კრემლში „ძალიან სახიფათო“ გამოვლინება და ექსტრემისტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიური პროვოკაცია უწოდეს საქართველოში რუსი დეპუტატების მიმართ მოპყრობას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში.
ასეთი შეფასებებია მოხსენიებული რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან გამართული ოპერატიული თათბირის მთავარ აქცენტებს ასახავს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის - ტურისტები, ჩასვლის მსურველები ან საქართველოში მყოფნი, ექსტრემისტების ქმედებებთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“, - წერია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„დაე, ელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ ბორჯომი ევროპულ ბაზარზე“, - ქართველებს ბოიკოტით ემუქრება რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგტიაევი.
ასევე ნახეთ გავრილოვი: ექსტრემისტულ აქციაზე იყო რუსეთის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობაც„ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყველა კურორტს საქართველოში და ასევე - საქართველოდან შემოტანილ პროდუქციას - ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება თბილისში რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის შემდეგ“, - „რია ნოვოსტის“ ცნობით, დაწერა რუსეთის დუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ დეგტიაევმა „Telegram“-ის საკუთარ არხზე.
შეშფოთებულია რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვიც. ასევე „რია ნოვოსტის“ ცნობით, პესკოვმა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში საგანგებოდ გაიხსენა, რომ საქართველოს ძალიან ბევრი რუსი ტურისტი სტუმრობს.
„რუსოფობიის მსგავსი გამოვლინებები - ჩვენშიც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ქვეყანაა, რომელსაც რეგულარულად სტუმრობს რუსი ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა. ამიტომ ეს უკიდურესად სერიოზული საკითხია“, - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოსკოვი შეშფოთებულია რადიკალური ძალების ქმედებებით, რომლებმაც ჩაშალეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (მსა) 26-ე სესია თბილისში.
„რუსეთის დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ მსა-ს სესიის ჩატარებისას საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ნორმებს“, - წერს „რია ნოვოსტი“.
ასევე ნახეთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დღევანდელი სხდომა ჩაიშალა20 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების ძალისხმევით ჩაიშალა.
„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა იმ მიზნით დაიკავეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა, რომ ამ ტრიბუნიდან სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცემოდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს. ის, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი შესვენებამდე სწორედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა ასამბლეის სხდომას. ამ ფატმა საზოგადოებაში დიდი გაღიზიანება გამოიწვია.
რუსი დეპუტატებისა და განსაკუთრებით - სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა თავიდანვე მწვავედ გააპროტესტა ოპოზიციამ, რადგან რუსი დეპუტატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებითა და განცხადებებით გამოირჩევა.
ასამბლეის 26-ე სესია 22 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სხდომა 20 ივნისს დატოვეს.