საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებები არ შეესაბამება ეუთოს რეკომენდაციებს - NDI-ის მისია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, „არ შეესაბამება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“.

დელეგაციის თანახმად, ცვლილებებმა, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო 2024 წლის 20 თებერვალს, - როდესაც დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, - შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს ნდობა ცესკოს მიმართ.

ასევე ნახეთ 2024 წლის არჩევნებისთვის კანონები იცვლება, პრობლემები რჩება

NDI-ის ექსპერტები ჩამოთვლიან რამდენიმე გარემოებას, რაც, მათი შეფასებით, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისა და ცესკოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის შესაძლებლობებს:

  • „საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ცესკოს წევრების დასახელების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პარლამენტის თავმჯდომარეზე გადავიდა და არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობაც რამდენჯერმე შეიცვალა.
  • ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეამცირა საჭირო კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედიდან უბრალო უმრავლესობამდე
  • საბოლოოდ, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერაა საჭირო თავმჯდომარის და პროფესიული წევრების 5 წლის ვადით ასარჩევად.
  • გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ცესკოს ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ წევრს ეკავა“.

ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა.

ასევე ნახეთ NDI პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შედეგებს აქვეყნებს