რუსეთის ვალუტა უკონტროლო ვარდნაში

რუსული რუბლი. ილუსტრირებული ფოტო

რუსეთის ეროვნული ვალუტის რამდენიმეთვიანმა ვარდნამ და მზარდმა ინფლაციამ თვალსაჩინო გახადა რუსეთის ეკონომიკის სისტემური პრობლემები.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკული დოლარი და ევრო რუბლის მიმართ დაახლოებით 10%-ით გამყარდნენ. რუბლის ვარდნა კიდევ უფრო შთამბეჭდავია დროის შედარებით გრძელ მონაკვეთში: 2023 წლის იანვრიდან მოყოლებული ამერიკული დოლარი რუბლთან შედარებით 40%-ზე მეტით გამყარდა, ევრო კი დაახლოებით 45%-ით.

14 აგვისტოს 1 დოლარი 101 რუბლი ღირდა, 1 ევრო კი - 111 რუბლი. სააგენტო Bloomberg-ის შეფასებით, რუსული რუბლი ყველაზე უარესია განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს შორის.

„მითხარით, გეთაყვა, ვერ ამჩნევთ როგორია ქვეყანაში რუბლის კურსი? ერთი კითხვა მაინც გაუგზავნეთ ცენტრალურ ბანკს? მოვიდნენ ეს ადამიანები და საჯაროდ ახსნან, რა ჯანდაბა სჭირს რუსულ ვალუტას. რა მოხდა, რომ ასეთი კურსი გვაქვს?

ეს გაუფასურება გამოიწვევს ფასების ზრდას. ამასთან ფასების ზრდის პიკი დაემთხვევა პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის პიკს. არც კი გვიხსნიან, რატომ არის ისეთი ვარდნა.

მთელი საზღვარგარეთი ჩვენ დაგვცინის, რუსული რუბლი მსოფლიოს ყველაზე სუსტი ვალუტების სამეულში შედისო. ამას უნდა „ვუმადლოდეთ“ ცენტრალური ბანკის (ცბ) გენიალურ პოლიტიკას. ცბ-ს იმდენად ეზიზღება ხალხი, რომ არც კი თვლის საჭიროდ აუხსნას, რა ხდება“, - მიმართა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებს თავისი გადაცემის პირდაპირი ეთერით კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა.

ვლადიმირ სოლოვიოვი „როსსია 1“ -ის პირდაპირ ეთერში: „მთელი საზღვარგარეთი ჩვენ დაგვცინის, რუსული რუბლი მსოფლიოს ყველაზე სუსტი ვალუტების სამეულში შედისო.“

მიმართვის პასუხად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანატოლი აქსაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას არ აინტერესებს რუბლისა და დოლარის თანაფარდობა:

„რუბლი-დოლარის თანაფარდობას თვალყურს ვადევნებ ჩემი სამუშაოდან გამომდინარე. მოსახლეობის უმრავლესობას ეს თანაფარდობა არ აინტერესებს და მიუფურთხებია მისთვის. სიტუაცია სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება“.

თუმცა შეუძლებელია, რუსეთის მოსახლეობას არ აინტერესებდეს ეროვნული ვალუტის გაუფასურება. სუსტი რუბლი პირდაპირ ურტყამს ე.წ. რიგით მოქალაქეს, რადგან იზრდება ინფლაცია და ძვირდება სამომხმარებლო საქონელი. ფასები განსაკუთრებით იზრდება იმპორტულ ან ისეთ საქონელზე, რომლის წარმოებაშიც მნიშვნელოვანია იმპორტის წილი.

1 აშშ-ს დოლარი - 101 რუბლი, 2023 წლის 14 აგვისტოს კურსი

პრობლემას აღიარებს თვითონ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რომლის დირექტორის მოადგილის ალექსეი ზაბოტკინის თქმით, ექსპორტის შემცირების ფონზე, რუსეთის ეკონომიკაში გაიზარდა იმპორტის წილი, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა რუსეთიდან გასული ვალუტის მოცულობა.

„შიდა მოთხოვნის მატება ხელს უწყობს იმპორტზე მოთხოვნის ზრდას, რაც, შეზღუდული ექსპორტის პირობებში, იწვევს რუბლის დასუსტებას, ეს კი თავის მხრივ ზეწოლას ახდენს ფასებზე. შედეგად ბოლო თვეების განმავლობაში ვაკვირდებით ინფლაციის მაჩვენებლების მნიშვნელოვან ზრდას, მათ შორის მის მდგრად ნაწილშიც, - განაცხადა ალექსეი ზაბოტკინმა.

ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორი

ეკონომისტები რუბლის გაუფასურების მთავარ მიზეზად სავაჭრო დისბალანსს ასახელებენ: იმპორტი მეტია ექსპორტზე ანუ რუსეთი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე აწარმოებს და ჰყიდის. გარდა ამისა, რუბლზე ნეგატიურ გავლენას ახდენს მთავრობის როგორც მონეტარული, ასევე საბიუჯეტო პოლიტიკა.

ეკონომიკაში ჭარბი რუბლია, უცხოური ვალუტა კი ცოტაა, რადგან მისი ძირითადი წყარო ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია, რომელიც, სანქციებისა და ფასის ზედა ზღვის დაწესების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა.

უცხოური ვალუტის შეზღუდვა, იაფი სესხები, ბიუჯეტის მაღალი ხარჯები და დაბალი მოთხოვნა რუბლზე - ქმნის ყველა პირობას რუბლის ვარდნისათვის.

ეკონომისტი სერგეი დავორონკოვი ამბობს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ რუსეთის მოსახლეობისგან განსხვავებით, რუბლის დევალვაცია აწყობთ ექსპორტიორებს, რუსეთში გავლენიან პოლიტ-ეკონომიკურ ჯგუფებს.

„გაზპრომი, როსნეფტი, მილერი, სეჩინი - ესენი ყველანი ძალიან გავლენიანი ადამიანები არიან და მათ აწყობთ რუბლის გაუფასურება, რადგან შემოსავალი ძირითადად ვალუტაში აქვთ, ხარჯი კი - რუბლებში“, - ამბობს ეკონომისტი.

ნეგატიურ როლს თამაშობს ისიც, რომ დაბალია რუბლზე მოთხოვნა: ბევრ კომპანიას და მოსახლეობას ჯერ კიდევ ურჩევნია ფულის უცხოურ ვალუტაში შენახვა - ასე იცავენ ისინი დანაზოგს არა მხოლოდ რუბლის რყევებისგან, არამედ პოლიტიკური რისკებისგანაც.

"ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი ამბოხების დღეს. დონის როსტოვი. 24 ივნისი, 2023 წელი

ანალიტიკოსები ივლისის დასაწყისში რუბლის შესუსტებას ნაწილობრივ პრიგოჟინის „აჯანყებასაც“ უკავშირებენ.

რუბლის ვარდნასა და ინფლაციაზე ისაუბრა ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ ეკონომიკის საკითხებში, მაქსიმ ორეშკინმაც, რომლის თქმითაც, ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბრუნვაში ჩაშვებული რუბლის მოცულობა.

„თუ გადავხედავთ ფულის მასის ფორმირების სტრუქტურას, მაშინ დავინახავთ, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა კომპანიებისა და მოსახლეობის დაკრედიტებამ: კომპანიებზე გაიცა 9,5 ტრილიონი რუბლის სესხი, მოსახლეობაზე - 3,3 ტრილიონი რუბლი“, - ამბობს ორეშკინი, რომლის თქმითაც, ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ რუბლის გაუფასურებისა და ინფლაციის დაჩქარების ძირითადი წყარო ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა:

მაქსიმ ორეშკინი - ვლადიმირ პუტინის თანაშემწე და რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი

„სუსტი რუბლი ართულებს ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნას და უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე. რუსეთის ეკონომიკის ინტერესებშია - ძლიერი რუბლი. ცენტრალურ ბანკს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა უახლოეს მომავალში მახდინოს სიტუაციის ნორმალიზება და უზრუნველყოს დაკრედიტების ტემპების შემცირება მდგრად დონემდე“.

ეკონომიკის ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ფინანსური ანალიტიკოსის ანდრეი მასლოვის თქმით, რუბლის 1-3 პუნქტით ვარდნა დამატებით 0,1-0,2%-ით ზრდის ინფლაციას.

ეკონომისტ ვლადისლავ ინოზემცევის გათვლებით, რუსეთში ინფლაცია მომავალი წლის იანვრისათვის სავარაუდოდ წლიური 10% იქნება, რის გამოც ცენტრალური ბანკი იძულებული იქნება კვლავ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, რაც გააძვირებს კრედიტებს (იპოთეკას) და შეამცირებს ფულის მასას, თუმცა, ნეგატიური მოლოდინისა და ეკონომიკური სანქციების გამო, ვითარება თვისებრივად არ შეიცვლება.

ანალიტიკოსები არ ელოდებიან, რომ რუბლი მნიშვნელოვნად გამყარდება. მათი თქმით, 1 დოლარი - 100 რუბლი - ეს არის რეალობა, რომელიც ბევრად ადრე დადგებოდა, რომ არა რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს გონივრული ნაბიჯები, რომელთა წყალობითაც, სანქციებისა და ომის პირობებში, დიდხანს შეინარჩუნეს წონასწორობა.

ასევე ნახეთ "რუსეთის ეკონომიკას ჩამოაქცევს გაჭიანურებული ომი"

15 აგვისტოს რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭომ არაგეგმურ შეკრებაზე 8.5%-დან 12%-მდე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება "მიღებულ იქნა ფასების სტაბილურობისათვის შექმნილი რისკების შეზღუდვის მიზნით".

„ინფლაციური ზეწოლა კვლავ იზრდება. 7 აგვისტოს მდგომარეობით წლიური ინფლაცია 4.4%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, ფასების ზრდის ამჟამინდელი ტემპი აგრძელებს ზრდას, რამაც ბოლო სამი თვის განმავლობაში საშუალოდ 7.6% შეადგინა. საბაზო ინფლაციის იგივე მაჩვენებელი გაიზარდა 7.1%-მდე“, - ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

2023 წლის ივლისში გეგმურ შეკრებაზე ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 7,5-დან 8,5%-მდე გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი იყო 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. 2022 წლის თებერვალში, როცა 1 დოლარის ფასმა 100 რუბლს გადააჭარბა, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი ერთბაშად გაზარდა 9,5-დან 20%-მდე.