როგორც რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი ამბობს, საშუალო სკოლის XI კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე „წამყვანმა რუსმა ისტორიკოსებმა“ იმუშავეს რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრისა და პუტინის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით.
სახელმძღვანელოს ავტორთა შორისაა ვიაჩესლავ ნიკონოვი - ისტორიკოსი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილი.
როგორც სერგეი კრავცოვმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, „სახელმძღვანელო მომზადდა უსწრაფესად, ფაქტობრივად 5 თვის განმავლობაში. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ყველა მე-11 კლასელი (და ეს არის სკოლის 650 ათასი მოსწავლე), ისწავლის უახლესი ისტორიის ამ სახელმძღვანელოთი“.
კრავცოვმა ასევე განმარტა, რომ „ხალხების გახლეჩისა და ადამიანებს შორის უნდობლობის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, სამინისტრომ შეიმუშავა ისტორიის სწავლების ერთიანი პროგრამა. ადრე სკოლები და თუნდაც მასწავლებლები ასწავლიდნენ მათ მიერვე შემუშავებული პროგრამების მიხედვით, რამაც გამოიწვია ისტორიის თავისუფალი ინტერპრეტაცია და მიკერძოება გარკვეული თემების სწავლებაში“.
სახელმძღვანელოს ბოლო თავი, სახელწოდებით „რუსეთი დღეს. სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რუსეთის საშუალო სკოლების მოსწავლეებს მოუთხრობს 21-ე საუკუნეში რუსეთის ურთიერთობაზე დასავლეთთან, „აშშ-ის მხრიდან ზეწოლაზე“, „ნაციზმის აღორძინებასა“ და „ისტორიის გაყალბებაზე“. სახელმძღვანელოს ავტორები პუტინის რუსეთის იდეოლოგიურ პრიზმაში ატარებენ და 17 პარაგრაფში მიმოიხილავენ „თანამედროვე ისტორიას“. ეს პარაგრაფებია:
- დასავლეთთან ურთიერთობა XXI საუკუნის დასაწყისში
- აშშ-ის მხრიდან რუსეთზე ზეწოლა
- დასავლეთის სტრატეგიისადმი უკუქმედება
- ისტორიის ფალსიფიკაცია
- ნაციზმის აღორძინება
- უკრაინული ნეონაციზმი
- 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში
- ყირიმის დაბრუნება
- დონბასის ბედი
- მინსკის შეთანხმებები. რა იყო?
- ვითარების გამწვავება
- სპეციალური სამხედრო ოპერაცია
- დასავლეთთან დაპირისპირება
- ახალი რეგიონები
- უკრაინა - ნეონაცისტური სახელმწიფო
- სპეციალური სამხედრო ოპერაცია და რუსული საზოგადოება
- რუსეთი - გმირების ქვეყანა
სახელმძღვანელოს მიხედვით, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა XXI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს. სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ ახალი შეთანხმებების შესახებ რუსეთის წინადადებების საპასუხოდ, „დასავლეთმა რუსეთს აბუჩად ამგდები უარით უპასუხა“.
სკოლის მოსწავლეებს ასევე უყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ გააერთიანა ე.წ. „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ რუსული საზოგადოება და როგორ გაჩნდა "ჯარისკაცებით სიამაყის კულტი".
სახელმძღვანელოში უკრაინის შეიარაღებული ძალებიც არის ნახსენები. რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, უკრაინელი სამხედროები, თურმე, ცოცხალ ფარად იყენებენ სამოქალაქო პირებს.
„ასეთი დაუნდობელი ტაქტიკა არასოდეს გამოუყენებია თავის ტერიტორიაზე მსოფლიოს არცერთ არმიას კაცობრიობის ისტორიაში“, - წერენ სახელმძღვანელოს ავტორები. თავი სრულდება „რუსეთის ახალი გმირებისადმი“ მიძღვნილი პარაგრაფით, სადაც მოცემულია ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა ბიოგრაფიები.
სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ „კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებში რუსული სამოქალაქო იდენტობისა და პატრიოტიზმის ჩამოყალიბება“. სკოლის სახელმძღვანელოს ეს მიზანი სრულად უპასუხებს ვლადიმირ პუტინის მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს რუსი ისტორიკოსებისათვის დასახულ ამოცანებს. პუტინმა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსი ისტორიკოსები თანამედროვე ისტორიის მუზეუმში შეკრიბა და პირდაპირ დაავალა, „ისტორიკოსებმა უნდა დაიცვათ რუსეთის პოზიციები საინფორმაციო სივრცეშიო“. მოგვიანებით ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ვალერი ზორკინთან შეხვედრისას განაცხადა: „საბჭოთა უკრაინა შექმნა საბჭოთა ხელისუფლებამ. ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მანამდე კაცობრიობის ისტორიაში არანაირი უკრაინა არ არსებულა“.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ დაწერილი თავი მთავრდება სტალინის პერიოდის საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწის, ვიაჩესლავ მოლოტოვის ციტატით 1941 წლის 22 ივნისს წარმოთქმული სიტყვიდან: "ჩვენი საქმე სამართლიანია! მტერი განადგურდება! გამარჯვება ჩვენი იქნება!" ამასთან წიგნში მოლოტოვის ეს ციტატა მოტანილია ბრჭყალებისა და ავტორის მითითების გარეშე. ამაზე ივან ფომინმა, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელმა ირონიულად შენიშნა, როგორც ჩანს, სახელმძღვანელოზე მუშაობისას ერთ-ერთმა ავტორმა, ვიაჩესლავ ნიკონოვმა სცადა თავის სხეულზე მოერგო ბაბუის, ვიაჩესლავ მოლოტოვის კიტელიო.
ვიაჩესლავ ნიკონოვი რუსეთში ცნობილი პოლიტოლოგი და პოლიტიკოსია, მმართველი პარტიის, „ედინნაია როსსიას“ წევრი და პუტინის მხარდამჭერი, რომელიც, როგორც ჟურნალისტი კირილ ნაბუტოვი ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბრისას, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილობის ფაქტს:
„ადრე როგორღაც დუმდა, ახლა კი ამაყობს, რომ დიდი სახელმწიფო მოღვაწის შვილიშვილია. არაფერია იმაზე საძაგელი ვიდრე იმ სიტყვით სპეკულირება, რომელიც ოდესღაც შენმა ბაბუამ წარმოთქვა 1941 წლის 22 ივნისს. მით უფრო, რომ საუბარია აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიულ მოვლენებზე, რადგან 2022 წელს რუსეთი დაესხა თავს მეზობელ ქვეყანას და არა პირიქით. ეს სამარცხვინო საქციელია. ნიკონოვის გარდა სახელმძღვანელოს ჰყავს კიდევ ერთი ავტორი, სერგეი დევიატოვი - ასევე მეცნიერებათა დოქტორი, მაგრამ რას ნიშნავს მეცნიერებათა დოქტორობა დღევანდელ რუსეთში? თუ გახვალთ ქუჩაში და გააჩერებთ ხალხს, ნახევარზე მეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი შეგრჩებათ ხელში. ამხანაგმა დევიატოვმა სახელი გაითქვა იმით, რომ განადიდებს „ოხრანკის“ მიღწევებს. მათ შორის განადიდებს საბჭოთა რეჟიმის ოხრანკას: როგორ იყო მოწყობილი სტალინის დაცვა და ა.შ. ერთი სიტყვით პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის ყველა დროის ხელისუფლების დამცველია“.
სიმბოლურია, რომ სკოლის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, სერგეი დევიატოვი რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსის მოქმედი მრჩეველია, რომელიც ისტორიას ასევე განიხილავს იარაღად უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ყველა თაობა წერს თავის ისტორიას, ეს ნორმალურია, - ამბობს რუსეთიდან მონტენეგროში ემიგრირებული ისტორიის მასწავლებელი მიხაილ კაპიცა, - მაგრამ სხვა საქმეა, როცა ისტორია ხდება მანიპულაციების ობიექტი. ეს უკვე აღარაა ისტორია როგორც ცოცხალი ცოდნა. ეს არის ისტორია როგორც უზარმაზარი საცავი, საიდანაც იღებ მხოლოდ იმას, რაც მოცემულ მომენტში გაწყობს. სახელმძღვანელოს ავტორებმა აურიეს ჟანრები. სახელმძღვანელოები არ იქმნება პროპაგანდისთვის, სახელმძღვანელოები უნდა მისდევდნენ დიდაქტიკურ მიზნებს“.
ემიგრაციაში მცხოვრები რუსი ისტორიკოსები უკიდურესად დაბალი აზრის არიან რუსეთის მთავარი ისტორიკოსის, პრეზიდენტ პუტინის აკადემიურ ინტერესებსა და ცოდნაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეი ზორინის თქმით, პუტინის ისტორიული ესეები, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, სრული ნეხვია (total bullshit). იმავეს თქმა შეიძლება პუტინის ისტორიკოსების მიერ შედგენილ სახელმძღვანელოზეც, რომელიც სრულად იმეორებს ოფიციალურ პროპაგანდას უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამერიკამ და დასავლეთმა უკრაინა გამოიყენეს „რუსეთისკენ მიმართულ დამრტყმელ მუშტად“.
ასევე ნახეთ "ქართველები ფავორიტ, მაგრამ უმცროს ძმებად მიიჩნეოდნენ" - ანდრეი ზორინი რუსულ ცარიზმზე, საქართველოსა და უკრაინაზესახელმძღვანელოს მიხედვით, 2022 წლის იანვარში მოსკოვისთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერით ემზადებოდა სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისათვის, რომლის მიზანი „დონბასის და ყირიმის“ დაპყრობა“ იყო. ამ ბრალდებების არანაირი მტკიცებულება სახელმძღვანელოში წარმოდგენილი არ არის, ე. წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ანუ 24 თებერვალს დაწყებული ომი (უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა) განმარტებულია როგორც „პრევენციული ღონისძიება“.
„ოპერაციის დასაწყისში თავი იჩინა ჩვენი შეიარაღებული ძალების აბსოლუტურმა უპირატესობამ ჰაერსა და ზღვაში“, ბრძოლის ველზე ძალთა თანაფარდობაც „განუხრელად იზრდებოდა ჩვენი შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ“, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში, სადაც არაფერია ნათქვამი კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებზე, მათ შორის რუსული შენაერთების მიერ იზიუმისა და ხერსონის დატოვებაზე. სამაგიეროდ გვერდზე მეტი ეთმობა დასავლურ სანქციებს, რომლებმაც, როგორც სახელმძღვანელოს ავტორები ამტკიცებენ, მხოლოდ გააძლიერა რუსეთი, რომლის ხალხიც "გაერთიანდა თავისი შეიარაღებული ძალებისა და ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად".
ჟურნალისტ კირილ ნაბუტოვის თქმით, X-XI კლასელებს მოუწევთ ამ საშინელი ფორმულირებების დაზუთხვა, რადგან სხვანაირად მათი დამახსოვრება შეუძლებელია.
„სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ კარგი ისაა, რომ ასეთი რამეები გონებიდან მალევე ქრება“, - ამბობს ნაბუტოვი, რომლის თქმითაც, მცდელობა ბოლომდე გააკონტროლო თანამედროვე ისტორიის დაწერის პროცესი და გადაწერო წარსულის ფურცლები, ადრე თუ გვიან გამოიწვევს იმას, რომ მსგავსი სახელმძღვანელოები თავად იქცევიან რუსეთის ისტორიის შავ ფურცლებად.