„რუსთავი 2“ არ გაითიშება, გადასაწყვეტია „TV პირველისა“ და „ერთსულოვნების“ საკითხი

„რუსთავი 2“-ის გათიშვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან ტელეკომპანიამ დავალიანება დაფარა, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სტერეო +“-ის დამფუძნებელმა, დავით ზილფიმიანმა. მისივე თქმით, ჯერ ისევ ღიად რჩევა ტელეკომპანია "პირველისა" და საპატრიარქოს ტელეარხ "ერთსულოვნების" მაუწყებლობის შეწყვეტის საკითხი.

„ერთი არხის მაუწყებლობის ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 25 ათას ლარს შეადგენს. „რუსთავი 2“-თან დადებული ხელშეკრულება სამი არხის („რუსთავი 2“, „მარაო“ და „მესამეს“) მომსახურებას გულისხმობს და გადასახადი ერთობლიობაში დაახლოებით 70 ათას ლარს შეადგენს. ჩვენი გაფრთხილების შემდეგ, „რუსთავი 2“-მა ბოლო 3 თვის დავალიანება დაფარა და ამ სამი არხის გათიშვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა“, - ეუბნება დავით ზილფიმიანი რადიო თავისუფლებას.

მისი ინფორმაციით, "4-ზე მეტი თვის დავალიანება" აქვს ტელეკომპანია „პირველს“, რომელსაც ჯერჯერობით ვალი არ გაუსტუმრებია. ხოლო საპატრიარქოს ტელეარხის - „ერთსულოვნების“ დავალიანება თითქმის ერთწლიან პერიოდს მოიცავს.

როგორც ზილფიმიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ის, როგორც ქრისტიანი ადამიანი, ყოველმხრივ ცდილობდა, რომ ხელი შეეწყო ტელეკომპანია „ერთსულოვნებისთვის“, მაგრამ დავალიანება უკვე დიდი ხანია გროვდება.

„ქრისტიანი ადამიანი ვარ და ვცდილობ ყოველთვის ხელი შევუწყო, ოღონდ რაიმე შესაძლებლობა იყოს... ძალიან დიდი ხანია, მათ არ გადაუხდიათ... პირობა დავდე, რომ ხელს შევუწყობდი, მაგრამ იძულებული გავხდით, რომ საჯაროდ გაგვეფრთხილებინა ეს არხიც... მეუხერხულება, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არა გვაქვს... ჩვენი საჯარო განცხადების შემდეგ გამოჩნდა „ერთსულოვნება“ და ითქვა, რომ მოხდება თანხის მოძიება ამ ორ დღეში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ზილფიმიანი.

„სტერეო +“-ის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ მზად არის, ნებისმიერ არხს და მათ შორის - ტელეკომპანია „პირველსაც“ გაუწიოს შეღავათი, დავალიანების „ღირსეული ნაწილის“ დაფარვის შემთხვევაში. მაგრამ თუ ვითარება არ შეიცვალა, კომპანია იძულებული იქნება მოვალეებს მაუწყებლობა შეუწყვიტოს.

„სტერეო +“-მა 31 ივლისს გავრცელებული განცხადებით გააფრთხილა სამი არხი („რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“ და „ტვ პირველი“). დავალიანების დაფარვის უკანასკნელ ვადად 1 აგვისტოს 24:00 საათია დასახელებული.

„გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა „სტერეო +“-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით.

აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, - ნათქვამია დღის პირველ ნახევარში გავრცელებულ განცხადებაში.

კერძო მულტიპლექს ოპერატორი "სტერეო +" ციფრულ მაუწყებლობას საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს.