სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის 73 ტონა ნატურალური თაფლის შესყიდვის ტენდერში მონაწილე რუსულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი თაფლის ნიმუში. ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.” - წერია სააგენტოს განცხადებაში.
კონსოლიდირებულ ტენდერში ფაქტობრივად მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. კომპანია “შპს ვ.ტ” გამარჯვების შემთხვევაში თაფლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს მოამარაგებდა.
ასევე ნახეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაიწუნა რუსული თაფლის ნიმუშიტენდერის პირობებით კომპანია ერთ კილოგრამ თაფლს 14 ლარად ყიდდა, რაშიც სახელმწიფოს მთლიანობაში 1,024, 800 ლარის გადახდა მოუწევდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, შპს ვ.ტ. რუსული წარმოების თაფლს კომპანია „აპიდეი“-სგან შეიძენდა. მართალია, შპს ვ.ტ-ს ხელმძღვანელი, იუზა ჯოგლიძე დიდი ოდენობის თაფლის რუსეთიდან იმპორტირებაში პრობლემას ვერ ხედავდა, მაგრამ არ გამორიცხავდა, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ეტაპობრივად ჩაანაცვლებდა რუსულ თაფლს ქართულით.
ასევე ნახეთ ვინ ჭამს ქართულ თაფლს საზღვარგარეთ3-4 მეფუტკრეა, რომელსაც 2000 და 1500 ოჯახი ფუტკარი ჰყავს. მეფუტკრეების 98%-ს ფუტკრის 50 -100 ოჯახი ჰყავს. 100 ოჯახი ფუტკრიდან წელიწადში იწარმოება სამი სხვადასხვა სახის 2 ტონა თაფლი.მინდია ქავთარაძე
დიდი ოდენობით რუსული თაფლის შემოტანის პერსპექტივამ თავიდანვე გააღიზიანა ქართველი მეწარმეები. ტენდერში გამარჯვების შანსი გაუჩნდა რუსული პროდუქტის შემომტან კომპანიას მაშინ,როდესაც ქართველ მეწარმეებს თავიანთი პროდუქტის გაყიდვა უჭირთ. ამავე დროს ვერცერთი ქართველი მეფუტკრე ვერ იქნებოდა მზად 73 ტონა ერთგვაროვანი თაფლი მიეყიდა სახელმწიფოსთვის.
მეფუტკრეობა - ძველი, ახალი დარგი
საქართველოში მეფუტკრეობის პროფესიული განვითარებისთვის 40 წლის მანძილზე თითქმის არაფერი გაკეთებულა. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამებით და ევროკავშირის დახმარებით - გადაიარაღდა ტექნიკა, ქართველი მეფუტკრეები გაცვლით პროგრამებში ჩაერთნენ და საქმეც უკეთესობისკენ წავიდა, თუმცა როგორც კოოპერატივ „თაფლი საჩინოს“ ხელმძღვანელი, მინდია ქავთარაძე გვეუბნება, მეფუტკრეობა საქართველოში ჯერ ისევ სამოყვარულეო საქმეა:
„3-4 მეფუტკრეა, რომელსაც 2000 და 1500 ოჯახი ფუტკარი ჰყავს. მეფუტკრეების 98%-ს ფუტკრის 50 -100 ოჯახი ჰყავს. 100 ოჯახი ფუტკრიდან წელიწადში იწარმოება სამი სხვადასხვა სახის 2 ტონა თაფლი. ამიტომაა საჭირო მეფუტკრეთა, საფუტკრე მეურნეობებისა და კოოპერატივების გაერთიანება, რომ შევძლოთ მაგალითად 73 ტონიან ტენდერში მონაწილეობა“ - გვითხრა კოპერატივის „თაფლი საჩინო“-ს ხელმძღვანელმა, მინდია ქავთარაძემ.
ვის აქვს საქართველოში 73 ტონა თაფლი?
მეფუტკრეობის კოოპერატივის „კოდის“ ხელმძღვანელი, გიორგი მერაბიშვილი ჩამოთვლის მიზეზებს, რომლის გამოც ქართველი მეფუტკრეებიდან 73 ტონიან ტენდერში გამარჯვების შანსი არც ერთს არ აქვს:
- მეფუტკრეებს ძირითადად მცირე რაოდენობის, 1-დან 10 ტონის ფარგლებში აწარმოებენ თაფლს
- საქართველოში არ არსებობს სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევების ჩატარების საშუალება
- უცხოეთიდან კვლევების პასუხების მეწარმემდე ჩამოსვლას 3-5 თვე სჭირდება
არ არსებობს მსოფლიოში ლაბორატორია, რომელიც უფასოდ ატარებდეს ისეთ ძვირადღირებულ და ისეთ ზუსტ კვლევებს, რომელიც სჭირდება ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს...ირაკლი გულედანი
მეფუტკრეობის კოოპერატივის, „კოდის“ ხელმძღვანელი გიორგი მერაბიშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო პირობებში შეეძლო ჩაეწერა, რომ ტენდერი პროდუქციის პატარ-პატარა პარტიებზე გამართულიყო.
„5-10 ტონიანი შეთავაზების შემთხვევაში რამდენიმე მეფუტკრე, რომლის პროდუქციასაც დადებითი ლაბორატორიული პასუხი ჰქონდა, შეძლებდა ტენდერში მონაწილეობას.“ როგორ გაგრძელდება ტენდერი უახლოეს მომავალში გამოჩნდება, გიორგი მერაბიშვილი კი აზუსტებს, რომ საქართველოში არსებული ინფრაქსტრუქტურული პრობლემების გამო, ერთგვაროვანი 73 ტონა თაფლის მოგროვება და დიდი საგარანტიო თანხის ჩადება ერთი წლის განმავლობაში, ქართველი მეწარმეებისთვის შეუძლებელია.
თაფლის კვლევა საქართველოში
ქართველი მეთაფლეების კრიტიკას იმის შესახებ, რომ საქართველოში თაფლის ლაბორატორიული შემოწმება შეუძლებელია ნაწილობრივ იზიარებს საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი.
თაფლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იკვლევს, რაც შეეხება უვნებლობის პარამეტრებს, მათ ნაწილობრივ, 85%-ით იკვლევს. “არ არსებობს მსოფლიოში ლაბორატორია, რომელიც უფასოდ ატარებდეს ისეთ ძვირადღირებულ და ისეთ ზუსტ კვლევებს, რომელიც სჭირდება ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს და ა.შ.„ - აღნიშნა ირაკლი გულედანმა, რომელმაც, განაცხადა, რომ მეფუტკრეები ძირითადად თავს არიდებენ ლაბორატორიულ კვლევებს.
შანსი გაჩნდა
სახელმწიფოს მხარდაჭერით გორში უახლოეს მომავალში გაიხსნება თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა და შესაძლებელი გახდება დიდი ოდენობით თაფლის წარმოება. როგორც სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გვეუბნება, ქარხნის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და ამჟამად კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. საწარმო მინიმუმ 35 კოოპერატივს გააერთიანებს, რაც საშუალოდ 7 000 სკას ნიშნავს. “საშუალოდ 15 კილო რომ ვიანგარიშოთ თითო სკაზე, დათვალეთ რამდენი გამოვა?!” - ამბობს გიორგი მიშელაძე. მეფუტკრეებს იმედი აქვთ, რომ ქარხნის ამუშავებისა და მათი გაერთიანების შემდეგ სახელმწიფო ტენდერებში, მათ შორის კონსოლიდირებულ ტენდერებში მონაწილეობისა და თუნდაც 73 ტონა თაფლის შეგროვების პრობლემა უკვე აღარ ექნებათ.
რუსული კომპანიის ტენდერიდან დისკვალიფიკაცია ქართველი მეფუტკრეებისთვის ახალ შანსებს აჩენს, თუმცა ჯერ კონკრეტულად ვერავინ ამბობს რა გზას იპოვიან მეწარმეები 73 ტონა თაფლის შესაგროვებლად.