რუსეთის სახელმწიფო მედია გერმანიაში - ოფიციალურად უღიარებელი საფრთხე

ზუზანე შპანი გერმანელი პოლიტოლოგი, ისტორიკოსი და ჟურნალისტია. ის იკვლევს რუსეთის სახელმწიფო მედიის ქსელს გერმანიაში და მის ზეგავლენას გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ის წუხს, რომ გერმანიის მთავრობა ჯერაც ვერ ახერხებს სახელი დაარქვას რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მოქმედებას გერმანიაში და შეაფასოს ისინი, როგორც საფრთხე. ზუზანე შპანი უკვე 5 წელია აკვირდება და აანალიზებს კრემლის მიერ დაფინანსებული გერმანულენოვანი მედიასაშუალებების მუშაობას.

თავის გამოცდილებას ის რადიო თავისუფლებას უზიარებს:

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის სახელმწიფო მედია გერმანიაში - ოფიციალურად უღიარებელი საფრთხე

რადიო თავისუფლება: საქართველოში ბევრი შეიძლება ფიქრობდეს და ჩემი აზრით, ეს ცოტათი არასწორია, რომ რუსეთის საკითხი ყველაზე მწვავე გამოწვევაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, კონკრეტულად საქართველოში. მართალია ეს? რამდენად სერიოზული გამოწვევაა რუსეთის ზეგავლენა ევროპაში, გერმანიაში?

"რუსეთის მედია გერმანიაში ცდილობს არა მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხებზე (როგორებიცაა უკრაინა, სირია და ა.შ.) უბრალოდ დისკურსის დომინირებას, არამედ ისინი აქტიურად ცდილობენ ჩაერიონ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში."

ზუზანე შპანი: მე ფოკუსირებული ვარ რუსეთის მედიაზე გერმანიაში. უკვე 5 წელია ამ საკითხს ვსწავლობ. ძირითადად ვიკვლევ გერმანულენოვან პროგრამებს: RT-Deutsch-ს და „სპუტნიკს“. უპირველეს ყოვლისა, ვაანალიზებ მეთოდებს, რომლებსაც იყენებენ და მეორე მხრივ, საინტერესოა, რომ რუსეთის მედია გერმანიაში ცდილობს არა მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხებზე (როგორებიცაა უკრაინა, სირია და ა.შ.) უბრალოდ დისკურსის დომინირებას, არამედ ისინი აქტიურად ცდილობენ ჩაერიონ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მე შემიძლია ამის ჩვენება. სხვადასხვა მაგალითი მაქვს შესწავლილი, მაგალითად, ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა და აგრეთვე გერმანიის 2017 წლის ფედერალური არჩევნები.

ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთი ერთი მხრივ ცდილობს ჩვენი მთავრობის დისკრედიტაციას, უპირველეს ყოვლისა - კანცლერ მერკელის დისკრედიტაციას. რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, ისინი ცდილობდნენ გაევრცელებინათ ნარატივები ევროკავშირზე - როგორც ბიუროკრატიულ მონსტრზე, რომელიც სრულიად არაეფექტიანია. ცდილობდნენ გაევრცელებინათ ჭორები, რომ ის მალე დაიშლება და რომ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებდათ ევროკავშირი, არ მიდიოდნენ არჩევნებზე, ეს არ იყო საინტერესო მათთვის. ერთი მხრივ, იყო ეს სრულიად ნეგატიური გაშუქება. აგრეთვე მთავარი საკითხია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ დამოკიდებულება: თუკი ის დადებითია, დადებითად აისახება და თუ უარყოფითია, უარყოფითად შუქდება და იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „რუსოფობიული“ ანდა „ცივი ომის დამქაშები“.

"AFD-ს დღის წესრიგი ძალიან ახლოს არის რუსულ ნარატივებთან. უპირველესად, ისინი მხარს უჭერენ პრორუსულ ნარატივებს, მაგალითად, ყირიმის ანექსიაზე და მათ აგრეთვე აქვთ ეს ანტიმიგრანტული დღის წესრიგი."

ასე რომ, ერთი მხრივ არის ასეთი ნეგატიური გაშუქება, მეორე მხრივ კი საინტერესოა იმაზე დაკვირვება, რომ რუსეთის მედია მკაფიოდ უჭერს მხარს მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებს გერმანიაში და მთლიანად ევროპაში. ჩვენ ეს ანალიზი გავაკეთეთ გერმანიის 2017 წლის ფედერალურ არჩევნებზე მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. მოვამზადეთ გრაფიკები, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მედია მხარს უჭერს მემარჯვენე პარტიას AFD და მემარცხენე პარტიას Die Linke. შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ისინი ცდილობდნენ ჩვენს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას AFD-ს პროპაგანდის გაძლიერებით. ამის მიზეზი, რასაკვირველია, არის ის, რომ AFD-ს დღის წესრიგი ძალიან ახლოს არის რუსულ ნარატივებთან. უპირველესად, ისინი მხარს უჭერენ პრორუსულ ნარატივებს, მაგალითად, ყირიმის ანექსიაზე და მათ აგრეთვე აქვთ ეს ანტიმიგრანტული დღის წესრიგი. შეამჩნევთ ამგვარი კონტენტის სიჭარბეს და ამიტომ უჭერენ მაგალითად AFD-ს მხარს.

რადიო თავისუფლება: ერთი საკითხია რის გაკეთებას და როგორ ცდილობს რუსეთი. მეორე საკითხია როგორ მუშაობს ეს? ეფექტიანია, თუ არა მისი მოქმედება გერმანიაში, გერმანულ საზოგადოებაში? არის, თუ არა ეს გაზომვადი?

ზუზანე შპანი: რთულია ზეგავლენის გაზომვა.

რადიო თავისუფლება: მესმის, ბოდიში ასეთი კითხვის დასმისთვის.

ზუზანე შპანი: მე შევეცადე მომხმარებლების შესახებ სტატისტიკა მომეძიებინა, რომელიც აჩვენებს, რომ RT Deutsch-სა და „სპუტნიკს“ ჰყავთ 245 ათასი მომხმარებელი დღეში. რაც შეეხება ფეისბუკის მიმდევრებს, ნახავთ, რომ „სპუტნიკს“ ჰყავს დაახლოებით 200 ათასი მიმდევარი, RT Deutsch-ს კი 410 ათასი მიმდევარი. RT Deutsch-ს გერმანულენოვანი პროგრამა საკმაოდ დინამიურად ვითარდება. ბოლოდროიდელი განვითარება გასული წლის არის სოციალური მედიის სექტორში.

"იქ 90% არის გასართობი პროდუქცია და 10% პოლიტიკური გზავნილები. ისინი იგივეა, რაც RT Deutsch-სა და Sputnik-ზე."

RT-ს შვილობილმა ვიდეოკომპანიამ Ruptly TV-მ დააარსა ორი კომპანია - Red Fish და Mafic Media და ისინი ამუშავებენ სოციალურ მედია-არხს In the Now, Backthen და Waste-Ed. მათი მიზანია მიწვდნენ ახალგაზრდა აუდიტორიას გერმანიაში. მაგალითად In the Now-ში ისინი აჩვენებენ სკანდალურ ვიდეოებს, გასართობ პროდუქციას. სტრატეგია ასეთია - შემთხვევით აჩვენონ პოლიტიკური გზავნილი. იქ 90% არის გასართობი პროდუქცია და 10% პოლიტიკური გზავნილები. ისინი იგივეა, რაც RT Deutsch-სა და Sputnik-ზე. ეს ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, რადგან პირველ ყოვლისა, არავინ იცის, რომ ეს არის რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები, რადგან ეს არ არის მითითებული და გასართობი გადაცემების ჩვენება არის ძალიან მომგებიანი. მაგალითად, არხს In the Now აქვთ 3.8 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ეს ძალიან კარგი დონეა.

რადიო თავისუფლება: არ არის ურიგო - ვგულისხმობ, რუსეთის კვალობაზე.

ზუზანე შპანი: დიახ და განსაკუთრებით, თუ შევადარებთ ჩვენს გერმანულ ტრადიციულ მედიას. განსაკუთრებით In the Now-ს წარმატებაა შთამბეჭდავი.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა იმუშავებდა ეფექტიანად ამ ყველაფრის წინააღმდეგ? შეიძლება უბრალოდ აკრძალოთ რუსეთის მიერ დაფინანსებული არხები.

"განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატიული პარტია კვლავაც ატარებს დათბობის (détente) პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მათ ურჩევნიათ შეინარჩუნონ დიალოგი რუსეთთან."

ზუზანე შპანი: ეს ასევე რთული საკითხია, რომელზეც მსჯელობენ ახლა გერმანიაში - როგორ ვუპასუხოთ ამ საფრთხეს? ჩვენ ამ არხებს არ ავკრძალავთ, რადგან, რა თქმა უნდა, გვაქვს პრესისა და გამოხატვის თავისუფლება. ასე რომ, მათ შეუძლიათ იმუშაონ გერმანიაში, როგორც სურთ, თუკი არ ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას, მაგრამ, რა თქმა უნდა, საზოგადოება და არასამთავრობოები მსჯელობენ როგორ უპასუხონ ამ საფრთხეს. სამწუხაროდ, ამაზე არ არის კონსენსუსი. რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, მათთვის ჯერაც პრობლემაა ოფიციალურად აღიარონ ეს საფრთხე.

ჩემი აზრით, ისინი არჩევენ გაჩუმებას, რადგან იცით, ჩვენ გვაქვს დიდი კოალიცია, რომელშიც გაერთიანებული არიან ქრისტიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიები და განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატიული პარტია კვლავაც ატარებს დათბობის (détente) პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მათ ურჩევნიათ შეინარჩუნონ დიალოგი რუსეთთან. მაგალითად, ევროპარლამენტის არჩევნების წინ სოციალ-დემოკრატების მთავარმა კანდიდატმა ქალბატონმა ბარლიმ RT Deutsch-ს ექსკლუზიური ინტერვიუც კი მისცა. ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ დიალოგი, გვსურს გავაუმჯობესოთ რუსეთთან ურთიერთობა. როცა ღიად არ აღიარებ საფრთხეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია, უპასუხო მას. სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს არანაირი სტრატეგია ამ საფრთხის წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ეს დამაზიანებელია დღეს, მყისიერად?

ზუზანე შპანი: რა თქმა უნდა, რადგან გერმანიას რაც შეეხება, ამას მე თვითონ ვსწავლობ და შემიძლია განახოთ გრაფიკებით - როგორ ცდილობს რუსეთი ზეგავლენის მოხდენას ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იქ ამ საკითხს სხვა ინსტიტუტები იკვლევენ და რა თქმა უნდა, არის მტკიცებულება, რომ რუსეთი აგრეთვე შეეცადა ზეგავლენა მოეხდინა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებზე, ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმზე და რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა მთელს ევროპაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საფრთხეს გაეცეს პასუხი. ევროკავშირს ჰქონდა რეაქცია - მათ წამოიწყეს პროგრამა ბრიუსელში ამ ინფორმაციის გამოსააშკარავებლად, თუმცა ამას მცირე მასშტაბი აქვს და ძირითადად ექსპერტებისთვის არის, წასაკითხად.

რადიო თავისუფლება: სამწუხაროდ, ასეა. ბრძანეთ, რომ ამ კონკრეტულ გამოკვლევაზე დახარჯეთ უკვე 5 წელი. რა გაიძულებთ გაგრძელებას? რა გაფიქრებინებთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და ხარჯავთ თქვენს დროსა და ენერგიას ამაზე?

"ხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს საინფორმაციო ომს. ეს ტერმინი მე არ მომიგონებია. ეს წერია რუსეთის კონცეფციაში."

ზუზანე შპანი: დასაწყისში ჩვენ მხოლოდ გვაინტერესებდა როგორ ზეგავლენას ახდენდა გერმანიაში საჯარო დისკუსიაზე ზოგიერთი ნარატივი უკრაინის შესახებ. იყო სტერეოტიპები, როგორიცაა - უკრაინა არ არის ნამდვილი სახელმწიფო, უკრაინის სათავეში ფაშისტები მოვიდნენ და ა.შ.. ჩვენ გვაინტერესებდა როგორ და საიდან მოდიოდა ეს სტერეოტიპები. გერმანიის ერთმა ცნობილმა პოლიტიკურმა ფონდმა შემიკვეთა გამოკვლევა ამ საკითხზე. დასაწყისში გავაანალიზე რუსეთის მედიის ქსელი გერმანიაში. ისინი არ მოქმედებენ მარტოები - ჰყავთ კოროპორატიული პარტნიორები. რა თქმა უნდა, გავაანალიზე ყველა ეს ნარატივი უკრაინაზე და როგორ ვრცელდება ისინი გერმანიაში. ასეთი იყო დასაწყისი.

ვფიქრობ, საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან, ხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს საინფორმაციო ომს. ეს ტერმინი მე არ მომიგონებია. ეს წერია რუსეთის კონცეფციაში. მე წავიკითხე რუსული კონცენფციები. მაგალითად, სამხედრო თეორეტიკოსმა ანატოლი სტრელცოვმა განავითარა ეს კონცეფცია - როგორ უნდა აწარმოო საინფორმაციო ომი: ის მოიცავს საინფორმაციო დონეს - მასმედიამ უნდა მოახდინოს ზეგავლენა სხვა ქვეყნებში; მოიცავს აგრეთვე ტექნიკურ დონეს - აღნიშნულია კიბერთავდასხმების შესახებაც.

ვფიქრობ, ეს საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან როცა უყურებ მოვლენათა განვითარებას ევროპაში - გვქონდა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რეფერენდუმი ბრექსიტზე, რეფერeნდუმი კატალონიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი გერმანული არჩევნები, იყო სკრიპალების საქმე. სულ ახალ-ახალი პროცესები ვითარდება და ვფიქრობ, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს საკითხი, რომელსაც უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ან შესაძლებელი იქნება ევროპის ქვეყნებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, მათმა მთავრობებმა გააერთიანონ ძალისხმევა ამ საინფორმაციო ომის წინააღმდეგ?

"ხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს საინფორმაციო ომს. ეს ტერმინი მე არ მომიგონებია. ეს წერია რუსეთის კონცეფციაში."

ზუზანე შპანი: ვფიქრობ, ეს საკმაოდ რთულია, რადგან როგორც გამოვიკვლიე ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთის მედია მხარს უჭერს მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებს და ეს არ არის მხოლოდ მედიის დონეზე, არამედ პოლიტიკური ურთიერთობების დონეზე. კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთის ხელისუფლებას კარგი ურთიერთობები აქვს მემარჯვენე-პოპულისტურ მთავრობებთან ევროპაში - როგორიც არის უნგრეთი და ბატონი ორბანი; იტალიაში ბატონი სალვინი არის ცნობილი, როგორც პუტინის ლიდერობის მომხრე.

ვფიქრობ, საკმაოდ რთულია გაერთიანება, რადგან არ არის საერთო პოზიცია ამ საკითხზე. შორს ვართ ერთიანობისგან. ვთვლი, რომ ჩვენმა მთავრობამ უნდა აღიაროს საფრთხე საკმარისად ნათლად და გულწრფელად. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ღიად განაცხადა, რომ RT და „სპუტნიკი“ პროპაგანდის იარაღებია, რითაც რუსეთი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს საფრანგეთის პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ის კარგად მოიქცა და ჩვენმა მთავრობამაც იგივე უნდა გააკეთოს.

რადიო თავისუფლება: სურათი, რომელსაც თქვენ ხატავთ, მე და, ვფიქრობ, ბევრ ადამიანს, ვინც ამ ინტერვიუს ნახავს, ოპტიმიზმს არ უნერგავს, მაგრამ მაინც - სად არის იმედი? პირადად თქვენ, რისი იმედი გაქვთ?

ზუზანე შპანი: პირადად ჩემი იმედი ემყარება...

რადიო თავისუფლება: მუშაობის გაგრძელებას?

ზუზანე შპანი: მუშაობის გაგრძელებას, ამ ინფორმაციის ქმედითად გამოყენებას და ვფიქრობ, უნდა გავაუმჯობესოთ მედიაწიგნიერება და პოლიტიკურ განათლება გერმანიაში. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი ძალიან აქტიურები არიან სოციალურ მედიაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მედიაწიგნიერების გაუმჯობესება. ამის გაკეთება შეიძლება სკოლებში, ან პროექტების სახით. ვფიქრობ, ეს პრობლემაა, რადგან ახალგაზრდები კითხულობენ ვებსაიტებს და ხშირად იჯერებენ, რასაც კითხულობენ და ძალიან მნიშვნელოვანია მივცეთ მათ ცოდნა, როგორ ამოიცნონ მანიპულაციები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან და სხვებთან მიმართებითაც გერმანიაში.