გადადებული ტესტები და გაუცემელი დაბადების მოწმობები - რუსეთში საოფისე ქაღალდი ქრება

ფოტოილუსტრაცია

ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთის იზოლაციამ საოფისე ქაღალდზე სერიოზული დეფიციტი შექმნა, მათ შორის, არა მხოლოდ იმპორტირებულზე. რუსული ქარხნები ქაღალდის დამზადებისთვის საჭირო ქიმიკატების გარეშე დარჩნენ, მაგალითად, ისეთის, როგორიც მათეთრებელია. „მიუხედავად იმისა, რომ მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მოსახლეობას ამშვიდებს, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება, რეგიონებში საკანცელარიო მაღაზიები შემორჩენილ საქონელს ცეცხლის ფასად ყიდიან, სტამბები კი შეკვეთებს კარგავენ“, - იუწყებიან Север.Реалии-ს კორესპონდენტები.

განცხადება არხანგელსკში

სანქტ-პეტერბურგში საკანცელარიო და წიგნების მაღაზიების თანამშრომლები ამბობენ, რომ თეთრი საოფისე ქაღალდი მარტის დასაწყისში „გაქრა”.

„A4 ფორმატის საოფისე ქაღალდის მარაგი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ამოგვეწურა“, - ამბობს მაღაზიათა ერთ-ერთი ქსელის „Буквоед”-ის ადმინისტრატორი ნატალია. „მაგრამ გაძვირება და გაყიდვაზე შეზღუდვა ჯერ კიდევ 4-5 მარტიდან დაიწყო. მაგალითად, ჩვენ (ისევე როგორც სხვა მაღაზიებმა) ყველაზე პოპულარული ბრენდის SvetoCopy-ს ოთხჯერ მეტ ფასად გაყიდვა დავიწყეთ”.

ნატალიას სიტყვებს ადასტურებენ მისი კოლეგები საკანცელარიო მაღაზიიდან Graphite.

„ფასები მარტის პირველ კვირაში 300-დან 1 300 რუბლამდე გაიზარდა. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთ ადამიანზე ერთ შეკვრაზე მეტი არ უნდა გაცემულიყო. ეს ეხებოდა ყველა მარკის თეთრ ქაღალდს SvetoCopy-დან Snegurochka-მდე. პირადი, ონლაინ ან ტელეფონით შეკვეთები გაუქმდა“, - ამბობს გამყიდველი სვეტლანა და დასძენს, რომ დეფიციტი მას მერე დაიწყო, რაც რუსეთს სანქციები ფინეთმა დაუწესა. აკრძალულ ნედლეულს შორის აღმოჩნდა მათეთრებელი და ქაღალდის რეაქტივები.

ვოლოგდა: სკოლები [ქაღალდებს] წინასწარ ვერ ყიდულობენ

ვოლოგდის ოლქში მოსახლეობამ ქაღალდის დეფიციტი 19 მარტს შენიშნა. სოციალური ქსელის ადგილობრივ ჯგუფებში დაიწყეს პოსტების გავრცელება, სადაც ჩანდა, რომ 5 შეკვრა საოფისე ქაღალდის ერთ ყუთში 2 000 რუბლს ითხოვდნენ.

კომენტარებში ასევე ტვირთავდნენ ფოტოებს, სადაც ჩანდა, რომ თითო შეკვრის ფასი 650-900 რუბლს აღწევდა. და ასევე მოქალაქეები ცვლიდნენ იმ მაღაზიების მისამართებს ქალაქში, სადაც ქაღალდზე ფასები ჯერ არ გაეზარდათ.

წარწერა ვოლოგდის მაღაზიაში: არაუმეტეს ორი შეკვრა ერთ ადამიანზე

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, ქაღალდის დეფიციტმა ყველაზე მეტად ვოლოგდის ოლქის საბიუჯეტო ორგანიზაციები დააზარალა. ქაღალდზე ახალი ფასების პირობებში, გამოყოფილი თანხა, საჭირო რაოდენობის მეოთხედს ძლივს ეყო, ამიტომ, თანამშრომლებს ქაღალდის დაზოგვა და უკვე დაბეჭდილი დოკუმენტების ხელახლა გამოყენება სთხოვეს.

ქაღალდის დეფიციტი რეგიონის უდიდესი ინდუსტრიული ქალაქის, ჩერეპოვეცის ადმინისტრაციაშიც შეიქმნა. ვებგვერდი „Череповецкая истина“ წერს, რომ განათლების დეპარტამენტს პრინტერისთვის ქაღალდი ამოეწურა.

„ახლა რაღაც პრობლემაა პრინტერის ქაღალდზე... მენეჯმენტი ეკონომიას გვთხოვს. ქაღალდის შეკვეთა უნდოდათ Vista-დან, თქვეს, რომ მხოლოდ ერთი პაკეტის (ყუთი ხუთი შეკვრით) გაცემა შეუძლიათ თითო ორგანიზაციაზე“, - უთხრა მერიის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა გამოცემას.

ბოლო ქაღალდი ვოლოგდაში

ჟურნალისტებმა გამოთვალეს, რომ ქაღალდზე ყველაზე მეტს რეგიონული შესყიდვების ცენტრი (997 000 რუბლი) და საარბიტრაჟო სასამართლო (855 000 რუბლი) ხარჯავდნენ.

ქაღალდის დეფიციტმა ამ ეტაპზე გადაულახავი პრობლემები შეუქმნა ქალაქ ვოლოგდის სკოლებს. 22 მარტს ვოლოგდის ოლქის განათლების დეპარტამენტმა ტესტირება შემოდგომისთვის გადადო, თუმცა, მიზეზად ქაღალის დეფიციტი არ უხსენებია. მათ განაცხადეს, რომ ტესტები ეპიდემიისა და COVID-19-ის გავრცელების მუდმივი რისკების გამო გადაიტანეს. არადა, რეგიონში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს, რეგიონის ხელისუფლებამ შეზღუდვების ნაწილი მოხსნა, ვაქცინაციის პუნქტების უმეტესობა დახურა და კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალო საწოლები შეამცირა.

კალინინგრადი: "სპამი" მეტჯერ არ იქნება

ტესტების შემოდგომისთვის გადადების "კოვიდ" ვერსიის არ სჯერათ კალინინგრადის სკოლებში.

საკანცელარიო მაღაზიაში ახლა, სასწავლო წლის ბოლოს ხალხმრავლობა არ არის. ლამაზად მოწყობილი თაროების ესთეტიკას A4 ქაღალდის რამდენიმე გახსნილი ყუთი ოდნავ აფუჭებს. ჩანს, რომ ეს ახლა ყველაზე პოპულარული პროდუქტია.

„და რა ღირს, რატომ არ აწერია ფასი?“ - კითხულობს მომხმარებელი. გამყიდველი ეუბნება, რომ ამისთვის ჯერ დრო არ ჰქონდათ. ქაღალდი დილით მიიტანეს, ნახევარი საათის შემდეგ მყიდველები შემოვიდნენ და ყველაფერი წაიღეს. მთლიანად ყუთით.

მაღაზია კალინინგრადში

მაღაზიაში, სადაც ქსეროქსის აპარატი დგას, მაშინვე აღიარეს, რომ ფასები გაორმაგდა.

„ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის პრინტერის მელანიც. ასლისთვის C კლასის ქაღალდს ვიყენებთ, უმაღლესი ხარისხის არის, პორტუგალიიდან. სანამ ცოტა რეზერვებია დარჩენილი, ვიმუშავებთ, შემდეგ რა იქნება, არ ვიცით“.

ქაღალდი იქ 1 100 რუბლად იყიდება. გამყიდველები ამბობენ, რომ ყველაზე იაფი მაშინვე იყიდეს: „შესაძლოა მომავალ კვირას იყოს ახალი პარტია ძველ ფასად, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ, არც კი ვიცით, გაძვირდება, დაიკლებს და საერთოდ, მოაღწევს თუ არა ჩვენამდე. საზღვარზე ახლა ველური რიგები დგას“.

ხაკასია: არ არის ფორმა - არ არის დოკუმენტები

ხაკასიის რესპუბლიკის მცხოვრებლების თქმით, ქაღალდის დეფიციტის გამო, მარტის დასაწყისიდან ახალშობილებისთვის საბუთები არ გაუციათ.

„ჩემი დისშვილი 11 მარტს დაიბადა. მშობლები გაკვირვებულები არიან, რომ საბუთების გაფორმებაზე უარი უთხრეს და ორ კვირაში მისვლა სთხოვეს. მაგრამ დღეს ისევ სთხოვეს, დაგველოდეთო. ვიფიქრეთ, რაღაც შეფერხება იყო სისტემაში, თურმე ყველაფერი უფრო მარტივადაა - ქვეყანაში ქაღალდის დეფიციტია“, - ამბობს აბაკანის მკვიდრი სერგეი ფედოსევი.

ხაკასიის ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა პრობლემა, მაგრამ დოკუმენტების გაცემის დაგვიანება ლოგისტიკური მიზეზით ახსნა.

ქაღალდის ნაკლებობა დაადასტურა ციმბირის სხვა რეგიონის ხელისუფლებამ - ნოვოსიბირსკის რეგიონის მთავრობამაც და განაცხადა, რომ დეფიციტი მინიმუმ აპრილამდე იქნება, ამიტომ აპარატი დროებით „ყვითელ ფურცლებს გამოუშვებს“.

ბაზარზე მომუშავეები აცხადებენ, რომ ქაღალდის მიწოდების შეფერხებები მიწოდების ჯაჭვებში ჩავარდნის გამო, „უკრაინაში სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების ფონზე წარმოიქმნა, თუმცა რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვიქტორ ევტუხოვი ქაღალდის დეფიციტს უარყოფს.