„მძიმე არტილერია“ - რუსი პროპაგანდისტები საქართველოში გრეტა თუნბერგის ჩამოსვლას აბუჩად იგდებენ

რუსი პროპაგანდისტები თბილისში კლიმატის აქტივისტის გრეტა თუნბერგის ჩამოსვლას ცინიზმითა და შეთქმულების თეორიებით ეხმაურებიან.

“საქართველო იმსახურებს სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს”, - უთხრა შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა თუნბერგმა რადიო თავისუფლებას 11 ნოემბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

მომდევნო დღეს მან ინსტაგრამზე დაწერა, რომ ე.წ. აგენტებისა და ლგბტ პროპაგანდის კანონების მიღებით, საქართველოს ხელისუფლება დაუპირისპირდა “თავისუფლებასა და თანასწორობას” და რომ უერთდება მათ, ვინც ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერა თბილისში მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა.

მან ბაქოში კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გააპროტესტა. ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანში სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები და ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გაზისა და ნავთობის ექსპორტზე.

თუნბერგმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბაქოში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება, ხელისუფლებას “საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გაპატიოსნებაში ეხმარება”.

“მძიმე არტილერია”

მაგრამ მოსკოვმა ბოლო ერთი წლის ნარატივი გააგრძელა და შვედი ეკოაქტივისტის ჩამოსვლა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად მონათლა.

ასევე ნახეთ „მინდა, რომ ნატოზეც თქვან უარი“ - კრემლი და მისი პროპაგანდისტები საქართველოს მომავალს გეგმავენ

“დასავლეთმა თავი გამოიაშკარავა”, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ჯერ კიდევ 4 ნოემბერს, როცა თუნბერგი თბილისში პირველად გამოჩნდა.

როდესაც კრემლის წარმომადგენელი რაღაცას ამბობს, პროპაგანდისტები ამას იტაცებენ ხოლმე. ამ ჯერზეც ასე მოხდა.

კრემლისა და უკრაინაში ომის მხარდამჭერმა არაერთმა ტელეგრამარხმა დაწერა, რომ ეკოაქტივისტი "კოლექტიურმა დასავლეთმა" საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის "გამოუშვა".

“დასავლეთმა საქართველოში მიმდინარე მიტინგებზე “მძიმე არტილერია” ჩამოიყვანა… წავიდა გრეტა მისთვის გაუგებარ ქვეყანაში. ვერაფერს იზამ, ხელმძღვანელობამ უბრძანა, ესე იგი უნდა შეასრულოს”, - დაწერა პროპაგანდისტულმა არხმა “სიმართლე ჩვენს მხარესაა”.

“იმპერიალისტური და გლობალისტური ძალები აქტიურად იყენებენ [თუნბერგს] მათთვის არასასურველ ხელისუფლებებზე ზეწოლისთვის”, - ამტკიცებს პროკრემლისტური ორგანიზაცია, სტრატეგიული კულტურის ფონდი.

კიდევ ერთი პროპაგანდისტული არხი კი წერს, რომ “[ბრიტანელი მილიარდერისა და ბანკირის ჯეიკობ] როტშილდის შვილთაშვილი გრეტა თუნბერგი საქართველოს დემოკრატიზაციისა და უკრაინიზაციისთვის გამოდის”.

გრეტა თუნბერგს არაფერი აქვს საერთო როტშილდების ოჯახთან. სამაგიეროდ, ის ხშირად ხდება შეთქმულების თეორიების სამიზნე.

“გულწრფელი გოგონა”

მსოფლიომ გრეტა თუნბერგი 2019 წლის სექტემბერში გაიცნო, როდესაც 16 წლის გოგონა სიტყვით გამოვიდა გაეროს კლიმატის კონფერენციაზე ნიუ-იორკში.

“როგორ ბედავთ?” - მიმართა მან მსოფლიო ლიდერებს და თქვა, რომ ისინი არ ხარჯავენ საკმარის ძალისხმევას იმისთვის, რათა პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფისგან იხსნან.

გოგონა მაშინვე ინტერნეტმიმად იქცა. ინტერნეტში სოკოებივით აღმოცენდა შეთქმულების თეორიები, რომლებიც მას ე.წ. მსოფლიოს ჩრდილოვან მმართველებთან აკავშირებენ და ამტკიცებენ, რომ მისი აქტივიზმი სხვადასხვა ჯგუფის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება.

2020 წლის ივლისში, ამერიკულმა ორგანიზაციამ, ჰერმან მარშალის ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ინტერნეტში თუნბერგის წინააღმდეგ გაშავების კამპანია მიმდინარეობდა.

ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი აკავშირებდა თუნბერგს კონსპიროლოგების კიდევ ერთ საყვარელ ფიგურასთან, მილიარდერ და მეცენატ ჯორჯ სოროსთან.

არცერთი ბრალდების მტკიცებულება გამშავებლებს არ წარმოუდგენიათ.

გოგონა კრემლის პროპაგანდის სამიზნეც გახდა. გამოცემა რია ნოვოსტიმ მას “გარემოსდაცვითი ელიტების იარაღი” უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი თქვა, რომ თუნბერგი “კეთილი და ძალიან გულწრფელი გოგონაა”, რომელსაც უფროსები “იყენებენ”.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია “ჩათემ ჰაუსის” შეფასებით, ეს კრემლის გამიზნული სტრატეგიის ნაწილია.

აქტიურ ახალგაზრდებს “გზააბნეულებად” და “გულუბრყვილოებად” წარმოაჩენენ, რათა დანარჩენებში აპოლიტიკურობა და აპათია დათესონ.