9 აპრილს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.
აქციაზე მივიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. მოსახლეობის თქმით, რუსთავის მერმა სათანადო ზომებს არ მიმართა იმისათვის, რომ რუსთავში ციხე არ აშენებულიყო. ირაკლი ტაბაღუამ უპასუხა, რომ რუსთავის თვითმმართველობის არც ერთი სტრუქტურა არ იყო ინფორმირებული, როცა ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური სისტემის აშენების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ზუსტად ეს არის ჩემი პროტესტის გრძნობაც, რომელიც თქვენს განწყობას შეესაბამება“, - უთხრა ტაბაღუამ პროტესტის მონაწილეებს.
საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, ნანა შატბერაშვილმა, რომელიც ასევე ჭყონდიდელის დასახლებაში ცხოვრობს, უპასუხა, რომ პრობლემაც იმაშია, რომ თვითმმართველობამ არაფერი იცოდა. ამდენად, თქვა შატბერაშვილმა, რუსთავის თვითმმართველობა არაფრის გადამწყვეტი არ არის. ტაბაღუასთან კამათის დროს მოსახლეობამ მოითხოვა, რომ შეჩერდეს ციხის მშენებლობა.
„აშენდეს საწარმო, აშენდეს ქარხანა, მაგრამ არა ციხე“, - მოსთხოვეს აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერს. მათ ასევე პრეტენზია გამოთქვეს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რომელიც „საქმის კურსში არ აყენებს ქალაქის მერს.“
ასევე ნახეთ რუსთაველთა ნაწილი ახალი ციხის მშენებლობას ეწინააღმდეგება„იუსტიციის სამინისტროს უნდა მოვთხოვოთ პასუხი“, - თქვა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა. რუსთავის მერმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა პეტიციის შედგენა და ხელმოწერების შეგროვება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნება.
„მოსახლეობის აზრს დიდი ძალა აქვს, რომელიც გასათვალისწინებელია“, - მიმართა ქალაქის მერმა აქციის მონაწილეებს. თუმცა, პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქციები პერიოდულად გაგრძელდება, სანამ არ შეჩერდება ციხის მშენებლობა. ხოლო რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რა პრობლემას შექმნის პენიტენციური დაწესებულება და რატომ აფრთხობთ მათ დახურულ სივრცეში პატიმრების ყოფნა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო ინაშვილმა, უპასუხა, რომ პატიმრების მიმართ მათ არანაირი პრეტენზია არ აქვთ.
„პატიმრებს არაფერს ვერჩით, მაგრამ არ გვინდა აქ ციხე, ააშენონ ქსანში, იქაც არის ელექტრო და წყალგაყვანილობა“, - თქვა ჭყონდიდელის დასახლების მკვიდრმა ნინო ინაშვილმა. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას რუსთავის მერმა განაცხადა, რომ პატიმრებიც ადამიანები არიან. ის პრეტენზიები და კამათი კი, რომელიც აქციის დროს ისმოდა, „დადგმულია“.
ჭყონდიდელის დასახლებაში სულ 700 პატიმარზე გათვლილი ორი პენიტენციური დაწესებულება უნდა აშენდეს - მამაკაცებისა და ქალებისთვის.