ძველებურად რჩება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების სადავო წესი; ამომრჩევლებზე ზეწოლა 25-მეტრიან რადიუსზე გაკონტროლდება; პარტიული სიებისთვის დაწესდება გენდერული კვოტები - ეს და სხვა საკითხებია ასახული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტში, რომელიც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 30 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა. საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე დიდი ხანია მოუწოდებს ხელისუფლებას და ეს მოწოდებები კიდევ უფრო გაძლიერდა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების შესაბამისად შეცვალოს. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში ყველაფერი მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. თუმცა პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი დარჩენილ პრობლემებზეც მიუთითებენ. სტატიაში რამდენიმე მათგანს განვიხილავთ.
მედიის ახალი ტვირთი
„ახალი საარჩევნო კოდექსი მედიას გაზრდილ ჯარიმებსა და შეზღუდვებს უწესებს, მაგალითად - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების კონტექსტში... ეს საკითხი არ განხილულა მედიასთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი. ის აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის თითქმის ერთწლიან, შრომატევად საქმიანობაში.
ლევან ნატროშვილის მიერ დასმული აქცენტი საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლს უკავშირდება.
- მოქმედი საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლში საერთოდ არ არის ნახსენები მედიასაშუალებები და 1500-ლარიანი ჯარიმა დაწესებულია ზოგადად კონტექსტში - არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების ვადებისა და წესების დარღვევისთვის.
- ხოლო ამავე მუხლის ახალი ვერსიით, 5000-ლარიანი ჯარიმა წესდება უშუალოდ მაუწყებლებისთვის და 1500-ლარიანი - სხვა მედიასაშუალებებისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაარღვევენ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების ვადებს ანდა ამ შედეგებს გამოაქვეყნებენ სავალდებულო ინფორმაციის დართვის გარეშე.
დღეს მოქმედ საარჩევნო კოდექსში მოცემულია მოსაპოვებელი და გასაცემი ინფორმაციის ძალიან ვრცელი და დეტალური ჩამონათვალი, რომელიც კვლევის მეთოდოლოგიას, შეკითხვების შინაარსსა თუ რესპონდენტების კატეგორიებს უკავშირდება. ყველაფერი ეს სავალდებულოა იმ მედიასაშუალებისთვის, რომელიც საკუთარი დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შედარებით მოკლეა ვალდებულებათა ნუსხა სხვის მიერ დაკვეთილი კვლევის გამოქვეყნების შემთხვევაში.
შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის „დიდი ნაწილი შესაძლოა ბოლომდე გადამოწმებადი ან ცხადი არ იყოს ხოლმე“ და „აღნიშნული მოთხოვნები მნიშვნელოვნად სცილდება საერთაშორისო დონეზე მიღებული პრაქტიკით დადგენილ ნორმებს“.
ამავე ანგარიშში ვხვდებით ასეთ შეფასებასაც: მედიის მარეგულირებელი ორგანო - კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) „საკუთარი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისას ყოველთვის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მიდგომის დემონსტრირებას არ ახდენდა, კომისია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა“.
„მედიასთან დაკავშირებული საკითხი პრობლემურია. ასეთი ბერკეტი არ უნდა არსებობდეს კანონმდებლობაში, რადგან ეს მედიასაშუალებებს საზოგადოებრივი კვლევის დაკვეთისა და გამოქვეყნების შესაძლებლობებს უზღუდავს და ასეთი მკაცრი კონტროლის პირობებში, შესაძლებელია რესპონდენტებში სიფრთხილისა და შიშის გამოწვევა“, - გვეუბნება ლევან ნატროშვილი.
მისი აზრით, პრობლემურია სხვა რეგულაციებიც, რაც მედიასაშუალებებს უწესდებათ და ეს, მაგალითად, პოლიტიკური რეკლამის ტარიფების ცვლილების შეზღუდვასა თუ საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი დროის ქრონომეტრაჟთან დაკავშირებულ ჯარიმებს უკავშირდება.
რა არ შესრულდა
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულების მაქსიმალურ მაჩვენებელს ელოდებიან. თუკი, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებას გადავხედავთ, ტექსტში სრულ გათვალისწინებაზეა ლაპარაკი.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს ასე არ იქნება.
ასევე ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასიურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის 30 ივნისის სხდომაზე დეპუტატებს, ცალკეულ საჯარო მოხელეებსა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ცვლილებათა პაკეტი ერთ-ერთმა თანაავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
მან თქვა, რომ დაგეგმილი ცვლილებები მაქსიმალურად ასახავს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების უმრავლესობას იმის გათვალისწინებითაც, რომ ავტორიტეტიანი სტრუქტურის ზოგიერთი რეკომენდაცია უბრალოდ არარელევანტური იყო. კობახიძე ამ ფაქტს სხვადასხვა წყაროს მიერ OSCE/ODIHR-ისთვის მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას აბრალებს.
„იყო არაერთი ხარვეზი გაპარული OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებში, მაგალითად - ჩვენგან მოითხოვდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება მიგვეცა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის, მაშინ, როცა ეს რეგულაცია წლებია უკვე შეცვლილია... ჩვენ OSCE/ODIHR-ის 27 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა შევასრულეთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მან საგანგებოდ გამოყო ორი რეკომენდაცია, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში:
- „იყო რეკომენდაცია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით - გვინდოდა ამ რეკომენდაციის ასახვა საარჩევნო კოდექსში, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდნენ, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები“.
- „იყო რეკომენდაცია, რომელიც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას (პროფესიული ნიშნით) - პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს წარმატებით... თუმცა საქართველოში სხვა ვითარებაა, სხვა კონტექსტია და არცერთი პოლიტიკური პარტია არ მიესალმება საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ პროფესიონალიზაციას“.
ასევე ნახეთ არჩევნები 2018: უცხოელები აკვირდებიან საქართველოს ხელისუფლებას
საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს OSCE/ODIHR-ის არსებითი ხასიათის რეგულაცია უკავშირდება და მისი შეუსრულებლობით გაწბილებულია არასამთავრობო სექტორი. ლევან ნატროშვილი თვლის, რომ „არსებული წესი პრობლემურია და ის მმართველი პარტიის დომინაციას უზრუნველყოფს“.
OSCE/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ - „თუ პარტიები საარჩევნო კომისიების წევრთა დასახელების უფლებას შეინარჩუნებენ, შესაძლებელია კომისიის წევრთა დანიშვნის ფორმულის ისე გადახედვა, რომ უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა იქნას უზრუნველყოფილი და ხელი შეეწყოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული აღქმების გაძლიერებას“.
დადებითი, მაგრამ - არასაკმარისი
მთლიანობაში თუ შევხედავთ, ლევან ნატროშვილის მსგავსად, სხვა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც თვლიან, რომ საარჩევნო კანონმდებლობის პაკეტი ბევრ დადებით ცვლილებას ასახავს. თუმცა კვლავაც რჩება შეფასებები მეტის საჭიროების კუთხით.
მაგალითად, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები არასაკმარისად თვლიან დაგეგმილ გენდერულ კვოტირებას.
ცვლილებების თანახმად, პარტიულ სიებში ყოველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი; ხოლო 2028 წლის შემდეგ - ყოველი მესამე. არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, დეპუტატების ნაწილიც მეტს ისურვებდა და ასე მაგალითად - უმრავლესობის წარმომადგენელი, ენძელა მაჭავარიანი.
ასევე არასაკმარის ზომად მიიჩნევა, მაგალითად, 25-მეტრიანი დისტანციის აზომვა ამომრჩეველთა ნების კონტროლის აღკვეთის მიზნით. ცვლილებების თანახმად:
- „კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას“;
- „აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირთა მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება“.
მაგალითად, ამით კმაყოფილი არ არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
„მთავარი პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს არჩევნების დღეს, ეს არის დარღვევები არა საარჩევნო უბნის შიგნით და კენჭისყრის ოთახში, არამედ უბნის გარეთ...
ამომრჩევლის ნების კონტროლი სწორედ გამოიხატება იმაში, რომ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ბაზირებული სხვადასხვა ჯგუფი, იქნებიან ეს პარტიული კოორდინატორები, კრიმინალთან დაახლოებული პირები თუ სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტები, რომლებიც თავიანთი იქ ყოფნითა და აღრიცხვით ქმნიან ზეწოლის განცდას ამომრჩევლებში“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე.
ასევე ნახეთ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი თითქმის წაიშალასაია გამოდის ინიციატივით, კიდევ უფრო გაიზარდოს 25-მეტრიანი რადიუსი და ამ სივრცეში შესვლის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ ამომრჩევლებსა და უფლებამოსილ პირებს.
თუმცა, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს წინადადება „თავისი არსით არის პრობლემური აღსრულების ნაწილში“, რადგან პატრულის მაქსიმუმ 1000 ეკიპაჟი ვერ უზრუნველყოფს 3700 საარჩევნო უბნის კონტროლს კენჭისყრის 12-საათიანი პროცესის განმავლობაში.
დისკუსიას იწვევს ასევე სხვა არაერთი საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ - პარტიათა დაფინანსების გარდა. თუმცა ხაზგასმით აღინიშნება ისიც, რომ ქართულ პოლიტიკაში კვლავაც პრობლემად რჩება შავი ფულის მასშტაბური ბრუნვა.
საარჩევნო კოდექსსა და თანმდევ კანონებში შესატანი ცვლილებების პაკეტს ხვალ, 1 ივლისს, დეპუტატებმა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი. ცვლილებების ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ამჟამად არსებულ ვერსიაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.