როგორც ირკვევა, რუსეთის ხელისუფლების შიში იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თავად გაანადგურა, ახალი სულაც არ არის. ნავალნის ცხედრის გარშემო განვითარებული დრამატული მოვლენების ფონზე რუსეთში ბევრმა გაიხსენა როგორც ციხეში გარდაცვლილი ცნობილი საბჭოთა დისიდენტის ანატოლი მარჩენკოს, ასევე რუსეთის სპეცსამსახურის მიერ მოკლული ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ცხედრების ამბავი. ისტორიკოსებმა ისიც დაამარეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ცხედრების გადამალვა რუსეთის იმპერიის დროინდელი პრაქტიკაა.
ალექსეი ნავალნის ამბავმა აჩვენა ის, რომ რუსეთის სახელმწიფო თავისი მოქალაქეების სხეულებს პირდაპირი მნიშვნელობით თავის საკუთრებად მიიჩნევს. და ეს ეხება არა მხოლოდ მიცვალებულებს, არამედ ცოცხლებსაც.
როგორც რუსი პოლიტოლოგი ვადიმ შპეტა ამბობს, პოლიტიკურ მეცნიერებაში ამგვარ დამოკიდებულებას დიდი ხნის წინ უწოდეს „ბიოპოლიტიკა“ - როდესაც სახელმწიფო უშუალოდ ერევა ადამიანთა სხეულებრიობის სფეროში.
ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი კი ხაზს უსვამს ამგვარი პოლიტიკის შედეგს, რომ ”რუსეთში იგი მივიდა ნეკროპოლიტიკის ფინალამდე უკრაინის ომის სახით: სახელმწიფო არა მხოლოდ ითვისებს, ისაკუთრებს ადამიანთა სხეულებს, არამედ განსაზღვრავს, ვინ და როგორ იცხოვრებს ან ვინ არ იცოცხლებს“.
ასევე ნახეთ ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვსვადიმ შპეტას თქმით, რუსეთის ბოლო წლების ქმედებები აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობა ხალხს თავის საკუთრებად აღიქვამს:
„პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი გამოცხადება „უცხოეთის აგენტებად“ და „არასასურველ ორგანიზაციებად“, „არატრადიციული ფასეულობების პროპაგანდის“ აკრძალვის საბაბით ლიტერატურის კლასიკოსების სავაჭრო ქსელიდან ამოღება და ა.შ. იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების თვალსაზრისით მოქალაქეებმა კი არ უნდა განსაზღვრონ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, არამედ, პირიქით, სახელმწიფო მოითხოვს მათგან „სწორად“ ცხოვრებასა და ფიქრს“.
„ვითხოვდით გვამის გადმოცემას“
ცნობილი საბჭოთა დისიდენტის ანატოლი მარჩენკოს ოჯახის წევრებსაც მოუწიათ ბრძოლა ჯერ ცხედრის ნახვის, შემდეგ კი დაკრძალვის უფლებისთვის.
„ჩისტოპოლის კოლონიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩურბანოვი მოითხოვდა, რაც შეიძლება სწრაფად, მეორე დღესვე, დილის 9 საათისათვის დაემარხათ მიცვალებული", - იხსენებდა ანატოლი მარჩენკოს ქვრივი, ასევე ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ლარისა ბოგორაზი:
„ვთხოვდით გვამის გადმოცემას, რათა მოსკოვში დაგვემარხა, იმავე ადგილას, სადაც ჩემი მშობლები განისვენებენ. კატეგორიული უარი მივიღეთ: „პატიმრებს, რომლებიც ციხეში კვდებიან, ადმინისტრაცია ასაფლავებს ნათესავების თანდასწრებით“.
ვთქვით, რომ ანატოლის დაკრძალვა გვინდოდა მართლმადიდებლური წესით, ტაძარში პანაშვიდის გადახდით. ისევ უარი. „ცხედარს ნახავთ დაკრძალვის წინ მორგში, კუბოში, იქ გექნებათ საშუალება დაემშვიდობოთ მას“. საღამოს ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა მიცვალებული და გაგვეტარებინა ბოლო ღამე მის კუბოსთან. მაგრამ შემდეგ გავარკვიეთ, რომ გარდაცვლილი მარტო არ ყოფილა: გარდაცვალების მომენტიდან დაკრძალვამდე, მორგში, პროზექტურაში მუდმივად მორიგებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს (სინამდვილეში კგბ-ს) სამი თანამშრომელი, ისინი დარაჯობდნენ მკვდარ ანატოლი მარჩენკოს! ღამის დეპეშებისა და ზარების შემდეგ (მოსკოვსა და ყაზანში), ბოლოს მაინც მოგვცეს ნებართვა გადაგვეხადა პანაშვიდი ჩისტოპოლის მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ამის გამო დაკრძალვაც ორი საათით გადადეს.
<...> დამკრძალავი ავტობუსი გადაჭედილი იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ხალხით, რომლებიც ერთი წუთით არ გვტოვებდნენ მარტო. ავტობუსს უკან მოჰყვებოდა "თანმხლები პირებით“ სავსე “გაზიკი” (ГАЗ). ავტობუსი მორგთან ახლოს მიაყენეს და გვიბრძანეს: „დარჩით ადგილზე! კუბოს შემოვიტანთ. მაგრამ ყველანი ავდექით და ვთქვით, რომ არავის მივცემდით უფლებას შეხებოდნენ კუბოს, ჩვენ თვითონ გამოვიტანთ და თვითონ დავმარხავთ. არ უნდოდათ მორგში ჩვენი შეშვება, მაგრამ შევედით.
ტოლია შეუღებავ, ცუდად გათლილ ფიჭვის კუბოში იწვა. ჩვენ თვითონ შევიტანეთ კუბო ავტობუსში. ცხრანი ვიყავით: სამი ქალი, ორი ბიჭი და ოთხი კაცი. ავტობუსი ეკლესიასთან მივიდა, კუბო ტაძარში შევასვენეთ. შემოგვყვნენ „თანმხლები პირებიც“, რომლებმაც ქუდები მოიხადეს და განზე გადგნენ. წესის აგების შემდეგ სასაფლაოსკენ გავემართეთ. უკვე გათხრილი იყო ღრმა საფლავი. კუბო საფლავამდე მივიტანეთ. პაშასაც მიჰქონდა მამის კუბო. ირგვლივ არავინ იყო. ძლიერი ქარი უბერავდა, ჩვენ გარდა მხოლოდ ტოლიას ბადრაგი იყო.
მზად ჰქონდათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ - გრძელი თეთრი პირსახოცი, ნიჩბები. მაგრამ მიხვდნენ, რომ საფლავთან მიახლოების საშუალებას არ მივცემდით და გაგვერიდნენ, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, „ოპერაციის დასრულებამდე“.
ტოლიას მეგობრებმა საფლავზე რამდენიმე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს. ჩვენ დავიწყეთ საფლავის მიწით ამოვსება - ჯერ ხელებით, შემდეგ ნიჩბებით.
ერთი საათის შემდეგ მიწის პატარა ბორცვი გაჩნდა. ზემოდან დავალაგეთ ცოცხალი და ხელოვნური ყვავილები, ვაშლები, დავყარეთ დაფშვნილი პური. დავდგით თეთრი ფიჭვის ჯვარი, რომელიც იმედია პატიმრებმა გააკეთეს. ჯვარზე ბურთულიანი კალმით წავაწერე: „ანატოლი მარჩენკო. 1938 წლის 23 იანვარი - 1986 წლის 8 დეკემბერი."
ლარისა ბოგორაზი (1929–2004) - ცნობილი საბჭოთა და რუსი უფლებადამცველი. 1989–1996 წლებში - მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე.
ბოგორაზმა მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში (1968 წლის 25 აგვისტო), რომელიც წითელ მოედანზე გაიმართა და რისთვისაც იგი 4 წლით (1968-1971) გადაასახლეს ირკუტსკის ოლქში.
როგორ გააქრეს მასხადოვის სხეული
ანატოლი მარჩენკო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა დისიდენტი იყო, თუმცა ციხეში გარდაცვლილ (მოკლულ) სხვა პატიმრებს, რომელთა მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესი შედარებით ნაკლები იყო, სისტემა კიდევ უფრო არაადამიანურად ექცეოდა.
ცხედრებთან ბრძოლა განსაკუთრებულად სასტიკ ფორმებს იძენდა შეიარაღებული წინააღმდეგობის დროს.
ჩეჩნეთის ომების დროს საველე მეთაურებისა და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს ხშირად არ აძლევდნენ ოჯახებს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა უკავშირდება ჩეჩნეთის (იჩქერიის) რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტსა და წარსულში საბჭოთა ოფიცერს, ასლან მასხადოვს, რომელიც მოკლეს ჩეჩნეთის სოფელ ტოლსტოი-იურტში 2005 წლის 8 მარტს.
რუსმა სამხედროებმა ცხედარი ჯერ ხანკალის სამხედრო ბაზაზე გადაიტანეს იდენტიფიკაციისთვის, შემდეგ კი - როსტოვის სასამართლო-სამედიცინო ლაბორატორიაში, საიდანაც, როგორც ასლან მასხადოვის შვილი ანზორ მასხადოვი ამბობს, ცხედარი უგზო-უკვლოდ გაქრა.
ჩეჩნეთის დღევანდელმა ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მაშინ განაცხადა, რომ მასხადოვის მკვლელობა ჩეჩენი ქალების სარვამარტო საჩუქარი იყო.
ასლან მასხადოვის პირადი ადიუტანტი ჰუსეინ ისხანოვი იხსენებდა: „მაშინ უკვე ევროპაში ვიყავი: აქციებს ვმართავდით, ცხედრის ნათესავებისთვის დაბრუნების მოთხოვნით, ახლაც მაქვს დემონსტრაციიდან შემორჩენილი ტრანსპარანტები. ახლა ყველა შეეჩვია, მაგრამ მაშინ მასხადოვის მკვლელობა და მისი ცხედრის გადამალვა დიდი შოკი იყო, მივხვდით, რომ ძალიან მძიმე დრო დადგა“.
1994-1996 წლების ჩეჩნეთის ომის დროს, მასხადოვი (მაშინ გენერალური შტაბის უფროსი), სპეციალურად აჩერებდა ბრძოლებს, რათა რუსეთის ჯარებს ბრძოლის ველიდან გაეტანათ თავიანთი ჯარისკაცების ცხედრები. ასევე ცნობილია მრავალი შემთხვევა, როდესაც მასხადოვმა ცოცხლად და უვნებლად გაათავისუფლა რუსი სამხედრო ტყვეები ყოველგვარი პირობის გარეშე.
ასლან მასხადოვის ქვრივმა და მისმა შვილებმა ასევე მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუმცა, რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა არა მხოლოდ ცხედრის ნათესავებისთვის გადაცემაზე, არამედ დაკრძალვის ადგილის გამხელაზეც, ანტიტერორისტული კანონმდებლობის მოტივით.
რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ჯარისკაცთა დედების კავშირის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვალენტინა მელნიკოვამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლების უარი არანაირად არ უკავშირდება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რადგან მასხადოვი არ გაუსამართლებიათ და, შესაბამისად, არც ტერორისტად გამოუცხადებიათ.
„როგორი ომიც არ უნდა იყოს, არ შეიძლება გარდაცვლილებთან ბრძოლა", - განაცხადა ვალენტინა მელნიკოვამ.
ჩეჩენი საველე მეთაურების სიაში, რომელთა ცხედრები ნათესავებს არ გადაეცათ, ასევეა ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული სალმან რადუევი, რომელიც გარდაიცვალა 2002 წელს პერმის ოლქში, მკაცრი რეჟიმის კოლონია „ბელი ლებედში“, სადაც ის უვადო სასჯელს იხდიდა 1996 წელს ყიზლარში მძევლების აყვანის გამო. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა „შინაგან ორგანოებში მრავლობითი სისხლდენა“.
რადუევი დამარხეს სოლიკამსკის საქალაქო სასაფლაოზე; მისი საფლავი ჩაკარგულია „ბელი ლებედის“ სხვა ათასობით პატიმრის საფლავს შორის. გადასვენების თაობაზე ნათესავთა თხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
კიდევ ერთი ჩეჩენი სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა, რომლის დაკრძალვის ადგილი უცნობია, იჩქერიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ჩეჩნეთის ომების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთაური, რუსლან გელაევია, რომელიც ასლან მასხადოვამდე ერთი წლით ადრე (2004 წ. მარტი) მოკლეს დაღესტანში.
ისტორიის სიღრმეში
ცხედრის გადამალვა არაა ახალი პრაქტიკა თანამედროვე რუსეთისთვის. ისტორიკოსების თქმით, მისი ფესვები გადგმულია ისტორიულ წარსულში და ამგვარად ისჯებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც გაბედავდნენ და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იარაღით გაილაშქრებდნენ.
კავკასიის თავისუფლებისათვის მებრძოლი შეიხ მანსური 1794 წელს ავადმყოფობისგან გარდაიცვალა შლისელბურგის ციხესიმაგრეში, სადაც ის ეკატერინე მეორის ბრძანებით იყო გამომწყვდეული „რუსეთის წინააღმდეგ მთის ხალხების წაქეზებისთვისა და იმპერიისთვის დიდი ზიანის მიყენების“ ბრალდებით.
შეიხ მანსური დაკრძალეს სათანადო რიტუალის, სახელისა და ადგილის მითითების გარეშე. 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ ჩეჩნები ცდილობდნენ ნეშტის გადასვენებას ისტორიულ სამშობლოში, მაგრამ ვერ შეძლეს. დღესაც, როცა ამ ამბიდან 220-230 წელია გასული, რუსეთის ხელისუფლებას საუბარიც კი არ სურს შეიხ მანსურის ნეშტის გადასვენებაზე.
კიდევ ერთი მაგალითია ჰაჯი მურატი, ავარიელთა ბელადი და სარდალი, იმამ შამილის ნაიბი და მისი „მარჯვენა ხელი“, რომელიც 1852 წელს კაზაკებთან შეტაკებისას დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ჰაჯი მურატს თავი მოკვეთეს და პეტერბურგში გაგზავნეს, სადაც დღემდე ინახება კუნსტკამერაში.
რუსეთის ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა დაღესტნელი დეპუტატების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო პირების (მათ შორის, ჰაჯი მურატის შთამომავლების) არაერთი თხოვნა, თავის ქალის დაღესტანში დაკრძალვის თაობაზე.
ისტორიკოსების თქმით, რუსეთის სამხედრო მუზეუმის საიდუმლო საცავებში ასობით სხვა თავის ქალა ინახება, მათ შორის იმ მრავალი ჩერქეზის თავის ქალა, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ან დაიღუპნენ კავკასიის ომის დროს. იქვეა იმ შეიხების ცხედრები, რომლებიც კატორღის გზაზე დაიღუპნენ.
კატეგორიულად იკრძალებოდა მათი გარდაცვალების გარემოებებისა და დაკრძალვის ადგილის გამჟღავნება. როგორც კავკასიის ისტორიის მკვლევრები ამბობენ, 2023 წელს კადიროვმა მოახერხა 60-მდე ნეშტის დაბრუნება.
საბჭოთა კავშირიც, რუსეთის იმპერიის მსგავსად, ბოლომდე ეპატრონებოდა სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების სხეულებს. 1922 წელს გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც აკრძალული იყო როგორც სიკვდილით დასჯის დეტალებისა და მეთოდის, ასევე დასაფლავების ადგილის გამჟღავნება. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს არ უნდა მიეღოთ არანაირი ინფორმაცია დასაფლავების ადგილის შესახებ.
2007 წელს რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა ცხედრების ნათესავებისთვის გადაცემის აკრძალვის კანონიერება. რუსმა მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ცხედრების გადაცემამ „შეიძლება შეუქმნას საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს; ხელყოს სხვა ადამიანების უფლებები, მათი ლეგიტიმური ინტერესები და უსაფრთხოება, ასევე გააღვივოს სიძულვილი“.
დააშინო და დაამცირო
„მიცვალებულთა ცხედრების გადამალვის, თავების მოჭრისა და მათი სუვენირებად გამოყენების ტრადიცია კავკასიაში რუსული არმიის ჩვეულებაა“, - მიიჩნევს ჰუსეინ ისხანოვი, ჩეჩნეთის პირველი ომის მონაწილე, რომელიც ორჯერ იყო რუსების ტყვეობაში.
„ჩეჩნეთის ომების დროს რუს სამხედროებში გავრცელებული იყო აზრი, რომ მოკლული ბოევიკი ღორის ტყავში უნდა გაახვიონ და ისე დამარხონ, რათა სამოთხეში არ მოხვდეს, - განაგრძობს ისხანოვი რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ რედაქციასთან საუბარში, - ეს ველური კანონი ფაქტობრივად მოკლულის ნათესავების დასჯა უფროა, ვიდრე თავად მოკლულისა.
უდანაშაულო ადამიანები მთელი ცხოვრება იტანჯებიან, რადგან ვერ ახერხებენ საყვარელი ადამიანის საფლავზე მისვლას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხელისუფლება კავკასიაში ამუშავებს ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა მეთოდს და მხოლოდ ამის შემდეგ ავრცელებს მათ დანარჩენ რუსეთში.
ჩხრეკა, ადამიანების გატაცება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა, ცხედრების გადამალვა - ეს ყველაფერი, რასაც ახლა ცენტრალურ რეგიონებში იყენებს რუსეთის ხელისუფლება, თავის დროზე კავკასიაში გამოიცადა. ნავალნის ცხედრის ამბავიც ამის დამატებითი დადასტურებაა“.
- 2022 წელს დაღესტანში კვლავ დაისვა საკითხი კავკასიის ომის ყველაზე საკამათო გმირის, ჰაჯი მურატის თავის ქალის რესპუბლიკაში დაბრუნების შესახებ.
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებებში „მასხადოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ და „საბანჩიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ნათესავების დაკრძალვის რიტუალებში მონაწილეობის შესაძლებლობის ჩამორთმევა არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).
- 2020 წლის ოქტომბერში მოკლული იბრაჰიმ და ისა ლოლოხოევების დედამ და ასლანგირეი გადაბორშევას მეუღლემ სასამართლოში უჩივლეს საგამოძიებო კომიტეტის ადგილობრივ სამმართველოს, რომელმაც უარი უთხრა მოკლულთა ოჯახის წევრებს ცხედრების დაკრძალვაზე.