რუსეთის დაპყრობა - შეუძლებელი მისია?

რუსეთის დაპყრობა - mission impossible?

ამ კითხვაზე სტალინის საბჭოთა კავშირს გუშინ, თუ პუტინის რუსეთს დღეს, ორპირი პასუხი აქვს - ერთი გარე და მეორე შიდა მოხმარებისათვის. გარე სამყაროსთვის პასუხი უარყოფითია - რუსეთის დაპყრობა შეუძლებელია. რაც შეეხება შიდა აუდიტორიას, მათთვის პასუხი დადებითია - რუსეთის დაპყრობა შესაძლებელია და საკუთარი მოსახლეობისთვის მომზადებულ პროპაგანდაში კრემლი წინა პლანზე წევს ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის კომპლექსს და ე.წ. მეხუთე კოლონის ფაქტორს.

მაგრამ გვერდზე რომ გადავდოთ რუსეთის გარე თუ შიდა პროპაგანდა, საინტერესოა, რა პასუხი შეუძლია გასცეს ამ კითხვას ისტორიკოსმა. ამ საკითხზე მე ვესაუბრე დომინიკ ლივენს, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორს, რომელიც იმპერიული ეპოქის რუსეთის ყველაზე აღიარებულ სპეციალისტად ითვლება.

- რუსეთის დაპყრობა შეუძლებელია?

- რუსეთის დაპყრობა შეუძლებელი ხდება XVI-XVII საუკუნიდან, ე.წ. თანამედროვე ერიდან მოყოლებული. ამ პერიოდამდე რუსეთის ტერიტორია აბსოლუტურად დაუცველი იყო მომთაბარე ჯარების პირისპირ. რუსეთის უკიდეგანო სივრცეები არანაირ წინააღმდეგობას არ წარმოადგენდნენ მონღოლი მხედრებისთვის, რომლებსაც დღეში 50 კილომეტრის დაფარვა შეეძლოთ. ხოლო რაც შეეხება თანამედროვე ერას - მძიმედ შეიარაღებულ ევროპულ არმიებს, რომელთა ბირთვს ქვეითი ჯარისკაცები და არტილერისტები შეადგენდნენ, მათთვის რუსეთის გეოგრაფია დაუძლეველი ბარიერი ხდება. თუ მონღოლთა მომთაბარე მხედრებს შეეძლოთ თავი გაეტანათ ტყის დოვლათის ხარჯზე, თანამედროვე ევროპულ არმიებს ლოგისტიკური ხაზები სჭირდებოდათ. და რაც უფრო ღრმად შედიოდა რუსეთის ევრაზიულ სივრცეში თანამედროვე ტიპის არმია, მით უფრო მტკივნეული ხდებოდა ეს პრობლემა. დაამატეთ ამას რუსეთის მკაცრი კლიმატი, გზების არარსებობა და მდინარეები, რომლებიც თითქმის ყველა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიედინება და ლოგისტიკისათვის გამოუყენებელია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დამპყრობელთა არმიას ძალიან მოკლე შესაძლებლობის ფანჯარა რჩება, რომელიც ივნის-ოქტომბრით შემოიფარგლება. როგორ გინდა ამ ხუთი თვის განმავლობაში სასიკვდილო დარტყმა მიაყენო რუსეთს?

- თქვენი ლოგიკის თანახმად, გეოგრაფია არის მთავარი მიზეზი...

- არა. გეოგრაფია ამოცანას ძალიან ართულებს. რუსეთის გეოგრაფიას ემატება ძალზედ სუბიექტური ფაქტორი - დამყრობლის მცდელობა, აწარმოოს ომი მხოლოდ სამხედრო საშუალებებით. ომის მხოლოდ სამხედრო საშუალებებით წარმოების შემთხვევაში დამპყრობელს არანაირი შანსი არ რჩება გამარჯვებისა. ასე მაგალითად მეჩვიდმეტე საუკუნეში, პოლონელებს გაუმართლა იღბალმა, როცა ვარშავის მოსკოვთან ომს დაემთხვა რუსეთის ტახტისათვის შიდადინასტიური ბრძოლა. ამ მღვრიე წყალში პოლონელებმა შეძლეს საკუთარი კანდიდატის დასმა მოსკოვის ტახტზე.

საკვირველია, რომ არც ნაპოლეონმა და არც ჰიტლერმა არ გამოიყენეს პოლიტიკური „ჯოკერები“ რომლებიც მათ ხელთ არსებობდა. არადა რუსეთის იმპერიის რეჟიმი დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რაც მტერს უამრავ პოტენციურ „ჯოკერს“ აძლევდა.

- ნაპოლეონის მიერ ბატონყმობის გაუქმების გამოცხადება იძულებულს გახდიდა ალექსანდრე პირველს, დათმობებზე წასულიყო?

- ნაპოლეონმა „პოლონური კარტის“ გათამეშებაც არ მოინდომა ბოლომდე. მას რომ პოლონეთის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, ის მიიღებდა ძლიერ და უსაფრთხო ზურგს და დამატებით სამხედრო ძალებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას - ძნელია პასუხის გაცემა. ძნელია, რადგან ასეთ მანიფესტს შეეძლო დიდი ქაოსი გამოეწვია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა მარტო ცარისტული ძალაუფლების, არამედ თვით ნაპოლეონის ჯარის წინააღმდეგაც. ნაპოლეონის და მისი გენერლებისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა, ერთის მხრივ, გლეხობის აგრესიის საჭირო მიმართულებით წარმართვა და, მეორეს მხრივ, სამხედრო ოპერაციების მართვა. ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის დროს (1740-1748 წწ.) კარლ ალბრეხტი ბოჰემიაში ბატონყმობის გაუქმების მანიფესტს გამოსცემს. მაგრამ მისი ეს გადაწყვეტილება ისეთ ქაოსს გამოიწვევს, რომ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის მას. რაც შეეხება ნაპოლეონს, მისი მთავარი სისუსტე მაინც სხვაგან იმალებოდა - მისი ჯარი არ იყო რუსეთის გეოგრაფიისათვის ადაპტირებული. ნაპოლეონის ჯარი წარმოადგენდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საომარ სამხედრო ინსტრუმენტს, იქ, სადაც საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა განვითარებული იყო. მაგალითად, კომუნიკაციების სიმწირემ ესპანეთში ნაპოლეონს მრავალი პრობლემა შეუქმნა. რუსეთი კი 10 ესპანეთის ზომის იყო, კომუნიკაციები კი კიდევ უფრო ნაკლებად იყო განვითარებული... როგორ უნდა დაეპყრო ეს ტერიტორია?

- რომელი დამპყრობელი იყო მიზანთან ყველაზე ახლოს?

- გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ მეორე და მისი გენერლები. ვილჰელმ მეორე ერთადერთი გახლდათ, რომელმაც შეძლო პოლიტიკური და სამხედრო ქმედებებისთვის ერთად მოეყარა თავი. რა თქმა უნდა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ბერლინს არაფერი ამის მსგავსი დაგეგმილი არ ჰქონდა. დასაწყისში გერმანია მხოლოდ სამხედრო ძალის იმედად იყო. მაგრამ ბერლინს უკვე ჰქონდა გამოცდილება, თუ როგორ გამოეყენებინა მტრის სუსტი მხარეები თავის სასარგებლოდ. მაგალითად, გერმანიამ საკმაოდ კარგად გაითამაშა ირლანდიური და ინდური კარტები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ნაციონალისტური კარტის გათამაშებას - ამ იდეის მთავარი ქომაგი გახლდათ პაულ რორბახი, ბალტიისპირელი გერმანელი. იგი დაუღალავად იღვწოდა, რათა ბერლინს უკრაინული ნაციონალისტური კარტი გამოეყენებინა რუსეთთან ომში. რორბახი დარწმუნებული იყო - და სწორად! - რომ უკრაინის გარეშე რუსეთი საშუალო ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა. რომ არა 1917 წელს კონფლიქტში ამერიკელების ჩართვა, გერმანია დაამარცხებდა რუსეთს.

- 1941 წელს საბჭოთა კავშირი ისევ დაკარგავს უკრაინას...

- კი, მაგრამ აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი: 1. ჰიტლერი არ გაითამაშებს უკრაინულ კარტს. პირიქით, იგი დააპატიმრებს უკრაინელ ნაციონალისტებს, რომლებსაც უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება სურდათ. და 2. 1914 წლისგან განსხვავებით, 1941 წელს უკრაინა აღარ წარმოადგენდა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს სამხედრო ინდუსტრიისთვის. პირველი ორი ხუთწლედის შემდეგ მოსკოვი მოახერხებს სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას ურალში და ციმბირში. აქედან გამომდინარე, დონბასის დაკარგვა ვეღარ მიაყენებდა კრემლს სასიკვდილო ჭრილობას.

- და ჰქონდა მაინც ჰიტლერს შანსი, ომი მოეგო სტალინის წინააღმდეგ?

- ანტისტალინური მუხტი ძალზე დიდი იყო საბჭოთა კავშირში. ბევრი ადამიანი იყო მზად იარაღით ხელში ებრძოლა მისი რეჟიმის წინააღმდეგ. განსაკუთრებით გლეხობა იყო ამის მომხრე. მაგრამ ნაცისტების ოკუპაციამ ძალიან მალე მიახვედრა საბჭოთა მოსახლეობა, რომ ჰიტლერი სტალინზე უარესი იყო. ნაცისტების მიერ საბჭოთა კავშირში წარმოებული განადგურების ომი ისეთი ბარბაროსული იყო, რომ მას საბჭოთა სისტემის მხოლოდ და მხოლოდ გამაგრება და გაძლიერება შეეძლო. ამგვარად, ჰიტლერი აღმოჩნდება ისეთი ტიპის მტერი, რომელზეც სტალინი საუკეთესო სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდა... და ეს იყო ამ კონფლიქტის ყველაზე პარადოქსული, ყველაზე საშინელი ასპექტი.