რუსეთის საბაჟო ცხინვალისკენ ტვირთებს არ ატარებს - დე ფაქტო რესპუბლიკა პროდუქციის დეფიციტის ზღვარზეა

უკვე ორი კვირაა, ცხინვალელ მეწარმეებს რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროდუქტები ვერ შეაქვთ. რუსმა მებაჟეებმა ისინი ქვემო ზარამაგის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შეაჩერეს და ტვირთებზე შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება მოითხოვეს.

რუსეთის მებაჟეები ცხინვალისკენ მიმავალ ტვირთებზე ითხოვენ ევრაზიული საბაჟო კავშირის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებას, ცხინვალელი მეწარმეები კი ირწმუნებიან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკის ბაზარი და მოსახლეობა იმდენად მცირეა, რომ იქ მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქცია შედის, ზოგიერთ მანქანაში ხანდახან ასამდე დასახელების პროდუქტია და მათზე სათითაოდ ვერ გაფორმდება ვერც წარმომავლობის სერტიფიკატი და ვერც ექსპორტის დოკუმენტაცია. 11 თებერვალს, შეწუხებულმა მეწარმეებმა ცხინვალის ცენტრში მოიყარეს თავი, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დახმარება ეთხოვათ, მაგრამ მათ მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ. ბიზნესმენები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ბიბილოვის ხელისუფლება ტვირთების გადაადგილებისას წარმოქმნილ პრობლემებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან ვერ აგვარებს. უკვე წლებია, ცხინვალელ ბიზნესმენებს ეს პრობლემები აწუხებთ და საბაჟო რეჟიმის პერიოდული შერბილება თუ ხდება, საერთო ჯამში, ეს ვერ ხსნის პრობლემას.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ალან ალბოროვი, რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით არის შესაძლებელი, მაგრამ ეს კანონმდებლობა ევრაზიული კავშირის ქვეყნების მიერ არის მიღებული და იქ ცვლილებების ასახვა მარტივად არ ხდება.

ცხინვალელ მეწარმეებს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ, თუმცა, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი დავით სანაკოევი იუწყება, მეწარმეების პრობლემების ოპერატიულად მოგვარება ბიბილოვის ხელისუფლებას არ შეუძლია.

ცხინვალელი იურისტი, წარსულში დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟოს თანამშრომელი თემურ კოკოითი, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ პრობლების მოგვარება შეუძლებელია და მხოლოდ არაფორმალური გზებით შეიძლება საკითხის გადაჭრა. მისი თქმით, წინა ხელისუფლება ამას წარმატებით ახერხებდა რუსეთის საბაჟო სამსახურის მაღალჩინოსნებთან არაფორმალური კავშირების დამყარებით.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ შექმნილი კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აბსურდულობას. მისი აზრით, ეს პრობლემები ქვემო ზარამაგზე რუსეთში საკადრო ცვლილებების შემდეგ დაიწყო და მისი გადაჭრის გზაც არ ჩანს. ბენდიანაშვილის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლებას ადგილობრივი ბაზრის შესავსებად ახალგორის გზის გახსნის ვარიანტი აქვს, მაგრამ ამას მოსკოვის დაუკითხავად ვერ აკეთებს.

ცხინვალელი მეწარმეები ორკვირიანი ლოდინის შემდეგ აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის საბაჟოზე შექმნილი პრობლემები თუ კიდევ გაგრძელდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება. ზოგიერთმა მეწარმემ ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი მოძებნა: სატვირთო მანქანებიდან ტვირთებს მსუბუქ მანქანებსა და მიკროავტობუსებში ტვირთავენ და რუსეთის საბაჟოზე მათ, როგორც ხელბარგს, ისე ატარებენ. იქაური კანონმდებლობით, თითო მოქალაქეს 50 კილოგრამი ხელბარგის გადატანა შეუძლია, ამიტომ მეწარმეები ნათესავებისა და მეზობლების სიებით დადიან, 50-50 კილოგრამს აფორმებენ მათზე და ამ გზით შეაქვთ ცხინვალში რუსეთის პროდუქცია. ამასობაში ახალგორის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია, თბილისიდან ცხინვალამდე ტვირთის ჩატანა კი ბევრად მარტივად და შედარებით დაბალ ფასად შეიძლება, თუმცა ბიბილოვის ხელისუფლება ამ ნაბიჯს ჯერ არ დგამს.