რუსული ავღანეთი

"მეცხრე რაზმი" (2005, რუსეთი, რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი)

შევთანხმდით, რომ შვილი არ აგებს პასუხს მამის ცოდვებზე. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როცა შვილი მამის ცოდვების გამგრძელებლად არ გვევლინება, როცა ემიჯნება მის ცოდვებს (არა მამას!). ფიოდორ ბონდარჩუკის შემთხვევა განსაკუთრებულია - ის არათუ აგრძელებს და ავითარებს იმას, რაც მამამისმა, სერგეი ბონდარჩუკმა გააკეთა საბჭოთა კინოში, არამედ უარესს შვრება - ის ცდილობს "გაიმეოროს" მამამისი, წარმოადგინოს თავი მისი ასლის სახით.

სერგეი ბონდარჩუკი საბჭოთა კინოს კლასიკოსად ითვლება. იგი პირველი საბჭოთა რეჟისორია, რომლის ფილმი ამერიკის კინოაკადემიის პრემიით აღინიშნა - 1969 წელს "ოსკარი" გადასცეს "ომი და მშვიდობისთვის" და დააკონკრეტეს, რომ ჰოლივუდი ტოლსტოის რომანის ეკრანიზაციაში პირველ რიგში ბატალურმა სცენებმა მოხიბლა. ამის შემდეგ ბონდარჩუკი კრემლის ფავორიტი და საბჭოთა კინოს ნომერი პირველი ფიგურა გახდა - მას ყველაფრის უფლებას აძლევდნენ; ბონდარჩუკი მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, იწვევდა თავის ფილმებში დასავლეთის კინოვარსკვლავებს, რთავდა გადაღების პროცესში ოჯახის წევრებს, მათ შორის ცოლს და შვილებს. სწორედ ნეპოტიზმში დასდეს მას ბრალი საბჭოთა კინემატოგრაფისტთა მეხუთე ყრილობაზე, 1987 წელს, როცა ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ფაქტობრივად დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა, რადგან ამ ყრილობაზე კრემლის ყველა ფავორიტი ხელოვანი ტრიბუნებიდან ჩამოაგდეს და აკრძალული ფილმები თაროებიდან ჩამოიღეს.

თუმცა ბონდარჩუკებს ყოველთვის ჰქონდათ ახალ ისტორიულ ვითარებასთან მორგების უნარი. კრემლში იცვლებოდა ხელისუფლება, მაგრამ სერგეი ბონდარჩუკი ისევ საბჭოთა კინოს ლიდერად ითვლებოდა. კომუნისტური კრემლი დაინგრა, საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ რუსული კინოს ახალ ლიდერებს შორის ვიხილეთ სერგეი ბონდარჩუკის ვაჟი, ფიოდორ ბონდარჩუკი.

1989 წლის თებერვალში საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი. თუმცა ეს პროცესი მშვიდობიანი არ იყო. ზუსტად ჯარების გამოსვლის წინ გაიმართა სისხლიანი ბრძოლა სტრატეგიული ობიექტის, სასაზღვრო ქალაქ ჰოსტის დასაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ჯარები ტოვებდნენ ავღანეთს, რუს სამხედროებს არ მოსწონდათ, როცა ავღანეთიდან გასვლას მსოფლიო პრესა "საბჭოთა ვიეტნამს" უწოდებდა... ამიტომ, ლეგენდის თანახმად, ჰოსტთან ბოლომდე იბრძოლეს და დაამარცხეს ავღანელი "დუშმანები". თუმცა რუსეთის ისტორიისთვის ავღანეთიდან გამოსვლა მაინც მოუშუშებელი ტრავმა აღმოჩნდა. ხალხი ამ ომს, რომელიც 10 წელს გრძელდებოდა (ოფიციალური მონაცემებით 13 000 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა), ყველაზე სამარცხვინო მარცხად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში.

2005 წელს, როცა პუტინი ხელახლა შეეცადა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გაძლიერებას, ახალგაზრდა რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი, სხვათა შორის, მიღებული რუსეთის ლიბერალურ წრეებში ("შვილი არ აგებს პასუხს მამის ცოდვებზე"), გადაწყვეტს, აღადგინოს ეკრანზე ეს ბრძოლა, როგორც მაგალითი რუსი სამხედროების გმირობისა. მამამისის ნიჭი ამ მხრივაც გამოჰყვა - ფიოდორმა მალევე იშოვა 10 მილიონი დოლარი ამ სურათისთვის და გადაიღო ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფილმი პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში. მამამისივით "მიაწვა" პატრიოტიზმს და არ ახსნა (ან ვერ ახსნა), მაინც რატომ შევიდნენ საბჭოთა ჯარები მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე? თანაც "კეთილი ქვეყნის" სტატუსით - მსოფლიოს უმტკიცებდნენ, რომ საბჭოთა არმია აქ "ინტერნაციონალური ვალის მოსახდელად" იბრძვის? რატომ შევიდნენ, ან რატომ გამოვიდნენ? ცხადია, ამის ახსნის უნარი რომ გქონდეს, ჰოლივუდის ბლოკბასტერებს, მაგალითად, სტენლი კუბრიკის "რკინის საფარს" კი არ უნდა მიბაძო, ან, პირდაპირ რომ ვთქვათ, "გადააკატავო" კოპოლა და კუბრიკი (მუდმივი "წაფენები", კამერის მიახლოება გმირთან დაძაბულ სიტუაციებში, კლიპის ესთეტიკა და ბუტაფორიული პეიზაჟები ყაყაჩოებით), არამედ კონკრეტული ისტორიული მოვლენა უნდა გაიაზრო და შემდეგ დაიწყო მხატვრული განზოგადება. მაგრამ რუსეთში (ისევე როგორც საქართველოში) მარტივი ანალოგიები უყვართ - "აგერ საბჭოთა ჯარებმა ისე დატოვეს ავღანეთი, როგორც ამერიკელებმა ვიეტნამი"... "აგერ ამერიკელებმა ისე დატოვეს ავღანეთი, როგორც რუსებმა 88/89 წლებში"... "იმპერიალიზმი ყველგან ერთნაირია - სულ ერთია, წითელი იქნება თუ სხვა ფერის", "მე არც რუსეთი მინდა, არც ამერიკა მინდა" და ა.შ.

ჯანდაბას ჰოლივუდი. თუ ნიჭი არა გაქვს, იქნებ კუბრიკის ასლის კეთება სჯობდეს მილიტარისტულ-შოვინისტურ კინოს, რომელიც დღეს ასე ძალიან უყვართ პუტინის რუსეთში. "მეცხრე რაზმის" მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფილმის ახალგაზრდა რეჟისორი არა მარტო ჰოლივუდის, არამედ ომის თემაზე გადაღებული საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმების, პირველ რიგში კი მამამისის, სერგეი ბონდარჩუკის უსაშველოდ მოძველებული ქმნილებების განმეორებას ცდილობს. ვიეტნამის ომის თემაზე გადაღებული კარგი ამერიკული ფილმებისგან განსხვავებით, აქ არაფერს გვეტყვიან ძალადობის და ომის არაადამიანურობაზე, არავინ მოინდომებს სისასტიკის ბუნების კვლევას. "მეცხრე რაზმის" მთავარი თემა იქნება ღონიერი, დაკუნთული რუსი გოლიათები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ რძე არ შეშრობიათ პირზე, უკვე მზად არიან თავი გაწირონ საყვარელი სამშობლოსთვის. საბჭოთა ჯარისკაცი (რომელიც ავღანეთში "ინტერნაციონალური ვალის მოსახდელად" შევიდა) ყოველთვის მართალია, ხოლო ძალადობა და სისასტიკე ხანდახან მადლია - ბრძოლაში ნაწრთობი ჯარისკაცი სამშობლოში დაბრუნდება და უფრო მაგარ ქვეყანას ააშენებს. აი, აქ კი გამოიჩენს თავს ფიოდორ სერგეევიჩ ბონდარჩუკი და განზოგადების უნარს გამოავლენს - ბრძოლა ავღანეთში, ე.წ. "3234 სიმაღლის ასაღებად" გამოიხატება, როგორც ლამის კულიკოვოს ომი, რომელშიც რუსეთის არმიამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენც გვინდა ასეთი კინო, გაიფიქრა ერთხელ ქალბატონმა თეამ და დიდგორის ომის შესახებ ფილმის გადაღება მოინდომა ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის მიზნით.

ისე, ანალოგიები და პარალელები მართლა გიყვართ? არც ამერიკა გინდათ და არც რუსეთი? ჰოდა, დაელოდეთ ახლა, რას გააკეთებს ჰოლივუდი ამერიკული ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის შემდეგ. და შემდეგ შეადარეთ "მეცხრე რაზმს" და რუსების მიერ გადაღებულ ფილმებს ავღანეთის ომზე. გარწმუნებთ, გაოცებული დარჩებით.