როგორც გაირკვა, ცალკეულ შემთხვევებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს უჭირთ ჯარისკაცების დამწვარი სხეულების ნარჩენებისგან დნმ-ის მიღება, ბოლო ხანს კი ამას დაემატა დასავლეთის მზარდი სანქციების გამო რუსეთში შესაბამისი რეაქტივების დეფიციტი, რაც ართულებს ნეშტების ლაბორატორიული შემოწმების პროცედურას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს დაღუპული მეომრების ნათესავებმა, რომლებიც თვეობით ელოდებიან გვამების ამოცნობას და უარს ამბობენ ნეშტების დაკრძალვაზე.
„არ გვჯერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსი“
2022 წლის ოქტომბერში ტატიანამ (გვარს მისი თხოვნით არ ვასახელებთ) დონის როსტოვში მდებარე მორგიდან სამი ძვალი მიიღო. ეს იყო ის, რაც 21 წლის ჯარისკაცისგან დარჩა. არტიომი, ტატიანას შვილი, 136-ე მოტომსროლელი ბრიგადის ტანკისტი, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
შესაბამისად, მორგიდან მიღებულ ძვლებს თან ახლდა სამხედრო საგამოძიებო განყოფილების დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაღუპული „სავარაუდოდ“ ტატიანას შვილია.
„შევეცადე, გამეგო, თუ რამდენი პროცენტით იყო თანხვედრა დნმ-თან, მაგრამ ვერ დავადგინე. ამიტომ გადავწყვიტე ნეშტი სხვა ქალაქში, ფასიან ექსპერტიზაზე გამეგზავნა. მაგრამ იქ საერთოდ ვერ შეძლეს დნმ-ის დადგენა. ასე იქ (როსტოვის მორგში) მომუშავე ექსპერტები თავიდან იცილებენ პასუხისმგებლობას: შეიძლება დაწერონ, რომ „სავარაუდოდ“ არის, ან არ არის დაღუპული. რადგან თუ აღმოჩნდება, რომ ის ტყვედ იმყოფება, მაშინ იტყვიან, ჩვენ ხომ მოგწერეთ, რომ სავარაუდოაო. თუ დაღუპულია, ესეც ვარაუდით იციან“, - ამბობს ტატიანა.
არტიომმა ორი წლის წინ რუსეთის რკინიგზის კოლეჯი დაამთავრა და მატარებლის მემანქანედ აპირებდა მუშაობის დაწყებას. მაგრამ 2021 წელს ის არმიაში გაიწვიეს და ერთბაშად შესთავაზეს კონტრაქტზე ხელის მოწერა. ოჯახი გახარებული იყო შეთავაზებული პირობებით: კარგი ბინითა და 40 000 რუბლის ოდენობის ხელფასით, რაც ვადიანი სამსახურის ჯარისკაცის თვიურ ანაზღაურებაზე 4-ჯერ მეტია.
მაგრამ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ასეული, რომელშიც არტიომი მსახურობდა, სამხედრო სწავლებაზე ყირიმის ქალაქ ჯანკოიში გაგზავნეს.
„იქ მათ ჩამოართვეს სენსორული ტელეფონები და მხოლოდ უინტერნეტო, ღილაკებიანი ტელეფონით შეეძლოთ დარეკვა. მან მითხრა, რომ ორი კვირის შემდეგ კიდევ დამირეკავდა, მაგრამ არ ჰქონდა უფლება გაემხილა თავისი ადგილსამყოფელი. სამხედროების დედების ჯგუფმა უკვე მიახლოებით კი ვიცოდით, თუ საით მიემართებოდნენ, მაგრამ ბოლო დრომდე მაინც გვჯეროდა, რომ ისინი წვრთნაზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, სადმე საზღვარზე იმყოფებოდნენ“, - იხსენებს ტატიანა.
ასევე ნახეთ გარდაცვალების ცნობა დაბადების დღეზეარტიომი დონეცკის ოლქის რაიონის სოფელ სტარომლინოვკაში გასული წლის 7 მარტის ბრძოლის შემდეგ გაუჩინარდა. დასახლებულ პუნქტს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. შვილის თანამებრძოლმა ტატიანას შეატყობინა, რომ დაიღუპა არტიომი და მასთან ერთად მის ტანკში მყოფი ყველა რუსი ჯარისკაცი. ტანკის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დედასთან ერთად ტატიანამ დაიწყო იმის მოკვლევა, თუ რატომ ვერ შეძლეს რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაღუპულის გვამის მოძიება.
„ჩვენ არ გვჯეროდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსი, რადგან ჩვენი სამხედრო ნაწილიდან ძალიან ბევრი „ორასები“ იყო (ასე ეძახიან რუსი სამხედროები ბრძოლაში დაღუპულებს - რედ.), რომლებიც მერე ან ცოცხლები აღმოჩენილან, ან დაჭრილები ჰოსპიტლებში მკურნალობდნენ. როდესაც ტანკი დაათვალიერეს, იქ ვერაფერი იპოვეს - ვერც კბილები და ვერც ჟეტონები. ჩვენ დავუკავშირდით სოფლის მცხოვრებლებს, რომლებმაც ბრძოლის მეორე დღეს გადაღებული ჩემი შვილის ტანკის ვიდეო გამოგზავნეს. იგი არ არის აფეთქებული, კოშკი თავის ადგილზეა, რაღაც უსათუოდ უნდა დარჩენილიყო“, - მსჯელობს ტანკისტის დედა.
გამოხდა ხანი და გასული წლის აპრილში შვილის სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ ტატიანას შესთავაზა, რომ სასამართლოს გზით შვილი დაღუპულად ეცნო, მაგრამ ოჯახმა ამაზე უარი თქვა.
„რა საფუძველზე? სად არის საქმის მასალები? მე ტანკის გვერდით არ მირბენია. მაგრამ როდესაც მათ შემოთავაზებულზე უარი ვთქვი, უცებ აღმოაჩინეს ნეშტი. ცნობაში წერია, რომ ისინი ზაპოროჟიეს ოლქში იმყოფებოდნენ. ანუ ეს არის მისი დაღუპვის სულ სხვა ადგილი და არა ის, რომელზეც არტიომის თანამებრძოლი მიამბობდა“, - ამბობს ტატიანა.
იგი არ აპირებს მისთვის გამოგზავნილი ნეშტის დაკრძალვას, ვიდრე არ შეაგროვებს მტკიცებულებას, რომ ის ნამდვილად მის შვილს ეკუთვნის. დედამ გაგზავნა განცხადება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში, რომლისგანაც სამხედრო საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული დნმ-ის ანალიზის შედეგების შემოწმებას ითხოვს.
„პირადად მწერენ მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანები. ერთ ქალს გაუგზავნეს უთავო მუმია. თავის გარეშე რატომ? იმიტომ, რომ კბილებით შესაძლებელია ადამიანის დადგენა. მე ვურჩიე, რომ პარალელურად დნმ-ის ანალიზიც ჩაატაროს: ფასიანიც და უფასოც. რადგან ეს არის სისტემა. რომელიმე დედა დაუჯერებს ამ დნმ-ს და დამარხავს (თავის შვილს), სხვა კი - არ დაუჯერებს. ისინი სხედან და ელოდებიან თავიანთ შვილებს, რადგან ხვდებიან, რომ უბრალოდ მოატყუეს. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იცხოვრო ასეთ მდგომარეობაში? იმაზე ფიქრით, იქ შენი შვილია თუ არა? მოგატყუეს თუ არა? არადა, თითქოს მოგატყუეს, ნეშტი კი უკვე მაინც დამარხე“, - ამბობს ტატიანა.
კარგი რეაქტივები სანქციების გამო იწურება - სიტუაცია რთულია
დრო და ტემპერატურა, ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომელიც ზიანს აყენებს ნეშტებს და ართულებს დნმ-ის გამოვლენის პროცესს, - ამბობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ევგენი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობს.
„მაღალი ტემპერატურის დროს ცილა იკვრება, ამიტომ, თუ სხეული დაიწვა, მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი ხდება. ამასთან, თუ ექსპერტიზა ნორმალურია, მაშინ გამოთქმა „შესაძლოა ეკუთვნოდეს“ - უადგილოა. მე ვურჩევდი, რომ ექსპერტიზისთვის მიმართონ მსხვილ ცენტრებს, მაგალითად, მოსკოვში მდებარე რუსეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრს, რომელშიც უკეთესი მოწყობილობა არსებობს. თუ ნეშტი მიწაში იყო ერთი-ორი წლის განმავლობაში, დნმ-ის გამოვლენა შესაძლებელია. მაგრამ ყველაფერი აპარატურაზე, კვალიფიკაციასა და რეაქტივებზეა დამოკიდებული. კარგი რეაქტივები სანქციების გამო რუსეთში იწურება და მიუწვდომელი ხდება. ამიტომ სიტუაცია რთულია“, - ამბობს ექსპერტი.
ამ სირთულეს სულ უფრო მეტად გრძნობენ უკრაინაში დაღუპული იმ ჯარისკაცების ჭირისუფლები, რომელთა ცხედრები ჯერ კიდევ არ არის ამოცნობილი.
ალექსანდრ კაზაევი ბარნაულსა და ნოვოსიბირსკს შორის მდებარე ტალმენკეს დასახლებულ პუნქტში დაიბადა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ისიც მაშინვე არმიაში გაიწვიეს. 2016 წელს კაზაევმა კონტრაქტი გააფორმა სამარის ოლქში განლაგებულ 90600-ე სამხედრო ნაწილთან, რომელსაც ღია წყაროები რუსეთში არსებულ ერთადერთ მშვიდობის დამცველ ქვედანაყოფად მიიჩნევენ. კაზაევი სამსახურს გადიოდა ტაჯიკეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე, საიდანაც 2020 წლის აზერბაიჯან-სომხეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს თვითმფრინავის პირველივე რეისით გადაისროლეს მთიან ყარაბაღში. ხოლო 2022 წლის თებერვალში კაზაევის ნაწილი უკრაინაში გაგზავნეს.
„მისთვის ასეთი მივლინებები საინტერესო იყო, რადგან იქ მეტს უხდიდნენ. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დალხინებული ცხოვრების გამო არ მიდიან. მას ურიგო ანაზღაურება არ ჰქონია. ტალმენკეში ამდენს ვერ გამოიმუშავებ, იქ 15 ათასი რუბლი - მაქსიმუმია. მან კი დედას თავისი ხელფასით ბინა უყიდა და საცხოვრებლად მეზობელ ქალაქში გადაიყვანა“, - უთხრა „სევერ.რეალიის“ ალექსანდრ კაზაევის დამ, პერმში მცხოვრებმა ტატიანა სემიშევამ.
2022 წლის 29 მარტს კაზაევის ოცეული სოფელ ნოვაია ბასანში დაბომბვის ქვეშ მოჰყვა, როდესაც რუსეთის არმიის ცალკეული ქვედანაყოფები კიევის ოლქს ტოვებდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის არტილერია ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ბომბავდა სოფელს. ისინი ალყაში მოექცნენ, საიდანაც ცოცხალი ძალიან ცოტა თუ გამოვიდა.
"ჩვენ მოგვივიდა დაღუპვის ცნობა, რომელშიც ეწერა, რომ ალექსანდრი 3 აპრილს დაიღუპა. მაგრამ როგორც ცოცხლად დარჩენილები ამბობენ, ცოცხლად 29 მარტის შემდეგ იქ აღარავინ იყო დარჩენილი. სამხედრო კომისარიატმა გვაცნობა, რომ ცხედარს აღარ უნდა დაველოდოთ", - ამბობს კაზაევის და.
ნოვაია ბასანში 90600-ე სამხედრო ნაწილის სულ მცირე სამი ათეული ჯარისკაცი დაიღუპა. 2022 წლის აპრილში, ბრძოლის დასრულების შემდეგ, უკრაინის ჯარმა დახოცილი რუსი სამხედროების ნეშტები სოფელში გათხრილ საძმო სამარხში დამარხა. ოქტომბერში უკრაინის საგამოძიებო ორგანოებმა ექსჰუმაცია ჩაატარეს და დაღუპულები ორჯერ გაცვალეს. ამგვარად 2023 წლის დასაწყისში რუსეთში დააბრუნეს 15 რუსი „მშვიდობის დამცველის“ ნეშტი.
„იქ იყო ორი-სამი ტომარა სხვადასხვა ძვალი. შესაძლოა, იქ ჩემი ძმაც იყო. ვიცი, რომ საშა დაიწვა, არსებობს შანსი, რომ რაღაც ფრაგმენტი გადარჩა. ვაპირებ, წავიდე დონის როსტოვში (იქ არსებულ მორგში უყრიან თავს უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ნეშტებს - რედ.), რადგან არა მგონია, რომ მათ თითოეული ძვალი შეამოწმეს. დედას დნმ ჯერ კიდევ აპრილში აიღეს, მაგრამ ჯერჯერობით არ დაემთხვა. ნეშტის გარეშე სიკვდილის ცნობას არავინ მოგვცემს, დოკუმენტების გარეშე კი სახლსაც ვერ გავყიდით“, - ამბობს სემიშევა.
გასული წლის დეკემბერში სამხედრო ნაწილის რჩევით ალექსანდრ კაზაევის ოჯახმა მოქალაქეთა მდგომარეობის ჩამწერ ორგანოს მიმართა გარდაცვალების ცნობის მისაღებად, თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ცნობის საფუძველზე, მაგრამ ადგილობრივ ორგანოში მათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოითხოვეს. საბოლოო ჯამში, კაზაევებმა სარჩელი შეიტანეს საქალაქო სასამართლოში მოთხოვნით, ეცნოთ ალექსანდრი დაღუპულად, მაგრამ სამოქალაქო სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი თქვა და ჭირისუფალი სამხედრო სასამართლოში გაგზავნა. 2023 წლის იანვარში რუსი სამხედროს ნათესავებმა შეძლეს მის ნეშტის მოძებნა: სამხედრო ექსპერტებმა ნოვაია ბასანიდან გადმოსვენებულ ცხედრებში აღმოაჩინეს ნეშტი, რომელსაც ალექსანდრ კაზაევის დნმ დაემთხვა. როგორც სემიშევა ამბობს, მისი ძმა დამატებითი ექსპერტიზის და კუბოს გაუხსნელად მიაბარეს მიწას.
ელენა იულდაშევა, იმავე სამხედრო ნაწილ 90600-ის მებრძოლის, რუსლან იულდაშევის დედა, 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდა თავისი შვილის ნეშტის ამოცნობას. იგი ასე აღწერს დონის როსტოვში, თავის მეგობარ ნადიასთან, ასევე დაღუპული მებრძოლის დედასთან ერთად გამომძიებელთან შეხვედრას პირდაპირ ახალი წლის წინ:
„30 დეკემბერს მივედით გამომძიებელთან. მან გახსნა კომპიუტერი და დავიწყეთ ბასანიდან ჩამოტანილი ნეშტების დათვალიერება. იქ იყო სხეულის რაღაც ნაწილები, ერთმანეთში არეული, არც ჩონჩხის ფორმა იყო, არაფერი. ხდებოდა მათი დანომვრა: ნომერი ესა და ეს. გამომძიებლები ყველაფერს აფორმებდნენ და კომპიუტერში შეჰქონდათ. ესა და ეს ტომარა, ესა და ეს ნომერი. შემდეგ მას ხსნიდნენ და სურათს უღებდნენ. იქ, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იყო ამ ყველაფრის გარჩევა. დიდი დრო იყო გასული, ხოლო ამინდსა და დედამიწის ზედაპირთან სიახლოვეს უკვე თავისი საქმე ჰქონდა გაკეთებული. მაგრამ ჩვენ ვეძებდით რაღაც ხელჩასაჭიდს. ნადიამ უცებ იცნო თავისი შვილის ნეშტი: მას რკინის ამულეტი ეკეთა. როგორც კი დავინახეთ ამულეტი, მაშინვე ყველაფერს მივხვდით“, - ჰყვება ელენა.
მაგრამ თავად ელენას არ გაუმართლა. გამომძიებლებმა როსტოვის მორგში მას უჩვენეს ერთ-ერთი დაღუპულის ნეშტი, რომელიც სავარაუდოდ მისი შვილისა შეიძლებოდა ყოფილიყო. გარეგნულად შვილის ამოცნობა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ გამომძიებლებმა ნეშტს ექსპერტიზა ჩაუტარეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ელენა იულდაშევას უთხრეს, რომ ნეშტი მისი შვილისა არ აღმოჩნდა.
„მეორე მხრივ, იქნებ არსებობდეს რაიმე იმედი, იქნებ მოხდეს რაიმე სასწაული. იქნებ ის სულაც ცოცხალია“, - იმედოვნებს რუსლანის დედა.
- რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრნენ. რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, უკრაინა კი - ომს.
- რუსეთის მხრიდან, რეგულარული სამხედრო მოსამსახურეების გარდა, უკრაინის ომში მონაწილეობენ რუსეთის გვარდიისა და სპეცრაზმის თანამშრომლები, მოხალისეები, პატიმრები და მობილიზებული მოქალაქეები.
- საომარი მოქმედებების დაწყებიდან ასევე დაფიქსირდა საბრძოლო მოქმედებებში წვევამდელი ჯარისკაცების მონაწილეობა.
- ოფიციალურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ სამჯერ გაავრცელა ინფორმაცია დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ. ბოლო დროს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 5,937 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დაადასტურა.
- უცნობია, თუ რამდენი რუსი ჯარისკაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული, ან იმყოფება ტყვეობაში და გადის მკურნალობას უკრაინის ტერიტორიაზე;
- თავის მხრივ, უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დაღუპულთა რიცხვმა 100 ათას ადამიანს გადააჭარბა, დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ საბრძოლო დანაკარგები (მოკლული და დაჭრილი) დაახლოებით 200 ათასია.
- ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოცემა „მედიაზონასთან" ერთად, ღია წყაროების ანალიზის საფუძველზე დაადგინა უკრაინაში დაღუპული 13 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა. მათ შორისაა პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის შედეგად გაწვეული 924 პირი. ამ მედიასაშუალებების თანახმად, სავარაუდოა, რომ უკრაინაში დაღუპული და დაჭრილია სულ მცირე 117 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე.
- მხარეებს შორის დანაკარგების თაობაზე ზუსტი ცნობები არ არის - დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო უწყებების შეფასებით, რუსეთმაც და უკრაინამაც განიცადეს ათობით ათასი ადამიანის დანაკარგი მოკლულებისა და დაჭრილების სახით.
- გასული წლის სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყოველდღიურად ომში 50 ჯარისკაცს კარგავს.
მასალა მომზადებულია საიტ „სევერ.რეალიის“ მიხედვით