რუსული სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში

​ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსული სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. სამხედრო სწავლებაში მეშვიდე რუსული სამხედრო ბაზის, შავი ზღვის ფლოტის და მეოთხე საჰაერო არმიის ნაწილები იღებენ მონაწილეობას. სამხედრო სწავლებაში სცენარის მიხედვით რუსეთის სამხედრო ბაზის დესანტი გამოიძახეს გუდაუთის პოლიგონზე სანაპიროს დაცვის მიზნით.

შერეულ წვრთნებში 2 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 600 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის “კა-52” ტიპის ვერტმფრენები, სარაკეტო ხომალდები და სახმელეთო ჯარების მძიმე ტექნიკაა ჩართული.

სამხედრო წვრთნების ფარგლებში სამხედრო “კა-52" ვერტმფრენები დაფრინავენ დიდი სამხედრო სადენატო გემის, “ნიკოლაი ფილჩენკოვ”-ის თავზე ქალაქ გუდაუთაში, შავი ზღვის სანაპიროზე. 13 აგვისტო, 2018 წელი.

სამხედრო წვრთნებს აფხაზეთის ტერიტორიაზე 7 აგვისტოს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მასშტაბურ წვრთნებს საქართველოს წინააღმდეგ ერთდროულად ძალის გამოყენებად და ძალის გამოყენების მუქარად აფასებს.

“ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსული შეირაღებული ძალების სამხედროები და ჯავშანტექნიკა შერეული სამხედრო წვრთნებისას ქალაქ გუდაუთაში. 13 აგვისტო, 2018 წელი

სამხედრო “კა-52” ვერტმფრენები დაფრინავენ რუსული ჯავშანტექნიკისა და სამხედრო მოსამსახურეების ზემოთ, რომლებიც სამხედრო წვრთნისას პოზიციებს იკავებენ. 13 აგვისტო, 2018 წელი