რუსეთის სამოქალაქო ომის საშინელება

„მშიერი რუსი ქალები“ უჩოქებენ ოფიციალურ პირს აშშ-დან ჩატანილი დახმარებისათვის 1922 წელს, როცა ბოლშევიკები თანდათან იმარჯვებენ ხუთწლიან სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში.

დაჭრილი ბოლშევიკი, 1919.

სამარის რაიონი 1921 წელს: ქალი უსუსური შესცქერის მომაკვდავ ქმარს. ეს და სხვა შთამბეჭდავი სურათები „ამერიკული წითელი ჯვრის“ ფოტოგრაფებმა გადაიღეს რუსეთში, როცა იქ ერთი საუკუნის წინ სამოქალაქო ომი და შიმშილობა მძვინვარებდა. 

ჩამოძონძილი ბოლშევიკი 1919 წელს, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ. სამოქალაქო ომში ერთმანეთს ძირითადად უპირისპირდებოდნენ კომუნისტი ბოლშევიკები (ასევე ხალხი, რომელსაც მათ მხარეს ბრძოლას აიძულებდნენ) და შეიარაღებული რაზმების „თეთრებად“ ან „თეთრგვარდიელებად“  წოდებული გაერთიანება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ხელისუფლებაში 1917 წელს კომუნისტების მოსვლას.

თეთრგვარდიელები, მათგან ზოგი კაზაკის ფაფახით, სამხრეთ რუსეთის დაბლობზე სანგრებიდან სროლის დროს.

ამერიკელი ჯარისკაცი ფეხსაცმელებს ურიგებს გერმანელების ტყვეობიდან გათავისუფლებულ რუს ჯარისკაცებს. რევოლუციურ რუსეთში დახმარების გაგზავნისას ამერიკის მიზანი იყო, „პირველ რიგში, ჰუმანიტარული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მეორე - (პირველ მსოფლიო ომში) რუსეთის მონაწილეობის გაგრძელების ალბათობის მკვეთრად გაზრდა და, მესამე, ამერიკის პროპაგანდა ყველაზე უფრო ეფექტური ფორმით, რომლის შექმნაც კი შეიძლება“.  

ამერიკელი გუშაგი თავის პოსტზე ჩრდილოეთ რუსეთში 1919 წელს. ბევრი ამერიკელი თავდაპირველად აღტაცებაში მოიყვანა 1917 წელს მეფის ჩამოგდებამ, რასაც ისინი თავიანთ ქვეყანაში 150-მდე წლით ადრე მომხდარ რევოლუციას ადარებდნენ. 

„ამერიკული საკვები რუსებისათვის“ იტვირთება გემზე ჰამბურგის ნავსადგურში. შედედებული რძის კონსერვებით სავსე 50 ათას ყუთზე, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მალევე ჩაიტანეს რუსეთში, ეწერა: „თავისუფალ რუსეთს თავისუფალი ამერიკისაგან“

 „შიმშილით დასუსტებული“ რუსი გლეხი არხანგელსკში აშშ-ის შტაბბინის კიბეზე 1918 ან 1919 წელს. რუსეთში ძალაუფლების ბოლშევიკების ხელში გადასვლას ამერიკელების მხრიდან ჯერ „მოლოდინისა და დაკვირვების“ პერიოდი მოჰყვა, თუმცა ურთიერთობა მალე გაფუჭდა და აშშ-ის ჯარები მხარში ამოუდგნენ ბრიტანელებსა და სხვა მოკავშირეებს თეთრგვარდიელების დასახმარებლად. 

ამერიკელ ჯარისკაცს, როგორც ჩანს, სურს დემონსტირება, რომ თეთრი ქურთუკი კამუფლაჟი იყო ბოლშევიკისათვის, რომელიც მოკლეს, როცა ის არხანგელსკთან აშშ-ის ფორპოსტისაკენ მიიპარებოდა.

შიმშილით სიკვდილის პირას მისული რუსი ჯარისკაცი. ფოტოს კონტექსტი ნათელი არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლენინმა რუსეთი პირველი მსოფლიო ომიდან გაიყვანა, „ამერიკის წითელმა ჯვარმა“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახა გერმანიისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ტყვეთა ბანაკებიდან გაშვებული რუსი ჯარისკაცების დახმარება. 

რუს ჯარისკაცს თმას კრეჭენ. წითელი ჯვრის ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვებით, ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯარისკაცები  „გერმანიაზე გაბოროტებული, რუსეთის მოქმედი მთავრობის მიმართ ზიზღით სავსე და ამერიკელების მადლიერი“ იყვნენ. 

ხარკოვში 1919 წელს აღმოჩენილი გვამები მას შემდეგ, რაც თეთრებმა ქალაქიდან ბოლშევიკები განდევნეს. რუსეთში სამოქალაქო ომის დროს, სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული. 

1919 წელს ბოლშევიკების მიერ დარბეული  ერთ-ერთი ეკლესიის საგანძური. ეს დაზიანებული ნივთები, როგორც ამბობენ, ჩააბარეს „წითელი ჯვრის“ თანამშრომელს, რათა მას ეჩვენებინა მსოფლიოსათვის „ბოლშევიკების უგუნური სიძულვილი საგნებისადმი, რომლებიც სხვებს წმინდად მიაჩნდათ“. 

კაზაკი პიოტრ ვრანგელი, თერთგვარდიელების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარდალი, 1919 წლის ფოტოზე. ვრანგელი გაიქცა რუსეთიდან თეთრების საბოლოოდ დამარცხების შემდეგ. ის გარდაიცვალა ბრიუსელში 1927 წელს.

თეთრგვარდიელები ბრიტანეთის არმიის ჩაფხუტებით. მაშინ, როცა დასავლელი მოკავშირეები თეთრებს ეხმარებოდნენ მოძალადე ბოლშევიკებთან ბრძოლაში, რუსეთში „თეთრი ტერორიც“ მძვინვარებდა. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა თეთრგვარდიელების, ხშირად, ანტისემიტურ ძალადობას. 

თეთრი არმიის პროპაგანდისტული პლაკატი ხარკოვში. პლაკატზე გამოსახულია ჩლიქებიანი ლეო ტროცკი, ბოლშევიკების არმიის სარდალი. თეთრების ერთ-ერთი გენერალი რუსებს მოუწოდებდა გაენადგურებინათ „ბოროტი ძალა, ებრაელი კომუნისტების გულში“ დასადგურებული.

ბოლშევიკი მეთაურები და მათი სტენოგრაფისტი ტომსკში დატყვევების შემდეგ. კაცები მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს.

ჩიკაგოელი ჯარისკაცი და რუსი ბავშვები, რომლებიც „წითელი ჯვრის“ გემით ტოვებენ რუსეთს.

რუსი ლტოლვილი ბავშვები, რომლებიც 1920-ში გაიქცნენ  თურქეთში. რუსეთის ელიტას ბოლშევიკები უწოდებდნენ „ყოფილებს“ («Бывшие,«Бывшие люди»)  და ამ ხალხს კარგს არაფერს უქადდა მომავალი ქვეყანაში, სადაც სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იხვეჭდნენ ბოლშევიკები. 

შიმშილით დასუსტებული 7 წლის ბავშვი სამარის რეგიონში 1921 წელს. ომის მიწურულს რუსეთის ეკონომიკა კატასტროფამდე იყო მისული. მოსავალი გვალვამ გაანადგურა და ბოლშევიკების „სამხედრო კომუნიზმმა“, რომელიც დასაშვებად აცხადებდა გლეხებისათვის მარცვლეულის ჩამორთმევას, მილიონობით ადამიანს მოუსპო საარსებო წყარო. 

შიმშილობის მსხვერპლთა გვამები სამარის სასაფლაოსთან 1921 წელს. აღმოსავლეთი რუსეთი იმ პერიოდში „მეტისმეტად ქაოტურად“ იყო მიჩნეული ჰუმანიტარული ოპერაციებისათვის. მალე, შიმშილობის შედეგად, კიდევ მილიონობით ადამიანის მსხვერპლით გაიზრდებოდა პირველ მსოფლიო ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო ომში მილიონობით დახოცილთა რიცხვი („საერთაშორისო წითელი ჯვრის“ ფოტო).