რუსეთში ყველაფერი YouTube-ის ბლოკირებისკენ მიდის

2023 წლის გაზაფხულზე მოსკოვში იმყოფებოდა კიბერსაფრთხეების ჩინელ ექსპერტთა 41-კაციანი ჯგუფი, რომლის წევრები, რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ კოლეგებთან ერთად ამზადებდნენ „ტექნიკურ საგზაო რუკას YouTube-ის სრული ბლოკირებისათვის“.

გამოითქვა ვარაუდი, რომ პროექტისთვის ჩინეთი გაიღებდა „დიდი ჩინური ფარის“ (Great Firewall of China) ტექნოლოგიის ნაწილს, დანარჩენს კი რუსული და ბელარუსული კომპონენტებით შეავსებდნენ, ერთობლივი მუშაობის საბოლოო შედეგი კი უნდა იყოს რუსეთში YouTube-ის დაბლოკვის ტექნიკური შესაძლებლობა, რასაც მოჰყვება ყველა ტიპის VPN-ის დაბლოკვაც.

რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტრომ ახლახან გამოაქვეყნა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციის სფეროში რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახურს („როსკომნადზორი") მიეცემა უფლება დაბლოკოს ვებსაიტები, რომლებსაც მითითებული აქვთ რუსეთში ბლოკირების გვერდის ავლის ინსტრუქციები.

ასევე ნახეთ ჩინური ცენზურის ექსპორტი რუსეთში - როგორ აკონტროლებენ ინტერნეტს მოსკოვი და პეკინი

რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტრო უფლებას აძლევს „როსკომნადზორს“, გააფართოოს კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც ზედამხედველი ორგანო შეზღუდავს წვდომას საიტებზე და დაბლოკავს რესურსებს: ინტერნეტცენზურას დაექვემდებარებიან საიტები, რომლებიც შეიცავენ „ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალული საინფორმაციო რესურსებისა და საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელებზე წვდომის გზებისა და მეთოდების შესახებ".

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი სვინცოვის თქმით, საიტების დაბლოკვა „სისტემური სამუშაოა, რომელიც დადებით შედეგს იძლევა“.

რუსეთის სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი სვინცოვი

„ძალიან ბევრი სხვადასხვა ხრიკი, მათ შორის VPN სერვისები უკვე დაბლოკილია. სისტემური ბრძოლა გაგრძელდება. ყველა შესაძლო ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული. ვხედავთ დადებით შედეგს, თუ რამდენად დაეცა ტრაფიკი აკრძალულ სოციალურ ქსელებზე და რამდენად წარმატებით ვითარდება ჩვენი სოციალური ქსელები“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

რუსეთში ათასობით საიტია დაბლოკილი, მათ შორის, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტები Svoboda.org, Severreal.org, Sibreal.org. ბლოკირების ავლის ხელსაწყოების გარეშე, შეუძლებელია პირდაპირ ამ საიტებზე შესვლა და მასალათა ბმულების გახსნა. სწორედ ბლოკირების გვერდის ავლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია VPN.

VPN (virtual private network — ვირტუალური კერძო ქსელი) — განზოგადებული ტექნოლოგიური ტერმინი ნებისმიერი ტექნოლოგიის აღსაწერად, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ან მრავალი ქსელური კავშირის დამყარებას, ქსელური მონაცემების, როგორც წესი, Internet Protocol-ის მონაცემების, ინკაფსულაციას და გადაცემას სხვა ქსელის გამოყენებით. ასეთი სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს წვდომა მიიღოს ისეთ ქსელურ რესურსზე, რომელიც სხვაგვარად, ღიად მიუწვდომელია ინტერნეტით. VPN ხშირად გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში, რესურსებზე წვდომის მისაცემად იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ფიზიკურად არ არიან დაერთებული ორგანიზაციის შიდა ქსელთან, მაგალითად, კავშირგაბმულობის სპეციალისტებისთვის.

რუსი დეპუტატის თქმით, საიტების დაბლოკვა ეფექტურია და ამიტომ VPN-ის გამოყენებისთვის სასჯელის შემოღება არამიზანშეწონილი იქნება, მით უფრო, რომ VPN სერვისები საჭიროა არა მხოლოდ შავ სიაში შეტანილი საიტების მოსანახულებლად.

ინტერნეტის თავისუფლებისთვის გამართული აქცია. მოსკოვი, 2019 წლის 10 მარტი. წარწერა ტრანსპარანტზე: "თავისუფალი ინტერნეტი - მოცემული მასალა დაბლოკილია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე".

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სოციალური ქსელი აკრძალულია, იქ ბევრი ადამიანი ურთიერთობს თავის ახლობლებთან. ვიღაცას საზღვარგარეთ ნათესავები ჰყავს, ვიღაცას უბრალოდ სურს, რომ იქ ინფორმაცია განათავსოს თავისი მეგობრებისთვის. VPN ასევე გამოიყენება არა მხოლოდ ბლოკირების გვერდის ასავლელად, არამედ დაშიფრული არხების გამოსაყენებლად, მაგალითად, ბიზნესისთვის, დაცული ინფორმაციის გადასაცემად“, - ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი სვინცოვი.

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტროს ამ ინიციატივის საჯარო განხილვა სამართლებრივი აქტების პროექტების პორტალზე 15 სექტემბრისთვის გაიმართება, მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ რუსულმა პროვაიდერმა როსტელეკომმა გამოცადა საიტი, რომელიც სავარაუდოდ შექმნილია YouTube-ის კონტენტის გასაფილტრად.

როგორც ირკვევა, როსტელეკომმა წერილები დაუგზავნა თავის თანამშრომლებს შეთავაზებით, გამოეცადათ რესურსი, რომლითაც შესაძლებელია ვიდეოების ყურება YouTube-ზე არა პირდაპირ, არამედ როსტელეკომის მიერ შექმნილი საიტის ytonline.ru-ს მეშვეობით. ამ წერილზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ინტერნეტის დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელმა მიხაილ კლიმარევმა, რომლის ვარაუდით, როსტელეკომი ტესტავდა ფილტრს YouTube-ის "დაცენზურების" მიზნით. კლიმარევი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ალბათ შეეცდება სრულად დაბლოკოს სერვისი, მაგრამ შეინარჩუნოს ვიდეოების ყურების შესაძლებლობა ერთგვარი შუალედური ვებსაიტის საშუალებით.

რუსეთის ინტერნეტის დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი მიხაილ კლიმარევი

„კეთდება ცალკე საიტი, რომლის მთელი კონტენტი კოპირებულია YouTube-დან. ანუ ეს არის სრულიად ცალკე რესურსი, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს ერთგვარ შუასადებს: კონტენტის მისაღებად შედიხართ არა პირდაპირ YouTube-ზე, არამედ შედიხართ ამ შუალედურ საიტზე და ეს საიტი გაწვდით გაფილტრულ კონტენტს. ასეთი პროექტის განხორციელება, როგორც აღმოჩნდა, ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ვვარაუდობ, რომ ეს პროექტი გააკეთეს ზუსტად იმისთვის, რომ შემდგომში დააცენზურონ YouTube“, - განაცხადა მიხაილ კლიმარევმა. მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე „როსკომნადზორის“ ინტერესშია YouTube-ის ყოფნა საინფორმაციო ველში (რადგან ხელისუფლების არასასურველ კონტენტთან ერთად, ბლომადაა პროპაგანდისტულიც), მაგრამ ისე, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი კონტენტი, არასასურველი კი დაბლოკოს. ამ მიზნის უმარტივესი გზაა შუალედური საიტის გაკეთება და თავად YouTube-ის დაბლოკვა ან მისი გამოყენების გართულება - სიჩქარის შენელება, რომ ეს ყველაფერი მოუხერხებელი იყოს და მომხმარებელმა შუალედური საიტი გამოიყენოს:

„იმისათვის, რომ ადამიანებმა მხოლოდ ნებადართული კონტენტი ნახონ, თავად YouTube-ის დაბლოკვა იქნება საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ ორიგინალურ YouTube-ს. სხვა ამბავია, რომ YouTube-საც არ მოეწონება ეს სქემა და თვითონ დაბლოკავს ამ შუალედურ საიტს, მაგრამ, როგორც ჩანს, აინტერესებდათ გაეგოთ, რა მოხდებოდა, როგორ იმუშავებდა. არ მგონია, ამ ეტაპზე გააგრძელონ, რადგან YouTube მართლა დაბლოკავს ამ საიტს.

YouTube არ დაუშვებს თავისი ვიდეოების ტრანსლირებას სხვა საიტის საშუალებით, მაგრამ ზოგადად, მოვლენების განვითარების ლოგიკით, ყველაფერი მიდის - YouTube-ის დაბლოკვისკენ. საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის მოხდება? ძნელია უპასუხო, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის. ახლა დაიწყეს VPN-ების დაბლოკვა. მეტიც, ეს არის VPN დაბლოკვის ახალი გზა - პროტოკოლით. რაც ასევე გარკვეული ნიშანია. კარგად არ მესმის, რა საჭიროა VPN-ის დაბლოკვა, თუ გაქვთ თავისუფალი წვდომა YouTube-სა და Telegram-ზე. როგორც ჩანს, ხარვეზებს ასწორებენ, ხვეწენ ტექნოლოგიას. ლოგიკურად შემდეგია YouTube-ი და Telegram-ი“.

ოპოზიციის მიტინგი მოსკოვში, 2019 წლის 10 მარტი. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კანონპროექტს სუვერენული რუნეტისა და ინტერნეტცენზურის შესახებ

მთელი რუსული ტრაფიკის დაახლოებით 30 პროცენტი YouTube-ზე მოდის. მისი კონტროლი-დაბლოკვა რეჟიმის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, რის გამოც ამაზე უზარმაზარი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი იხარჯება: 2018 წლიდან, ხუთ წელიწადში, რუსეთში შეიმუშავეს ახალი სისტემა სახელწოდებით „საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ტექნიკური საშუალებები“, მიიღეს სპეციალური კანონი სუვერენული ინტერნეტის - რუნეტის შესახებ, შესაბამისად, ახლა რუსეთს ინფორმაციის ბლოკირების ბევრად გაუმჯობესებული სისტემა აქვს, რომელიც რაღაც კომპონენტებით ჩინურ სისტემაზე უფრო მკაცრია, რადგან რუსეთში თითოეულ ოპერატორს უყენია პატარა ჩინური Firewall-ი, რომლითაც ერევა ყველა მომხმარებლის ტრაფიკში. ამიტომ, რუსეთში ბლოკირებები ბევრად უფრო ხისტია, თუმცა, როგორც რუსეთის ინტერნეტის დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი მიხაილ კლიმარევი იმედოვნებს, სრული, აბსოლუტური დაბლოკვა შეუძლებელი იქნება:

„სანამ საერთაშორისო კავშირი იქნება, შესაძლებელი იქნება რაიმე სახის ხვრელების პოვნა. სხვა საქმეა, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული განსაცდელი იქნება. ინტერნეტტრაფიკში ნებისმიერი ჩარევა შეამცირებს კომუნიკაციის და მასთან ერთად ცხოვრების ხარისხს“.