საბჭოთადროინდელი სამგზავრო ბილეთები რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის გაერთიანების დირექციამ შიდასაქალაქო მარშრუტზე მოძრავი ავტობუსებიდან ამოიღო საბჭოთადროინდელი რუსულენოვანი სამგზავრო ბილეთები, რომელთაც მძღოლები ნაღდი გადახდის დროს მგზავრებს მოთხოვნის შემთხვევაში აძლევდნენ.

ის, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში საბჭოთა კავშირის დროს დაბეჭდილ ბილეთებს იყენებდნენ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაერთიანების დირექციამ ადგილობრივი საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით 18 დეკემბერს ჩატარებული რეიდის დროს აღმოაჩინა.

გაერთიანების დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბილეთებს ორ მარშრუტზე არიგებდნენ.

„აღმოჩნდა, რომ ამ ბილეთებს მძღოლები 2009 წლიდან იყენებდნენ. მე ეს არ ვიცოდი. დღეს სამ მძღოლს გაფრთხილება მივეცით, განმეორების შემთხვევაში კი სამსახურიდან დავითხოვთ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ჯურხა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მძღოლებმა გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ბილეთებს იმ მგზავრებს აძლევდნენ, ვინც მგზავრობის საფასურს სხვებისთვისაც იხდიდა.

„მძღოლი ბილეთს იმიტომ გასცემდა, რომ ის მგზავრები არ შეშლოდა, ვისაც გადაუხადეს“, დასძინა ჯურხა ბენდელიანმა.

ადგილობრივი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნანა შატბერაშვილმა რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა, რადგან რუსულენოვანი ბილეთების გაყიდვით დაირღვა კონსტიტუცია.

„ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. სადაც ცალსახად წერია, რომ არ შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ უცხო ენაზე შესრულებული სახელმწიფო დოკუმენტები“, - თქვა ნანა შატბერაშვილმა. - „ბილეთი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. არ შეიძლება ასე ფრიალებდეს რუსულენოვანი ბილეთი ავტობუსში“. გარდა ამისა, დასძინა შატბერაშვილმა, ეს საკითხი პოლიტიკურ ელემენტსაც შეიცავს, რუსეთი ოკუპანტია და რუსულ ენაზე დაბეჭდილი ბილეთების გაყიდვა არ შეიძლებაო.

რუსთავში მუნიციპალური ავტოპარკი 15-მდე მოძველებული ავტობუსისგან შედგება. მგზავრობის ღირებულება 20 თეთრია და გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება. საღამოს 7 საათის შემდეგ ეს ავტობუსები ქალაქში, ფაქტობრივად, აღარ მოძრაობს.

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის გაერთიანების დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ავტპობუსები იმდენად მოძველებულია, რომ ტერმინალების დაყენება და სამგზავრო ბარათებით ანგარიშსწორება შეუძლებელია.

„ველოდებით ტენდერის შედეგებს, რის შემდეგაც რუსთავს 40 ერთეული ევროსტანდარტის ავტობუსი გადმოეცემა. სწორედ ამ სახის ტრანსპორტში დავაყენებთ სამგზავრო ტერმინალებს“, თქვა ჯურხა ბენდელიანმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს დიდ ქალაქებში, დაახლოებით, 150 ავტობუსის შეძენა იგეგმება. ამასთან, პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია ამ ავტობუსების ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.