რუსული კომპანიებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონობით ლარი

„2012 წლიდან დღემდე რუსულმა კომპანიებმა საქართველოს ბიუჯეტიდან 159 მილიონი ლარი მიიღეს“ - ამ ინფორმაციას, საჯარო დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელი „აი, ფაქტი“ ავრცელებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოში 194 რუსული კომპანია ოპერირებს, რომელთაგან 33 სახელმწიფო შესყიდვებშიც არის ჩართული.
რუსული კომპანიების მომსახურებით სარგებლობენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, ისე საჯარო სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა უწყებები.

„სახელმწიფო სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ რუსულ კომპანიებთან ისე, რომ უხერხულობის განცდა არ უჩნდება არც ერთ მხარეს. სამშენებლო სფეროა მათი პრიორიტეტი და პერიოდულად რუსული კომპანიები იგებენ ამ ტენდერებს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც სახელმწიფო არ აცხადებს კონკურსს და თავად ირჩევს პრეტენდენტს, რომელსაც უნდა გაუფორმოს ხელშეკრულება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „აი, ფაქტის“ ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ.​


მონაცემის მიხედვით, 2012 წლიდან დღემდე რუსულ კომპანიებთან 213 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთაგან 43 კონკურსის გარეშე შეარჩიეს, 158 ხელშეკრულება კი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ეხება. ​


„შემდეგ როგორ გვიბრუნდება ეს ფული უკან, რა სახით? ეს ხომ არ არის კეთილგანწყობილი მეზობელი. იგი ყოველთვის ამ ფულს ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებს, როცა ამის შესაძლებლობა მიეცემა. ასეთ შემთხვევაში მორალური კითხვა ჩნდება.
მასალის ნახვის შემდეგ საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს ვითარება და ბევრია გაცემული თანხა თუ არა“,
- თქვა ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ.


ზოგ შემთხვევაში კომპანიის სახელწოდების მიხედვით ძნელია გაიგო, არის თუ არა ის რუსული კომპანიის მფლობელობაში და ეს თანამშრომლობა მოამარაგებს თუ არა რუსეთის ბიუჯეტს, მაგრამ, როგორც ნინო ბაქრაძემ შენიშნა, საჯარო უწყებისთვის არ უნდა იყოს რთული პირველადი მფლობელის გაგება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საჯარო, ღია ბაზებია, საიდანაც თავადაც მოიპოვეს ინფორმაცია.