უდენობამ შეაწუხა კრასნოდარის მხარე, დაღესტანი, როსტოვის ოლქი, სტავროპოლის მხარე და სამხრეთ რუსეთის ბევრი დიდი ქალაქი. ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი შეიქმნა ანექსირებულ ყირიმშიც. ანაპასა და ალუშტაში უკმაყოფილო მოსახლეობამ გზები გადაკეტა.
რუსეთის სამხრეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა თავი იჩინა 16 ივლისს, როდესაც როსტოვის ატომურ ელექტროსადგურში გაითიშა პირველი ენერგობლოკი, რამაც გამოიწვია დენის მიწოდების შეფერხება ერთდროულად რუსეთის შვიდ რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიული გამორთვის შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ბლოკიც ხელახლა გაეშვა, 16 ივლისს დაწყებული პრობლემები დღემდე არ აღმოფხვრილა. როგორც რუსული მედია იუწყება, კრასნოდარის საცხოვრებელ კორპუსებს, რომელთა ნაწილში 540-600 ბინაა, დღე-ღამის განმავლობაში 12-15 საათით არ მიეწოდება დენი. კომუნალური სამსახურები პერიოდულად რთავენ სათადარიგო ტრანსფორმატორებს, რის შემდეგაც საცხოვრებელ კორპუსებს შუქი ან წყალი მხოლოდ 30-40 წუთის განმავლობაში მიეწოდება.
ტელეგრამარხი „Временное правительство 2.0“ („დროებითი მთავრობა 2.0“) წერს, რომ დროა კაპიტალურ რემონტზე გავიდეს რუსეთი, რადგან მისი სამხრეთი რეგიონები კვლავ იტანჯებიან ელექტროენერგიის უკმარისობის გამო.
„როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე 16 ივლისს მოხდა ავარია, მაგრამ მისი შედეგების აღმოფხვრა დღემდე ვერ მოხერხდა, პლუს ამას გამანაწილებელი ქსლის ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო შექმნილი პრობლემები“, - წერს არხი, რომელიც იქვე ჩამოთვლის რუსეთის დაზარალებულ რეგიონებს:
- შუქი არ არის დაღესტანში
- დროებითი შეფერხებები როსტოვის ოლქში
- დროებითი შეზღუდვები სტავროპოლში
- ელექტრომომარაგება გამორთულია კრასნოდარში, ნოვოროსიისკსა და იალტაში
- ავარიული გამორთვა ადიღეში
- იძულებითი ენერგიის დაზოგვა ყირიმში.
„ეს ყველაფერი ჰგავს კარმულ პასუხს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებაზე. ამასთან, საგულისხმოა, რომ არ ყოფილა მასობრივი თავდასხმები რუსეთის ენერგოსისტემაზე - ის როგორღაც თავისით დაინგრა, მადლობა რუსეთის ელექტროქსელებს, ქრონიკულად დაუფინანსებელ საბინაო და კომუნალურ მომსახურებას და ერთიან მმართველობით იდიოტიზმს“, - წერს Telegram-არხი.
ანაპა, სტავროპოლი, კრასნოდარი, იალტა, ესენტუკი, როსტოვი... - როგორც გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, ავარიებისა და დაგეგმილი გათიშვის გეოგრაფია ფართოვდება და მოიცავს რუსეთის თითქმის მთელ სამხრეთს.
„სიცხის პიკზე ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ტაფაზე იწვი. გამორთვა ძირითადად რაიონების მიხედვით ხდება. მაგალითად, ჩვენი რაიონი გათიშული იყო ორი საათის განმავლობაში, ჩემი დის - საღამოს ათიდან დღის ორამდე. კოისუგში კი, ეს არის ბატაისკის რაიონი, ერთი დღე-ღამით გამორთეს. ადამიანები კონდიციონერებისა და მაცივრების გარეშე იყვნენ ჯოჯოხეთურ 40-გრადუსიან სიცხეში“, - ეუბნება გამოცემას ბატაისკის მკვიდრი იულია.
კრასნოდარში ხალხმა ქუჩები გადაკეტა. ქალაქის მერმა ევგენი ნაუმოვმა აქციის მონაწილეების დამშვიდების მიზნით მათი ბედის გაზიარება გადაწყვიტა:
„აქედან არ წავალ. მმართველ კომპანიასთან ერთად ვისხდებით თქვენთან ერთად. თუ გინდათ, ხელბორკილებით მიმაბით ბოძზე, თუ ეს დაგამშვიდებთ“.
ბიზნესი ცდილობს თავს უშველოს დიზელის გენერატორებით, რომლებიც გადაუდებლად სჭირდებათ მაღაზიებს, სადაც პროდუქტები სწრაფად ფუჭდება და სასტუმროებს, რომლებიც სავსეა დამსვენებლებით. „გენერატორებზე მოთხოვნა დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა“, - წერს „კომერსანტი“.
„დიდ ობიექტებს აქვთ გენერატორები, მაგრამ ჰოსტელებისა და პატარა სასტუმროების მფლობელებს ახლა დიდი პრობლემები აქვთ, - ეუბნება "კომერსანტს" ვლადიმირ ივანოვი, ანაპა-სოჭის მცირე სასტუმროების ქსელის დირექტორი, - ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფაა. ანუ გენერატორები აქვთ, მაგრამ იმდენად დაბალი სიმძლავრის, რომ თითო ნათურასაც კი ძლივს ანთებენ. ასეთი პატარა გენერატორით ვერ ამუშავებთ ვერც წყლის ტუმბოს, ვერც კონდიციონერს, ვერც ელექტროჩაიდანსა და ვერც ვერაფერს. მოკლედ, კატასტროფაა“.
როგორც „როსიისკაია გაზეტა“ იტყობინება, რუსეთის სამხრეთის ენერგოსისტემამ ცოტა ხნის წინ დაამყარა ენერგიის მოხმარების ახალი რეკორდი - 20,954 მეგავატი, რაც 4 მეგავატით მეტია წინა ისტორიულ მაქსიმალურ მოხმარებაზე, რომელიც დაფიქსირდა 2024 წლის 13 იანვარს.
„არანორმალურად ცხელი ზაფხული და 40-გრადუსიანი სიცხე აიძულებს მოსახლეობას ჩართოს გამაგრილებელი სისტემები, რაც მხოლოდ ზრდის ქსელების დატვირთვას. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონტროლზე აიყვანა სიტუაცია სამხრეთში მომხდარი blackout-ის შემდეგ“, - წერს რუსული გამოცემა, რომელიც ციტირებს ყუბანის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის მიერ თავის ტელეგრამარხზე გაკეთებულ განცხადებას:
„უკვე ერთი კვირაა, რაც კრასნოდარის რეგიონში არანორმალური სიცხეა. ენერგოსისტემა კოლოსალური დატვირთვით მუშაობს. მესმის მოსახლეობის აღშფოთება ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, მაგრამ არსებობს ობიექტური მიზეზებიც - არსებული სიმძლავრეების ნაკლებობა პიკური დატვირთვის პერიოდებში, მაგრამ ასევე არსებობს ფაქტორი, რომელზეც რეგიონს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს: რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია როსტოვის ატომური ელექტროსადგურის მუშაობაზე. ვიმყოფები მუდმივ კონტაქტზე ენერგეტიკოსებთან, რათა სწრაფი რეაგირების ეკიპაჟებმა რაც შეიძლება მალე აღმოფხვრან ავარიები".
ჟურნალისტი დმიტრი კოლეზევი მიიჩნევს, რომ რუსეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესები მეტ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ისინი დიდი ნეგატიური მუხტის მატარებლები არიან.
„ზოგადად მიღებულია, რომ რევოლუციები ხდება დედაქალაქებში. აქედან გამომდინარე, კეთდება არასწორი დასკვნა, რომ რეგიონებში მიმდინარე მოვლენები არ იმსახურებს დიდ ყურადღებას, რადგან რეჟიმისთვის კრიტიკული მოვლენები მხოლოდ მოსკოვში შეიძლება მოხდეს. თუმცა, სინამდვილეში, რუსეთში რეგიონული დღის წესრიგი ყოველთვის იყო და ახლაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. საბჭოთა კავშირის დასასრული სწორედ რეგიონებით, „ეროვნული პერიფერიებით“ დაიწყო. ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, სახელმწიფოს არსებობის არსი დიდწილად მოდის უზარმაზარ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნების მცდელობაზე. საუბარია ტერიტორიებზე, რომელთაგან ბევრი მდებარეობს დედაქალაქიდან ათასობით კილომეტრში“, - დაწერა კოლიზევმა თავის Telegram-არხზე.
აბას გალიამოვის, პოლიტოლოგისა და პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერის დაკვირვებითაც, რუსეთის განაპირა რეგიონებში ხალხი ზამთარში, როგორც წესი, იყინება და ცხელი წყლის გარეშე ცხოვრობს, ზაფხულში კი სიცხისგან იწვის, ამის მიზეზი კი, დიდწილად, რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომია.
„სულ უფრო მეტი ფული იხარჯება ომზე და სულ უფრო ნაკლები რჩება მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. ეს ნიშნავს, რომ საბინაო და კომუნალურ მომსახურებაში კაპიტალის ინვესტიციები კვლავ და კვლავ შემცირდება, - წერს აბას გალიამოვი Telegram-არხზე, - ასეთ ვითარებაში სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ "კომუნალური რევოლუცია": ხალხის მასობრივი პროტესტი მილების შეკეთებისა და ელექტროქსელებში ინვესტიციების მოზიდვის მოთხოვნით. ამ ხალხს ომისა და არჩევნების გაყალბების გაპროტესტების ეშინია, როგორღაც მიაჩნია, რომ „სხვისას“ ეპოტინება, ისეთ რამეს, რაც პუტინს ეკუთვნის. ინფრასტრუქტურის კოლაფსის შემთხვევაში კი ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა. აქ ხალხი თავისას იცავს. აქ ის აბსოლუტურად გულწრფელადაა აღშფოთებული. სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ 1917 წლის თებერვლის რევოლუცია დაიწყო იმის გამო, რომ მოსახლეობა გადაიღალა ომით, მაგრამ ფორმალური მიზეზი პეტროგრადისთვის პურის მიწოდების დროებითი შეფერხებები იყო“.
რამდენად საიმედოა როსტოვის ატომური ელექტროსადგური?
როსტოვის ატომური ელექტროსადგური - მდებარეობს როსტოვის ოლქის ქალაქ ვოლგოდონსკიდან 16 კილომეტრში, ციმლიანსკის წყალსაცავთან. სადგურის ოთხი მოქმედი ენერგობლოკის ჯამური სიმძლავრე 4071 მეგავატია. I ენერგობლოკი ექსპლუატაციაში შევიდა 2001 წელს, ბოლო, IV კი - 2018 წელს. 2024 წლის 16 ივლისს გაითიშა სადგურის პირველი ენერგობლოკი, რომელიც ყველაზე ძველია. სახელმწიფო კორპორაცია „როსატომში“ განაცხადეს, რომ გაჩერების მიზეზი იყო „გენერატორის დაცვის სისტემის ცრუ რეაგირება“.
როსტოვის ატომური სადგური დენით ამარაგებს სამხრეთ რუსეთის და ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქებს, ასევე უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს. 2024 წლის ზაფხულში გახშირდა შეფერხებები დენის მიწოდებაში, მათ შორის ანომალიური სიცხეების გამო. სპეციალისტების ვარაუდით, როსტოვის ატომური სადგურის გაჩერების მიზეზი შეიძლება იყოს ანექსირებული ტერიტორიებისათვის დენის მიწოდება. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს კორუფციას მშენებლობის დროს.
„როსტოვის ატომური სადგური, ისევე როგორც ატომური ენერგეტიკის ყველა სხვა ობიექტი, აშენებულია კორუფციულ სისტემაში და წარმოადგენს დიდ საფრთხეს. ჯერ კიდევ 2011 წელს ვწერდი უსაფრთხოების მექანიზმების ხარვეზით მუშაობის შესახებ“, - უთხრა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ რედაქციას როსტოველმა ჟურნალისტმა სერგეი რეზნიკმა.
2021 წელს ავარიულად გამოირთო სადგურის მეორე ენერგობლოკი (მედია წერდა, რომ ორთქლის გაჟონვის გამო). მოგვიანებით როსპოტრებნადზორმა განაცხადა, რომ მოხდა რადიაციული ავარია, თუმცა არ დაუზუსტებია შედეგების დეტალები. 16 ივლისის გათიშვის კომენტირებისას, როსატომში თქვეს, რომ სადგურის მახლობლად რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.
ყირიმი - რუსული ენერგეტიკის დაუძლეველი ტვირთი
ელექტროენერგიის უკმარისობის გამო სამშენებლო და სამრეწველო საწარმოები ჩერდება ანექსირებულ ყირიმში, სადაც თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში ღამით ითიშება გარეგანათება. ნახევარკუნძულის რამდენიმე ქალაქი და რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 16 ივლისს, როცა ავარიულად გაითიშა როსტოვის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ენერგობლოკი. სწორედ როსტოვის ატომური ელექტროსადგურიდან მარაგდება ყირიმი რუსული ანექსიის პირობებში.
საკურორტო ქალაქ იალტაში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით გამორთეს რუსეთის ადმინისტრაციის შენობის განათება.
”ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ კონდიციონერების გამოყენებაზე“, - განაცხადა იალტის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იანინა პავლენკომ, რომელმაც თავის ტელეგრამარხზე „რომანტიკულ გარემოში“ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და მოუწოდა მოქალაქეებს, მიბაძონ მას და ელექტროენერგიის გათიშვა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისა და ოჯახზე საუბრისთვის გამოიყენონ.
ჩაბნელებული სევასტოპოლის ვიდეო რუსულმა ტელეგრამის არხმა "Mash on the Wave"-მა აჩვენა და მძღოლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.
როგორც რადიო თავისუფლების პროექტის Crym.Realii-ის რედაქცია წერს, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით გამორთულია დიდი საწარმოები და სავაჭრო ცენტრები.
„მიღებულია გადაწყვეტილება: საჭიროების შემთხვევაში რიგ-რიგობით გამოირთოს განათება სავაჭრო ცენტრებსა და სხვა მსხვილ საწარმოებში. ახლა დენი გამორთულია სავაჭრო ცენტრ Sea Mall-ში, რიგში დგას „Musson“-ი. ასევე შეზღუდულია დიდი სამშენებლო უბნების ენერგომომარაგება. შემდგომი გათიშვის შესახებ მეწარმეებს ინდივიდუალურად ეცნობებოდა. ვთხოვ ბიზნესს, გაგებით მოეკიდონ ამ ნაბიჯს. ეს არის იძულებითი ღონისძიება“, - განაცხადა სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ევგენი გორლოვმა.
ყირიმის საწარმოებისთვის ელექტროენერგიის გათიშვა დაადასტურა რეგიონის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმაც, რომლის თქმით, დენი გამორთულია კომერციული საწარმოებში, რათა ელექტროენერგია მიეწოდოს საცხოვრებელ კვარტლებს.
„ველით, რომ სიტუაცია რამდენიმე დღეში სტაბილური გახდება“, - განაცხადა მან.
რუსეთის ფედერაციის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ოპერატორი ამბობს, რომ როსტოვის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ენერგობლოკის გათიშვის შემდეგ, დენის მიწოდება შეფერხებებით მიმდინარეობს ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ელექტროსადგურებში ავარიების ზოგადი მაღალი დონის გამო.
„სამწუხაროდ, დაძაბული ვითარება ნარჩუნდება რუსეთის სამხრეთში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. არანორმალური ტემპერატურის ფონზე, ძალიან ძნელია გაუძლო ავარიულ გამორთვას, როგორც ეს მოხდა როსტოვის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ბლოკში. სისტემური ოპერატორის მთავარი ამოცანაა, უკიდურესად მაღალი მოხმარებისა და გენერაციის ობიექტების ავარიული გამორთვების ფონზე, თავიდან აიცილოს სისტემური ავარიების განვითარება და, შედეგად, ელექტროენერგიის მომხმარებელთა უკონტროლო მასობრივი გამორთვა“, - განაცხადა სერგეი პავლუშკომ, „რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემების“ სამმართველოს უფროსის პირველმა მოადგილემ.
ექსპერტთა საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ სამხრეთ რუსეთსა და ყირიმში დენის მასობრივი გათიშვები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგია. უკრაინაში მოქმედი ორგანიზაციის გლობალური კვლევების ცენტრის, „სტრატეგია XXI“-ის პრეზიდენტის, ენერგოუსაფრთხოების ექსპერტის, მიხაილ გონჩარის თქმით, სამხრეთ რუსეთის ენერგეტიკული სისტემა ომამდეც პრობლემური, დეფიციტური იყო, ომის შემდეგ კი პრობლემებს დაემატა უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიში ქვესადგურებზე. თუმცა რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, საჯაროდ არ ილაპარაკებს ამაზე, - ეუბნება მიხაილ გონჩარი Crym.Realii-ს.
უკრაინელი ექსპერტის ვერსიას ადასტურებს რუსული ტელეგრამარხი „Кремлевская табакерка“ ("კრემლის სათუთუნე"), რომლის თქმითაც, უახლოეს მომავალში ენერგორესურსების დეფიციტი შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს, განსაკუთრებით ყირიმში:
„ელექტროენერგიის გათიშვა, რომელიც უკვე ხდება მთელ რიგ რეგიონებში, შესაძლოა უფრო გამწვავდეს. ყველაზე რთული პრობლემები შეიძლება შეიქმნას ყირიმში, სევასტოპოლში, როსტოვში, კურსკში, ბრიანსკში, ბელგოროდის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ამინდი, მტრის თავდასხმები, ტექნიკის ცვეთა, ამის შესახებ გველაპარაკა წყარო რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროდან, რომლის თქმითაც, სრული გათიშვა-ჩაბნელება არ იქნება, თუმცა შესაძლოა გახშირდეს გამორთვები“.
ყირიმში ელექტროენერგიის მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ პირველი გაფრთხილება ჯერ კიდევ 2021 წელს გაისმა. საქმე ის არის, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რეგიონის მოსახლეობა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რუსეთიდან ჩასახლებული ადამიანების ხარჯზე, სულ ცოტა, 800 ათასი ადამიანით გაიზარდა.