რუსთავის „კუკუშკა“ ეკატერინბურგის მუზეუმში?

რესტავრირებული ორთქლმავალი ეკატერინბურგის მუზეუმში

რუსთავის საბავშვო რკინიგზის რესტავრირებული ორთქლმავალი სავარაუდოდ რუსეთში, ეკატერინბურგის რკინიგზის მუზეუმის რარიტეტულ ექსპონატად იქცა.

სვერდლოვსკის საოლქო გამოცემამ ჯერ კიდევ აგვისტოში დაწერა, რომ ეკატერინბურგის ვიწროლიანდაგიანი რკინიზის მუზეუმმა მუშა მდგომარეობაში მოიყვანა იშვითი Гр-318 ტიპის ორთქლმავლის ერთი ეგზემპლარი.

4 წლით ადრე, ამ რარიტეტული ლოკომოტივის შესახებ რკინიგიზის მუზეუმის ფეისბუკის გვერდი წერდა, რომ ის 2014 წლის დეკემბერში საქართველოდან, ქალაქ რუსთავიდან ეკატერინბურგში დაშლილი ჩაიტანეს სატვირთო მანქანებით.

ორთქლმავლის ტრანსპორტირება

ეკატერინბურგის მუზეუმის ფესიბუკგვერდზე 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებული ფოტოები, მათი მტკიცებით, ასახავს ორთქლმავლის დატვირთვას რუსეთში ტრანსპორტირებისთვის.

ასე მოათავსეს ორთქლმავალი სატვირთო ავტომობილზე

„2021 წელს რამდენიმე ძველი, რესტავრირებული ორთქლმავალი მივეცით „მთაწმინდის პარკს“ უსასყიდლოდ. ერთ-ერთი პარკის ტერიტორიაზეც დგას. საწარმოში არ მოიძებნება თუნდაც რაიმე დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ჩვენს მიერ რომელიმე რუსული ორგანიზაციისთვის ორთქლმავლის გადაცემას ადასტურებდეს“, - ამბობს სალომე ჩხეიძე, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, "რუსთავის ფოლადის" პრესსამსახურის უფროსი.

ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ორთქლმავალი იმ ნომრით, რომელსაც მუზეუმი მიუთითებს, ქარხანას რუსეთისთვის არ გადაუცია, არც ჯართის სახით.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ რესტავრირებული ორთქლმავალი მთაწმინდის პარკში

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც 2014 წელს რუსთავის მერის პირველი მოადგილე იყო, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ორთქმავლის გატანა-არგატანის საკითხს მერიას და ქალაქს „არავინ ეკითხებოდა“, რადგან ის მეტალურგიული ქარხნის საკუთრება იყო.

ორთქლმავალი Гр-318 - გერმანული რეპარაციების პროდუქტი რუსთავში

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირს ლოკომოტივები არ ჰყოფნიდა. გერმანიას, როგორც ომში დამარცხებულ ქვეყანას, გამარჯვებულისთვის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, რეპარაცია დაეკისრა და 400 მძლავრი ვიწროლიანდაგიანი ორთქლმავლის დამზადება დაევალა.

ორცილინდრიანი და ორტონანახევრიანი ლოკომოტივები ტექნიკური პარამეტრებით 30-იანი წლების საბჭოთა ორთქლმავლებს ჰგავდა. მას ქალაქ ბაბელსბერგში (პოტსდამი), სარკინიგზო ტრანსპორტის მწარმოებელი Orenstein & Koppel-ი აგებდა. ომის შემდეგ ქალაქიც და ქარხანაც აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მას სახელი შეუცვალეს და კარლ მარქსის სახელობის ვაგონშემკეთებელი ქარხანა დაარქვეს.

Гр-318 სერიის ორთქლმავლებს, გერმანიაში 1951 წელს აწყობდნენ და იმავე წლიდან ლატვიის რკინიგზაზე იყენებდნენ. 1954 წელს ისინი ლიეტუვის ქალაქ პანევეჟესის რკინიგზის დეპოში აღმოჩნდა, შემდეგ ესტონეთში, მოგვიანებით უკრაინაში, ბოლოს კი, 1981 წელს - ხაშურის რკინიგზაზე, ხოლო იქიდან - თბილისში.

სვერდლოვსკის საოლქო გამოცემა წერს, რომ 2014 წლის დეკემბერში ლოკომოტივი ქალაქ რუსთავიდან სვერდლოვსკის ბავშვთა რკინიგზაში გადაიტანეს.

ხაშურის რკინიგზის დეპო, 1983 წელი. ფოტო პაველ ჩილინისა

სავარაუდოდ, Гр სერიის სარკინიგზო ლოკომოტივებიდან დღემდე ათეულზე მეტი შემორჩა და მათგან 8, ჯერ კიდევ მუშაობს.

გზა რუსთავიდან ეკატერინბურგამდე

სავარაუდოდ, რუსთავიდან გატანილი ორთქლმავალი ეკატერინბურგის მუზეუმამდე, სვერდლოვსკის საბავშვო რკინიგზის დეპოში იდგა 2020 წლამდე. კოსმეტიკური რემონტის შემდეგ მუზეუმის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

ლოკომოტივი

მოგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის საოლქო რკინიგზამ ლოკომოტივი პეტერბურგში გაგზავნა და მისივე დაკვეთით იქაური რკინიგზის ქვეკონტრაქტორმა კომპანია „რეტროსერვისმა“ (ООО "ЖД-Ретросервис") რესტავრაცია ჩაუტარა. შეაკეთეს ან შეცვალეს მისი ძირითადი აგრეგატები და კვანძები. რარიტეტული ორთქლმავალი რესტავრაციის შემდეგ მოძრაობს კიდეც. მიმდინარე წლის სექტემბერში ის ეკატერინბურგის ვიწროლიანდაგიან საბავშვო რკინიგზაზე გამოცადეს.

რუსთავის გამქრალი „კუკუშკა“

რუსთაველებმა ორთქლმავალს „კუკუშკა“ შეარქვეს. ოთხვაგონიანი ორთქლმავალი საბავშვო რკინიგზის წრიულ ლიანდაგზე, რუსთავის ე.წ. ცენტრალური ხიდის მიმდებარედ ჭალის ტყის გასწვრივ მოძრაობდა.

რკინიგზა რუსთავში, 1987 წელს, იმჟამად საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის მინისტრის ჟიული შარტავას ინიციატივით აშენდა.

რკინიგზის მთელი ინფრასტრუქტურა, თავიდანვე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბალანსზე ირიცხებოდა. ქარხნის რეორგანიზაციის შემდეგ, საწარმოს „რუსთავის ფოლადი“ დაერქვა და მენეჯმენტიც არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ რკინიგზა ფორმალურად მაინც საწარმოს რჩებოდა.

საბავშვო რკინიგზის მშენებლობა რუსთავში, 1987 წელი

რუსთავის საკრებულოს წევრი გოჩა ლორია, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში რუსთავის კომკავშირის მდივანი იყო, იხსენებს, რომ რკინიგზის მშენებლობაში მთელი ქალაქი იყო ჩართული.


ფინანსებსაც საწარმოები ხარჯავდნენ, რადგან მშენებლობა ცენტრალური წესით დაგეგმილი არ იყო. ეს იყო ჟიულის ინიციატივა და ამაში მას მთელი ქალაქი აჰყვა. დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ რკინიგზა დათქმულ ვადაში, გაზაფხულამდე აშენებულიყო. ასეც მოხდა. შემდეგ მთელი ინფრასტრუქტურა მეტალურგიულ ქარხანას გადაეცა, მას უნდა ეპატრონა“, - ამბობს გოჩა ლორია.

მისივე თქმით, ქარხნის რეორგანიზაციის და გაყიდვის შემდეგ, საბავშვო რკინიგზას „პატრონის ხელი მოაკლდა“.

საბავშვო რკინიგზის დაშლილი ვაგონი დღეს რუსთავში


„მეტიც, თავად ქარხანამაც დაიწყო მისი განადგურება, ლიანდაგები აყარეს, ვაგონები წაიღეს და დაჭრეს, ეს ორთქლმავალიც მათ გაატანეს რუსეთში“, - ამბობს ლორია.

ის იხსენებს 2019 წელს მომხდარ, ერთ შემთხვევას, როცა ქარხნის დაცვამ ბოლო ვაგონიც წაიღო.

„მაშინ ვიცე-მერი ვიყავი, როცა ვკითხეთ, სად მიგაქვთო, გვიპასუხეს, ჩვენია და საჭიროების მიხედვით გამოვიყენებთო“.


ამ ვაგონებიდან ერთი, დამწვარი, ძველი სახანძრო სადგურის ეზოში დგას.

ახლა ის ტერიტორია, სადაც რკინიგზა გადიოდა, დაჭაობებულია. აქა-იქ დამპალი შპალები ყრია და შემორჩენილია რკინიგზის ხიდის კონსტრუქცია.

საბავშვო რკინიგზის ხიდის შემორჩენილი ფრაგმენტი

რკინიგზის შემადგენელი ნაწილი იყო დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის გვირაბიც, ერთგვარი დეპო, სადაც შემადგენლობა შეჰყავდათ და მასიური რკინის ჭიშკრით იკეტებოდა. გვირაბი კი დარჩა, მაგრამ ჭიშკარი აღარ არსებობს.

შემორჩენილია გაძარცვული სადგურიც და ოდესღაც საბავშვო რკინიგზის არსებობის დამადასტურებელი მემორიალის ნაშთიც.

ძველი მემორიალის ნაშთი

რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო უტყუარი ინფორმაციის მოპოვება, დანამდვილებით რუსთავის საბავშვო რკინიგზის რესტავრირებული ორთქლმავალია თუ არა ეკატერინბურგის რკინიგზის მუზეუმისთვის საამაყო რარიტეტული ექსპონატი.