რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტი 900 ათასი ლარით შემცირდა

რუსთავის საკრებულოს სხდომა

რუსთავის საკრებულომ 30 ივნისს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს  ადგილობრივი ბიუჯეტის 900 ათასი ლარით შემცირების შესახებ, რამაც  საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა უკმაყოფილება გამოიწვია.

დადგენილების პროექტი ეყრდნობა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 600 მილიონი ლარით შემცირდა. საკრებულოს ოპოზიციურმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნანა შატბერაშვილმა, ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებას სეკვესტრი უწოდა.

საკრებულოს მოუწევს ინტენსიური მუშაობა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება საპარლამენტო  არჩევნებამდე ორი თვით ადრე  მოასწროს, რასაც კანონი ითხოვს...
ნანა შატბერაშვილი

„თქვენ აუთვისებელი მილიონი ლარი დააკელით ქალაქს. გილოცავთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას!“, მიმართა ნანა შატბერაშვილმა საკრებულოს უმრავლესობას, რაზეც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, უპასუხა, რომ, როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფრაქციას პანდემიის შესახებ არაფერი სმენია.

რეგიონალური განვითარების ფონდიდან რუსთავის ინფრასტრუქტურისთვის წლის დასაწყისში, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. შეკვეცილი თანხაც ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარებოდა, მათ შორის 270 ათასი ლარი - გზებისა და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებას, ხოლო 485 ათასი ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას.
ცვლილებების შემდეგ რუსთავის დაზუსტებული ბიუჯეტი 64 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც, წინა სხდომებისგან განსხვავებით, ჟურნალისტებიც დაასწრეს, განაცხადა, რომ გამოუყენებელი თანხა რეგიონალური განვითარების ფონდში დაბრუნდება, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე ამ ფულს დაიბრუნებენ.

„მთავრობაში წარდგენილი გვაქვს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. იმედი გვაქვს, რომ დაგვიფინანსებენ. შეიძლება თანხა 900 ათას ლარზე მეტიც იყოს“, თქვა ლევან კავთიაშვილმა.

რუსთავის საკრებულოს სხდომა

დღევანდელი სხდომის შემდეგ საკრებულოს ოპოზიციურმა წევრმა, ნანა შატბერაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლევან კავთიაშვილის ოპტიმიზმი არ გაიზიარა. ამასთან, გამოთქვა ვარაუდი, რომ ქალაქის ბიუჯეტი კიდევ შემცირდება და საკრებულოს უმრავლესობა ამისთვის „რაღაცას მოიმიზეზებს“.

„საკრებულოს მოუწევს ინტენსიური მუშაობა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოასწროს, რასაც კანონი ითხოვს“, თქვა ნანა შატბერაშვილმა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტში ცვლილებები კიდევ შევა, მაგრამ არა მისი შემცირების ხარჯზე. ამასთან, მან დაადასტურა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს რუსთავის ბიუჯეტს ადგილობრივი მოსაკრებლის სახით, დაახლოებით, მილიონი ლარი დააკლდა.