რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე რუსთავში გმირთა მემორიალთან გვირგვინები მიიტანეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, ომში დაღუპულ მეომართა ნათესავებმა, ჯარისკაცებმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლმა ვეტერანებმა.
გაიმართება გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.
მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს აგვისტოს ომში გარდაცვლილი რუსთაველი ჯარისკაცების საფლავებიც.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ექვსი რუსთაველი ჯარისკაცი დაიღუპა: ვახტანგ გზირიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, კახაბერ თავგორაშვილი, ლევან იოსებიძე, ბესიკ კაპანაძე და ზაზა ფერაძე.
ვახტანგ გზირიშვილი, ლევან იოსებიძე, გიორგი ჯავახიშვილი და ზაზა ფერაძე IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდნენ, კახაბერ თავგორაშვილი გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში, ხოლო ბესიკ კაპანაძე შსს-ს ჯარში მსახურობდა. ექვსივე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული: ბესიკ კაპანაძე - მეორე ხარისხის, ზაზა ფერაძე - მესამე ხარისხის, დანარჩენი ოთხი კი - ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით.
ერთ-ერთი დაღუპულის - 20 წლის კაპრალ ლვან იოსებიძის - დედა, ლია ტერაშვილი, ამბობს, რომ მისი შვილი ქალაქ ცხინვალში დაიღუპა:
„ვაზიანში მსახურობდა, მეოთხე ბრიგადაში. 6 აგვისტოს წაიყვანეს ჩემი შვილი. არც ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა. ეს ამბავი 7 აგვისტოს დილით გავიგე. მივხვდი, რომ ლევანიც იქ იყო. ვეცადე დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოვახერხე. ომის დამთავრების შემდეგ ველოდებოდი შვილს, მაგრამ არ გამოჩნდა. ვაზიანში როცა ავედი, ლევანი დაკარგულთა სიაში აღმოჩნდა, შემდეგ - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. იმავე წელს დნმ-ის ანალიზით დავადგინეთ და 21 ოქტომბერს რუსთავში გადმოვასვენეთ“.
კახაბერ თავგორაშვილიც ცხინვალში მოკლეს, როცა დაჭრილები გამოჰყავდა. მისი მამა, გივი თავგორაშვილი, ამბობს, რომ მისი შვილი სპეცდანაყოფში მსახურობდა. „ცხინვალიდან გამოსვლის დროს ის მოწინააღმდეგე ჯარის სნაიპერმა მოკლა“, იხსენებს გივი თავგორაშვილი.
8 აგვისტოს, საღამოს, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება რუსთავის ისტორიულ მუზეუმში.
მუზეუმის ეზოში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული რუსთაველი გმირების ფოტოებისა და მათი პირადი ნივთების გამოფენა, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე კი გარდაცვლილი სამხედროების ცხოვრების შესახებ ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყობა. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ რუსთავის კამერული ორკესტრი და ანსამბლი „ფიროსმანი“.