განსაკუთრებით ის მწვავე რეაქცია მოსწონთ, რომელიც ამ გადაწყვეტილებამ უკრაინაში გამოიწვია.
უკრაინული ქალაქები ნადგურდება, ქართული კი ყვავის. უკრაინაში ომია, საქართველოში კი მშვიდობა - ეს ის გზავნილია, რომელიც თბილისში, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერებზე იკითხება.
ბანერების შინაარსი “არის პრინციპული იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი” და “გაიაზროს ომის ფასი”, - თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 27 სექტემბერს.
მან გაიმეორა, რომ თითქოსდა მმართველმა პარტიამ რუსეთთან ომი ქვეყანას “დიდი ბრძოლის ფასად” აარიდა.
საქართველოში, საზოგადოების ნაწილმა და პრეზიდენტმა ბანერები დაგმეს.
მაგრამ რუსეთში, “ქართული ოცნების” ბევრი სხვა ნაბიჯის მსგავსად, მათ ქება და მოწონება მოჰყვა.
ხელისუფლებამ მოსახლეობას შეახსენა, “რა მოხდება, თუკი დასავლეთს კოჭს გაუგორებენ და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად გამოიყენებენ”, - დაწერა ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროკრემლისტურმა ტელეგრამარხმა, რიდოვკამ.
26 და 27 სექტემბერს განსაკუთრებულად აქტიურობენ უკრაინაში ომის მხარდამჭერები, ე.წ. Z-ბლოგერები.
მათი საერთო გზავნილი ასეთია: ბანერები რუსეთის სამხედრო სიძლიერის აღიარებაა. უკრაინასთან ომის შემხედვარე, საქართველომ გაიაზრა, რომ დასავლეთთან დამეგობრება კარგს არაფერს მოუტანს.
“ქართველები დღეს ლამის ყველაზე ადეკვატურები არიან მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში”. უკრაინაში ომის შემხედვარე, ისინი “პირჯვარს იწერენ და ღმერთს მადლობას ეუბნებიან, რომ საქართველოში ყველაფერი ასე შორს არ წასულა”, - წერს Z-ბლოგერი ალექსანდრ კოცი.
კიდევ ერთი Z-არხი, ორი მაიორი, წერს, რომ საქართველო “შეგნებული” ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის მაგალითზე ისწავლა.
ზოგი ბლოგერი “ოცნებას” პრაგმატიზმს უწონებს და ერთმანეთს ადარებს ომში მყოფი უკრაინისა და საქართველოს ეკონომიკას.
ბანერები “საკმაოდ თვალსაჩინო აგიტაციაა”. დღეს ყველაზე ანტირუსულად განწყობილი ქართველებიც კი ხედავენ, რომ “ბალანსირებულმა პოლიტიკამ ეკონომიკურ ზრდამდე მიიყვანა და არ ღირს კეთილდღეობის გაცვლა ომში”, - ამტკიცებს კიდევ ერთი Z-ბლოგერი, რიბარი.
“რუსეთთან მეგობრობის შედეგი”
ბლოგერებმაც და პროკრემლისტურმა მედიამაც ცალკე იმსჯელეს ოფიციალური კიევის რეაქციაზე.
უკრაინა დაუშვებლად მიიჩნევს “რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის… პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას”, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეს კადრები “სომხეთში უნდა აჩვენო. აი, რა ელოდებათ მათ”, - თქვა პოპულარულმა ბლოგერმა, ბორის როჟინმა.
ულტრამემარჯვენე მედიამ, ცარგრადმა კი დაწერა, რომ “საქართველოში უკრაინას რუსეთთან მეგობრობის შედეგი აჩვენეს”.
“დონეცკისა და მარიუპოლის [რუსული ჯარის მიერ თითქმის მიწასთან გასწორებული ქალაქების] პეიზაჟებს საქართველოში იყენებენ”, - წერს პროკრემლისტური “კომსომოლსკაია პრავდა” და ვარაუდობს, რომ კიევში “ვიღაცას გული აერია”.
ოპოზიციურად განწყობილმა რუსებმა რეკლამა, როგორც მოსალოდნელი იყო, გააკრიტიკეს.
“პრორუსულ კურსს ატარებენ და თან საკუთარ ამომრჩეველს რუსეთით აშინებენ. ამ პარტიის ამომრჩევლებს ლოგიკასთან პრობლემები აქვთ”, - თქვა ვლადიმირ პუტინის ყოფილმა სპიჩრაიტერმა, აბას გალიამოვმა.
"ქართული ოცნება" დიდი ხანია, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, თითქოსდა "გლობალური ომის პარტია" (უცნობია, ამაში ვის გულისხმობენ) საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას უპირებს.
ასევე ნახეთ ივანიშვილის მობოდიშების მზაობას მოსკოვი აქებსიმავეს ამტკიცებს კრემლის პროპაგანდაც. ოღონდ "გლობალური ომის პარტიის" ნაცვლად, ამას "კოლექტიურ დასავლეთს" მიაწერენ.