რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე 441-მა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.სულ გამოცდებს 600-ზე ოდნავ მეტი ადამიანი აბარებს, მათ შორის სტუდენტური გრანტის მაძიებელი და მაგისრანტობის პრეტენდენტები.
წინასწარ რეგისტრირებული 23 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადებულა, უთხრეს რადიო თავისუფლებას რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რომელიც ადგილობრივ 22-ე საჯარო სკოლაშია განთავსებული. გამოცდები დილის 09:00 საათზე დაიწყო. ამჟამად საგამოცდო აუდიტორიებს უკვე ტოვებენ აბიტურიენტები.
ნიკოლოზ ბაჩუკაშვილმა კერძო სკოლა "რუსთველი" წელს დაამთავრა, სამედიცინო განხრით აპირებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას.მისი თქმით, აუდიტორიებში კარგი პირობებია შექმნილი. რაც მთავარია, გრილა. რუსთავის საგამოცდო ცენტრი ერთადერთია, სადაც ამჟამად აუდიტორიები კონდიცირებულია.
კიდევ ერთმა აბიტურიენტმა, ნინო სამხარაძემ, რომელიც პარალელურად მუშაობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტოლერანტობის შესახებ თავისუფალი თემა აირჩია. ის გამოცდებზე საკუთარი კალმით მივიდა. საგამოცდო ცენტრს იცავს შს სამინისტროს დაცვის პოლიცია, იქვეა ერთი სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.
სკოლის მთლიანი პერიმეტრი გადაკეტილია და გულშემატკივრებს არ უშვებენ. ისინი ახლომახლო ჩრდილში მზეს ემალებიან. სოფელ კუმისის საჯარო სკოლის სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა, აბიტურიენტი ქალიშვილის მშობელმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარება რეპეტიტორთან მომზადების გარეშე ძნელია: "ავიღოთ, თუნდაც, უნარებში გამოცდა, სკოლებში უნარებს არავინ ასწავლის". მაღალი სიცხის გამო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო განრიგში ცვლილებები შეიტანა. ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება, შესაბამისად, 4 და 5 ივლისს, დილით.