რამდენად ნეიტრალური არიან ოლიმპიადაზე დაშვებული რუსი „ნეიტრალური სპორტსმენები"?

ილუსტრირებული ფოტო

უკრაინა ორი წლის განმავლობაში იბრძოდა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაზე არდაშვებისათვის.

უფლებადამცველების, უკრაინული მედიისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სპორტსმენები დარჩენილიყვნენ არა მხოლოდ ეროვნული დროშისა და ჰიმნის გარეშე, არამედ ოლიმპიური თამაშების მიღმაც. ჯამში 31 რუსი და ბელარუსი სპორტსმენი იასპარეზებს ოლიმპიურ მოედნებზე, არადა, მათ მესამედს, საერთაშორისო ორგანიზაციის Global Rights Compliance (GRC) მონაცემებით, დარღვეული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) „მონაწილეობის პრინციპები“.

რა გამოვიდა?

2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებს ექნებოდათ თამაშებზე ასპარეზობის საშუალება, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალურ შეჯიბრებებში და "ნეიტრალური სპორტსმენების" სტატუსით. "ნეიტრალურობის" მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ ასეთი სპორტსმენები: არ უნდა უჭერდნენ მხარს რუსეთის ომს უკრაინაში და არ უნდა იყვნენ სამართალდამცავი ორგანოებისა და არმიის თანამშრომლები.

IOC-მა სპეციალური კომისიაც კი შექმნა, რომელსაც უნდა შეემოწმებინა ინფორმაცია რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შესახებ. კომისიაში შედიოდნენ IOC-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლ ჰევერცი, NBA-ს ყოფილი მოთამაშე პაუ გასოლი და სამხრეთკორეელი ოლიმპიური ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში იო სეუნ-მინი.

შემოწმების მიუხედავად, რუს და ბელარუს სპორტსმენებს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, მაინც მიეცათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება, როგორც ამას უფლებადამცველი ორგანიზაცია Global Rights Compliance (GRC) აცხადებს.

რას ნიშნავს, არ იყო „სამართალდამცავი ორგანოებისა და არმიის თანამშრომელი“?

რუსეთში სამართალდამცავი ორგანოების მიერ შექმნილი ორი სპორტული სტრუქტურაა.

"არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი", იგივე ЦСКА, ექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სწორედ ЦСКА-ს ბაზებზე ვარჯიშობენ სამხედროები. ასევე ეს უწყებაა მილიტარიზებული ორგანიზაციის „ახალგაზრდული არმიის“ (Юнармия) თანადამფუძნებელი.

„იუნარმია“ - საბავშვო-საყმაწვილო სამხედრო-პატრიოტული მოძრაობა, რომელიც შეიქმნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ანექსირებულ ყირიმში 2016 წელს. ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 874 რაზმი, რომლებშიც 29 ათასამდე ბავშვი ირიცხება. ორგანიზაცია შეტანილია აშშ-ს სანქციების სიაში, რადგან „მხარს უჭერს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სკოლის მოსწავლეების მილიტარიზაციისა და ინდოქტრინაციის გზით”. „იუნარმია“ ასევე იმყოფება უკრაინის, კანადისა და შვეიცარიის სანქციების სიაში.

საზოგადოება „დინამო“ - იმყოფება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. მის ბაზებზე ვარჯიშობენ არა მხოლოდ შს სამინისტროს წარმომადგენლები, არამედ ФСБ-ს, როსგვარდიისა და სამხედრო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები.

ორივე სტრუქტურას აქვს სპორტული ასეულები, სადაც სპორტსმენები ვარჯიშსა და შეჯიბრებებში შეუფერხებლად გადიან სამხედრო სამსახურს. შეჯიბრებებზე ასეთი სპორტსმენები წარმოადგენენ რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. ისინი პოპულარიზაციას უწევენ რუსეთის არმიას და ე.წ. ძალოვან უწყებებს. ცსკა-სა და „დინამოს“ წევრი ოლიმპიელების შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან ან თავდაცვის მინისტრთან, როგორც წესი, რუსეთის მთავარი არხებით გადაიცემა.

რუს ოლიმპიელებს, რომელთა დაშვებაც გადაწყვიტა IOC-მა, არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეთ ამ „სპორტულ ორგანიზაციებთან“, რომლებიც დიდი ხანია გამოიყენება რუსეთის ჯარისა და სამართალდამცავი სტრუქტურების პროპაგანდისთვის. მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ „დინამოსა“ და ცსკა-ს წარმომადგენლები მაინც იასპარეზებენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, რომლებიც 26 ივლისს იხსნება.

საფრანგეთმა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვა თითქმის 100-მდე უცხოელი, მათ შორის რუსი ჟურნალისტები.

ვის მისცა IOC-მა ასპარეზობის უფლება?

15 ივნისს IOC-მა გამოაქვეყნა თამაშებში მონაწილეობის უფლების მქონე რუსი სპორტსმენების პირველი სია. თუმცა, ერთი თვის განმავლობაში მასში შემავალი სახელები შეიცვალა: ზოგმა თვითონ თქვა უარი ასპარეზობაზე („ჰიმნისა და დროშის გარეშე ჩვენთვის მიუღებელიაო“), ზოგი კი უკრაინის ჩარევის შემდეგ იქნა განკვეთილი.

ასევე ნახეთ როგორ დატოვა პუტინმა მთელი რუსეთი ოლიმპიური სანახაობის გარეშე

საბოლოო ჯამში, 15 რუსი სპორტსმენი იასპარეზებს პარიზში „ნეიტრალურის“ სტატუსით, თუმცა მათ შორის იქნებიან ისეთებიც, ვისთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვები არსებობს.

  • თამარა დრონოვა (ველოსპორტი)

მუშაობდა „დინამოს“ სტრუქტურაში, 2016 და 2019 წლებში იმოგზაურა ოკუპირებულ ყირიმში, რაზეც მან თვითონ ილაპარაკა ინტერვიუში.

  • ელენა ივანჩენკო (ველოსპორტი)

„იწონებდა“ ომის მხარდამჭერ პოსტებს სოციალურ მედიაში, მათ შორის ისეთ პოსტებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინის არსებობის უფლებას და, რომლებიც მხარს უჭერენ დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიას.

  • ანგელა ბლადცევა (ბატუტზე ხტომა)

იასპარეზა კრასნოდარში, სადაც რუსეთის ჩემპიონატი მიმდინარეობდა გიგანტური Z-სიმბოლოიანი ბანერის ფონზე. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნების თანახმად, სპორტსმენებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ „არავითარ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ომის მხარდაჭერასთან“.

  • ალექსეი კოროვაშკოვი (ნიჩბოსნობა)

პოზიციონირებს როგორც რუსეთ-დნესტრისპირეთელი სპორტსმენი. ცნობისთვის, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთი არ არის აღიარებული სახელმწიფო, ამიტომ სპორტსმენის თამაშებში მონაწილეობით ირღვევა IOC-ის წესები. ოლიმპიური ქარტიის თანახმად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციის არეალი უნდა „ემთხვეოდეს იმ ქვეყნის საზღვრებს, რომელშიც ის დაარსდა“. ანუ, კოროვაშკოვი უნდა წარმოადგენდეს ან მოლდოვას, რომელსაც მიეკუთვნება დნესტრისპირეთის ტერიტორია, ან რუსეთს (დნესტრისპირეთის ანექსიის გარეშე).

ყველაზე მეტი "ნეიტრალური" სპორტსმენი წარმოდგენილია ჩოგბურთში. დანიილ მედვედევი, რომან საფიულინი, მირა ანდრეევა, პაველ კოტოვი, დიანა შნაიდერი, ელენა ვესნინა და დარია კასატკინა. ეს უკანასკნელი ერთადერთია, რომელმაც მკაფიოდ დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ყველა დანარჩენი თავს არიდებს თავისი დამოკიდებულების გასაჯაროებას. საბოლოოდ სწორედ დარია კასატკინამ თქვა უარი პარიზის თამაშებში მონაწილეობაზე.

ოლიმპიადაზე დაშვებულ ბელარუს სპორტსმენებს შორის, არაერთია ისეთი, რომელსაც დარღვეული აქვს ნეიტრალურობის კრიტერიუმები. ასეთებია:

  • მოჭიდავე აბუბაქარ ხასლახანოვი, ტაეკვონდოისტი გეორგი გურციევი, ველოსიპედისტი ანა ცერახი (სოციალურ ქსელებში ღიად უჭერდნენ მხარს რუსეთის ომს უკრაინაში);
  • მოცურავე ანასტასია შკურდა, ნიჩბოსანი ევგენი ზალატოი და მსროლელი დარია ჩუპრისი (ორივე ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს სპორტული ორგანიზაციის წარმომადგენელია).

როგორ ხსნის ამას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი?

Global Rights Compliance აცხადებს, რომ ორგანიზაციამ არაერთხელ წარუდგინა IOC-ს ამ დარღვევების მტკიცებულებები, თუმცა ომის მხარდამჭერი რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე მაინც დაუშვეს.

„IOC-მა თავდაპირველად განაცხადა, რომ ამოწმებდა ყველა მონაწილეს, მაგრამ შემდეგ შეწყვიტა წერილებზე პასუხის გაცემა და არ მიიღო არანაირი ზომები მის მიერვე დაწესებული წესების დამრღვევთა წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ GRC-მ წარადგინა დარღვევების დამაჯერებელი მტკიცებულებები, IOC-მა უარი თქვა საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე“, - განაცხადეს უფლებადამცველებმა.

რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. კერძოდ, მიმართა კითხვებით: რატომ მიეცათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება იმ რუს და ბელარუს სპორტსმენებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს? გასაჯაროვდება თუ არა სპეციალური კომისიის მუშაობის ოფიციალური ანგარიში?

მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია.

პარიზში IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა კვლავ მოუწოდა ყველა ქვეყანას დაზავებისკენ.

„ხალხს მობეზრდა მთელი ეს სიძულვილი, აგრესია, მკვლელობები, ომები და დაპირისპირებები. გულში ჩვენ ყველას გვსურს რაღაც, რაც გაგვაერთიანებს. ჩვენ მივისწრაფვით რაღაცისკენ, რაც გვაძლევს იმედს. ამიტომაც მილიარდობით ადამიანი მოუთმენლად ელის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, როგორც იმედისა და ერთიანობის სიმბოლოს. ისინი განიხილავენ ოლიმპიადას, როგორც ერთადერთ მოვლენას, რომელიც ჯერ კიდევ აერთიანებს მთელ მსოფლიოს მშვიდობიან შეჯიბრებაში“, - დასძინა ბახმა.

უკრაინელები პარიზში 2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ომში დროს დაღუპული სპორტსმენების ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას მართავენ.

ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში რუსეთის ფედერაციის მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს მიეცათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ შესარჩევ ტურნირებში. რადგან ეს სპორტსმენები თავიანთ წონით კატეგორიებში ლიდერთა შორის არიან, ამიტომ, დიდი ალბათობით, შეეძლოთ კიდეც ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვება. თუმცა, როგორც უკრაინულმა პრესამ, ისე სპეციალიზებულმა სტრუქტურებმა - ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, უკრაინის ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციამ - წარადგინეს ნეიტრალობის მოთხოვნების დარღვევის არაერთი ფაქტი.

მაგალითად, ძიუდოისტმა მადინა ტაიმაზოვამ ჩაატარა მასტერკლასები ოკუპირებული დონბასიდან დეპორტირებული ბავშვებისთვის, მოჭიდავეები ზაურ უგუევი და ზაურბეკ სიდაკოვი კი მონაწილეობდნენ ომის მხარდამჭერ ღონისძიებებში.

თუმცა 6 ივლისს რუსეთის ჭიდაობის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 10-ვე რუსმა მოჭიდავემ, რომლებმაც მიიღეს ნებართვა IOC-დან, უარი განაცხადეს პარიზში ჩასვლაზე. ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება სანქციების წნეხითა და რუსეთის ნაკრების ლიდერების შეჯიბრებაზე არდაშვებით ახსნა.

ამასთან, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსმა სპორტსმენებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე იმ საბაბით, რომ მიუღებლად მიაჩნიათ რუსეთის დროშისა და ჰიმნის გარეშე ასპარეზობა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ისინი ამ გზით ფარავენ ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ანდა მოქმედებენ წინსწრებით, იციან, რომ მაინც მოიხსნებიან ომის მხარდაჭერის გამო.

ჯერ კიდევ აპრილში, რუსეთის ეროვნულმა ნაკრებებმა მხატვრულ ტანვარჯიშში, ნაოსნობაში, მშვილდოსნობასა და კრივში, განაცხადეს, რომ არ იასპარეზებდნენ ოლიმპადაზე „რუსეთის ჰიმნისა და დროშის“ გარეშე.

რუსულმა მედიამაც დაწერა, „რუსეთი თამაშებზე არ წავიდა, წავიდნენ ნეიტრალები”. აქაოდა, ყველა "ნამდვილმა რუსმა ოლიმპიელმა" უარი თქვა თამაშებში მონაწილეობაზეო. ე.წ. ნეიტრალებს მართალია რუსული პასპორტები აქვთ, მაგრამ ისინი დიდი ხანია ცხოვრობენ საზღვარგარეთ. მაგალითად, იგივე მოცურავე ევგენი სომოვი, რომელიც სწავლობს და ცხოვრობს აშშ-ში. ამ უკანასკნელს უკვე ბრალი ედება ღალატში თომას ბახთან ერთად იმ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, რომელიც IOC-ის პრეზიდენტმა ოლიმპიურ სოფელში გამართა და, რომლის დევიზი იყო „მიეცით მშვიდობას შანსი“.

რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა (ROC) გააფრთხილა რუსი სპორტსმენები, რომლებიც დათანხმდნენ ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობას, რომ არსებობს რუსეთის კანონების დარღვევის რისკი.

2023 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, IOC-მა მოქმედება შეუჩერა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს (ROC), რომელმაც თავის რიგებში მიიღო უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიების სპორტული ორგანიზაციები.

უკრაინას გამარჯვებად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მოახერხა ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების რაოდენობის შემცირება. შედარებისთვის, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 330 რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა.

„ფანტასტიკური შედეგია - ოცჯერ ნაკლები, ვიდრე წინა ოლიმპიურ თამაშებზე იყვნენ. ჩემი აზრით, ეს ბევრს ნიშნავს“, - ამბობს სერგეი ბიკოვი, უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს კომუნიკაციების ოფიცერი.

უნდა ელოდეს თუ არა უკრაინა პროვოკაციას?

უკრაინელ ოლიმპიელებს უკვე აქვთ ნეიტრალურ სპორტსმენებთან „ურთიერთობის“ გამოცდილება. ხშირად რუსეთი მიზანმიმართულად იწვევს უკრაინელებს პროვოკაციებზე. უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა რეკომენდაციები, რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც დაუჭირა მხარი.

კერძოდ, უკრაინელ სპორტსმენებს ურჩევენ:

  • თავი შეიკავონ აგრესორი ქვეყნების წარმომადგენლებთან კონტაქტებისგან - როგორც ოლიმპიურ სოფელში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • პროვოკაციის მცდელობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ დელეგაციის ხელმძღვანელობას;
  • არ ჩაერთონ ურთიერთობაში სოციალური ქსლებით, არ უპასუხონ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების კონტენტს;
  • თავი შეიკავონ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებისგან, თუ ასეთი საჭიროება არაა დაკავშირებული შეჯიბრების მოთხოვნებთან;
  • თავი შეიკავონ პრესკონფერენციებში, ინტერვიუებსა და სხვა სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობისგან აგრესორი ქვეყნების სპორტსმენებთან, როგორც შეჯიბრებამდე, ასევე მის შემდეგ.
ასევე ნახეთ საფრანგეთმა ოლიმპიადაზე არ დაუშვა რუსი და ბელორუსი ჟურნალისტების ნაწილი ჯაშუშობისა და კიბერშეტევების საფრთხის გამო

გარკვეული პრევენციული ზომები მიიღო საფრანგეთის ხელისუფლებამაც. საფრანგეთის შს სამინისტრომ 2024 წლის ოლიმპიადაში დაშვებაზე უარი უთხრა 100-ზე მეტ უცხოელს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს - ჟურნალისტებს, ფიზიოთერაპევტებსა და ტექნიკურ პერსონალს.