2022 წლის 1 ოქტომბერს ქართულ სკოლებში 2 637 რუსეთის მოქალაქე სწავლობს. განათლების სამინისტრო არ ითვლის საქართველოში ბოლო წლებში გახსნილი რუსული კერძო სკოლების მოსწავლეებს - ამ სკოლებში, რომელთა ნაწილი ქართული აკრედიტაციის გარეშე მუშაობს, ასობით ბავშვი დადის.
28 წლის სენუა რემიზოვა 8 წლის ქალიშვილთან, იასთან ერთად საქართველოში აგვისტოს ბოლოს ჩამოვიდა. ოჯახი მოსკოვის ახლოს მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობდა. 2022 წლის დასაწყისში მის მეორეკლასელ შვილს სკოლაში მოულოდნელად ყველა ჰიმნი ერთად ასწავლეს: რუსეთის ფედერაციის, არმიის, პოლიციელების, საბჭოთა კავშირის…
“ერთ დღეს, როცა ია სკოლიდან გამომყავდა, ვხედავ, რომ ხელში უჭირავს 50 სანტიმეტრიანი პირწამახული საგანი, ეს რა არის მეთქი, რომ ვკითხე მიპასუხა - კლასელმა ბიჭმა მაჩუქა ომის დროს თავის დასაცავად გამოდგებაო” - იხსენებს სენუა.
სენუამ რამდენიმე თვე მოანდომა ყველა დაწყებული საქმის დამთავრებას და შვილითან ერთად ლარსის გზას დაადგა. უკვე სექტემბრში დედამ იასთვის თბილისის “დემოკრატიული სკოლა” შეარჩია. ამ სკოლის მეთოდიკის შესახებ ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრების დროს იცოდა. სენუა სკოლის გუნდის წევრი გახდა - მის დამფუძნებლებს საორგანიზაცო საქმეებში ეხმარება, ბავშვებს - მეცადინეობაში, ია კი ამის სანაცვლოდ უფასოდ სწავლობს. თბილისის დემოკრატიულ სკოლის ერთი წლის სწავლის საფასური 9 600 ლარია, ერთი თვე 1 200 ლარი ღირს. ფასში შედის ორჯერადი კვება და პიკნიკები ბუნებაში. აქ სწავლა დილის 10 საათზე იწყება და 5-ზე მთავრდება. მოსწავლე ყოველ დღე თავისუფალად ირჩევს სასწავლო მასალას, აქტივობებს - ფაქტობრივად თვითონ გეგმავს თავის სწავლის პროცესს. ნებისმიერ დროს, ნებისმერ საკითხზე შეუძლია რჩევა მიიღოს მასწავლებლებისგანაც.
თბილისის დემოკრატიული სკოლა ქართული აკრედიტაციის გარეშე მუშაობს და რამდენიმე ათეულ მოსწავლეს ითვლის. შენობა თბილისის ისტორიულ ნაწილში აქვთ ნაქირავები, ძველ, მაღალჭერიან, ბუხრიან ბინაში. სენუა გვეუბნება, რომ საბჭოთა კორპუსებში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ ამ სახლის მაღალი ჭერიც კი საკმარისია ბედნიერებისთვის, მაგრამ მას და მის შვილს თვითონ სკოლაც ძალიან მოსწონთ.
დემოკრატიული სკოლები თბილისამდე მოსკოვსა და ერევანში გაიხსნა. სენუა ამბობს, რომ თბილისის სკოლაში ძირითადად რუსეთიდან ბოლო თვეებში ჩამოსული მიგრანტების შვილები დადიან, მაგრამ იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში სკოლა ქართულ აკრედიტაციასაც მოიპოვებს.
დემოკრატიული სკოლა ერთადერთი კერძო რუსულენოვანი სკოლა არ არის თბილისში, რომელიც ქართული აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებს. ასეთივეა მაგალითად სკოლა "პროექტორი", რომელიც საირმის ქუჩაზე, ახალაშენებულ, ხუთსართულიან შენობაშია განთავსებული. შესასვლელში რკინის კართან დაცვა დგას, მარჯვნივ და მარცხნივ საქართველოსა და უკრაინის დროშები კიდია. ზედა სართულების ფანჯრებზე მოსწავლეების ჰელოუინის თემაზე გაკეთებული ქაღალდის დეკორაციებია მიმაგრებული: ღამურები, მოჩვენებები, გოგრები.
“ქართულს და ინგლისურს ძლიერი დატვირთვით ვასწავლით. ჯერ სკოლა არ გვქვია, საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსი გვაქვს. თითო კლასში მაქსიმუმ 12 ბავშვი გვყვავს, ბავშვები ჩვენთან 4 საათამდე არიან, კვებაც გვაქვს, ტრანსპორტირება არა” - გვეუბნებიან სკოლის ადმინისტრაციაში. ამ სკოლაში სწავლა 5 200-დან 7 000 დოლარამდე ღირს. სკოლასაქვს მრავალფეროვანი წრეები, სახელოვნებო და სპორტული ღონისძიებები და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები. ზაფხულის განმავლობაში სკოლას ჰქონდა სხვადასხვა პროფილის ბანაკი და საზაფხულო პროგრამები თბილისში დარჩენილი ოჯახებისთვის.
“რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლას აქვს მოსკოვის სკოლების აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ რუსულ ატესტატს მიიღებთ. რუსული ატესტატით ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარება ჩვეულებრივად შეიძლება” - ვკითხულობთ ერთ-ერთ რუსულენოვან ფორუმზე ამ სკოლის შესახებ. რადიო თავისუფლებას სკოლაში უთხრეს, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი რუსეთიდან არის ჩამოსული, ჰყავთ ადგილობრივი სტაფიც. ქართული აკრედიტაციის არქონის მიუხედავად, “პროექტორი” თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს, თავისუფალი ადგილები არც ერთ კლასში არ აქვთ.
სკოლა "პროექტორი" ბიზნეს რეესტრში 2021 წელს არის დარეგისტირებული და მას სამი მეწილე ჰყავს: ანა პუჩკოვა, 50%-იანი წილით საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, ტატიანა კოსტინა, რომელიც წილის 25%-ს ფლობს, რუსეთის მოქალაქეა, ლევან გოგლიძე კი, ასევე 25%-იანი წილით, საქართველოს მოქალაქე და “ქართული ოცნების” შემომწირველია. მან 2016 წელს მმართველ პარტიას 10 000 ლარი შესწირა.
ასევე ნახეთ "Go Home" - რას უწერენ რუსებს თბილისის ქუჩებში“გასული წლის მოვლენებმა ბევრი ადამიანი აიძულა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ბევრი ჩვენგანი ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. თუ უფროსებისთვის ადგილის ცვლილება დიდი სტრესია, ბავშვებისთვის ასეთი ცვლილებები კიდევ უფრო რთულია. სკოლების უმეტესობაში არ არის თანამედროვე გარემო. ვიწრო საკლასო ოთახები, საბჭოთა განათლების სისტემა და სასწავლო პროცესის მოუქნელობა ბავშვებისთვის არასასიამოვნოა” - ესეც კიდევ ერთი არააკრედიტებული რუსული სკოლის სარეკლამო შეთავაზებიდან ამონარიდია. Tbilisi Family Classes პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს კვირაში ოთხ დღეს, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით სთავაზობს სასწავლო პროცესს თბილისში მცხოვრებ რუსულენოვან ოჯახებს.
საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ჩამოსული რუსული ოჯახები ერთმანეთს ურჩევენ კიდევ ორ კერძო სკოლას: “Happy school”-ს თბილისში, რომელიც პირველიდან 8 კლასის ჩათვლით იღებს მოსწავლეებს და საირმის გორაზე, სამსართულიან კერძო სახლშია განთავსებული და “School Club Georgia”-ს, რომელსაც ფილიალები თბილისში და ბათუმში აქვს.
რეკომენდაციებს შორისაა თბილისის თავისუფალი სკოლაც, სადაც ცალკე რუსული სექტორი არ აქვთ, თუმცა ვინაიდან სკოლა საერთაშორისოა და მათთან 15-ზე მეტი ეროვნების მოსწავლეები სწავლობენ, შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებსაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეუდგინონ. განსხვავებულია სწავლის ფასიც. საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთი წელი 7 000 ლარი ღირს, უცხოელების შემთხვევაში ხარჯებს ემატება კვების, ტრანსპორტირების და წრეების ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველა ეს სერვისი სწავლის საფასურში შედის.
“საქართველოში მცხოვრები ყველა ჩემი ნაცნობის შვილი, აქ ლაპარაკია მხოლოდ რუსულ ოჯახებზე, “ინტელექტში” დადის. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც საჯარო სკოლებში დაიწყო სწავლა რუსულ სექტორზე, მაგრამ მერე მაინც ინტელექტში გადავიდნენ. ქართულ სკოლებში სწავლაც უფრო რთულია და მეგობრული ურთიერთობის დამყარებაც სხვა მოსწავლეებთან” - ვკითხულობთ ერთ-ერთ რუსულენოვან ფორუმზე 2020 წლის ჩანაწერს. ინტელექტი სხვა კერძო სკოლებთან შედარებით იაფია, აქ სწავლა თვეში 300 ლარი ღირს. ამ ფორუმზე მომხმარებლები წუხან რომ ქართულ სკოლებში მასწავლებლები უხეში რუსული აქცენტით ლაპარაკობენ, არც სწავლების ხარისხია მაღალი და ატესტატიც მხოლოდ ქართული გაიცემა.
რუსულენოვან მიგრანტებს მათ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას ქართული საჯარო სკოლებიც აძლევენ.
საქართველოში რუსული სექტორი სულ 36 სკოლას აქვს - უკრაინაში ომის დაწყების და რუსების მიგრაციული ტალღის შემდეგ ეს რაოდენობა არ გაზრდილა. კიდევ უფრო ცოტაა სრულად რუსულენოვანი საჯარო სკოლების რაოდენობა - ასეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 11-ია.
116-ე სკოლა ერთ-ერთია იმ ქართულ საჯარო სკოლებს შორის, რომელსაც რუსული სექტორი აქვს და სადაც რუსეთიდან ჩამოსულმა მიგრანტებმა შვილები მიიყვანეს. ამ სკოლის რუსულენოვანი მოსწავლეების მშობლების ტელეგრამ ჩატში სწავლის დაწყების წინ დიდი მღელვარება იყო: ყველას აინტერესებდა, როდის დაინიშნებოდა კრება, მიიღებდნენ ბავშვები სახელმძღვანელოებს და გაირკვეოდა, რომელ ცვლაში ისწავლიდნენ მათი შვილები. თბილისის საჯარო სკოლების რუსული სექტორებით, ძირითადად სამ ცვლაში მუშაობენ და იმ ბავშვებს, ვისაც დღის მეორე მონაკვეთში უწევთ გაკვეთილებზე სიარული, უჭირთ სპორტული და სახელოვნებო წრეებისთვის დროის მოძებნა.
116-ე სკოლის საქმეთა მწარმოებელმა, ნანა კირთაძემ გვითხრა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ სექტორზე სწავლის მსურველების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ მათი მოსწავლეების მშობლებს არც სწავლის ხარისხზე და არც ორგანიზაციულ საკითხებზე პრეტენზიები არ ჰქონიათ.
“რუსულ სექტორზე ყველა კლასი გვაქვს, თითო კლასში ორი, ზოგჯერ სამი პარალელური კლასიც კია. მაქსიმუმ 29 ბავშვი შეგვიძლია გვყვავდეს თითო კლასში, სწავლა რამდენიმე ცვლაში გვაქვს ქართულ სექტორზეც და რუსულზეც. შეჭრილ ცვლებში ვართ. მასწავლებლებიც ხელს უწყობენ, ეხმარებიან ამ ბავშვებს” - გვეუბნება ნანა კირთაძე და ამატებს, რომ რუსულ მიგრაციულ ტალღას საქართველოში ბევრი შერეული ოჯახიც ჩამოჰყვა, რომლებიც აქ ხანგრძლივად აპირებენ დარჩენას, ქართულის სწავლას და ბავშვებიც, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, ქართულ სექტორზე ურჩევნიათ შეიყვანონ.
უცხოეთის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს ბავშვების ქართულ სკოლებში მისაყვანად სულ რამდენიმე დოკუმენტი სჭირდებათ: ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლების პასპორტების ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ფოტოსურათი და ფორმა 100. მოსწავლეებს ტრანსპორტით უფასო სარგებლობისთვის სჭირდებათ ასევე სქულ ქარდი, ანუ საბანკო ბარათი, რომლის აღებასაც თბილისში მყოფი რუსი მშობლების უმეტესობა უფასოდ ახერხებს, ნაწილს კი ამაში ბანკმა ფულის გადახდა მოსთხოვა.
116-ე სკოლის მსგავსად თბილისის 96-ე სკოლაც რუსულენოვანია. სწავლის დაწყების წინ ამ სკოლის მშობლების ჩატშიც ბევრი ორგანიზებასთან დაკავშირებული სირთულე ჩანდა: ერთ-ერთმა მშობლებმა 17 სექტემბერს დაწერა, რომ სკოლამ სამი კვირის წინ მიტანილი საბუთები მხოლოდ ახლა გადაუგზავნა სამინისტროს, რის გამოც მოსწავლე სახელმძღვანელოების გარეშე დარჩა და ონლაინაც ვერ ახერხებს სწავლას. კიდევ ერთმა მშობელმა 21 სექტემბერს აღმოაჩინა, რომ სახელმძღვანელოებს, რომელიც მისმა შვილმა სკოლაში მიიღო, ინგლისურის წიგნები აკლდა და აინტერესებდა, ეს შემთხვევით მოხდა თუ სკოლა არ არის ვალდებული ბავშვებს ინგლისურის წიგნები უფასოდ დაურიგოს.
იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლე სხვა ქვეყნის სკოლიდან გადმოდის სასწავლებლად ქართულ სკოლაში, საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაადასტუროს იმ სასწავლო დაწესებულების ნამდვილობა, სადაც ბავშვი მანამდე სწავლობდა და დაადგინოს სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობა. სკოლები მშობლებისგან მიღებულ დოკუმენტაციას სამინისტროს დაქვემდებარებულ ცენტრში აგზავნიან, იქიდან მიღებული დასკვნის საფუძველზე კი ბავშვებისთვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ადგენენ. კერძო სკოლები კომპეტენციის დასადგენად ბავშვთან და მშობელთან გასაუბრებას და იშვიათად ტესტირებასაც ატარებენ.
ქართული საჯარო სკოლების რუსულ სექტორზე მოსწავლეები იმავე საგნებს სწავლობენ რასაც ქართული სექტორის ბავშვები, ემატება მხოლოდ ქართული ენა. რუსული საჯარო სკოლების სახელმძღვანელოებს აკრედიტაციას განათლების სამინისტრო აძლევს. ეს წიგნები ძირითადად ქართულენოვანი სახელმძღვანელოების თარგმანია.
რუსულენოვანი სკოლების გარდა თბილისში არაერთი რუსულენოვანი საბავშვო სტუდია მუშაობს: ხატვის, არქიტექტურის, მუსიკის თუ არტთერაპიის წრეები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ რუსულენოვანი ბავშვებისთვის არის შექმნილი. ქართული აქ თითქმის არავინ იცის, თუმცა გეგმავენ რომ ქართულენოვანი პედაგოგები დაამატონ. ზოგიერთ სტუდიას უკვე ჰყავს ინგლისურენოვანი მასწავლებელი.
2022 წლის 25 სექტემბერს ერთ-ერთ რუსულენოვან იუთუბ არხზე “მადლობა,” წამყვანი, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეა მსჯელობს რამდენად მარტივი და მომგებიანი საქართველოში რუსულენოვანი სკოლის გახსნა.
“თუ თქვენ მკითხავთ, რთულია თუ არა ბათუმში ჩინურენოვანი სკოლის გახსნა, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ვინაიდან არ ვიცნობ ჩინელებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან ბავშვებთან ერთად. მაგრამ რუსული სკოლა სხვა ამბავია და აქ ლაპარაკია არა მხოლოდ რუსებზე, ბელარუსებიც რუსულად ლაპარაკობენ, უკრაინელებიც, ყაზახებიც, ებრაელების დიდი ნაწილიც კი ლაპარაკობს რუსულად და რა თქმა უნდა, როცა ეს ადამიანები ჩამოდიან საქართველოში, მათ ჭირდებათ რუსული სკოლები” - ამბობს ალექსანდრ ნეკრაშევიჩი და ამატებს, რომ შეუძლია კონსულტაციებით დახმარება.
ასევე ნახეთ ბოდიში, ქართულად ვერ ვლაპარაკობ - რუსული ბიზნესები ქართული ენის გარეშე