რუსთაველის გამზირი 27 წლის წინ - პირველი ფოტოები გამსახურდიას განდევნის შემდეგ

28 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს დილის რვის ნახევარზე თბილისში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო და 1992 წლის 6 იანვარს, ღამით დასრულდა, როდესაც ზვიად გამსახურდიამ თავის მომხრეების ნაწილთან ერთად მთავრობის სასახლე დატოვა.

ეს ფოტოები გადაღებულია 1992 წლის 07 იანვარს, მას შემდეგ, რაც თბილისელებს 15 დღიანი სამოქალაქო ომის ეპიცენტრის ნახვის საშუალება პირველად მიეცათ.

“თბილისის ომმა” ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველოს პარლამენტის ფასადი. შენობა თითქმის ორი კვირის განმავლობაში ყველა სახის იარაღიდან, მათ შორის ქვემეხებიდან და ნაღმტყორცნებიდან იბომბებოდა.

საქართველოს პარლამენტის შიდა ეზო, ექსპრეზიდენტის განადგურებული საბრძოლო ტექნიკა და მაშინდელი ტელეცენტრის დამწვარი ავტობუსები. მთელი შენობა მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა რომლიც მხოლოდ 6 იანვრის საღამოს ჩააქრეს.

სასტუმრო "თბილისის" ფასადი. შენობა 22 დეკემბრიდან ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა.

აქ იდგა საარტილერიო დანადგარიც, რომლიდანაც პარლამენტის შენობას გაუხსნეს ცეცხლი. 23 დეკემბრის ბრძოლებისას გამსახურდიას მომხრეებმა ტანკით მიიტანეს სასტუმროზე იერიში. ტანკი გაანადგურეს, თუმცა ხანძარმა შენობა მთლიანად გადაწვა. სროლების გამო მეხანძრეები სასტუმროს ვერ მიუახლოვდნენ.

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას აფეთქებული ტანკი და მეამბოხეთა ქვემეხი.

პირველი საშუალო სკოლის ცენტრალური შესასვლელი.

“თბილისის ომის” დროს სკოლის შენობა ბრძოლის ეპიცენტრში მოექცა. დაპირისპირებული მხარეების საპასუხო საარტილერიო სროლის დროს სკოლის ფასადი ჯერ დაიცხრილა, შემდეგ კი სკოლას ცეცხლი მოედო. მისი აღდგენა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა.

დამწვარი ავტობუსები რუსთაველის კინოთეატრთან. დაპირისპირებული მხარეები ომის დროს სატვირთო ტექნიკას და ავტობუსებს იყენებდნენ მოწინააღმდეგისთვის ხელოვნური ზღუდეების შესაქმნელად.

რუსთაველის გამზირი, იმელის შენობა, ამბოხებულების ტექნიკა.

არაოფიციალური წყაროების თანახმად, ამბოხებულებს ტექნიკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელმა გენერალმა ბეპაევმა ფარულად მიაწოდა.

იმ დროისთვის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული მაღაზია რუსთაველზე.