28 თებერვალს, პირველად თითქმის ბოლო სამი კვირის განმავლობაში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა სოხუმში, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან, რომლებსაც მოსკოვსა და მინსკში ვიზიტის შედეგები გააცნო. ასლან ბჟანიამ ძირითადად ახალი ფინანსური და ეკონომიკური კავშირების პერსპექტივაზე ილაპარაკა ისე, რომ არაფერი უთქვამს ე.წ. ახალ საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო ინტეგრაციაზე, რაც ძალიან აღელვებს აფხაზეთის საზოგადოებასა და ოპოზიციას. დე ფაქტო რესპუბლიკაში ბევრი ფიქრობს, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოულოდნელი დაინტერესება აფხაზეთით - ის ჯერ თავად ჩავიდა ბიჭვინთაში, შემდეგ კი ბჟანიას უმასპინძლა მინსკში, შესაძლოა იყოს ერთგვარი სატყუარა, რომლის საშუალებითაც აფხაზეთი ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოში, ე.წ. სსრკ 2.0-ში, არსებითად კი რუსეთში უნდა შეიტყუონ.
28 თებერვალს ბჟანიას რუსულ-ბელარუსული „ტურნე“ შეაჯამა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამაც, რომელიც დღემდე მოსკოვში იმყოფება.
„მინსკში მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებებს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებსა და სპეცსამსახურებს შორის კონტაქტების დამყარების თაობაზე“, - განაცხადა მან.
28 თებერვალს ინალ არძინბა მოსკოვში ასევე შეხვდა რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს მდივანს, დმიტრი მეზენცევს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ შეხვედრის დროს განიხილეს „პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესების აქტუალური ასპექტები და რუსეთის ფედერაციის ინიციატივითა და დახმარებით მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრული მონაწილეობის პირობები“.
- 2022 წლის აგვისტოში ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ
- 2022 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის ავტორიტარული ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ჩავიდა ბიჭვინთაში, სადაც შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს
- 2023 წლის 21 თებერვალს ლუკაშენკამ მინსკში უმასპინძლა ასლან ბჟანიას
ასლან ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს ჩავიდა „სამუშაო ვიზიტით“ და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის წევრებს. თებერვლის მეორე ნახევარში მოსკოვში ასევე ელოდნენ კიდევ რამდენიმე „სახელმწიფოს“ ლიდერებს, რომელთა შორის, პირველ რიგში, მოიაზრებდნენ ბელარუსის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტებს. სწორედ ამ დღეებში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა (პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისათვის“) დმიტრი კუზნეცოვმა განაცხადა, რომ 21 თებერვალი (ვლადიმირ პუტინის ფედერალური კრებისადმი მიმართვის დღე) იქცეოდა ერთგვარ წყალგამყოფად რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობებში, რადგან ამ დღეს გადაწყდებოდა ამ ორი ქვეყნის შერწყმის საკითხი.
„ვიმედოვნებ, რომ 21 თებერვალს სწორედ ეს საკითხი გადაწყდება. 25 წელია იმედს არ ვკარგავთ. როდესღაც ხომ უნდა ასრულდეს? ბელარუსის გარდა ასევე არიან სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი. იქნებ საერთოდაც სსრკ 2.0 შექმნას ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა და გენიალურად ამოატრიალოს საჭადრაკო დაფა? თუ დავიცდით, ვნახავთ“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
21 თებერვალს პუტინმა არაფრით გამორჩეული ტექსტი წარმოთქვა. მის გამოსვლას კვალი დაამჩნია აშშ-ის პრეზიდენტის წინმსწრებმა ვიზიტებმა კიევსა და ვარშავაში. ყოველ შემთხვევაში, პუტინს არაფერი უთქვამს ახალი გაერთიანების შექმნაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, ბჟანიას გაჭიანურებულმა სტუმრობამ მოსკოვში და შემდეგ ჩასვლამ მინსკში ლუკაშენკასთან, ეჭვები აფხაზეთის სსრკ 2.0.-ში შესაძლო ინტეგრაციის თაობაზე, რბილად რომ ითქვას, ვერ გაფანტა.
სოხუმში ბევრი ეჭვობს, რომ ლუკაშენკას დაინტერესება აფხაზეთით (ბიჭვინთაში ჩასვლა 2022 წლის სექტემბერში), პრეზიდენტების დონეზე შეხვედრების გამართვა, შესაძლოა წინ უსწრებდეს აფხაზეთის სურვერენიტეტის სრულ ან ნაწილობრივ ხელყოფას. აფხაზეთში ოპოზიციას და საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა ლუკაშენკას არც დამოუკიდებლად მოქმედებისა და არც ალტრუიზმისა. ლუკაშენკამ წესიერად არც კი იცის, რა ჰქვია აფხაზეთის პრეზიდენტს - ასლანი თუ ხასანი (მისალმებისას, ძვირფასო ხასანო, ასე მიმართა). აფხაზეთში ბევრს ასევე არ სჯერა, რომ რუსეთის დაჟინებული მოთხოვნა აფხაზეთის კანონმდებლობის რუსულთან სინქრონიზაციის შესახებ, უძრავი ქონებით ვაჭრობაზე შეზღუდვის მოხსნა და ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემა, არ შეიცავს საფრთხეებს.
ასლან ბჟანიას გაჭიანურებული (რუსეთ-ბელარუსული) ვიზიტის დროს აფხაზეთში ბევრმა ჩათვალა საჭიროდ საჯაროდ ეთქვა რას ფიქრობდა ამაზე.
„ეს არ უნდა დავუშვათ, რადგან საკავშირო სახელმწიფოში შესვლა დაასამარებს მსოფლიოს სახელმწიფოების მიერ ჩვენი აღიარების იმედებს. ასევე არ უნდა დავუშვათ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის არანაირი ფორმით, მათ შორის შესწორებული ფორმით გადაცემა. ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან უძრავი ქონების ბაზრის ლიბერალიზაცია, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების თავისუფლად მიყიდვა. ეს არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და დემოგრაფიული საფრთხე ჩვენი ეთნიკური ჯგუფისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა უცხო სახელმწიფოებსა და კომპანიებზე. ჩვენ ჯერ ისევ კარში ვდგავართ, მაგრამ მუდმივად კარში დგომა არ შეიძლება, თვითონ უნდა გადავიდეთ აქტიურ, გადამწყვეტ მოქმედებებზე”, - განაცხადა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ბჟინავამ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი პარტიის, „ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ თავმჯდომარე ასლან ბარციცი მიიჩნევს, რომ ბჟანიას ხელისუფლების დახურულობა იმის მცირე იმედსაც კი არ ტოვებს, რომ საზოგადოებას ვინმე გულწრფელად მოუყვება მოსკოვში გამართული შეხვედრებისა და იქ განხილული საკითხების შესახებ:
„მგონია, რომ რაღაც საბედისწერო რამ შეიძლება მოხდეს. გვესმის, რა ეტაპზეა ახლა გლობალური სამყარო და, რა თქმა უნდა, ეს ტექტონიკური პროცესები აფხაზეთს გვერდს ვერ აუვლის. ჩვენი სტრატეგიული ხაზი ისეთი უნდა იყოს, რომ ტიტანებთან ბრძოლაში არ დავიკარგოთ, რათა შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობა, შევინარჩუნოთ ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს და განვავითაროთ. ძნელია რამის თქმა, რადგან ინფორმაციის ნაკლებობა ჯერ არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. იმედი ვიქონიოთ, რომ ასლან ბჟანია პირდაპირ იტყვის, რატომ ჩავიდა მოსკოვში და რა ხდებოდა იქ“.
თუმცა ბჟანიას დეტალებზე არაფერი უთქვამს, მისი ადმინისტრაციის პრესსამსახურმა კი განაცხადა, რომ მოსკოვში საუბარი არ ყოფილა აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის შესაძლო ცვლილებაზე.
„სამწუხაროდ, ასეთი გზავნილების გავრცელება დაიწყო ზოგიერთმა მოქალაქემ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ აფხაზეთშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურმა „ზოგიერთებში“ იგულისხმა ორგანიზაციები „ახიაცა“, „აამტა“, „აიდგილარა“, „სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტი“, „აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი კავშირი აიაირა“, „ვეტერანთა და ახალგაზრდათა კავშირი აფსნი“; ასევე საზოგადოებრივი აქტივისტები: ადგურ ლაგვილავა, ლიანა კვარჩალია, არდა ინალ-იპა, ალხას არგუნი, ასტამურ ტანია, ლევან ლაგვილავა, ლაშა ზუხბა და სხვები, რომლებმაც აფხაზეთის სტატუსის შესაძლო ცვლილება გააპროტესტეს და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს.
„აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თემაზე ყველა სპეკულაცია, მათ შორის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებები, მიგვაჩნია უპასუხისმგებლოდ და ჩვენი ურთიერთობებისთვის საზიანოდ. ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებელი სტატუსი განსაზღვრულია კონსტიტუციით და არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი“, - ნათქვამია მიმართვაში.
ასევე ნახეთ აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაციები: „რესპუბლიკის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება“რაც შეეხება მინსკში ვიზიტს, ასლან ბჟანიამ ლუკაშენკასთან შეხვედრას უწოდა „რუსეთის ძალისხმევით აფხაზეთის დეიზოლაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“, რომლის დროსაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობის საკითხები:
„ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ბელარუსის მოქალაქეებს აფხაზეთში უვიზოდ ყოფნის ვადა გაუგრძელდებათ. შეიქმნა სავაჭრო სახლი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ბელარუსის ტერიტორიაზე აფხაზური პროდუქციის შეტანა. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ აფხაზი ახალგაზრდები ჩავლენ მინსკის მაღალტექნოლოგიურ პარკში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აფხაზეთი ბელარუსისგან შეიძენს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე სამრეწველო პროდუქციას“.
აფხაზი ჟურნალისტისა და პოლიტიკის ანალიტიკოსის, იზიდა ჭანიას თქმით, არადამაჯერებლად გამოიყურება ბჟანიასა და მისი პრესსამსახურის განმარტებები.
„ისე გამოვიდა, თითქოს ბჟანია ბელარუსში გაემგზავრა აფხაზეთისა და საქართველოს შერიგების საკითხზე ლუკაშენკას დარიგებების მოსასმენად, სავაჭრო სახლის გახსნაზე სასაუბროდ, აფხაზური ღვინის მიწოდებასა და ბელარუსის უნივერსიტეტებში სწავლის სიკეთეებზე სალაპარაკოდ, - ამბობს ჭანია, - ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სათუოა, რომ ისინი შეესაბამებოდნენ „უმაღლესი დონის“ შეხვედრას. ამ საკითხების გადაჭრა სავაჭრო-სამრეწველო პალატას და აფხაზეთის განათლების მინისტრსაც შეეძლოთ“.
იზიდა ჭანიას თქმით, ასლან ბჟანიას ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უნდობლობის ხარისხმა ისეთ დონეს მიაღწია, ლუკაშენკამ აფხაზეთის სუვერენიტეტი რომც აღიაროს, ეს ეფექტს ვერ მოახდენს.
„როგორც ანდაზა გვეუბნება, „კოვზი სადილობისას ფასობს“. დიდი ხანია გავიდა ის დრო, როცა აღიარებას აფხაზეთის დეიზოლაცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა“, - ამბობს აფხაზი პოლიტოლოგი, რომელიც რუსეთისა და მისი მოკავშირის, ბელარუსის იზოლაციაზე მიანიშნებს.