რუსეთში ომის მხარდაჭერა მცირდება, თუმცა...

მოსკოვში პოლიციელები აკავებენ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეს.

რუსების 55% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მომხრეა, ომის გაგრძელებას კი მხოლოდ 25% უჭერს მხარს. 2022 წლის ივლისში მოლაპარაკების დაწყების მომხრეთა რიცხვი თითქმის ორჯერ ნაკლები იყო და სულ რაღაც 30%-ს შეადგენდა, ომის გაგრძელებას კი ორჯერ მეტი, 57% მოითხოვდა. თუმცა საზოგადოების განწყობის ამგვარი მკვეთრი ცვლილების მიუხედავად დიდად არ შეცვლილა იმათი რაოდენობა, ვინც მზად არის, პირადად მიიღოს მონაწილეობა საპროტესტო აქციებში. რუსეთში მოქმედი „საზოგადოებრივი აზრის“ ფონდის სოციოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა განაცხადა, რომ მზად არის საპროტესტო აქციებზე გასასლელად, თუკი ასეთი რამ უახლოეს 2-3 თვეში გაიმართება.

  • როგორია რუსეთში ომისადმი დამოკიდებულება ხერსონის დათმობის შემდეგ
  • რა შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას რუსეთში
  • როგორ უყურებს კიევი რუსეთში ომის მოწინააღმდეგეთა რაოდენობის ზრდას

რუსეთის ხელისუფლებას აშფოთებს ომისადმი (ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციისადმი“) საზოგადოების მხარდაჭერის შემცირება ფრონტზე გახშირებული დამარცხებებისა და სექტემბერში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე. გამოცემა „მედუზას“ ხელში ჩაუვარდა რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის (ФСО) დაკვეთით ჩატარებული დახურული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, გამოკითხულთა დაახლოებით 55% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა. ეს მაჩვენებლები ძირითადად თანხმდება დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის, “ლევადა ცენტრის” ოქტომბრის გამოკითხვის შედეგებს: 57% - სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა, 27% საომარი მოქმედებების გაგრძელებას ითხოვს.

ФСО-ს დახურული გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, რუსების დამოკიდებულება ომის მიმართ ბევრად ნეგატიური გახდა. ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში გამოკითხულთა მხოლოდ 30% იყო უკრაინასთან მშვიდობის მომხრე. „ლევადა-ცენტრის“ დირექტორის, დენის ვოლკოვის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკების მომხრეთა რიცხვის სწრაფი ზრდა 21 სექტემბრის ანუ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

„ეს არის მოქალაქეების სურვილი, პირადად არ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. ომის მხარდაჭერა კვლავ მაღალია, მაგრამ მასში პირადად მონაწილეობის სურვილი საკმაოდ მცირეა. გარდა ამისა, მხარდაჭერა თავიდანვე დეკლარაციული იყო იმის ფონზე, რომ ხალხი ამას აღიქვამდა, როგორც რაღაც ისეთს, რაც მათ არ ეხებოდა: „ცხოვრება გრძელდება და უკეთესდება კიდეც“, ახლა კი რისკები გაიზარდა, შესაბამისად ხალხს მოლაპარაკებების დაწყება მოუნდა“, - ამბობს დენის ვოლკოვი.

დენის ვოლკოვი

სოციოლოგმა გრიგორი იუდინმაც მოლაპარაკებების დაწყების მომხრეთა რაოდენობის ზრდაც სექტემბერსვე გამოცხადებულ მობილიზაციას დაუკავშირა. მისი თქმით, შემოდგომაზე რუსებს შეექმნათ „ყოველდღიური ცხოვრების განადგურებისა და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის განცდა“. მოლაპარაკებების სასარგებლო კიდევ ერთ არგუმენტად იუდინი მიიჩნევს როგორც გამარჯვების რწმენის დაკარგვას, ასევე გამარჯვების დამაჯერებელი, სარწმუნო თეორიის არარსებობას.

  • ომის მხარდაჭერა მცირდება, მაგრამ რატომ არ ჩანს მძლავრი პროტესტი?

ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ ვლადიმირ გელმანის თქმით, რუსეთის მოქალაქეებმა იციან, რომ სახელმწიფოსთან და მის წნეხის უზარმაზარ მანქანასთან დაპირისპირებაში არანაირი შანსი არ აქვთ.

„რუსებმა იციან, რომ სახელმწიფოს ქმედებების გაპროტესტება ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაფურთხებას ჰგავს, ხოლო როცა წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია, ცდილობ ისე მოიქცე, რომ მთავრობის პოლიტიკამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოგაყენოს პირადად შენ. ამიტომ ადამიანები ცდილობენ გაქცევით გადაარჩინონ თავიანთი შვილები და ქმრები მობილიზაციისგან. რუსეთში ადამიანებს ნამდვილად არ აქვთ არანაირი უფლებები. მათ აბსოლუტურად სწორად ესმით, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ისინი არავინ და არაფერი არიან“, - ამბობს ვლადიმირ გელმანი.

ვლადიმირ გელმანი

თუმცა, ამგვარი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთში ხალხი მაინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მათ შორის უკრაინაში შეჭრას.

„იმისთვის, რომ ადამიანი რუსეთში საპროტესტოდ "მოტივირდეს, უნდა არსებობდეს ძალიან გასაგები და ზუსტი სტიმული, - ამბობს ფსიქოლოგი ანდრეი აქსიუკი, - ხალხი მხოლოდ ძალიან კონკრეტულ რაღაცებს აპროტესტებს, მაგალითად, დარღვევებს მობილიზაციის დროს, ტექნიკის ნაკლებობას, ცუდ პირობებს და ა.შ.“

ის, რომ რუსეთის მოსახლეობის რაღაც ნაწილი ბედავს ომის ხმამაღლა დაგმობას, იმაზე მიანიშნებს, რომ „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ დაიწყო უშუალოდ მოქალაქეების ბედზე ზემოქმედება.

„დასავლური კომპანიების დახურვამ რაღაც გავლენა იქონია ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, მაგრამ ეს ვერ შეედრება იმას, როცა მშობლების ერთადერთ ვაჟს ფრონტზე აგზავნიან. შვილის ომში გაწვევა სერიოზულად ცვლის ცხოვრებას. ამიტომ ამას ბევრად უფრო მკვეთრად აღიქვამენ, ვიდრე უბრალოდ სხვა ქვეყნიდან შემოსულ ახალ ამბებს, შესაბამისად განსხვავებულია მათზე რეაგირებაც. რაც შეეხება ფასეულობებს. რაღაც ფასეულობები, რომლებსაც დაცვა სჭირდება, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეებსაც აქვთ ისევე, როგორც აქვთ სხვა ადამიანებს, მაგრამ ამ ფასეულობის დასაცავად რომ გამოვიდეს რუსეთის მოქალაქე, მას უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება, რუსეთში კიდევ დამოუკიდებელი მედია არ არსებობს, - ამბობს ანდრეი აქსიუკი.

რატომ ვხედავთ მასობრივ საპროტესტო აქციებს ირანსა და ჩინეთში, მაგრამ არა რუსეთში? - ამ კითხვის პასუხად სოციოლოგი მაქსიმ ალიუკოვი, ავტორი წიგნისა „საპროტესტო მოძრაობები და სამოქალაქო აქტივიზმი თანამედროვე რუსეთში“, ამბობს, რომ ირანშიც და ჩინეთშიც ხალხი გამოვიდა იმის გასაპროტესტებლად, რაც პირდაპირ ახდენდა გავლენას ადამიანთა დიდ მასაზე:

„ირანში ეს არის ჰიჯაბის ტარება, ჩინეთში აბსოლუტურად ტოტალიტარული შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია კოვიდთან. უფრო აბსტრაქტულ საკითხებთან დაკავშირებული პროტესტიც ხშირია. აქაც არ არის მთლად სამართლიანი იმის თქმა, რომ რუსეთში ხალხი არ გამოდის ქუჩაში უკრაინის ომის წინააღმდეგ. პირველ კვირებში იყო მძლავრი საპროტესტო გამოსვლები სწორედაც რომ აბსტრაქტულ უსამართლობაზე, რომელიც პირდაპირ არ მოქმედებდა მათზე, მაგრამ ეს საპროტესტო გამოსვლები გაანადგურეს: 20 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 300-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს“.

მოსკოვის პოლიცია აკავებს მამაკაცს, რომელიც აპროტესტებს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას

რუსეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებაში ომისადმი დამოკიდებულების ცვლილებას ხედავენ კიევში, თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, უკრაინის ხელისუფლება ფრონტის ხაზის არცერთ მონაკვეთზე არ აპირებს კონფლიქტის გაყინვას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი საწინააღმდეგო, უკუმიმართულებით მიიწევდეს წინ, რათა არ ჰქონდეს პრეტენზია რამე სახის ბენეფიტებზე. გარდაუვალია ტერიტორიების დაბრუნება. ახლა 2014 წელი არ არის, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოვიქცევით ისე, როგორც მოვიქეცით 2014-ში. ჩვენ არ გავყინავთ კონფლიქტს გამყოფი ხაზის არცერთ მონაკვეთზე, რაც პუტინის ვარდისფერი ოცნებაა. ჩვენ მეთოდურად განვახორციელებთ გეგმებს ჩვენი ტერიტორიების განსაბლოკად. მთავარია ნებისყოფა და სწორი ოპერატიული პაუზის დაჭერის უნარი“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა იულია ლატინინას საავტორო გადაცემაში.

  • როგორ შეიცვალა ომის მომხრეთა განწყობები რუსეთში?

რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისადმი ნდობა დაბალია - ხალხს ეშინია საკუთარი პოზიციის გამოხატვის, რასაც სისხლის სამართლებრივი დევნა და ხანგრძლივი პატიმრობაც კი შეიძლება მოჰყვეს.

ცენტრმა „დოსიემ“ შეძლო კრემლის დაკვეთით 2022 წლის ივლისსა და ნოემბერში ჩატარებული ორი თვისებრივი კვლევის შედეგების შესწავლა.

ცენტრი „დოსიე“ არის მიხაილ ხოდორკოვსკის არაკომერციული პროექტი, რომლის მიზანია რუსეთში კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

Z - უკრაიანაში რუსეთის შეჭრის სიმბოლიკა სანკტ-პეტერბურგში

როგორც ირკვევა, ომის (ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის") მომხრეებსა და მხარდამჭერებშიც კი პესიმისტური განწყობები სუფევს, თუმცა ამავდროულად რუსეთის ამ მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ უკან დახევა შეუძლებელია და რომ გარდა გამარჯვებისა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. „დოსიემ“ შეიტყო, თუ როგორ შეიცვალა ომის მხარდამჭერი „პატრიოტების“ განწყობა 2022 წლის აგვისტოში დაწყებული უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ. გამოცემის მტკიცებით, სულ ცოტა, 2022 წლის ზაფხულიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული სტრუქტურების დაკვეთით ტარდება კვლევები ომის მომხრე რუს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და ბლოგერებს შორის. კვლევის ძირითადი საკითხებია:

  • დამოკიდებულება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ და ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ
  • ომის მისაღები და მიუღებელი შედეგები
  • მარცხის შემთხვევაში რესპონდენტთა შესაძლო ქმედებები

ფოკუსჯგუფები ჩატარდა 2022 წლის ივლისსა და ნოემბერში მოსკოვში, ეკატერინბურგსა და სარატოვში. გამოიკითხნენ „რადიკალი პატრიოტები“ - ადამიანები, რომლებიც ზოგადად მხარს უჭერენ რუსეთის ხელისუფლებას და მის მიერ დაწყებულ ომს, მაგრამ იღებენ ინფორმაციას არაოფიციალური წყაროებიდან და კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობის მიმართ. საუბარია შემდეგ პირობით ჯგუფზე:

  • „ალარმისტები" - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იგორ სტრელკოვის აუდიტორია
  • „ულტრაპატრიოტები“ – რამზან კადიროვისა და ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების აუდიტორია
  • „მემარცხენე პატრიოტები“ - სოციალისტ ნიკოლაი პლატოშკინისა და ჟურნალისტ კონსტანტინ სიომინის აუდიტორია
  • „ტრადიციონალისტები“ – ბლოგერ ეგორ ხოლმოგოროვის და ანტივაქსერი მსახიობის, მარია შუკშინას აუდიტორია
  • „ლოიალისტები“ - სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური გადაცემების მაყურებლები

ხერსონის დაკარგვამდე

მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვლევა ჩატარდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის აქტიური ფაზის დაწყებამდე, "რადიკალური პატრიოტები" უკვე იმყოფებოდნენ ძლიერი სტრესისა და დაძაბულობის მდგომარეობაში, აშინებდათ მომავალი, თუმცა მიუხედავად ამისა, მათში მაინც ჭარბობდა ოპტიმისტური განწყობები. სანქციების დაწესებისა და რუსული ბაზრიდან მსხვილი კომპანიების რუსეთიდან წასვლის შემდეგ, „პატრიოტების“ თქმით, ცხოვრება დიდად არ შეცვლილა. აღნიშნეს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მალე გახდა სტაბილური. „პატრიოტებს“ უხაროდათ, რომ რუსეთის ეკონომიკამ გაუძლო სანქციებს და იმედოვნებდნენ, რომ ასევე წარმატებით მოხდებოდა იმპორტის ჩანაცვლება.

რესპონდენტები შეშფოთებულნი იყვნენ იმ კომპრომისით, რაზეც რუსეთის სამხედრო სარდლობა წავიდა: იგულისხმება რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაზე მკაცრი პასუხის არარსებობა და ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლების უკრაინისთვის გადაცემა.

რუსული ტანკი უკრაინის ქალაქ ვოლნოვახაში

უკმაყოფილების მთავარი ფაქტორი იყო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაჭიანურება. „პატრიოტებს“ დაჰპირდნენ სწრაფ და დამაჯერებელ გამარჯვებას, თუმცა კონფლიქტი გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში რუსეთსა და მთელს დასავლეთს შორის, რასაც სულ სხვა ფასი და რისკები ახლავს. კვლევის მონაწილეთა თქმით, რუსეთი არ იყო მზად ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი დაპირისპირებისთვის.

მიუხედავად ამისა, ზაფხულში „რუსი პატრიოტები“ მაინც თავდაჯერებულები და აგრესიულები იყვნენ. ფოკუსჯგუფების მონაწილეები დაჟინებით მოითხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების სრულ კაპიტულაციას, უკრაინის „დენაციფიკაციას“ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. „პატრიოტები“ ასევე მოითხოვდნენ არა მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების, არამედ მთელი აღმოსავლეთ უკრაინისა და ზღვისპირეთის მიტაცებას.

ხერსონის დაკარგვის შემდეგ

ნოემბრისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის შემდეგ, დამპყრობლური ვნებები მომავლის შიშმა ჩაანაცვლა. ვითარება დიდად ვერ შეამსუბუქა რუსეთის მიერ დნრ-ის, ლნრ-ის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ფორმალურმა ანექსიამაც. მართალია, მთლიანობაში „პატრიოტები“ კმაყოფილი იყვნენ ამ ტერიტორიების მიტაცებით, მაგრამ ბევრი იმასაც ჩიოდა, რომ მათი აღდგენისთვის რუსებს მოუწევდათ თავიანთი ჯიბიდან დიდძალი ფულის გაღება. მეტიც, ზოგიერთ „პატრიოტს“ ეჭვიც კი გაუკრთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ლეგიტიმურობის თაობაზე.

რადიკალი პატრიოტები ძალიან შეაშინა საომარი მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანის პერსპექტივამ, ზოგიერთი რესპონდენტი იმდენად იმედგაცრუებული იყო რუსული არმიით, რომ მზად იყვნენ, ყირიმიც კი დაეთმოთ ომის დასასრულებლად. ასეთი განწყობები განსაკუთრებით მძაფრი იყო "ალარმისტებსა" და მათთან დაკავშირებულ ზოგიერთ მემარჯვენე პატრიოტს შორის. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ზაფხულში ყველაზე რადიკალურ პოზიციებზე სწორედ "ალარმისტები" იდგნენ და მოითხოვდნენ მთელი უკრაინის დაპყრობას, მაგრამ შემოდგომისთვის ისინი მთავარ „პანიკიორებად“ იქცნენ.

თუმცა, რესპონდენტების უმეტესი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო დამარცხების აღიარება და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა. ბევრმა აღნიშნა, რომ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია ომის საკმარისი შედეგი იყო და რომ ამაზე შეჩერებაც შეიძლებოდა, მაგრამ რადგანაც კონფლიქტი, მათი აზრით, გადაიზარდა რუსეთსა და დასავლეთს შორის ომში, ამგვარი რამ პრაქტიკულად გამორიცხული იყო. შედეგად, თავი იჩინა „დროშის გარშემო დარაზმვის“ ეფექტმა: უკან დასახევი არ გვაქვს, ამიტომ უფრო შორს უნდა შევტოპოთ და ნებისმიერ ფასად გავიმარჯვოთ.

ხერსონი, უკრაინა

მიუხედავად აგრესიული დამოკიდებულებისა, გამოკითხვის მონაწილეები აღნიშნავდნენ რუსეთის არმიის მრავალ პრობლემას. ბევრი შეშფოთებული იყო გამოცხადებული მობილიზაციის გამო: ჩიოდნენ იმის გამო, რომ ფულიანებმა დატოვეს რუსეთი და თავი აარიდეს მობილიზაციას, რომ ფრონტზე უშვებდნენ მოუმზადებელ ადამიანებს და არა როსგვარდიელებს. გამოკითხულთა თქმით, მობილიზაცია შეეხო თითქმის ყველა ოჯახს. გაიხსენეს ომში დაღუპული ნათესავები და ნაცნობები, ამ ყველაფერმა კი გააჩინა კითხვა, ხომ არ მალავს რუსეთის მთავრობა რეალურ ინფორმაციას სამხედრო მოსამსახურეთა დანაკარგების შესახებ?

შიშის კიდევ ერთი წყაროა რუსეთის ტერიტორიების დაბომბვა. რადიკალი პატრიოტების აზრით, საკადრისი პასუხის არარსებობა იწვევს მათ იმედგაცრუებას არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ პირადად ვლადიმირ პუტინის მიმართაც.

ბევრ რესპონდენტს აშფოთებდა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მხრიდან. ერთ-ერთ რესპონდენტს არ სჯეროდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეუძლია ბირთვული ომის გაჩაღება, განსხვავებით „უკროფაშისტებისგან“. სხვები შიშობდნენ, რომ დასავლეთი გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს, თუ დაინახავდა, რომ რუსეთი იმარჯვებდა და სხვა ვარიანტები არ იყო. ამავდროულად „ლოიალისტები“ - რუსული პროპაგანდისტული ტელეარხების მაყურებლები - დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ სწორედ რუსეთს უნდა მიეტანა ბირთვული იერიში, რაც შეაშინებდა და უკან დაახევინებდა დასავლეთს.

გამოკითხულთა უმრავლესობა ომში შესაძლო მარცხს ღალატს უკავშირებს. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში თითქმის ყველა მათგანი მთავრობასა და პუტინს დააკისრებს პასუხისმგებლობას. „ტრადიციონალისტებს“ (ეგორ ხოლმოგოროვისა და მარია შუკშინას პირობითი ჯგუფი) პრინციპში არ სჯერათ, რომ პუტინს შეუძლია ომის დასრულება დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.

თუ რუსეთი დამარცხდა

საინტერესოა, რომ დამარცხების შემთხვევაშიც კი რესპონდენტთა უმრავლესობა არ გამოვა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე - პირველ რიგში, რეპრესიების შიშის გამო და, მეორე, იმიტომ, რომ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მათი აზრით, კიდევ უფრო საშინელი ხალხი მოვა ხელისუფლებაში.

ნაწილმა გამოაცხადა, რომ დამარცხების შემთხვევაში დაუფიქრებლად წავლენ ქვეყნიდან. ვისაც წასვლის საშუალება არ აქვს, ის ელოდება:

  • ჩრდილო კორეის სცენარს
  • უკრაინის თავდასხმას რუსეთზე
  • ტერორისტულ აქტებს ქვეყნის შიგნით

ნოემბრის გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ რადიკალ პატრიოტებს შორის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ ექსპერტი იაკოვ კედმი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი. თუმცა, რესპონდენტები მათ არ განიხილავენ მოქმედი ხელისუფლების რეალურ ალტერნატივად.

გამოკითხვის მონაწილეები დადებითად აღიქვამენ „ვაგნერის“ ქმედებებს და თავდაცვის სამინისტროს კრიტიკას, მაგრამ პრიგოჟინს უწოდებენ "ბოროტმოქმედს" და არ ხედავენ მასში პოტენციურ ლიდერს. ზოგიერთს ეშინია პრიგოჟინის შეიარაღებული პატიმრების რუსეთში დაბრუნების, რადგან „ვაგნერის მეშვეობით ხდება მძიმე დამნაშავეების -კანიბალების, მკვლელების ნაკადის გაგზავნა უკრაინაში, უკან კი შეცვლილი სახელებით დაბრუნდებიან. ეს ხალხი თავისუფლად ივლის გარეთ“.

მთლიანობაში, სოციოლოგების აზრით, რუსეთის პატრიოტული ნაწილი მძიმე სტრესშია იმის გამო, რომ ომი, რბილად რომ ითქვას, არ მიდის გეგმის მიხედვით, თუმცა კრიტიკა მაინც „სამზარეულოს“ დონეზე რჩება და ხელისუფლებას არანაირ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის.