რუსთაველზე რაღაც ხდება

პროტესტის გამოხატვა რუსთაველზე დიდი ხანია ტრადიციად იქცა.

ეს არის თბილისში მთავარი ადგილი, საიდანაც ხელისუფლებას უნდა ელაპარაკო, როცა ძალიან გაბრაზდები.

და ასეცაა - ყველა, ვისაც აქვს სათქმელი, რუსთაველზე მიდის. პარლამენტის შენობის წინ.

იქ მივიდა პირველი ხალხმრავალი აქციაც 1978 წლის აპრილის იმ დღეს, როცა საქართველოს ახალგაზრდობამ საბჭოთა კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად დატოვება პრინციპულად მოითხოვა - და ეს იყო პირველი წარმატებული და შედეგიანი მანიფესტაცია ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. 14 აპრილი იმ დღის შემდეგ საქართველოში დედაენის დღედ გამოცხადდა.

ასევე ნახეთ 1978 წლის 14 აპრილი - აქციის მონაწილეები 40 წლის შემდეგ

მას შემდეგ შეხვედრის ადგილი უცვლელია.

რატომ იზიდავს თბილისის მთავარი გამზირი ასე ყველას? ხანდახან კი, სივრცის დაკავებისთვის ბრძოლაც მიდის - ზუსტად ისე, როგორც მაგალითად, 8 ივლისს - როცა ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა დაიკავეს ის ტერიტორია, სადაც უკვე 20 დღეა ანტისაოკუპაციო აქცია მიდის.

ორ აქციას პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსების კოლონა ყოფდა - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ დაბრუნება სურდათ, იქ, სადაც პროტესტი დაიწყეს. კონტრაქციის მონაწილეები კი მათ იქიდან წასვლას მოითხოვდნენ და რუსთაველზე გამაგრება ჰქონდათ გადაწყვეტილი.

იმიტომ ხომ არა, რომ ეს დედაქალაქის მთავარი გამზირია, იქ დგომა კი ნიშნავს, ყველამ იცოდეს რა ხდება ქვეყანაში?

ან იქნებ ის, რომ იქიდან ხელისუფლებას უკეთ გაიგებს? თუ მაინც იმიტომ, რომ რუსთაველის გამზირზე დგომა და ხმამაღალი პროტესტი სიმბოლური ამბავიც არის და პრინციპის საკითხიც?

ალბათ, ყველაფერი ერთად - გვეუბნება „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი, რომლისთვისაც ყველაზე საამაყო აქციად, რომლის მონაწილეც ყოფილა, სწორედ ქართული ენის დასაცავი აქციები იყო.

„ეს ადგილი უცვლელია. იმდენ მნიშვნელოვან ამბებს ინახავს. აქ მოსვლა და რაღაცის გაპროტესტება ტრადიციაა. ეს არის მთავარი მაგისტრალიც - აქ გამართული მანიფესტაცია ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს“.

Your browser doesn’t support HTML5

დავით ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირის - პროტესტის მთავარი ქუჩის და სხვადასხვა დროს იქ მიმდინარე აქციების შესახებ

8 ივლისის ღამით ანტისაოკუპაციო აქციის ადგილას უცებ სხვა აქციის მონაწილეების გამოჩენას ხელისუფლების მიერ ახალგაზრდებისთვის მათი პროტესტის ადგილის წართმევად აფასებს დავით ზურაბიშვილი და ამბობს, რომ ეს ხელისუფლების ხელწერაა:

"ხელისუფლებამ ვერაფერი მათ პროტეტს ვერ მოუხერხა. და გადაწყვიტა, ყურით მოთრეული საბაბით გარეთ გამოეყვანა თავისი მარიონეტული ჯგუფები და მათი მეშვეობით განედევნა ახალგაზრდები. მითუმეტეს, რომ ეს ერთხელ ასე მოხდა - შარშან, მაისში, ახალგაზრდების აქცია სწორედ ასეთი კონტრაქციების გამო დაიშალა. მაგრამ ეს აღარ გამოვა. ისინი უკან აღარ დაიხევენ. რეალურ პროტესტს ხელოვნურად მოყვანილი ხალხი წინ ვერ აღუდგება“.

დათო ზურაბიშვილი იხსენებს 2003 წლის მრავალდღიან აქციებს ("ვარდების რევოლუციის" ფინალით), რა დროსაც პარლამენტის წინ ერთ-ერთი პირველი კონტრაქცია მოეწყო:

„ზუსტად აქ იდგა ასლან აბაშიძის ფულით ჩამოყვანილი ხალხი და მათმა 80%-მა არც კი იცოდა რისთვის. როგორ დასრულდა ის ამბები, ყველას კარგად გვახსოვს“.

რუსთაველი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ეპიცენტრიც. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, მაშინ პირველი აქციები იპოდრომზე დაიწყო, საბოლოოდ, მაინც ყველამ რუსთაველზე მოიყარა თავი.

Your browser doesn’t support HTML5

ვახტანგ ძაბირაძე: რატომ ვირჩევთ რუსთაველს აქციების ადგილად?

მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და სხვა ლიდერების გამოსვლებიც ეროვნულ-განმათავისუფებელი აქციების დროს სწორედ იმ კიბეებიდან ისმოდა, სადაც დღეს პროტესტი ისევ მეორდება.

​მერე იყო 1989 წლის 9 აპრილი - დღე, რომელმაც დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაც და ეროვნული მოძრაობის გამარჯვებაც საქართველოში.

ასევე ნახეთ სისხლიანი აპრილის საგაზეთო ქრონიკა

დავით ზურაბიშვილი იხსენებს კიდევ ერთ მასშტაბურ აქციას, რომელიც 2001 წელს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში საგადასახადო სამსახურის შესვლას მოჰყვა. მაშინ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად პროტესტი უსწრაფესად აგორდა, რასაც მაშინდელი შს მინისტრის, კახა თარგამაძის გადადგომა მოჰყვა. მაშინ თარგამაძის გადადგომასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ზურაბ ჟვანიამ.

„თარგამაძის გადადგომამ, ასევე ჟვანიას გადადგომამ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან და მისმა ოპოზიციაში წასვლამ, მაშინ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა. პროცესი "ვარდების რევოლუციით" დასრულდა“.

2003 წელი - „ვარდების რევოლუციისაა“ - კიდევ ერთი ხანგრძლივი და საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი პროტესტის, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა - მისი „სახლში წასვლა“ სწორედ რუსთაველზე იზეიმეს.

23 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების უხეში გაყალბების გამო დაიწყო, რამდენიმე თვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

გავა რამდენიმე წელი და ისევ რუსთაველზე ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშლიან ორ საპროტესტო აქციას - 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს.

7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვება.

26 მაისის დარბევის საქმეზე კი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დამნაშავედ ცნობენ.

​2009 წელს რუსთაველზე იყო ოპოზიციის აქციები და საკნების ქალაქი.

რუსთაველს ირჩევდა საპროტესტო აქციებისთვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია და ზვიად გამსახურდიას მომხრეებიც.

რუსთაველი იყო თბილისის ომის ეპიცენტრიც.

რატომ რუსთაველი? ვკითხეთ მწერალ დათო ტურაშვილს, თავადაც არაერთი საპროტესტო აქციის მონაწილეს.

"კინორეჟისორ ლევან კიტიას ჰქონდა ასეთი იდეა - გადაეღო ფილმი რუსთაველის გამზირზე, როგორც ქუჩაზე, სადაც ჩვენი ქვეყნის მთავარი ამბები და მოვლენები ხდება. თითქმის ორასი წელია აქ წყდება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და სწორედ აქ გამოცხადდა (მაგალითად) 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ ისტორიულ აქტს წინ უსწრებდა ბევრი ბრძოლა და ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი, მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე, იყო მაშინდელი გოლოვინის და ამჟამინდელი რუსთაველის პროსპექტი. მეფის რუსეთის იმპერიამ მშვიდობიანი ქართველი მომიტინგეების სისხლიც პირველად სწორედ აქ დაღვარა ჯერ კიდევ 1905 წელს და მერე უკვე მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე, საბჭოთა რეჟიმიც აქ უსწორდებოდა ხოლმე იმ ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც არასოდეს წყვეტდა თავისუფლებისათვის ბრძოლას. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს, კიდევ ერთხელ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ თავისუფლების მიღწევა, თურმე უფრო რთული აღმოჩნდა", - გვითხრა დათო ტურაშვილმა.

რუსთაველი და თავისუფლების მოედანი გაივსო 2008 წელსაც, აგვისტოს ომის დღეებში, როცა საქართველო რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდა.

იყო ბევრი სხვა საპროტესტო აქციაც.

2018 წლის მაისში თბილისის მთავარი გამზირი ორი დიდი პროტესტის ტალღამ მოიცვა.

ქუჩაში ისევ ახალგაზრდები გამოვიდნენ, მათი პროტესტი ღამის კლუბებში სპეცრაზმის დარბევის გამო დაიწყო. ულტრანაციონალისტურად განწყობილი ჯგუფები მათ სიახლოვეს მაშინაც გამოჩნდნენ და რუსთველის დაკავებას ეცადნენ. მაშინ ისინი პოლიციის კორდონმა შეაკავა.

​მაისშივე იყო შვილმკვდარი მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ხანგრძლივი საპროტესტო აქციები. ორივე მამა თავიანთი შვილის მკვლელის დასჯას მოითხოვდა.

და ბოლოს, 2019 წლის ივნისი.

ისევ რუსთაველი, ისევ პროტესტი - ამჯერად რუსული ოკუპაციის და ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც დღემდე გრძელდება.

როგორც დავით ზურაბიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თბილისის მთავარ გამზირზე ქვეყნისთვის ბევრი უმნიშვნელოვანესი ამბავი გადაწყვეტილა: ​„მე მგონი, იქ ახლაც რაღაც ასეთი ისტორია იწერება“.