რუსი ტროლები წითელას გადარჩენას უწყობენ ხელს?

ბავშვის ვაქცინაცია უკრაინაში, სადაც ყველაზე მეტად იზარალეს წითელას ეპიდემიით.

მეცნიერები ამბობენ, რომ რუსეთის სოცმედიის ტროლებმა, რომლებმაც აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უთანხმოება დათესეს, შესაძლოა ასევე ითამაშეს როლი მსოფლიო მასშტაბის ჯანდაცვის კრიზისის განვითარებაში.

მათი თქმით, ტროლებმა შესაძლოა წვლილი შეიტანეს ევროპაში წითელას გავრცელებაში, რომლის შედეგადაც 72 ადამიანი დაიღუპა და 82 ათასზე მეტს შეეყარა ინფექცია - ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ცნობილია, რომ რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნეს წარმოადგენენ.

ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები ამჟამად მუშაობენ იმის გამოსარკვევად, თუ რა გავლენა იქონიეს რუსმა ტროლებმა და ბოტების კამპანიებმა დაავადების გავრცელებაზე სამედიცინო ინფორმაციის გაყალბებისა და მოსახლეობაში ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის დათესვის გზით.

გამოკვლევებმა უკვე ცხადყო, როგორ უწყობდა ხელს რუსეთის ინტერნეტის კვლევის სახელმწიფო სააგენტო სოციალურ მედიაში ვაქცინაციის შესახებ დისკუსიებს 2014 წლიდან მოყოლებული, რამაც ძირი გამოუთხარა ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ნდობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ „ვაქცინაციისგან თავის შეკავება“ იქცა გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ.

ის აღნიშნავს, რომ წითელას დაავადებამ მსოფლიოში 30%-ით იმატა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ წითელა აღდგა ისეთ ქვეყნებში, სადაც ის თითქმის ამოძირკვული იყო.

აშშ-სა და ევროპაში მეცნიერები ახალ ძალისხმევას მიმართავენ საიმისოდ, რომ გაიგონ, მათი თქმით, „წარმოუდგენლად კომპლექსური“ პრობლემა - ის, თუ რატომ ამბობენ უარს საკუთარი თავისა და საკუთარი ბავშვების აცრაზე.

ჩრდილოეთ კაროლინის დიუკის უნივერსიტეტში ჯანდაცვის მონაცემთა ბანკი სახელწოდებით The Forge ცდილობს გაერკვეს და საპასუხო ზომები გამოიყენოს ინტერნეტში სამედიცინო დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

Forge-ის დირექტორის, რობერტ კალიფის თქმით, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების მაკონტროლებელი სამმართველოს ყოფილი კომისარია, სამედიცინო დეზინფორმაცია შესაძლოა ჩვენი ეპოქის პრობლემაა, რომელსაც უმაღლესი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.

ის ამბობს, რომ ვაქცინაციის თაობაზე დეზინფორმაციის კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად უფრო კომპლექსური გახდა და ნათელია, რომ სოციალურ მედიაში ამ საკითხზე გამოქვეყნებული პოსტების დიდი რაოდენობა არის ნაწილი კიბერომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს.

ვენის უნივერსიტეტის მეცნიერი კატერინა კისლიხი ამბობს, რომ „ვაქცინაციისგან თავის შეკავება შესაძლოა გაგებულ იქნეს პოლიტიკური მეცნიერების პერსპექტივიდან.“

კისლიხის თქმით, ეს პრობლემა იოლად ვერ მოგვარდება და პოლიტიკოსებსა და ჯანდაცვის მუშაკებს მომავალშიც მოუწევთ იმ მოქალაქეებამდე მიღწევა, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ვაქცინაციას.

"ნეგატიური დეზინფორმაცია ონლაინ"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინაციის სპეციალისტმა კეტრინ ჰაბერსაატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დეზინფორმაცია მხოლოდ ერთი ფაქტორია უკანასკნელ ხანებში ვაქცინაციის უკუსვლის საქმეში აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც წითელას გამოცოცხლება შეინიშნებოდა.

მისი თქმით, სხვა ფაქტორებს შორისაა დაავადების გავრცელების საფრთხის მიმართ თვითდამშვიდება; ის, თუ რამდენად მოსახერხებელია ვაქცინაციის სამსახური; და ნდობის ხარისხი ჯანდაცვის იმ მუშაკების მიმართ, რომლებიც ვაქცინაციის კამპანიებს ატარებენ.

უკრაინაში 2018 წელს ყველაზე უარესი მდგომარეობა იყო წითელას ეპიდემიის თვალსაზრისით. 2015 და 2016 წლებში კი აქ ვაქცინაციის სამსახურებსა და მომარაგებას სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის აღმოსავლეთში გამწვავებულმა ბრძოლებმა, რომლებშიც სეპარატისტებს რუსეთი უჭერს მხარს.

„ჩვენ, ფაქტობრივად, საკმარისი ინფორმაცია არ მოგვეპოვება იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სურვილებსა და ქცევებზე,“ უთხრა რადიო თავისუფლებას ჰაბერსაატმა. თუმცა, მისი თქმით, ვიცით ის, რომ მას გარკვეული გავლენა აქვს ამ ქცევაზე.

ჰაბერსაატის თქმით, ამ პრობლემების უფრო ღრმად შესასწავლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულმა რეგიონალურმა ოფისმა ახლახან „სტრატეგიული ურთიერთობები“ დაიწყო რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან. გერმანელი მეცნიერები იკვლევენ იმას, თუ როგორ შეისწავლონ ვაქცინაციისგან თავის შეკავება რუსული და აღმოსავლეთ-ევროპული კულტურების კონტექსტში. კვლევის შედეგები 2020 წლისთვის გამოქვეყნდება.

ყველაზე მძიმე დარტყმა

ჰაბერსაატის თქმით, თუკი მოხერხდა, ამ კვლევის დროს შემუშავებული პრინციპები გამოყენებულ იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებში სხვა ქვეყნებში, სადაც წითელას აცრის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა და დაავადებამ კვლავ იჩინა თავი: უკრაინაში, საქართველოში, სერბეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

„ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა პაკისტანი და ავღანეთი, მრავალი არასწორი წარმოდგენაა გავრცელებული,“ ამბობს ჰაბერსაატი. „დიდძალი მცდარი ინფორმაცია მშობლებს უბიძგებს, არ დაიცვან შვილები სახიფათო დაავადებებისგან.“

ევროპაში ვაქცინაცია ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ ყველა ქვეყანაში არსებობს მოსახლეობის სპეციფიკური „ჯიბეები“, რომლებშიც მაჩვენებლები უფრო დაბალია.

„წლების განმავლობაში ამ ჯიბეებში, რომლებიც არ იცვება დაავადებებისგან, ხალხის რიცხვი იზრდება,“ ამბობს ჰაბერსაატი. „რაღაც მომენტისთვის მათი რიცხვი აღწევს იმდენს, რომ შესაძლებელია დაავადების გავრცელება. მერე მოდის ვიღაც, ვისაც წითელა სჭირს და ამის შემდეგ დაავადება იოლად ვრცელდება, ვინაიდან არსებობს საკმარისი რაოდენობის გადამტანი და მისი კონტროლი რთულია.“

ევროპაში წითელას ეპიდემია შესაძლოა გააძლიერეს ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ჯგუფებში ინფილტრირებულმა რუსულმა ტროლებმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებს, რომ 2018 წელს წითელას ეპიდემიის მთავარი დარტყმა მოდიოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე.

2018 წელს უკრაინაში წითელათი დაავადების 53 200-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, აქედან 15 სასიკვდილო შედეგით დასრულდა.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა, იყვნენ სერბეთი, საქართველო და რუმინეთი - აღირიცხა დაავადების 8400 შემთხვევა და 40 სასიკვდილო შედეგი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შარშან წითელას დაავადებით სიკვდილის 22 შემთხვევა აღრიცხა რუმინეთში, 14 სერბეთში, სამი საქართველოსა და ერთი რუსეთში.

რუსეთის ტროლების კამპანია

აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ ბრონიატოვსკიმ შეისწავლა, როგორ მოქმედებდნენ რუსეთის ინტერნეტის კვლევის სახელმწიფო სააგენტოს ტროლები ამ თემაზე აშშ-ში, როგორ უწყობდნენ ხელს ამერიკაში ვაქცინაციის თემაზე დებატების გამწვავებას იმავე პრინციპით - ისინი 2014 წლიდან ძირს უთხრიდნენ ვაქცინაციის თაობაზე საზოგადოების კონსენსუსს.

ბრონიატოვსკიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მას არ შეუმჩნევია იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ რუსეთი დასავლეთის დემოკრატიების დასუსტებას შეეცადა ხალხის დარწმუნებით, რომ ვაქცინაცია შეეწყვიტათ.

სამაგიეროდ, ბრონიატოვსკის თქმით, ტროლები ვაქცინაციის თემას იყენებდნენ არა იმდენად დაავადებების გავრცელებისთვის ხელის შესაწყობად, რამდენადაც ვაქცინაციის შესახებ დისკუსიების პედალირებით საზოგადოებაში ზოგადად განხეთქილების შესატანად.

„კარგად ცნობილი სტრატეგიაა ინფილტრირება მოახდინო ინტერესთა ჯგუფში, რომელიც ერთი საკითხის თუ თემის გარშემოა შემოკრებილი, და შემდეგ ნელ-ნელა შეეცადო ახალი თემები შეიტანო ამ დისკუსიაში,“ გვიხსნის ბრონიატოვსკი.

მოწყვლად ქვეჯგუფებში შეღწევის და სოციალურ მედიაში ამ ქვეჯგუფების წევრთა შორის მიმდევრების მოპოვების შემდეგ რუსეთის ტროლები საკუთარ მიმდევრებს ავრცელებინებდნენ მესიჯებს, რომლებიც შესაბამისობაშია კრემლის დღის წესრიგთან.

საკუთარი დამაჯერებლობის ასამაღლებლად ისინი ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ანგარიშების მესიჯებს აზიარებდნენ.

ბრონიატოვსკის თქმით, ვაქცინაციის მომხრე და მოწინააღმდეგე პოზიციებისთვის თითქოს თანაბარი ადგილის დათმობით სინამდვილეში რუსეთის ტროლები და ბოტები არაპროპორციულად მეტად ეხმარებოდნენ ვაქცინაციის საკითხში სკეპტიკოსთა საეჭვო მოსაზრებების პოპულარიზაციას.

ამასთან, რუსეთის ტროლები ცდილობდნენ ისეთი მგრძნობიარე თემები წამოეწიათ წინ, როგორიცაა, მაგალითად, რასიზმი და აბორტის არჩევანის თავისუფლება.

ერთ-ერთი დადასტურებული რუსული ტროლი ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართულ ტვიტში წერს, რომ „სავალდებულო ვაქცინაცია ზღუდავს კონსტიტუციურად გარანტირებულ რელიგიურ თავისუფლებებს.“

ერთ-ერთი კი აშშ-ის მთავრობის მიმართ ნდობის შესასუსტებლად კითხულობს: „იცოდით, რომ არსებობს ვაქცინაციით დაზარალებული ბავშვების სამთავრობო მონაცემთა ბანკი?“

ხოლო სხვა ტროლები, ბრონიატოვსკის სიტყვებით, ცდილობენ, ფარმაცევტული კომპანიების მიმართ უნდობლობა დათესონ და ავრცელებენ მოსაზრებას, რომ დაავადებები არც ისე სახიფათოა და არაა საჭირო მათი მკურნალობა.

ზოგი რუსული ტროლი კი მანიპულირებს ასეთი არასწორი სამედიცინო ინფორმაციის დაპოსტვით: „ბუნებრივი ინფექცია ყოველთვის უკეთესად აძლიერებს იმუნიტეტს, ვიდრე ვაქცინა,“ ანდა „იცოდით, რომ ვაქცინა აუტიზმს ავითარებს?“