ერთი შეხედვით, რუსეთის ეკონომიკამ იმაზე უკეთ გაუძლო ომსა და კრიზისს, ვიდრე ამას თვითონ რუსი ეკონომისტები და უცხოელი ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე - ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების პირველ თვეებში. სპეციალისტები პროგნოზირებდნენ როგორც ჰიპერინფლაციასა და რუბლის მკვეთრ დევალვაციას, ასევე ეკონომიკის ორნიშნა - 10-15%-იან შემცირებას, რაც არ მოხდა. 1 აშშ დოლარი 65 რუბლი ღირს, წლიური ინფლაცია 12-13%-ია, ეკონომიკის რეცესია კი 3-3,5%-ს არ აღემატება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ეკონომიკამ გაუძლო ყველა გამოწვევას და გადარჩა. არავინ იცის, რა შედეგამდე მიიყვანს რუსეთის ეკონომიკას ინვესტიციებისა და სამომხმარებლო ბაზრის მკვეთრი შემცირება, სამუშაო ძალის გადინება, ეკონომიკის სამხედრო საჭიროებებზე გადაწყობა და მობილიზაციის მორიგი ტალღის მოლოდინი, რომელიც უკიდურესად ცუდ გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობაზე.
ოფიციალური პირებისა და რიცხვების თანახმად
რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა ელვირა ნაბიულინამ სახელმწიფო სათათბიროში „2023-2025 წლების ერთიანი სახელმწიფო მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ მსჯელობისას განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკისათვის დაწესებულ სანქციებზე მორგების პროცესი სავარაუდოდ კიდევ 1,5 წელი გაგრძელდება.
„მთლიანი წარმოება შემცირდება, ინფლაცია შედარებით მაღალი იქნება. შემდეგ კი, როდესაც ეკონომიკა ახალ წონასწორობაში გადავა, ეკონომიკური აქტივობა დაიწყებს აღდგენას. მისი ზრდის ტემპი სტრუქტურული კორექტირების პერიოდში იქნება მცირე, მაგრამ ის შეიძლება დაჩქარდეს ეკონომიკაში ახალი საწარმოო ურთიერთობების ჩამოყალიბების, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლების, კაპიტალის გამოყენების ეფექტიანობისა და წარმოების ახალი საშუალებების ექსპლუატაციაში გაშვების შედეგად“, - განაცხადა რუსეთის ბანკის ხელმძღვანელმა, რომლის თქმითაც, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უარი, იმუშაონ რუსეთთან, უსიამოვნოა, მაგრამ ვერ გაანადგურებს რუსეთის ფინანსურ ბაზარს:
„ჩვენ გვაქვს საკუთარი სარეიტინგო ინდუსტრია, გადაზღვევის ეროვნული კომპანია. დიახ, ამ სფეროებში ჩვენთან მუშაობაზე საერთაშორისო კომპანიების უარი არასასიამოვნოა, მაგრამ მას არ შეიძლება ჰქონდეს დამღუპველი ეფექტი, გამოიწვიოს კაპიტალის ბაზრების გაჩერება, ძირი გამოუთხაროს მარეგულირებელ სისტემას“.
რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის თქმით, ახლა რუსეთში ინფლაცია (12%) დიდად არ განსხვავდება თანაზომიერი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში ფასების ზრდის ტემპისგან, 2023 წელს კი, რუსეთის ცენტრალური ბანკის გათვლებით, წლიური ინფლაცია 5-7%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს მიზნობრივ 4%-ს დაუბრუნდება.
ელვირა ნაბიულინას თქმით, ინფლაციური ზეწოლის შემსუბუქებასთან ერთად, რუსეთის ეროვნული ბანკი შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც ახლა 7,5%-ია და დააბრუნებს მას გრძელვადიან ნეიტრალურ დიაპაზონში წლიურ 5-6%-მდე.
ელვირა ნაბიულინას თქმით, სანქციების რეჟიმს გაუძლო რუსეთის საბანკო სისტემამ, რადგან, მისი თქმით, ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე არ დატოვა ქრონიკულად არასტაბილური ბანკები, რომლებიც ვერ გაუძლებდნენ გამოცდას და გამოიწვევდნენ დომინოს ეფექტს.
„სწორედ ამიტომ მარეგულირებლის მითითებით ბანკები აგროვებდნენ რეზერვებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა რთულ მომენტში. რეზერვები დაიხარჯა პანდემიის დროს, შემდეგ ბანკებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი უსაფრთხოების ბალიშები და გაზაფხულზე კვლავ გამოიყენეს. შედეგად, ბანკები სტაბილურია, დაკრედიტება კი იზრდება კარგი ტემპით, რაც უპასუხებს ეკონომიკის გაზრდილ საჭიროებებს“, - აღნიშნა ელვირა ნაბიულინამ.
მიუხედავად ოპტიმისტური განწყობისა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ცენტრალური ბანკი ორწლიან ეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობენ:
- სამინისტროს პროგნოზით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლება იქნება არაუმეტეს 2,9%-ისა, 2023 წლის უარყოფითი დინამიკა კი 0,8%
- ცენტრალური ბანკის მოლოდინების მიხედვით, 2022 წელს რეცესია 3-3,5%-ის ფარგლებში იქნება, 2023 წელს კი ეკონომიკა 1-4%-ით შემცირდება
ომამდელი შიშები
როგორ Financial Times-ის პუბლიკაციიდან ირკვევა, რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა და „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, გერმან გრეფი 2022 წლის იანვარში ცდილობდნენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაერწმუნებინათ, არ დაეწყოთ ომი უკრაინაში. FT-ის მიხედვით, შეხვედრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი თვით ადრე შედგა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში, რათა პუტინისთვის დასავლეთის მოსალოდნელი სანქციების შესაძლო შედეგების შესახებ ეცნობებინათ.
გრეფმა პუტინს 39-გვერდიანი პრეზენტაცია წარუდგინა იმ მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების შესახებ, რომლებიც უკრაინის გარშემო დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. კერძოდ, საუბარი იყო:
- მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-იან ვარდნაზე
- ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთის 35%-მდე გაზრდაზე
- შეზღუდვებზე, რომლებიც „აიძულებდა რუსეთს, ებრძოლა არა მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიებისთვის, არამედ პირველადი მოხმარების ისეთი პროდუქციისათვის, როგორიცაა მედიკამენტები და სურსათი“
FT-ის თანახმად, გრეფმა და ნაბიულინამ პუტინს ასევე უთხრეს, რომ „მკაცრი სანქციების“ შემოღება გამოიწვევდა პანიკას ფინანსურ ბაზრებზე და ეკონომიკის ათწლეულებით უკან დახევას.
ომის ეკონომიკა
რუსი ეკონომისტი ანდრეი მელაშენკო ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა აღმოჩნდა იმაზე მეტად მოქნილი, ვიდრე ეგონათ: ექსპორტის ნაკადის ნაწილი წარმატებით გადაისროლეს დასავლეთის ბაზრებიდან აღმოსავლეთისკენ, ეკონომიკის შემცირების ტემპი ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა მთელ რიგ დარგებში წარმოების ზრდამ.
რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში რუსეთის ეკონომიკა (მშპ) მხოლოდ 3,7%-ით შემცირდა, თუმცა ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში დაფიქსირდა გარკვეული ზრდა. საუბარია სოფლის მეურნეობაზე, მშენებლობაზე, ფინანსურ სექტორსა და ყველაფერ იმაზე, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო ადმინისტრირებასთან, სამხედრო უსაფრთხოებასთან და, შესაბამისად, სამხედრო ხარჯების გაზრდასთან, რაც ეხმარება რუსეთის ეკონომიკას ვარდნის შეჩერებაში, თუმცა, როგორც რუსი ეკონომისტები შენიშნავენ, „სამხედრო სექტორი მნიშვნელოვანია მშპ-ისთვის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხი ტანკებს არ ჭამს“.
რაც შეეხება ინფლაციის შემცირებას, ეკონომისტების ვარაუდით ამ პროცესის უკანაც რუსეთის ეკონომიკის მძიმე პრობლემები დგას, რადგან ინფლაციის შემცირების ძირითადი მიზეზია სამომხმარებლო აქტივობის შემცირება როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ბაზარზე - „ხალხი ცდილობს ფულის დაზოგვას, ხარჯის შემცირებას.“
სიმპტომატურია, რომ ინფლაცია შენელდა წლის ბოლოს, როცა, როგორც წესი, ინფლაცია ყოველთვის იზრდება, რადგან წლის ბოლოს მეტ ფულს ხარჯავს როგორც რიგითი მომხმარებელი (შობის, ახალი წლის სამზადისი და ა.შ.), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები (პრემიები, დანამატები, საზეიმო ღონისძიებები...).
საცალო ვაჭრობის ბრუნვა ოქტომბერში თითქმის 10%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. შემცირდა ბინების, ავტომობილების გაყიდვა. რუსები უბრალოდ ნაკლებად დადიან საყიდლებზე. სამომხმარებლო აქტივობის შემცირება, დათრგუნული ინფლაცია, იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნის შემცირება და ბიზნესის განწყობის გაუარესება, - ყველაფერი ეს მიუთითებს რუსეთის ეკონომიკის „ავადმყოფობაზე“, რომელიც ასე შეიძლება ითარგმნოს:
კრიზისის ფონზე ხალხი ნაკლებს მოიხმარს, ბიზნესი არ დებს ინვესტიციებს, სახელმწიფო კი მზადაა დახარჯოს მეტი ფული, თუმცა ეს ხარჯები სპეციფიკურია: სამხედრო ტექნიკის წარმოება ან უშიშროების ძალებზე დანახარჯების გაზრდა ვერ ავითარებს ეკონომიკას და ვერ აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას.
როგორ ანგრევს ეკონომიკას მობილიზაცია და მისი მოლოდინი
სანქციების შემდეგ რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა მობილიზაციამაც, თუმცა ეფექტის ზუსტი გაზომვა რთულია იმის გამო, რომ უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი წავიდა რუსეთიდან და რამდენი დაბრუნდა. რუსული „ალფა-ბანკის“ ეკონომისტების, ნატალია ორლოვასა და ირინა როსტოვცევას ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 6,5%-ით შემცირდება. ორლოვა ვარაუდობს, რომ რუსეთი დატოვა შრომითი ძალის 1,5%-მა - ძირითადად საშუალო კლასმა, რამაც განაპირობა კიდეც სამომხმარებლო ბაზრის შემცირება.
ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან წასულებმა მოქალაქეებმა გაიტანეს მნიშვნელოვანი თანხა: თუ 2022 წლის დასაწყისამდე რუსეთის მოქალაქეები უცხოურ ბანკებში დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს ინახავდნენ, 2022 წლის სექტემბერში ეს თანხა 66 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქონლის იმპორტის შეზღუდვისა და დასავლური კომპანიების წასვლის პირობებში, ორლოვა ბიზნესისგან ინვესტიციების შემცირებას და ექსპორტის შემცირებას ელის - ეს ყველაფერი ერთად კი ღრმა რეცესიის წინაპირობას შექმნის.
რუსეთის ეკონომიკაზე დამანგრევლად მოქმედებს ბუნდოვანი მომავალი (არავინ იცის, რა სანქციები გამოცხადდება ხვალ) და მორიგი მობილიზაციის და, შესაბამისად, მიგრაციის ახალი ტალღის მოლოდინი.
„ეკონომიკისთვის ყველაზე ცუდი ის შიშებია, რომლებიც ჯერ არ ახდა, მაგრამ შეიძლება ახდეს, - ასე აღწერს რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ოლეგ ბუკლემიშევი რუსეთში შექმნილ ვითარებას, - სანამ ეს შიში სისტემიდან არ გამოიდევნება, ვითარება სერიოზულად არ შეიცვლება. მორიგი მობილიზაციის შიშნარევი მოლოდინი ზიანს აყენებს ეკონომიკას და ძირს უთხრის მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობას: პირველი ხარჯავს ნაკლებს, მეორეს კი ეშინია ინვესტიციის ჩადებისა. ამ ორივე ჯგუფს უკვე დაარტყა მობილიზაციის პირველმა ტალღამ“.
მობილიზაცია ასევე აცლის თანამშრომლებს ეფექტიან ინდუსტრიებს და გადაჰყავს ისინი ან ნაკლებად პროდუქტიულ გარემოში ან საერთოდ ფრონტის ხაზზე.
Bloomberg Economics-ის ეკონომისტის, ალექსანდრ ისაკოვის თქმით, ლოგიკური ახსნა აქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობასაც: რუსეთიდან წასული დასავლური კომპანიების ახალ მფლობელებს ინვესტიციების ჩადების დიდი სტიმული არ აქვთ იმის გამო, რომ უცხოელი მფლობელები შესაძლოა უახლოეს წლებში კვლავ დაბრუნდნენ თავიანთ კომპანიებში.
"აქტივების გაყიდვის ტიპური გარიგებები, როგორც წესი, შეიცავს 3-5 წლის განმავლობაში უკან გამოსყიდვის შესაძლებლობას", - ამბობს ეკონომისტი, - ასეთ გარიგებებში ხშირად გათვალისწინებულია ფიქსირებული სარგებლის პუნქტი, რომლის თანახმად, ახალი მფლობელი ვალდებულია ბიზნესი მიჰყიდოს ძველ მფლობელს შედარებით მცირე სარგებლით. ასეთ დროს მფლობელებს არ აქვთ სტიმული, მაქსიმალურად გაზარდონ კომპანიის ღირებულება, ინვესტიციები და წარმოების მოცულობა“.
რა იქნება უახლოეს მომავალში?
როგორი იქნება რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს? ამ კითხვის პასუხი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ახალი სანქციები დაუწესდება რუსეთს, რამდენად ეფექტიანად მოხდება აღმოსავლეთის ბაზარზე გადაწყობა და გამოცხადდება თუ არა მორიგი მობილიზაცია. გარდა ამისა, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკას იმის გამოც გაუჩნდება დამატებითი პრობლემები, რომ შემცირდება არსებული მარაგების რაოდენობა. ასევე, შეიძლება მოქმედება შეწყვიტონ კონტრაქტებმა, რომლებიც ჯერ არ ექვემდებარება სანქციების რეჟიმს, მაგრამ 2023 წლიდან დაექვემდებარება.
ანალიტიკურ საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო ACRA-ს აღმასრულებელი დირექტორის, მიხაილ სუხოვის თქმით, 2019 წლის დონემდე რუსეთის ეკონომიკის აღდგენას შეიძლება ხუთ წელიწადზე მეტი დასჭირდეს.
კიდევ უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვს გაზეთ „კომერსანტს“, რომელმაც რუსეთის მსხვილი კომპანიების ტოპმენეჯერებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დაასკვნა, რომ რუსეთის ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 2027 წლისთვის დაიწყება.