ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის შეყვანას და მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა მრავალი წელია ძლიერდება, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. მოსკოვი მუდმივად აახლებს სამხედრო ბაზებს, ამატებს საგუშაგო და ე.წ. სასაზღვრო პოსტებს, ატარებს სამხედრო წვრთნებს.
უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე საზღვაო ფლოტი არ ჰყავდა. შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის მთავარი ბაზები ანექსირებულ ყირიმსა (უკრაინა) და კრასნოდარის მხარეში (რუსეთი) იყო განთავსებული. პირველი ცნობა ოჩამჩირის პორტში (საქართველო) რუსული სამხედრო გემების გამოჩენის შესახებ 2009 წელს გვხვდება. რუსული წყაროები მაშინ იუწყებოდნენ, რომ საპატრულო გემი “ნოვოროსიისკი” პირველი იქნებოდა იმ 10 სამხედრო ხომალდიდან, რომელიც ოჩამჩირის პორტში განთავსდებოდა. ბოლოს მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის პორტში აფხაზეთის “დამოუკიდებლობის დღის” საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის 2023 წლის 29 სექტემბერს გამოჩნდა.
5 ოქტომბერს კი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რუსულ გაზეთ იზვესტიას უთხრა: „ჩვენს საზეიმო ღონისძიებაზე [30 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ომში გამარჯვების 30 წლისთავი აღნიშნეს. რედ.] ჩვენთან მცირე სარაკეტო ხომალდი შემოვიდა, ვიყავით ბორტზე - ძალიან თანამედროვე გემია, სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივმოქმედი განთავსების პუნქტი“, - თქვა ბჟანიამ.
მას შემდეგ, რაც უკრაინული რაკეტები და დრონები ყირიმის რუსულ სამხედრო ბაზებს მისწვდა, რუსეთს სევასტოპოლიდან ფლოტის შედარებით უსაფრთხო ადგილას გაყვანა სჭირდება. ასეთი ადგილი ორია - ნოვოროსიისკის პორტი და ოჩამჩირის ყურე.
ოჩამჩირეში რუსული ფლოტის შეყვანა რამდენიმე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოქმნის, - დარწმუნებული არიან ექსპერტები; საფრთხეებს შორის დასახელებულია უკრაინის უფლება, დაარტყას რუსულ გემებს და საქართველოს სურვილი, განავითაროს ანაკლიის პორტი.
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ რუსეთის სურვილი, ოჩამჩირეში განათავსოს სამხედრო ფლოტის ნაწილი, ოკუპაციის შედეგია, და არაფერი ახალი და განსაკუთრებულად საგანგაშო არ ხდება. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს მესამე რუსული სამხედრო ბაზა იქნება საქართველოს ტერიტორიაზე.
რადიო თავისუფლება ღია წყაროების, სატელიტური ფოტოებისა და შეიარაღების სპეციალიტების დახმარებით შეეცადა კიდევ ერთხელ გადაეხედა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის და დაენახა, როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში რუსეთის სამხედრო ნაწილების განლაგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში დღეისათვის მართლაც ორი რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული - მე-7 და მე-4. როდესაც ოჩამჩირის სამხედრო პორტი განახლდება, ისიც სავარაუდოდ აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზის ნაწილი გახდება, მაგრამ ამ ორი ბაზის მხარდამჭერ სამხედრო და სადაზვერვო ინფრასტრუქტურას სრულად აქვს დაფარული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები.
გარდა სრულად სამხედრო ბაზებისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, როგორც სამხრეთ ოსეთთან, ისე აფხაზეთში, რუსული უშიშროების ფედერალური სამსახურის, ეფესბეს, სულ მცირე, 32 სამხედრო პუნქტია განლაგებული (20 ცხინვალის რეგიონში, 12 აფხაზეთში). მათი უმეტესობა 2009-2012 წლებში აშენდა. ბაზების ფუნქცია, გარდა სადაზვერვო საქმიანობისა, ე.წ. საზღვრის მარკირება, კონტროლი და “საზღვრის დამრღვევი” ადამიანების დაკავებაა. ამ ბაზებზე ცხინვალში დაახლოებით 1200 და აფხაზეთში 1300 რუსი მესაზღვრეა დასაქმებული.
ეფესბეს ბაზების ნაწილის დანახვა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიდან შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად არის შესაძლებელი. ნაწილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან დაინახავთ. 2019 წელს საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, "ამნესტი ინტერნეიშენალმა" ამ სამხედრო პუნქტებს “საზღვრის დაცვის მილიტარიზებული ბაზები” უწოდა.
სამხედრო ბაზების გარდა, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში ბოლო წლებში სპეციალურად რუსი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისთვის აშენდა სამხედრო ქალაქები. სხვადასხვა წყაროს დათვლით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათიდან თორმეტ ათასამდე რუსი სამხედრო და მესაზღვრე რეგულარულად იმყოფება. ამ მონაცემებზე გარკვეული გავლენა მოახდინა რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში - პერიოდულად სამხედროების ნაწილი, გარკვეული დროით, უკრაინის ფრონტზეც გადაჰყავთ.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზებისა (მაშინ “საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მანდატის” საფარქვეშ) და მათთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2008 წლის ომამდე, დიდი ხნით ადრე დაიწყო. ომის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6- პუნქტიანი შეთანხმების დარღვევით, მშენებლობის ტემპი გაიზარდა და მოიცვა რუსული არმიის მიერ ომის დროს დაკავებული ტერიტორიებიც - დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ფრონეს ხეობა, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა/ზემო აფხაზეთი.
2009 წლიდან ამოქმედდა რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში და მე-4 სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში. ორივე ბაზა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის. 2009 წლიდანვე ინტენსიურად იწყება ეფესბეს ბაზების მშენებლობა “მესაზღვრეებისთვის”.
„აფხაზეთის ჯარის გეგმური სამწლიანი მოდერნიზაციისთვის 2015 წელს რუსეთმა 5 მილიარდი რუბლი (73,5 მილიონი დოლარი) გამოყო. სამხრეთ ოსეთისთვის 2008-2018 წლებში რუსეთის ფინანსური დახმარების მოცულობამ 60 მილიარდი რუბლი (880 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია მეგობარი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და რუსეთის სამხრეთ საზღვრების გაძლიერებაზე“, - ასე დათვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება sputnik ossetia-მ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე. უკრაინაში ომმა აჩვენა როგორც მთლიანად რუსული არმიის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსული ჯარის ნაწილების დემორალიზების სიღრმე. აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ფრონტზე დაახლოებით 2000 ადგილობრივი სამხედრო წაიყვანეს.
რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა აფხაზეთში
ოჩამჩირის პორტი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო 5 ოქტომბრის განცხადებამდეც. მდინარე ჯუყმურის ყურეში აშენებული ნავსადგური შეზღუდული რაოდენობის საპატრულო კატარღებისა და სატვირთო გემების მისაღებად იყო განკუთვნილი. 2009 წლის ოქტომბერში ყურე 3,8 მეტრიდან 9 მეტრამდე გააღრმავეს. მას შემდეგ პორტში შესვლა შეუძლიათ იმ გემებსაც, რომელთა წყალწყვა 10 ათასი ტონაა; ანუ, შავი ზღვის ფლოტის თითქმის ყველა ხომალდს, იქნება ეს სადესანტო თუ ნაღმმტყორცნი გემები. მიუხედავად პორტის შესაძლებლობების გაძლიერებისა, 2009 წლიდან დღემდე ოჩამჩირეში ძირითადად რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის «Соболь»-ისა და «Мангуст»-ის ტიპის სანაპირო დაცვის კატარღები იყვნენ განლაგებული, რომელთა მაქსიმალური რაოდენობა 10-ზე მეტი არასოდეს ყოფილა.
ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თვალნათელია სატელიტური ფოტოების შედარებით. 2006 წლის შემდეგ აშკარაა პორტის მოდერნიზება, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ოჩამჩირეს სევასტოპოლის პორტის ჩაანაცვლება შეუძლია. მას შემდეგ, რაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ანექსირებულ ყირიმში უკრაინის დრონები და რაკეტები მისწვდნენ და რუსეთმა ფლოტის გადაყვანა დაიწყო, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) დაწერა, რომ ოჩამჩირის ქვიშიანი სანაპირო ზოლი „დიდწილად არახელსაყრელია სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის“.
ოჩამჩირის პორტი აფხაზეთში განთავსებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზის ნაწილია, ეს ბაზა, სულ მცირე, 17 სამხედრო ობიექტს აერთიანებს და რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შორის 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზეა აშენებული.
მე-7 ბაზის ნაწილია ნაგვალუს სამხედრო პოლიგონი, რომელიც ანაკლიის სანაპიროდან მხოლოდ 12 კილომეტრით არის დაშორებული. ადგილი, სადაც 2009 წლამდე არანაირი სამხედრო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება სამხედრო წვრთნებისთვის.
აფხაზეთში, გარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამხედრო ბაზებისა, განთავსებულია ეფესბეს ბაზებიც - ბიჭვინთაში, სოხუმთან, კოდორის ხეობაში, ტყვარჩელსა და გალის რაიონის სოფლებში, ნაბაკევში, ახალ ოტობაიასთან, საბერიოსთან, ლეკუხონასა და ჭუბურხინჯთან.
“გალის რაიონის სოფლებში ეგეთი ახალი, ლამაზი და ფეშენებელური შენობები სხვა არაფერია. შეიძლება სასტუმროც კი გეგონოს. თითქმის ყველა სოფელში ერთნაირი დიზაინის მრავალსართულიანი სამხედრო შენობებია აშენებული ეზოებით, საბავშვო ატრაქციონებით და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, სადაც რუსი სამხედროები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. ჩვენთვის ამ ბაზების ფოტოგადაღება აკრძალულია. ყოფილა შემთხვევა, ფოტოგადაღებისთვის დაუკავებიათ კიდეც ადგილობრივი”, - უყვება რადიო თავისუფლებას გალის მცხოვრები, რომელიც უსაფრთხოების მოტივებით ანონიმურად დარჩენას გვთხოვს.
გალის რაიონში, ისევე როგორც კოდორში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ბაზები ხშირად ისეთ ადგილებშია აშენებული, სადაც მანამდე ტრიალი მინდორი ან ტყე იყო. მაგალითად, ოქუმის სამხედრო ბაზა გალის სიღრმეში, რომელიც საარტილერიო, სატანკო და ქვეითთა დისლოკაციის ადგილია დღეს, სატელიტის ფოტოებზე მხოლოდ 2011 წლიდან ჩნდება. იქამდე ადგილი უკაცრიელი იყო.
უკაცრიელ ადგილას, ზღვის პირას არის აშენებული ფიჩორის სამხედრო ბაზაც. აქაც 2011 წელს ჩნდება პირველად სამხედრო ნაგებობები სატელიტიდან გადაღებულ სურათებზე. ამ ფოტოებზე ცხადად ჩანს, რომ ბაზის ასაშენებლად ტყის ნაწილი გაიკაფა.
2008 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ჟურნალისტ პაატა ლაგვილავაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსი ჯარისკაცები ფიჩორში საგუშაგოდ იყენებდნენ სოფლის ცენტრში მდებარე გამგეობის ყოფილ შენობას, რომელიც დაახლოებით 20 მეტრით იყო დაშორებული იმ სკოლასთან, სადაც 150-მდე ბავშვი სწავლობდა.
ამ დროს გალის რაიონში ჯერ კიდევ არ იყო შეზღუდული ქართულის სწავლება, თუმცა ჟურნალისტი ჰყვება, რომ ქართველებს ეშინოდათ შვილების გაშვება სკოლაში, რომლის გზაზეც რუსი ჯარისკაცები ხვდებოდნენ. მაშინ რუს ჯარისკაცებს საველე სამზარეულო და 6 კოტეჯი ზღვის სანაპიროზე ჰქონდათ მოწყობილი და დამატებითი ძალების შეყვანას ელოდნენ ფიჩორში.
2010 წელს მედია უკვე წერდა იმაზე, რომ ფიჩორის ბაზაზე, რომელიც ამ დროისთვის 5 ჰექტარზე იყო გადაჭიმული, მოწყობილი იყო აეროდრომი, სამხედრო აღჭურვილობაში კი სამხედრო ტექნიკის გარდა შვეულმფრენებიც შედიოდა. როცა ბაზა ოფიციალურად გაიხსნა, აფხაზეთის თბილისში დევნილი მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ამბობდა, რომ ამ სამხედრო ობიექტის ფუნქცია საზღვაო აკვატორიის და სახმელეთო საზღვრის მთელი პერიმეტრის, მათ შორის ენგურზე არსებული ყველა გასასვლელის კონტროლი იყო.
„ფაქტობრივად, კრემლის მომდევნო ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფსოუდან ენგურზე გადმოტანა იქნება”, - ეს ვარაუდი ბარამიამ 2010 წლის მიწურულს გამოთქვა.
2023 წლის 26 ოქტომბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოჩამჩირის პორტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაახლოებით სამი კვირის წინ ფიჩორთან დაიწყო.
ფიჩორი ანაკლიიდან 4 კილომეტრში მდებარეობს.
გალის რაიონში მრავლადაა სამხედრო ქალაქები - სპეციალურად გაშენებული დასახლებები, სადაც რუსი ჯარისკაცები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. ერთ-ერთი ასეთი პირველი სამხედრო ქალაქი საბერიოში 2010 წელს გაიხსნა. სამხედრო ქალაქები 2011 წლიდან აშენდა ოტობაიაშიც, 2012 წლიდან კი ჭუბურხინჯშიც.
რა ხდება სამხრეთ ოსეთში?
ცხინვალის რეგიონში, თავად ქალაქ ცხინვალსა და ჯავაში სამხედრო ინფრასტრუქტურა არსებობდა 2008 წლის ომამდეც. ომის შემდეგ კი, როცა რუსეთს ხელიუ კვე მოწერილი ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე, მან საომრად შემოყვანილი სამხედრო ძალის ნაწილი სამხრეთ ოსეთში დატოვა იქ “მშვიდობის დასაცავად”.
2008 წლის აგვისტოს ბოლოს ცხინვალის რეგიონში იყო ოთხი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე, 33 ტანკი, 220 საბრძოლო ქვეითი მანქანა, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ამ სამხედრო ძალის ნაწილი მოგვიანებით ცხინვალის მეოთხე სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შევიდა. მე-4 ბაზის შესახებ შეთანხმებას ხელი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ და მოსკოვმა 2010 წლის 7 აპრილს მოაწერეს. ცხინვალის მეოთხე სამხედრო ბაზა აერთიანებს ჯავის რაიონის სოფელ უგარდანთისა და ქალაქ ცხინვალის სამხედრო ბაზებს, ასევე ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთის სამხედრო ბანაკს.
ცხინვალის მეოთხე ბაზაზე 4-დან 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული, და ათასზე მეტია ეფესბეს ჯარისკაცების რაოდენობა, ვინც ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვარს აკონტროლებს - ეთნიკური ოსების წილი ამ ძალებში 15%-საც არ შეადგენს.
ცხინვალის ბაზამ 2008 წლის ომიდან მალევე დაიწყო გაფართოება სოფელ თამარაშენის მიმართულებით, სადაც დღეს უკვე სრულად არის წაშლილი იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების კვალი.
თამარაშენი ქართველების ეთნიკური წმენდის ერთ-ერთი მაგალითია. სოფლიდან ქართველები მასობრივად განდევნეს და მათი სახლები გაანადგურეს. იქ სადაც ომამდე 300-მდე სახლი იდგა, ახლა ნასოფლარია და ამ ნასოფლართან ახლოს “მოსკოვის რაიონია” გაშენებული რუსეთის პრეზიდენტების, პუტინისა და მედვედევის ქუჩებით.
უბანი, სადაც ორასამდე სახლი, სკოლა, რამდენიმე საბავშვო ბაღი, სავაჭრო და სპორტული ცენტრებია განთავსებული, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის დახმარებით და მოსკოვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2,5 მილიარდი რუბლით გაშენდა. ეს იყო ომის შემდეგ პირველი "უცხოური ინვესტიცია", რაც თვითაღიარებულმა რეჟიმმა მიიღო.
მე-4 ბაზის სამხედრო პოლიგონად არის ქცეული კიდევ ერთი სოფელი, ძარწემი, რომელიც ცხინვალიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული. მდინარე ლიახვის ხეობის ამ სოფელში თითქმის ყველა სახლი დანგრეულია. ძარწემის პოლიგონი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებს და ხშირად მასპინძლობს სამხედრო წვრთნებს.
ძარწემის პოლიგონი ესაზღვრება ქურთის, კეხვის, ქემერტის, მამითასა და აჩაბეთის ნასოფლარებს. ამ სოფლების ნაცვლად აქაც რუსული ეფესბეს ბაზებია განლაგებული. მსგავსი სამხედრო ბაზები ომის შემდეგ გაჩნდა ერედვში, დისევში, აძვისთავსა და ღრომშიც.
ცხინვალის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შედის ჯავის რაიონის სოფელ უგარდანთის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ჯავაში, 2004 წელს მცირე სამხედრო კომპლექსი, არალეგალურად და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ააშენეს რუსმა “მშვიდობისმყოფელებმა” და იქ პერიოდულად სამხედრო წვრთნებსაც კი ატარებდნენ. ეს სამხედრო ობიექტი გამოიყენებოდა დაზვერვის ქვედანაყოფებისა და სპეცსაშუალებების არაოფიციალური ბაზირებისთვის, ტექნიკისა და შეიარაღების საწყობად და სეპარატისტთა უკანონო სამხედრო ფორმირებების მოსამზადებლად.
ჯავის რაიონში განთავსებულია ასევე ეფესბეს ოთხი ბაზა: ქვემო ქარძმანში, ნოგყაუში, სინაგურსა და კვაისაში. ეს უკანასკნელი ცხინვალის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი ბაზაა. კვაისა რაჭას ესაზღვრება და ონიდან დაახლოებით 20 კილომეტრით არის დაშირებული.
ქარძმანში მოწყობილია გამშვები პუნქტიც, რომელიც 2019 წლის შემდეგ დაკეტილია. სოფელში დარჩენილია 3-4 ოჯახი, რომელიც ფაქტობრივად მოწყვეტილია გარესამყაროს.
გარდა მე-4 სამხედრო ბაზისა, ცხინვალის რეგიონში რუსული ეფესბეს ათობით ბაზაა განთავსებული: ლარგვისში, ახმაჯში, ორჭოსანში, ღდულეთში, ღრომში, აძვისთავში, დისევში, ერედვში, დიდმუხაში, ავნევში, ძვილეთში, ყორნისში, ვახტანაში, ქარზმანში, კვაისაში, სინაგურში, აჩაბეთში, ქურთაში, დმენისში, დვანთან, არბოსთან.
ამ სასაზღვრო ძალების ბაზების დიდ ნაწილს აქვს ვერტმფრენებისა და შვეულმფრენების ასაფრენ-დასაფრენი მოედნები, ზოგიერთთან კი ელექტრონული თვალთვალის სისტემებია დამონტაჟებული.
კიდევ ერთი სამხედრო პოლიგონია მოწყობილი ახალგორის რაიონის სოფელ ბაზუანში.
ახალგორშივეა ლარგვისის ბაზაც.
სასაზღვრო ბაზებიდან 6 ზნაურის რაიონშია განთავსებული. ამ ტერიტორიებზე 2008 წლის ომის დროს 1800-მდე დევნილმა დატოვა საკუთარი სახლი - სოფლები, ნული, ავნევი და დიდმუხა ქართველებისგან სრულად გაიწმინდა. ნასოფლარებზე და ნასოფლარების სიახლოვეს, 2009-2011 წლებში ნახევრად სამხედრო ბაზები აშენდა ავნევში, დიდმუხაში, ყორნისში, ვახტანაში, ძვილეთსა და სერიბალთაში.
ეფესბეს სამხედრო ბაზების ნაწილი სამხრეთ ოსეთის სიღრმეშია მოქცეული, ნაწილი კი შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად ჩანს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და ცენტრალური ავტობანიდან. მაგალითად, ახმაჯის ბაზა კარგად ჩანს სოფელ ოძისიდან. მის სანახავად ხშირად მიდიან დასავლეთიდან ჩამოსული პოლიტიკოსები.
2017 წელს რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაიჭრა ახალგორი-ახმაჯის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გზა, რომელიც, ადგილობრივების თქმით, იმთავითვე, ძირითადად სამხედრო ტექნიკისთვის იყო განკუთვნილი. ამ გზის მშენებლობას პირადად ხელმძღვანელობდა რაშიდ ნურგალიევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, წლიდან წლამდე მძიმდება ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა. 2020 წელს ახმაჯის საშუალო სკოლა დაიკეტა - სოფელში სკოლის ასაკის ბავშვი აღარ იყო დარჩენილი. ახალგორის რაიონის დანარჩენი ტერიტორიისაგან განსხვავებით, ახმაჯის მცხოვრებლები ვალდებული არიან მუდმივად ატარონ ე.წ. ოსური პასპორტები, ან საშვი (რომელზეც პირადი ინფორმაცია და ფოტოსურათია დატანილი), - სოფლის სიახლოვეს რუსი სამხედროები ხშირად აწყობენ რეიდებს.
2023 წლის 8 ივნისს ახმაჯთან დააკავეს და 4 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ საოკუპაციო ხაზთან თბილისიდან ჩასული ივანე ილურიძე.
2023 წლის 19 ივნისს “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა ახმაჯის ბაზის სიახლოვეს ტერიტორია დანაღმეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალიდან შეუიარაღებელი თვალით ჩანს სოფელ ორჭოსანის სამხედრო ბაზაც - ოკუპირებულ სოფელთან აღმართული საოკუპაციო ბანერები მთავარი ავტობანიდან დაახლოებით 400 მეტრშია განთავსებული. 2015 წელს პირობითი საზღვრის გადმოწევისას, სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი.
კონფლიქტის რეგიონებში არსებული რუსული სამხედრო ძალები იქ მცხოვრებ ადამიანებს უჩენენ შთაბეჭდილებას, რომ მათ უსაფრთხოებაზე რუსული სამხედრო ძალები ზრუნავენ, - თუმცა, იმ დროს, როცა ვითარება იძაბება, სამშვიდობო ძალები ადვილად ივიწყებენ თავიანთ ფუნქციას და მარტივად იქცევიან ომში მხარედ.
ასე მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს 5-დღიანი ომისას. შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის, მარატ კულახმეტოვის აღიარებით, რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთის რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებას ქართული შეიარაღებული ძალების პოზიციების კოორდინატებს აძლევდნენ. ეს ფაქტი კულახმეტოვმა დაუდასტურა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურს, მამუკა ყურაშვილს ომის დროს სატელეფონო საუბრისას. მარატ კულახმეტოვი 2008 წლის ომის შემდეგ მალევე ედუარდ კოკოითიმ და ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვეს „მშვიდობის სადარაჯოზე გაწეული სამსახურისთვის” და „მეგობრობის” ჯილდოთი. მოგვიანებით ის რუსეთის ელჩი გახდა დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში.
რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად ხელსაყრელი პლაცდარმებია. თავდასხმის გარეშე კი სასაზღვრო ძალები მუდმივად ახერხებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ახალ-ახალი მიწების (“ბორდერიზაცია”) და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების მოტაცებას. გამყოფი ხაზის გარშემო ხალხი მუდმივ ტერორში ცხოვრობს. მცოცავი საოკუპაციო ხაზი, მზარდი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მოქალაქეების გატაცებები, საბოლოო ჯამში, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული რისკების ქვეშ აყენებს.