უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის უსაფრთხოების სამსახურმა (ეფესბემ) შექმნა ბოტი “ცუდი ადამიანების” დასასმენად.
ბოტი სოციალურ ქსელ ტელეგრამში შეიქმნა და “ცუდი ადამიანების ძებნა” ჰქვია.
მისი ავატარია ცნობილი საბჭოთა პოსტერი “ნუ ყბედობ!”, რომელიც 1941 წელს, ნაცისტურ გერმანიასთან ომის დროს შეიქმნა და საბჭოთა მოქალაქეებს მოუწოდებდა, არ ელაპარაკათ პრობლემებზე.
ბოტის შექმნის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 14 ნოემბერს, დილით დაწერა.
ყველა მსურველს შეეძლო ბოტისთვის მიეწერა და გამოეაშკარავებინა ისინი, ვინც “ცდილობს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას”, (მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე), თანამშრომლობს უკრაინის სპეცსამსახურებთან და “ავრცელებს ანტირუსულ განწყობებს”.
ბოტისთვის მიწერილი ტექსტი უსაფრთხოების სამსახურს უნდა მისვლოდა. თუმცა გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, პოსტი წაიშალა. ცოტა ხანში კი ტელეგრამიდან თავად ბოტიც გაქრა.
ჯერჯერობით, ბოტის გაუჩინარებას რუსულმა მედიამ ახსნა ვერ გამოუძებნა. თუმცა გამოცემა “ნოვიე იზვესტიამ” შეამჩნია, რომ მისი გამოჩენაც და გაქრობაც საბჭოთა ფოლკლორის ლეგენდის, პავლიკ მოროზოვის დაბადების დღეს დაემთხვა.
პიონერი პავლიკ მოროზოვი 1932 წელს მოკლეს. ლეგენდის თანახმად, ის მოკლა კულაკმა მამამ, რომელიც მან ხელისუფლებასთან „დააბეზღა“. სტალინის ეპოქაში პავლიკ მოროზოვი სამაგალითოდ ითვლებოდა, მას უდგამდნენ ძეგლებს და უძღვნიდნენ ლექსებს.
მაბეზღარა ბოტი
ეს რუსეთში შექმნილი პირველი მაბეზღარა ბოტი არ არის. 2022 წლის აპრილში, პიონერი იყო რუსეთის მმართველი პარტია, “ედინაია როსია” (ერთიანი რუსეთი).
“ედინაია როსიას” ბოტი იბარებდა საჩივრებს რუსული ჯარის შესახებ გავრცელებულ ყალბ ამბებზე.
რუსეთში ჯარზე “ყალბი ამბების” გავრცელება, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ისჯება (მაქსიმუმ - 15-წლიანი პატიმრობით). “ყალბ ამბად” ითვლება იმის თქმა, რაც კრემლს არ მოსწონს, მათ შორის, ომისთვის ომის დაძახება. აპრილისთვის აღძრული იყო 156 საქმე, დაპატიმრებული - 27 ადამიანი.
ბოტთან კომუნიკაცია მარტივი იყო: უთითებდით თქვენს მონაცემებს, წერდით დასმენის ტექსტს, თან კი ურთავდით “ყალბი ამბის” ფოტოს, ან ბმულს. ინფორმცია “როსკომნადზორს” - რუსეთის ინტერნეტმარეგულირებელს მისდიოდა.
ბოტის ამუშავებიდან ერთ თვის თავზე, “ედინაია როსია” ამტკიცებდა, რომ დაახლოებით 50 ათასი შეტყობინება მიიღო.
პარტია ამბობდა, რომ მართალია, მათ უმეტესობა “სპამი, ცარიელი შეტყობინებები და გინება” იყო, მაგრამ დროდადრო ე.წ. ყალბი ამბების ბმულებსაც უგზავნიდნენ.
დღეს ეს ბოტიც გათიშულია. ყოველ შემთხვევაში, ის შეტყობინებებს აღარ პასუხობს.
სახუმარო დასმენები
რუსები ბევრად კარგად იყენებდნენ ხუმრობით შექმნილ აპლიკაციას “მოი დონოს” (ჩემი დასმენა), რომელიც 15 იანვარს ამუშავდა.
აგვისტოში, გამოცემა “პოლიგონი” ჰყვებოდა, რომ აპლიკაციით დაახლოებით 5 ათასი შეტყობინება გაგზავნეს. ყოველი მეხუთე მართლაც ასმენდა მეზობლებს, თანამშრომლებს და უბრალო ნაცნობებს. ყველაზე ხშირად - “სამხედრო სპეცოპერაციის (ანუ უკრაინაში ომის) კრიტიკისთვის” და “პუტინის შეურაცხყოფისთვის”.
ზოგი დამსმენი მობილიზაციასა და ჯარში გაწვევას გაქცეულებსაც ამხელდა.
“ასეთი ახალგაზრდაა და უკვე პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგაა, მოუწოდებს ყველა რუსს უკრაინაში იარაღი დაყარონ და ტყვედ ჩაბარდნენ! სად იყურებით? ასეთი ნაბიჭვრები ჩვენს მიწაზე რატომ დაიარებიან, გაუშვით ომში! იქ ასწავლონ სამშობლოს სიყვარული!” - წერდა ერთ-ერთი დამსმენი.
“გთხოვთ გაუშვათ ალექსეი სპეცოპერაციაზე [უკრაინაში საომრად]. უწყება ორჯერ გაუგზავნეს და ორივეჯერ უგულებელყო. გთავაზობთ, გაუგზავნოთ უწყება ელექტრონულად. ამ ადამიანს სამხედრო გამოცდილება ჩეჩნეთში აქვს მიღებული”, - წერდა მეორე.
დღეს აპლიკაცია გუგლის ციფრულ პლატფორმა “გუგლ ფლეიზე” აღარ იძებნება.
დასმენების სატირული საიტი რუსეთში პირველად 2015 წელს შექმნეს. ის ახლაც მუშაობს. იქ შეგიძლიათ აირჩიოთ, ვისთან “დააბეზღებთ” ადამიანს. მაგალითად, რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან, ან საგამოძიებო კომიტეტთან.
დასმენის ეპიდემია
ეს ხუმრობები უსაფუძვლო არაა. მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან ნახევარი წლის თავზე, რუსეთში 145 ათასი ადამიანი დაასმინეს. უმრავლესობას “ყალბი ამბების” გავრცელება და “რუსული ჯარის დისკრედიტაცია” დასწამეს.
ასევე ნახეთ რუსეთში დასმენის ეპიდემიააკრემლის პროპაგანდისტები ხშირად მოუწოდებენ საზოგადოებას, მტრები, ანუ უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეები, გამოააშკარაოს. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კი მათ “ნაციონალ-მოღალატეებს” ეძახის.