24 ივლისს გავრცელდა პეტიცია, სადაც რუსთაველები კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელებს მიმართავენ და „ისეთივე არაკომფორტული“ ყოველდღიურობის შექმნით ემუქრებიან, როგორიც მგზავრებს კომპანიის ტრანსპორტით სარგებლობისას ექმნებათ, თუკი მათი მოთხოვნები დაუკმაყოფილებელი დარჩა.
პეტიციის ადრესატები არიან: შპს "ინტერტრანსის" დამფუძნებელი ზაზა ლომიძე, დირექტორის მოადგილე თენგიზ სანიკიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
აღიკვეთოს „ინტერტრანსის“ და მის მიერ დასაქმებული მძღოლების უპასუხისმგებლო და არაპროფესიული, ხშირ შემთხვევაში უხეში და უზრდელი მოპყრობა მგზავრების მიმართ...
„რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად ჩვენი მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი იმ უპასუხისმგებლობის და არაპროფესიონალიზმის ასატანად, რასაც მგზავრები ყოველდღიურად ვაწყდებით ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას“, - ნათქვამია პეტიციაში.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტით მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს "ინტერტრანსმა" 2014 წელს გაიმარჯვა. კომპანიამ მაშინ თავის საკუთრებაში არსებული დაახლოებით 280 ემ-2 კატეგორიის (მიკროავტობუსი) სატრანსპორტო საშუალება შემოიყვანა. ბევრი მანქანა დღეისთვის მწყობრიდან არის გამოსული.
ხელმომწერები მოითხოვენ: „აღიკვეთოს „ინტერტრანსის“ და მის მიერ დასაქმებული მძღოლების უპასუხისმგებლო და არაპროფესიული, ხშირ შემთხვევაში უხეში და უზრდელი მოპყრობა მგზავრების მიმართ; შეკეთდეს და სათანადოდ მოეწყოს ყველა მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება იმ ნორმების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო და მართებულ გადაყვანას; ამოღებულ იქნეს გადმოსაშლელი სკამები ტრანსპორტიდან, რადგან ამ სკამებზე შეუძლებელია მგზავრის ნორმალურად მოთავსება, არის სრულიად უკანონოდ დამონტაჟებული, სიცოცხლისთვის საშიშია და არ შეესაბამება სტანდარტებს”.
Your browser doesn’t support HTML5
პეტიციის ავტორები მოითხოვენ ასევე: „დაემატოს ყველაზე უფრო დატვირთულ ხაზებს ტრანსპორტი, რომ მგზავრებმა დროულად მოახერხონ სამსახურებში წასვლა და საღამოს სახლში დაბრუნება; აიკრძალოს იმ სამარშრუტოების მუშაობა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე, რომლებიც არ არიან აღჭურვილი კონდიცირების სისტემით; ყველა სამარშრუტოს მძღოლს მკაცრად დაევალოს გააკეთოს სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერება და მარშრუტში თვალსაჩინო ადგილას ჰქონდეს გამოკრული ტექდათვალიერების დამადასტურებელი საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აეკრძალოს მას მგზავრების გადაყვანა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე“.
პეტიციიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მძღოლების გადაჭარბებებით მოძრაობა და მათ მიერ სხვა საგზაო წესების უხეში დარღვევა „საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს.“