რუსეთში კიდევ უფრო „დიდი ომის“ სუნი ტრიალებს

გაწვევა რუსეთის არმიაში

რუსეთის ჯარში სამხედრო სამსახურში გაწვევის ზედა ასაკობრივი ზღვარი სამი წლით - 27-დან 30 წლამდე - გაიზარდა. სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული შესაბამისი კანონპროექტი 28 ივლისს ფედერაციის საბჭომაც დაამტკიცა. უცვლელი დარჩა გაწვევის ქვედა ზღვარი, რომელიც კვლავინდებურად 18 წელია, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ქვედა ზღვარიც ეტაპობრივად 21 წლამდე აიწევდა.

რუსეთის ჯარში გაწვევის ასაკი (18-27 წლები) 1967 წლის შემდეგ აღარ შეცვლილა. სახელმწიფო სათათბიროში არ მალავენ, რომ ემზადებიან „დიდი ომისთვის“, რაც ასევე გულისხმობს გაწვევასა და მობილიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლასა და გამკაცრებას. კეთდება წვევამდელთა ელექტრონული რეესტრი, რომელშიც მოხვედრილი მოქალაქეები ვეღარ დატოვებენ რუსეთს.

5 წლით გაიზარდა თადარიგსა და რეზერვში ყოფნის ასაკობრივი ზღვარი: რიგითებისთვის - 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრებისთვის - 60 წლამდე, უფროსი ოფიცრებისთვის - 65 წლამდე, უმაღლესი ოფიცრებისთვის - 70 წლამდე.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი კარტაპოლოვმა, რომელიც თადარიგში გასვლამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და 58-ე არმიის სარდალი იყო, პირდაპირ თქვა, რომ კანონი გაწვევის ასაკის გაზრდის შესახებ დაიწერა „დიდი ომისა და საყოველთაო მობილიზაციისთვის“.

„უკვე ტრიალებს ამ დიდი ომის სუნი. ჩვენ კი ყველანი ვაგრძელებთ ძიებას, ვისი ამოღება შეგვიძლია გასაწვევთა სიიდან და ვინ უნდა დავიცვათ. თუ დროულად არ ვიმოქმედებთ, არავინ იქნება დასაცავი. ეს კანონი ძალიან აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა.

ანდრე კარტაპოლოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

2023 წლის მარტში, როცა კანონპროექტი განსახილველად შეიტანეს რუსეთის დუმაში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აპირებს შეიარაღებული ძალების რაოდენობის 1,5 მილიონ ადამიანამდე გაზრდას (დღეისათვის ოფიციალურად ითვლება. რომ რუსეთის ჯარში 1 მილიონი ადამიანი მსახურობს), მათ შორის, გაზრდას ე.წ. კონტრაქტნიკების ხარჯზე, რომელთა რიცხვი, შოიგუს გათვლით, 695 ათასამდე უნდა ავიდეს.

2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რუსეთში ცხოვრობს 67,8 მლნ მამაკაცი, მთელი მოსახლეობის 46%, რომელთა შორის 51,9 მილიონი 18-დან 70 წლამდე ასაკისაა.

მეტი აჩვენე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, თავიდან იგეგმებოდა გაწვევის ასაკის ქვედა ზღვრის გაზრდაც 18-დან 21 წლამდე, რათა - როგორც დუმის კიდევ ერთმა დეპუტატმა იური შვიტკინმა განაცხადა, - ჯარის რიგები შევსებულიყო ზრდასრული ადამიანებით.

„ამ ასაკისთვის მოქალაქეები მოასწრებენ განათლების მიღებასა და სპეციალობის დაუფლებას; გაიზრდებიან და დაკაცდებიან, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და გაზრდის რუსეთის სამხედრო პოტენციალს“, - განაცხადა დეპუტატმა შვიტკინმა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არჩევანი რაოდენობაზე - გასაწვევთა რიცხვის მექანიკურ გაზრდაზე გააკეთა. რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ჟურავლიოვმა განაცხადა, რომ გასაწვევი ასაკის მეტად გაზრდაც შეიძლებოდა - 40 ან სულაც 50 წლამდე.

„რუსეთში ყველამ უნდა იმსახუროს ჯარში. სწორედ ისინი, ვინც "ასაკიანად“ ითვლება, კარგად იცავენ ფრონტის ხაზს, სწორედ ისინი აკავებენ უკრაინის კონტრშეტევას. იმედი მაქვს, ზრდასრულ მამაკაცებს კარგად ესმით, რა საფრთხე ემუქრება სამშობლოს, მათ ოჯახებს, ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მისცეს, რათა რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ რეზერვში. რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეს, ჯობია მათ უსაფრთხოებაზე თავად იზრუნო, ვიდრე ეს მისია სხვას მიანდო“, – განაცხადა დეპუტატმა.

ნაწილობრივი მობილიზაცია. სევასტოპოლი, 2022 წლის 27 სექტემბერი.

როგორც ცნობილი რუსი ბლოგერი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, მაიკლ ნაკი ამბობს, არსებითად, ამ ცვლილებით, ომის მანქანა იღებს დამატებით 3-წლიან კონტროლს კაცებზე. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი ომს მოხმარდება:

„რუსეთის არმიას ძალიან აკლია ჯარისკაცები. 9-10 თვის განმავლობაში არ ხდება როტაცია ფრონტზე, ამიტომაც იღებენ სულ უფრო მეტ ისეთ კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, წვევამდელები აქციონ კონტრაქტით დაქირავებულ ჯარისკაცებად“.

მაიკლ ნაკის თქმით, რუსეთის ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში ემზადება ახალი მობილიზაციის გამოსაცხადებლად.

სწორედ მობილიზაცია და წვევამდელთა ასაკის გაზრდა მიაჩნია ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვს „ჭეშმარიტ, არაფრით დაბურულ სიმართლედ“ რუსული დანაკარგების მასშტაბის შესახებ, რომელიც მრავალ ათეულ ათასს აღემატება.

„რუსეთი ყოველთვის თავს ესხმოდა მხოლოდ "სუსტებს და პატარებს". რუსეთის მთელი სამხედრო დიდება მოქსოვილია აულების დაქცევით, სოფლების დაპყრობითა და იურტების გათელვებით. სერიოზული, მსხვილი მოწინააღმდეგეები მას ყოველთვის უმოწყალოდ სცემდნენ და უკან, ხახაში ტენიდნენ მისსავე აგრესიას. რუსეთმა სამარცხვინოდ წააგო ბევრი ომი, რომელიც თავად წამოიწყო. უკრაინაში შეჭრისას კვლავ არასწორად გათვალა, გადაწყვიტა, რომ "კიევს სამ დღეში" აიღებდა. მაგრამ თუ წარსულში მმართველებს ჰყოფნიდათ გამბედაობა და ჭკუა, ეღიარებინათ დამარცხება, პუტინს არც გონება აქვს და არც გამბედაობა. უაზრო და სამარცხვინო ომს გააგრძელებს მანამ, სანამ არ დახარჯავს მთელ ადამიანურ რესურსს“, - ამბობს ალექსანდრ ნევზოროვი.

ალექსანდრ ნევზოროვი

ბევრი მკაფიო ნიშანია იმისა, რომ რუსეთმა შესაძლოა ზაფხულ-შემოდგომის მიჯნაზე მობილიზაციის ახალი ეტაპი გამოაცხადოს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ჯერ შეუძლიათ დაცვითი ზღუდეების შენარჩუნება და მოწინააღმდეგის ძალების შეკავება, მაგრამ ისინი საკმარისია მხოლოდ ფრონტის აქტიურ, 10-20-კილომეტრიანი მონაკვეთების გასამაგრებლად. შესაბამისად, აუცილებელია მობილიზაციის მეორე ტალღა. ამაზე ლაპარაკობენ რუსი პროსამთავრობო ბლოგერები, ექსპერტები და სამხედრო კორესპონდენტებიც. სწორედ ეს არის ახალი კანონის მიღების მიზანი, რის შესახებაც ღიად განაცხადა სახელმწიფო სათათბიროში გამართულ კენჭისყრაზე თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა კარტაპოლოვმა.

როგორც პოლიტოლოგი ანდრეი ნიკულინი შენიშნავს, ახალი კანონი წვევამდელებთან ხანმოკლე კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობას იძლევა, თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტრაქტი ვადის გასვლისთანავე დაკარგავს ძალას.

„კანონპროექტის ახალ რედაქციაში ცალკე წერია, რომ მობილიზაციის პერიოდში წვევამდელებთან მხოლოდ ერთწლიანი ხანმოკლე კონტრაქტების გაფორმებაა შესაძლებელი. ამავდროულად, პარალელურად მოქმედებს პუტინის ბრძანებულება "ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ", რომელიც ყველა კონტრაქტს ფაქტობრივად უვადო კონტრაქტებად აქცევს მობილიზაციის დასრულებამდე. ანუ, თქვენ ხელს აწერთ, მაგალითად, ერთკვირიან დოკუმენტს, მაგრამ ეს კვირა შეიძლება გაგრძელდეს ერთი წელი ან საერთოდ არ დასრულდეს. მთავარია კლანჭი მოგდონ, მერე ყველაფერი ტექნიკის საქმეა. პრინციპში, ეს არის ყველაფერი, რისი ცოდნაც საჭიროა ახალ კანონთან დაკავშირებით. მუშაობს ლოგიკა: რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი ძალაუფლება მათზე“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი.

გაწვევისა და მობილიზაციის ადმინისტრირება

პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანიც დარწმუნებულია, რომ შემოდგომისთვის რუსეთში გამოცხადდება მობილიზაციის ახალი ტალღა, რაც აუცილებელია როტაციისათვის, ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების შეცვლისთვის.

„მიმდინარეობს საკანონმდებლო სამზადისი იმისათვის, რომ მობილიზაციის მომდევნო ტალღა ჩატარდეს გამოვლენილი შეცდომებისა და ხარვეზების გათვალისწინებით. ეს აშკარაა. მიიღეს გაწვევასთან, მობილიზაციასთან დაკავშირებული კანონების მთელი პაკეტი. მოხდა კანონმდებლობის გამკაცრება და მილიტარიზაცია, - ამბობს ეკატერინა შულმანი, - როგორც ჩანს, მობილიზაციის პირველი ტალღის დროს ადმინისტრაციული ორგანოები დიდად არ იწუხებდნენ თავს თავიანთი ნაცნობებისა და ნათესავების შვილების გაწვევით, რამაც შექმნა "საბოტაჟთან დაკავშირებული" მნიშვნელოვანი პრობლემები“.

პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი

28 ივლისს მიღებული ცვლილებებით მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმების მოცულობა გაწვევის ან მობილიზაციის პროცესის შეფერხების გამო:

  • სახელმწიფო სამსახურში მყოფი პასუხისმგებელი პირები - ჯარიმა 60 000 - 80 000 რუბლი (1700 - 2250 ლარი)
  • იურიდიული პირები - ჯარიმა 400 000 - 500 000 რუბლი (11 250 - 14 000 ლარი)

ვინ არიან იურიდიული პირები?

ეკატერინა შულმანის თქმით, იურიდიულ პირებში იგულისხმებიან საწარმოების, ქარხნების, სამედიცინო დაწესებულებების, ინსტიტუტების ხელმძღვანელები:

„საწარმოების ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც თავიანთი თანამშრომლების მობილიზაციაზე, ასევე ე.წ. კონტრაქტნიკების რაოდენობის უზრუნველყოფაზეც. სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირების სიების დროულად არმიწოდება ასევე ითვალისწინებს ფულად ჯარიმას“.

  • გაწვევის დროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის - ჯარიმა 10-20 ათასი რუბლი (280-560 ლარი)
  • სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტების დაკარგვა ან დაზიანება - ჯარიმა 3-5 ათასი რუბლი (100-140 ლარი)
  • თუ მოქალაქე სამხედრო კომისარიატს არ შეატყობინებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ (საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი, სასწავლებლის დასახელება და ა.შ.) - ჯარიმა 5 ათასი რუბლი.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს 2023 წლის შემოდგომისათვის ორი რეესტრის ამოქმედებას:

  • სამხედრო ვალდებულების მქონეთა რეესტრი - ხელისუფლების ორგანოებისთვის
  • უწყებების რეესტრი - მოქალაქეებისათვის

როგორც კი ელექტრონული უწყება გამოჩნდება ინტერნეტში, მოქალაქეს აღარ შეუძლია ქვეყნის ტერიტორიის დატოვება (ადრე მოქმედებდა 7-დღიანი ვადა).

„იმ ადამიანებს, რომლებსაც უწევთ სამსახური რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, რა თქმა უნდა, უნდა აეკრძალოთ რუსეთიდან გასვლა. ეს ელემენტარულია. ძირითადად მოქალაქეები ნორმალური პატრიოტები არიან. მაგრამ ხომ არიან ნაძირალებიც?! სამწუხაროდ, მათი რაოდენობა ორჯერ მეტია“, - ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ვიქტორ სობოლევი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი

რუსეთის მოქალაქეები მობილიზაციის დროს ელექტრონულ გამოძახებასთან ერთად ასევე მიიღებენ ქაღალდით უწყებასაც, რომელზეც იქნება ინფორმაცია როგორც პრეზიდენტის ბრძანებულებაზე, ასევე რეკომენდაციები, თუ რა ნივთებით უნდა გამოცხადდეს მოქალაქე შეკრების პუნქტში.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დმიტრი გუდკოვის თქმით, ყველა ეს ცვლილება აჩვენებს იმას, რომ პუტინის რეჟიმს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი: რაც შეიძლება მეტი გვამი.

„გადაარჩინეთ შვილები ნებისმიერი საშუალებით. რუსეთში მათთვის უახლოესი წლები სასიკვდილოდ სახიფათოა. თუ გაწვევას გადაურჩება, მობილიზაცია მოუსწრებს, მობილიზაციას აარიდებს თავს - სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ“, - ამბობს დმიტრი გუდკოვი, რომელიც ურჩევს მშობლებს, გაარიდონ თავიანთი შვილები ბოტოქსიან ჩიკატილოს.