მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ ტოვებს.
„ვტოვებ ტელეკომპანია „იმედს“. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი“, - წერს იგი ინსტაგრამზე, სადაც 431 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
„მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!“ - წერს ის.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსკა მაყაშვილმა გააზიარა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავების კადრები და დაწერა: „ჩემი მეგობარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირეს თავის სახლში“.
ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პროევროპულ დემონსტრაციებში იღებს მონაწილეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში 5 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალად ედება „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, მასში მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება“.
ჭიჭინაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების საქმეზე ცხრა პირს ბრალდება წარუდგინესუფრო ადრე რუსკა მაყაშვილი წერდა: „რა თქმა უნდა, უკლებლივ ყველა ვგმობთ ძალადობას, ვგმობთ და იმწამსვე ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ. სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ხერხით, დაგდებულებს წიხლებს ვურტყამთ, ვცემთ, ვძალადობთ ერთმანეთზე მორალურად, მენტალურად, ვღალატობთ მეგობრებს, ვამუნათებთ, ვამცირებთ ერთმანეთს“.
„რაც არ უნდა თქვა, არ არ უნდა დაწერო, რა პოზიციაც არ უნდა გქონდეს ან არ გქონდეს, არ აქვს მნიშვენლობა. ისეთ დაუჯერებეულ ურთიერთსაპირისპირო მესიჯებს ვიღებ, ისეთ რაღაცებს ვისმენ, ვეღარ უძლებს ჩემი გონება. საშინელება ხდება ჩვენს თავს“, - წერდა იგი.
რუსკა მაყაშვილს „იმედზე“ მიჰყავდა შოუ „ვინ ვინ არის“; ასევე - ყოველ შაბათ-კვირას ტელეპროექტი „ჩვენი ოჯახი“.
დემონსტრაციები, - რომლებთან დაკავშირებითაც არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნაწილი სისხლის სამართლის წესით, - თბილისში და საქართველოს ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს.
პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა არა მხოლოდ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.