მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2024 წელი ოჯახის წლად გამოაცხადა, კანონმდებლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოსთხოვეს, რომ განსაკუთრებულად გარჯილიყვნენ.
მათაც იმედი არ გააცრუეს.
გასულ წელს რუსეთი ახალ ტერიტორიაზე შეიჭრა „ტრადიციული ოჯახური ღირებულებების“ დასაცავად - გააქტიურდა კამპანია აბორტების წინააღმდეგ, სკოლებში ახალი „ოჯახური სწავლების“ გაკვეთილები შემოიღეს, განქორწინება კი უფრო გართულდა.
ბრძოლა აბორტის წინააღმდეგ
რუსეთში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დემოგრაფიული კრიზისი გაამწვავა დიდმა დანაკარგებმა უკრაინის ომში. კრემლს ბავშვების ბუმი სჭირდება.
2024 წლის პირველ ნახევარში შობადობა ჩამოვარდა 1999 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ქვემოთ - არადა, სწორედ ამ ათწლეულს ადანაშაულებენ ხოლმე რუსეთის დემოგრაფიულ ჩავარდნაში.
რუსეთი დიდი ხანია იყენებს მატერიალურ სტიმულს, რათა მოქალაქეები უფრო დიდი ოჯახის შექმნისკენ წაახალისონ.
გასულ წელს ეს მცდელობები გააძლიერეს. რეგიონულმა მთავრობამ განსაკუთრებული თანხები გამოყო 24 წელზე უმცროსი ასაკის დედებისთვის.
ჩელიაბინსკის ოლქში სტუდენტურ წყვილებს მიენიჭათ მილიონი რუბლის შემწეობა ($10,000), იმ შემთხვევაში, თუ ორივე რეგიონის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს.
თაფლაკვერს რუსმა ჩინოვნიკებმა მათრახიც მიაყოლეს.
რუსეთის ათზე მეტმა რეგიონმა ბოლო თვეებში მიიღო კანონები, რომლებიც კრძალავს "აბორტის იძულებას". 100 000 რუბლამდე ($1000) ჯარიმები დაეკისრებათ ექიმებსა და თანამშრომლებს, რომლებიც ორსულ ქალებს აბორტს ურჩევენ.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამჟამად პირიქით ხდება - ქალები, რომლებიც სამედიცინო კლინიკებში აბორტის გასაკეთებლად მიდიან, საწინააღმდეგო რჩევას იღებენ ან პროცედურა ჭიანურდება შეთითხნილი საბაბით.
ამავდროულად, ხელისუფლებამ გააძლიერა კამპანია აბორტების წინააღმდეგ სამთავრობო დაწესებულებებსა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
2024 წლის ნოემბერში კინოთეატრებში დაიწყო აბორტის საწინააღმდეგო ფილმის ჩვენება, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ასოცირებულმა არხმა დაამზადა. მოეწყო სპეციალური ჩვენებები სკოლის მოსწავლეებისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და სახელმწიფო თანამშრომლებისთვის.
ახლა, ბევრი რუსი წუხს, რომ ხელისუფლების წამოწყებული "სპეციალური დემოგრაფიული ოპერაცია", - როგორც მას უწოდა ნინა ოსტანინამ, სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა - შესაძლოა ერთ დღეს დასრულდეს აბორტების დე ფაქტო აკრძალვით.
„შვილის არყოლის პროპაგანდასთან“ ბრძოლა
განსხვავებულ ფრონტს შეუტია რუსეთის სახელმწიფო დუმამ 2024 წლის ნოემბერში და მიიღო კანონი, რომლითაც დაისჯება „შვილის არყოლის პროპაგანდა“. ნებაყოფლობითი უშვილობის პოპულარიზაციის გამო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, შესაბამისად, 45,000 და 4,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯებიან.
ახალი კანონი მსგავსია 2022 წელს მიღებული კანონმდებლობისა, რომელიც კრძალავს „ლგბტ პროპაგანდას“, რომელიც ეფუძნება 2013 წელს „ტრადიციული ოჯახის ღირებულებების“ ხელშემწყობ კანონმდებლობას.
გასული წლის მარტში რუსეთმა ექსტრემისტული ორგანიზაციების სიას დაამატა "საერთაშორისო ლგბტ სოციალური მოძრაობა და მისი სტრუქტურული ერთეულები" - მოძრაობა, რომელიც რეალურად არ არსებობს.
განქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა
შობადობის კლებასთან ერთად, როგორც ჩანს, იზრდება განქორწინებების რაოდენობა. ელენა მიხაილოვა, სახელმწიფოს მხარდაჭერილი რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (VTsIOM) მრჩეველი, ამტკიცებდა, რომ 2024 წელს ყოველ 10 ახალ ქორწინებაზე რვა განქორწინება იყო რეგისტრირებული.
2024 წლის სექტემბერში, რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონმდებლობა, რომელიც სასამართლოებს მოსთხოვდა, რომ განქორწინების მსურველ მეუღლეებს სამთვიანი ვადა მისცენ, რათა წყვილი შეარიგონ და ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაატარონ.
თუ კანონს მიიღებენ, წყვილებს ასევე დაევალებათ "ხელახალი განათლების" გავლა იმ შემთხვევებში, თუ მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ან როდესაც ერთ მეუღლეს სურს შეინარჩუნოს ქორწინება, ხოლო მეორეს - არა.
კანონპროექტის ეს ნაწილი განსაკუთრებით საშიშია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, რომელიც რუსეთში კვლავ გავრცელებულია და რომელიც ნაწილობრივ დეკრიმინალიზებული იქნა 2017 წელს.
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის კვლევის მიხედვით, 2022–2023 წლებში ოჯახში ძალადობის შედეგად სულ მცირე 2284 ქალი დაიღუპა, მათგან 93 პროცენტი მოკლულია პარტნიორის მიერ.
პატრიოტული განათლება
იმავდროულად, „ტრადიციული ოჯახური ფასეულობებისკენ“ მისწრაფება რუსულ კლასებშიც გამოჩნდა.
2024 წლის სექტემბრიდან სკოლებში დაინერგა ახალი საგანი, ოჯახის კვლევები, რომლის მიზანია ასწავლოს ბავშვებს, რომ „ოჯახი არის ნებისმიერი სახელმწიფოს საფუძველი“.
თუმცა, მონაცემები სხვა სურათს ხატავს როცა საქმე ოჯახის დაგეგმვას ეხება. ბიზნესგაზეთ „ვედომოსტის“ ცნობით, 2024 წლის პირველ ნახევარში რუსებმა აფთიაქებში 19,3 მილიარდი რუბლის (177 მილიონი დოლარი) კონტრაცეპტივები შეიძინეს.