მუზეუმების საერთაშორისო დღე რუსთავის ისტორიულ მუზეუმში

რუსთავის ისტორიული მუზეუმი

18 მაისს მთელ მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 150 ქვეყნის მუზეუმებში ამ დღეს ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ეწყობა. რუსთავის ისტორიული მუზეუმი საერთაშორისო ღონისძიებას ჯერ კვირეულის გამოცხადებით შეუერთდა.

Your browser doesn’t support HTML5

რუსთავის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო დღეს კვირეულით აღნიშნავს

რუსთავის ისტორიული მუზეუმის კვირეული 17 მაისს საგანმანათლებლო პროგრამა „ნორჩი რესტავრატორის“ პრეზენტაციით დაიწყო,

მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს კი, 18 მაისს, კვირეული „ღია კარით“ გაგრძელდა - ვიზიტორებს უფასოდ უშვებენ.
მთავარი ღონისძიება, „მოდი ღამე მუზეუმში“, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება, 19 მაისს, გვიან საღამოს, დაგეგმეს.
როგორც მუზეუმის დირექტორი ნაზი პაჭიკაშვილი ამბობს, ეს იქნება ინტერაქტიული ღონისძიება „ცოცხალი მემატიანეები - ხუთიათასიანელები“. რუსთავის პირველ მშენებლებს, მეტალურგებს, ქიმიკოსებს, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, მუზეუმის კარგად მოვლილ და მწვანეში ჩაფლულ ეზოში რუსთავის მშენებლობის ამსახველ ფოტოგამოფენაზე მიიწვევენ და თავად იქნებიან ექსპოზიციის გიდები:

ნაზი პაჭიკაშვილი

„მუზეუმის თანამშრომლები კი არ გავაცნობთ ჩვენს ექსპოზიციას, არამედ ის ადამიანები, რომლებიც აღმოაჩენენ ამ ექსპოზიციაში ისტორიად ქცეული ადამიანების პორტრეტებს, მიღწევებს. თავად მოუყვებიან საზოგადოებას, როგორ შენდებოდა ეს ქალაქი, როგორ ვითარდებოდა და ამით ძალიან ბევრი ახალგაზრდა კიდევ ერთხელ გაეცნობა იმ მდიდრულ ეპოპეას, რომელსაც თანამედროვე ქალაქის მშენებლობა და განვითარება მოჰყვა“.

ნაზი პაჭიკაშვილის თქმით, მუზეუმი ბოლო ერთ წელიწადში რამდენიმე ექსპონატით გამდიდრდა. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც გასულ წელს რუსთავში, ჯერ კიდევ მინისტრის რანგში, ანალოგიურ ღონისძიებაზე მიიწვიეს, მუზეუმს თავისი პაპის, ამიერკავკასიის მეტალურგმშენის დირექტორის, ნესტორ გიორგაძის, პირადი ნივთები გადასცა: სათვალე, საათი, ჩანთა და მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის ამსახველი რამდენიმე ფოტო.

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც 1950 წელს დაარსდა, 2007 წელს ისტორიული მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ცნობილი არქეოლოგი გიორგი ლომთათიძე, რომელიც, რუსთავის მშენებლობის კვალდაკვალ, არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა, პოულობდა შუა საუკუნეების ნაქალაქარის არქეოლოგიურ მასალებს. ბოლოს იმდენი დაგროვდა, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნა გადაწყდა. ის თავდაპირველად მომცრო ქვის შენობაში განთავსდა, მაგრამ ექსპონატების სიმრავლე უფრო დიდ და შესაბამის ფართს ითხოვდა.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის შენობა

ნაზი პაჭიკაშვილი ამბობს, რომ იმ დროს ასეთი მხოლოდ სამი შენობა იყო, რომლებიც პარტიული ნომენკლატურისთვის აშენდა. ერთ-ერთი, სადაც ახლა მუზეუმია, ქალაქის მაშინდელი აღმასკომის თავმჯდომარის, ზედგენიძის, საკუთრება იყო. გიორგი ლომთათიძემ იმჟამად საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს, მისწერა და დახმარება სთხოვა, ან აგვიშენეთ, ან არსებულიდან ერთ-ერთი შენობა დაგვითმეთო. წერილს დიდი სკანდალი მოჰყვა. ნაზი პაჭიკაშვილი მუზეუმის პირველი დირექტორის მოგონებებს იხსენებს:

„[მუზეუმის] პირველი დირექტორი იყო ქალბატონი თამარ პაატაშვილი. მას აქვს ეს მოგონებები ძალიან კარგად, რომ, კინაღამ ამ საქმეს შევეწირეთო, იმიტომ რომ ცენტრალური კომიტეტიდან ეს [შენობების] ამბავი ჩამოვიდა და, ფაქტობრივად, ჩაეშალათ: ვერც ერთმა პარტიულმა მუშაკმა ვერც ერთი ეს სახლი საკუთრებაში ვერ დაიმტკიცა“.

მუზეუმის დირექტორის თქმით, მათთან ამჟამად 30 ათასი ექსპონატია დაცული, ადრე შუა საუკუნეებიდან 80-იანი წლების ჩათვლით, მაგრამ მუზეუმს თითქმის არ აქვს უკვე ისტორიის საკუთრების - ეროვნული მოძრაობის - ამსახველი მასალები. არადა, ასეთი მასალები რუსთავში მაინც მოიძებნება. მაგალითად, კერძო არქივი აქვს ამირან ცანდიშვილს, რომლის ორგანიზებითაც 2006 წელს რუსთავის მუზეუმში ეროვნული მოძრაობისა და მისი შემდგომი პოლიტიკური პროცესების ამსახველი გამოფენა მოეწყო:

რუსთავის ისტორიული მუზეუმი

„გამოფენა იყო ძალიან მრავალფეროვანი, დაწყებული თვითგამოცემებიდან დისიდენტური პერიოდის, სხვადასხვა ლიტერატურით, პერიოდული და ექსკლუზიური გამოცემებით, საარჩევნო ატრიბუტიკით, პლაკატებით, ჰერალდიკური თუ სხვა სიმბოლოებით, დროშებით სხვადასხვა პარტიების. გნებავთ დეკლარაციები, გნებავთ წერილები გამოქვეყნებული, პროკლამაციები“.

ამირან ცანდიშვილი, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში აქტიურობდა, ამბობს, რომ რუსთავში არიან ადამიანები, რომლებიც კოლექციონერობით არიან გატაცებულნი - ვინ ნუმიზმატიკით, ვინ ფილატელიით. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ, მათთან კოოპერირებით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში პერიოდულად თუნდაც ამ კოლექციების გამოფენა მოეწყობა.