამხრეთი კორეა მონაცემებს აგროვებენ ვიდეოჩანაწერების, საბანკო ბარათებისა და სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით.
- ჩინეთმა კამერები დააყენა იმის გასაკონტროლებლად, რამდენად იცავდნენ ადამიანები კარანტინის წესებს.
- ჰონგ კონგში ელექტრონული სამაჯურის საშუალებით აკონტროლებენ მათ, ვისაც საკარანტონო ზონებში ათავსებენ.
ციფრულ უსაფრთხოებაზე მომუშავე პლატფორმა top10vpn-ის კვლევის თანახმად, კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ:
- 19 ქვეყანაში შემოღებულია ციფრული თვალთვალის ახალი ზომები;
- ფიზიკური მეთვალყურეობის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება 4 ქვეყანაში;
- კოვიდ-19-თან დაკავშირებით ცენზურა დააწესა 8 მთავრობამ;
- ინტერნეტის შეზღუდვები ამოქმედდა 4 ქვეყანაში.
მთავარი საფრთხე, რაც მთავრობების მხრიდან მოსახლეობის თვალთვალს, მონაცემების შეგროვებასა და თავისუფლების შეზღუდვას ახლავს თან, ისაა, რომ ეს შესაძლოა მერეც გაგრძელდეს, როცა ვირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. არ ვიცით, რა ბედი ელის ამ დროის განმავლობაში შეგროვებულ ინფორმაციას.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, რომლის მოვალეობაშიც მოქალაქეების პირადი მონაცემების დაცვა შედის, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით განცხადება 20 მარტს გაავრცელა, თუმცა, მაგალითად, ძალოვანი უწყებების დრონით და მოძრავი კამერით შეგროვებულ მონაცემებსა და მათ დამუშავებაზე ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.