არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა რიცხვი 9 781-ით გაიზარდა. ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს.საარჩევნო სია საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო სექტორმა 20 ნოემბერს ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია ყალბი პირადობის მოწმობების სავარაუდო დამზადებასთან დაკავშირებით.
გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკვე უნდობლობას უცხადებს და ტყუილს უწოდებს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. არასამთავრობო სექტორის ინფორმაცია დადასტურდა 2013 წელს, როცა ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების გამო კონკრეტული პირებიც დაისაჯნენ.
„ტყუილი“, რომლის მსგავსიც ახლო წარსულში დადასტურდა
მიუხედავად იმისა, რომ მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამ არასამთავრობო ორგანიზაციას პოლიტიზებასა და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. გაკეთდა არაერთი განცხადება და მათ შორის - იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გაახმაურეს ტყუილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აწყობდა.
Your browser doesn’t support HTML5
თუმცა ახლო წარსულში სწორედ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ლაპარაკობდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვისა და ე.წ. კარუსელების ფაქტებზე, რომლებიც 2013 წელს დადასტურდა კიდეც. აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძე სწორედ ამ პროცესის 2008–2012 წლებში ორგანიზებისთვის დააკავეს. დაისაჯა კიდევ რამდენიმე პირი. შს სამინისტრო მაშინ კონკრეტული სქემის გაშიფვრაზეც ლაპარაკობდა:
- „თეიმურაზ პატარიძის მითითებით ყალბი პირადობის მოწმობების დასამზადებლად გამოყენებული იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს შენობა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები“;
- „ე.წ. “საარჩევნო კარუსელის” მონაწილეები შერჩეულნი იყვნენ საკუთრივ დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის";
- "კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით დეტალურად სწავლობდნენ საარჩევნო სიებს, ავლენდნენ პოლიტიკურად პასიურ და საქართველოდან წლების წინ გასულ მოქალაქეებს და მათ დემოგრაფიულ მონაცემებს აწვდიდნენ პატარიძეს.“
- „აღნიშნული მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს მოქალაქის ყალბ პირადობის მოწმობებში, სადაც წინასწარ ჩაკრული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა ფოტოსურათები.“
- „ერთ თანამშრომელზე დამზადებული იყო რამდენიმე ყალბი პირადობის მოწმობა, რომელთა გამოყენებით, აღნიშნული პოლიციელები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ამომრჩევლის მაგივრად აძლევდნენ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ კანდიდატებს.“
როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენელმა, ლევან ავალიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 2013 წელს დადასტურებული ფაქტიც ცხადყოფს, რომ ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია ყურადღებით შესწავლას საჭიროებს. მით უმეტეს, რომ „ახლანდელი საარჩევნო კამპანია ყველანაირად გამოირჩევა უკიდურესი დაძაბულობით“. ამასთან, იუსტიციის მინისტრის წინმსწრები განცხადებები შესაძლოა სხვაგვარადაც იქნეს აღქმული:
- „იუსტიციის მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია ის სააგენტო, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვები და როცა მინისტრი გამოძიების დასრულებამდე აკეთებს მსგავს განცხადებებს, შესაძლებელია რაღაც დონეზე ეს შეფასდეს მის დაინტერესებად წინასწარი შედეგებით. ლოგიკური და სასურველი იქნებოდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გამოძიების დასრულებას დაელოდოს.“
- „გამოძიების დასრულებამდე ასეთი უაპელაციო წინასწარი განცხადებები პროცესს ხელს ვერ შეუწყობს, მათ შორის - საერთაშორისო დამკვირვებლების თვალში.“
არასამთავრობო ორგანიზაციები წყაროს არ ამხელენ
20 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პროკურატურამ 21 ნოემბერსვე გამოკითხა და პროცესი გრძელდება. არასამთავრობო სექტორი პოზიციას არ იცვლის და არ აპირებს დაასახელოს წყარო, რომლისგანაც მათ მიიღეს ინფორმაცია ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით. მთავარმა პროკურატურამ ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა, რომელიც ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ კოლეგების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ირიბ გზავნილად შეაფასა..
Your browser doesn’t support HTML5
არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ საგამოძიებო უწყებებს საკმარისი ინფორმაცია მიაწოდეს და დანარჩენი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არასამთავრობო ორგანიზაციების წყაროს ინფორმაციით:
- „ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.“
- „ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე.“
- „გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა.“
- „ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს.“
- „პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება.“
ბოლო დღეებში საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ასევე იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. „არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მე, სოსო გიორგაძე, ჩემ თანამშრომლებთან ერთად, გამოგვაცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ არგუმენტებს. მინდა განვაცხადო, რომ თეორიულადაც კი რთულია იმის წარმოდგენა, რასაც ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და ირმა პავლიაშვილი გვაბრალებენ“, - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ.
როგორ დგება საარჩევნო სიები
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 528 658 საქართველოს მოქალაქე და ეს რიცხვი 9 781-ით აღემატება არჩევნების პირველი ტურისთვის არსებულ მაჩვენებელს. მათ შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს არჩევნების მეორე ტურისთვის 3 546 ერთეულით გაზრდილი სია გადასცა.
როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას საარჩევნო სია გადახედვას იმიტომ საჭიროებს, რომ შესაძლებელია არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის, მაგალითად:
- მოქალაქეთა ნაწილს შეუსრულდა 18 წელი და გახდა ამომრჩეველი;
- ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი გარდაიცვალა;
- ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა გამოცვალა ვადაგასული დოკუმენტი;
- ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა გაიარა საკონსულო აღრიცხვა საზღვარგარეთ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, დიპლომატიური მისიებში მეორე ტურისთვის დამატებით 7 ათასამდე საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა. საკონსულო რეგისტრაცია საზღვარგარეთ გავლილი აქვს სულ 58 974 პირს.
Your browser doesn’t support HTML5
ანა მიქელაძის განმარტებით, ცესკო განახლებულ მონაცემებს იღებს სხვადასხვა უწყებიდან (ამჯერად ბოლო ვადა იყო 12 ნოემბრამდე), მათ შორის - იუსტიციის სამინისტროდან, სასჯელაღსრულების უწყებიდან თუ საგარეო საქმეთა სამინისტროდან - საბოლოო სიის ფორმირების მიზნით. შემდეგ ხდება ოლქებისა და უბნების მიხედვით დაყოფა - „სხვა საქმე ამ მხრივ არა აქვს ცესკოს“.
- საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, „ერთიან საარჩევნო სიაში შედის საქართველოს ყველა მოქალაქე, 18 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი საბუთი“.
- იმის გამო, რომ სიაში შეყვანილი ყველა პირი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას (მაგალითად - საარჩევნო უბნები არ გაიხსნება რუსეთში), სიის სრულ შემადგენლობაზე (3 528 658) ნაკლები (3 278 450) ბიულეტენი დაიბეჭდება.
რაც შეეხება პოლიტიკური ოპოზიციის ბრალდებებს ყალბი მონაცემებით საარჩევნო სიის „გაბერვასთან“ ანდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლებას ცესკოში განუმარტეს, რომ ამის გასაკონტროლებლად არსებობს ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სამაგიდო სიები და მარკირების მექანიზმი. როგორც აცხადებენ, ცესკოსთვის უცნობია ქიმიური საშუალება,რომელიც მარკირების კვალს გააქრობს.