კარგია, რომ 20 %-ზე არაა საუბარი. რაღაცნაირად სწორხაზოვნად სიმბოლური იქნებოდა ომის წლისთავზე გამოხატვის თავისუფლების 20 %-ით შეზღუდვა, თუმცა ვერც 25 %-ით ავარიდებთ თავს აღნიშნულ ანალოგიაზე საუბარს და სულაც არ იქნება გასაკვირი, თუკი, ამ საეჭვო ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები მთელი სამყაროს გასაგონად იტყვიან:
I am from Georgia and my freedom of expression is occupied by 25%!
მე ვარ საქართველოდან და ჩემი გამოხატვის უფლება ოკუპირებულია 25%-ით!
კი, სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება ადამიანურ ენაზე მმართველი პარტიის ინიციატივა: არჩევნებისთვის ანტირეკლამა არ უნდა აღემატებოდეს სარეკლამო რგოლის 25%-ს!
ასევე ნახეთ ზრდილობიანი არჩევნებისკენ სწრაფვა თუ ტვირთი და ცენზურა?იქნებ, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სპეციალისტებსაც დავუწესოთ მსგავსი შეზღუდვა და კანონით დავავალდებულოთ, ანტინაწილაკების კვლევა არ აღემატებოდეს მთლიანი კვლევების 25%-ს! მზარეულები ვაიძულოთ, დაიცვან მსგავსი პროპორცია ცხოველური და მცენარეული ცხიმების გამოყენებისას, მწერლებმა - პროზასა და პოეზიას შორის, მხატვრებმა - გრაფიკასა და ფერწერას შორის, თამადებმა - ღვინოსა და არაყს შორის, მწეველებმა - თამბაქოსა და ელ. სიგარეტს შორის, ფეხბურთელებმა ფეხითა და თავით თამაშს შორის და ა.შ. როგორც იტყვიან, დასარეგულირებელი ჯერ კიდევ ბევრია!
საერთოდაც, რას ნიშნავს ანტირეკლამა?
ყველაზე ნეიტრალური განსაზღვრებით, ალბათ, უნდა ნიშნავდეს ოპონენტის წარმოჩენას ოპონენტისთვისვე არასასურველი კუთხით, რაც რიტორიკასა და ორატორულ ხელოვნებაში ძალიანაც ჩვეულებრივი ამბავია. აქამდე, ალბათ, არც არავის მოსვლია აზრად დროის ამგვარი რეგლამენტირება, ანუ კანონით იმის დადგენა, თუ გამოყოფილი (მიკუთვნებული) დროის რა ნაწილი უნდა დახარჯოს ერთმა საარჩევნო სუბიექტმა მეორე სუბიექტზე თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად. ვინ და რა ლოგიკით უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, თვინიერ სუბიექტისა?
დროის რეგლამენტირება ვახსენეთ. როგორც წესი, საარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტების ყურადღება წარსულ დროს მიემართება ხოლმე, რაც ასევე ბუნებრივია, რადგანაც სწორედ წარსულში, დასრულებულ დროში შეიძლება ამა თუ იმ პარტიის (ან პოლიტიკოსის) საქმეებზე - ან როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, ნაქნზე - ობიექტური მსჯელობა. ასე რომ, საარჩევნო რეკლამის რეგლამენტაციით (მხოლოდ 25 % ანტირეკლამაზე) ინიციატივის ავტორები, ფაქტობრივად, წარსულის რეგლამენტირებას ცდილობენ, ანუ ცდილობენ საარჩევნო სუბიექტს შეუზღუდონ წარსულის შეფასებისა და წარსულზე საუბრის საშუალება, რაც, გარდა იმისა, რომ გამოხატვის უფლებას ლახავს, სხვა მხრივაც მავნებლობაა, რადგან საარჩევნო სუბიექტებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათ მიერ გაფუჭებული ყოველი ოთხი საქმიდან ოპონენტები მხოლოდ ერთზე შეძლებენ ყურადღების გამახვილებას...
ცალკე ამბავია, რომ წარსულის რეგლამენტირებას ითხოვს „ქართული ოცნება“ - პარტია, რომლის იდენტობის ნაწილია ოპონენტების წარსულზე ლაპარაკი და რომელმაც წამდაუწუმ და, ხშირ შემთხვევაში, უადგილო ხსენებით კლიშედ აქცია გამონათქვამი „სისხლიანი ცხრა წელი“.
რატომ შეიძლება ითხოვდეს მმართველი პარტია წარსულზე ლაპარაკის რეგლამენტირებას? იმიტომ ხომ არა, რომ „ოცნების“ შვიდწლიანმა მმართველობამაც დაღვარა „სისხლები“? იმიტომ ხომ არა, რომ ახლო წარსული, როგორც ახალი ჭრილობები, უფრო მტკივნეულია, ვიდრე ძველი ჭრილობები და შორეული წარსული?
ჩვენ ახლა დროის (წარსულის) და გამოხატვის თავისუფლების რეგლამენტაციაზე ვსაუბრობთ და ვშფოთავთ, მაგრამ აღარ გვახსოვს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, სერიოზული ჩივილი საზღვრების გახსნის თაობაზე, ანუ საუბარი სივრცის შეზღუდვის სარგებლიანობაზე?
„არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის, რომ გაიხსნა საზღვრები. ყველა გადის გარეთ და ხედავს, როგორ ცხოვრობენ სხვები და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა“, - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2014 წელს გააკეთა. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რას გააკეთებდა ბატონი ბიძინა, მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო საზღვრების გახსნა-ჩაკეტვის ამბავი. ალბათ, სივრცესაც შეგვიზღუდავდა ჩვენივე კეთილდღეობისთვის. მმართველი პარტია და მათი ლიდერი ხომ დღენიადაგ ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობენ და თავიანთ ძალაუფლებასაც ხომ ხალხის ბედნიერების წყაროდ სახავენ!
„თქვენ უნდა იცოდეთ: პარტიას სანამ აქვს ძალა - ეს საშუალება ხალხის გაბედნიერებისა, ასეთ საშუალებად ჩვენ მიგვაჩნია ხელისუფლების ქონება, - ამას არავის დავუთმობთ და ნურავითარი ცდა ამ საშუალების ხელიდან გამოცლისა ნუ ექნება ნურავის. ნუ ექნება ეს ცდა, - რომ ეს საშუალება ხალხის გაბედნიერებისა, იქნეს გამოგლეჯილი ჩვენი ხელიდან. ეს არ უნდა იქნეს გულშიაც კი გავლებული და თუ ამას ადგილი არ ექნება, ჩვენი თანამშრომლობის საკითხიც საბოლოოდ გადაწყდება“, - ესაა ფრაგმენტი ფილიპე მახარაძის სიტყვისა, რომელიც წარმოთქმული იქნა 1926 წელს სრულიად საქართველოს მწერალთა ყრილობაზე.
ლამის ასი წელი გავიდა ამ ყრილობიდან, მაგრამ თითქოს არაფერი შეცვლილა, ყველა მმართველი პარტია იზიარებდა და იზიარებს ფილიპე მახარაძისა და კომუნისტური პარტიის ამ მიდგომას - შეინარჩუნოს ძალაუფლება ყველაფრის ფასად, მათ შორის წარსულზე ლაპარაკის შეზღუდვით. არადა, მარტივი აქსიომაა: წარსულს ვერავინ გაანადგურებს, ბოლომდე ვერავინ მოსპობს - ასეთი რამ არავის გამოსვლია. გასაგებია, რომ ძრახვა და კრიტიკა არავის სიამოვნებს, მაგრამ განა ვოლუნტარისტული მეთოდებით კრიტიკის შეზუდვა კიდევ უფრო მეტი კრიტიკისა და ძრახვის საფუძველს არ გააჩენს მომავალში?!
ეტყობა, საარჩევნო რეკლამის (ანტირეკლამის) რეგლამენტირებას აპირებდნენ XVIII საუკუნეშიც, როცა დავით გურამიშვილს აღმოხდა: აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქოო?
სხვათა შორის, დავითიანში კრიტიკასა და „ანტირეკლამაზე“ ბევრი სხვა საყურადღებო მოსაზრების ამოკითხვაც შეიძლება, მაგალითად, ასეთის:
„ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქს საძრახავსა:
თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა.
ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა,
მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ განკიცხავსა!“
ცხადია, დავითიანიდან მეტის ამოკითხვაც შეიძლება, მაგრამ, ვეჭვობ, დაგვიანებულია - საძრახავი უკვე „ნაქნია“ და ახლა ძრახვას თაკილობენ!