რუსეთი მიზანში და აღმოსავლეთი პარიზის სტრატეგიულ ფოკუსში - სად დგას საქართველო?

პარიზი ევროპის აღმოსავლეთით ფოკუსს აძლიერებს - მხარდაჭერას უცხადებს კიევს, კიშინიოვსა და ერევანს. სად დგას თბილისი?

უკრაინაში რუსეთის ომის გაჭიანურებისა და აფრიკის კონტინენტზე საფრანგეთის ინტერესების შევიწროების შემდეგ, პარიზი, რომელიც ტრადიციულად „რუსეთის მალული სიყვარულით“ გამოირჩეოდა, მკვეთრად აძლიერებს მოსკოვის საწინააღმდეგო რიტორიკას და ამკვეთრებს სტრატეგიულ ფოკუსს ევროპის აღმოსავლეთით.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ვლადიმირ პუტინის „სახის შენარჩუნების საჭიროებაზე“ საუბრობდა, ახლა არ გამორიცხავს ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში. მტკიცედ ემხრობა ევროკავშირის გაფართოებასაც.

გარდა რიტორიკისა, დგამს ნაბიჯებსაც აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში:

  • დებს უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებას უკრაინასთან;
  • თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აფორმებს და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლობას ხსნის მოლდოვაში;
  • აძლიერებს მოსკოვისგან დისტანცირებული სომხეთის თავდაცვისუნარიანობას;
  • ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს რუსეთის ინტერესებს ცენტრალურ აზიაში, - სადაც პარიზს სხვა ინტერესებიც ამოძრავებს.

საქართველო, რომელიც პარიზის ახალი ფოკუსის რეგიონში მდებარეობს, საფრანგეთის ახალ სტრატეგიულ ფოკუსში ნაკლებად ჩანს.

და არც თბილისი ცდილობს მაინცდამაინც მისთვის თავის შეხსენებას.

შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ვერც მთავრობასთან დაპირისპირებული, ოფიციალურ პარიზთან მჭიდრო კავშირების მქონე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხედავს.

მაკრონი: რიტორიკა იცვლება

„ძვირფასო ვლადიმირ“! - 2019 წელს, ყირიმის ანექსიიდან 5 წელიწადში, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს ხმელთაშუაზღვისპირეთის საზაფხულო რეზიდენციაში უმასპინძლა, მეგობრულად მიიღო. გამოაცხადა, რომ რუსეთი ნაწილია ევროპისა, რომელიც გადაჭიმულია „ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე“.

ვლადიმირ პუტინი და მაკრონები ბრეგანსონის ციხესიმაგრეში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთში მდებარეობს. 2019 წლის 19 აგვისტო

საფრანგეთის პოზიციები რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც ორაზროვანი იყო. სულ მცირე, ნახევარი წლის განმავლობაში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აგრძელებდა პრეზიდენტ პუტინთან საუბარსა და დასავლეთი-რუსეთის კომუნიკაციების ოფიციალური არხების შენარჩუნებას. აუცილებელია, ის არ შევარცხვინოთო, ამტკიცებდა, - რის გამოც მოკავშირეები, განსაკუთრებით, აღმოსავლეთით, ხშირად საყვედურობდნენ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის - ყოფილი ფრანგი დიპლომატის - სიტყვებით, რუსეთის მიმართ საფრანგეთის „მალული სიყვარული“ და „ილუზია, რომ რუსეთს ეკონომიკური თანამშრომლობითა და მეგობრული ურთიერთობებით დაარწმუნებდნენ, რომ თავადაც უნდა გარდაქმნილიყო, დიდხანს გაგრძელდა“.

ახლა ყველაფერი შეცვლილია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თებერვალში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა; მოგვიანებით თქვა, რომ ეს სიტყვები კარგად იყო აწონ-დაწონილი.

მართალია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა უკმეხი ჩაცინებით უპასუხა ამ განცხადებას, - ეს ყველაფერი არასერიოზულიაო, - მაგრამ პრეზიდენტი მაკრონი რიტორიკას სულ უფრო და უფრო ამკაცრებს.

სულ ბოლო, 14 მარტით დათარიღებულ ინტერვიუში მაკრონმა კვლავ „არაფერი“ გამორიცხა უკრაინის დასახმარებლად, და სცადა, რაც შეიძლება ნათლად აეხსნა ფრანგი აუდიტორიისათვის, რა მოხდება, თუკი რუსეთს, - რომელიც, მისი სიტყვებით, ახლა „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს, - უფლებას მისცემენ, გაიმარჯვოს უკრაინაში:

„ევროპის სანდოობა ნულს გაუტოლდება. ფრანგი ხალხის ცხოვრება შეიცვლება. ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება. საფრანგეთის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის წინაშე დგას“.

რა შეიცვალა?

„2022 წლის თებერვლის შემდეგ საფრანგეთი, როგორც სხვა ქვეყნები, ვერ წაუყრუებდა რუსეთის აგრესიას და საკმაოდ სოლიდური დახმარებაც გაუწია უკრაინას, - თუმცაკი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაინც მოზომილი იყო. ასე იყო მანამ, სანამ რუსეთმა საფრანგეთი და მისი სტრატეგიული ინტერესები არ შეავიწროვა აფრიკაში“, - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ხარებავა, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი.

საფრანგეთი არ გამოირჩეოდა ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ინტეგრაციის მხარდაჭერით და, ტრადიციულად, მის საგარეო პოლიტიკაში ყველაზე მეტი დატვირთვა მოდიოდა აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ, იმ ტერიტორიებზე, რომელსაც საფრანგეთის კოლონიური წარსული აერთიანებსო, განმარტავს ანალიტიკოსი.

სამ ასეთ სახელმწიფოში, - ნიგერში, ბურკინა-ფასოსა და მალიში - ბოლო პერიოდში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებებმა - მათ შორის, ნიგერსა და ბურკინა-ფასოში უკრაინის ომის დაწყების შემდეგ - პარიზის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხე შეუქმნა. თან ისე, რომ ხუნტის ლიდერებმა, რომლებმაც ზურგი აქციეს ძველ ევროპელ მოკავშირეებს, რუსეთში დაინახეს „სანდო პარტნიორი“.

2023 წლის დეკემბერში, გადატრიალებიდან 4 თვეში, როდესაც უკანასკნელმა ფრანგმა ჯარისკაცებმა დატოვეს ნიგერი, აბდურაჰმან ტიანის ხუნტამ სიხარულით მიიღო რუსი თანამდებობის პირები, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ბეკ ევკუროვი.

ნიგერის ხუნტის მხარდამჭერები აფრიალებენ რუსეთის დროშას დედაქალაქ ნიამეიში. 2023 წლის 3 აგვისტო

მალისა და ბურკინა-ფასოს ხუნტების მსგავსად, ნიგერის ახალმა მმართველებმაც გამოაცხადეს „რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების“ გადაწყვეტილება. ამას კი კონტინენტზე ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კამპანია „ვაგნერის“ ოპერაციები უძღოდა წინ.

პარიზისთვის განსაკუთრებით მტკივნეული სწორედ ნიგერის სამხედრო გადატრიალება იყო, ვინაიდან ნიგერს საფრანგეთის ეროვნული სასიცოცხლო ინტერესებისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა - მისგან იღებს ურანს.

ბრიტანული „მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის“ მონაცემებით, საფრანგეთის მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 62% ატომურ ელექტროსადგურებში გენერირდება, ატომური ელექტროსადგურების მუშაობისთვის კი ურანია საჭირო.

საფრანგეთში ურანის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი სწორედ ნიგერი იყო. 2022 წელს პირველ ადგილზე (27%) ყაზახეთი იყო, მეორეზე (20%) ნიგერი, მესამეზე კი (19%) უზბეკეთი.

რუსეთში მაკრონს ახსენებენ, „როგორ დასრულდა ნაპოლეონისთვის რუსეთში შეჭრა“. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ამბობს, რომ კრემლის მაკრონისეულ კრიტიკას აფრიკაში მოკავშირეების დაკარგვა განაპირობებს.

„საფრანგეთის პრეზიდენტისგან ასეთი მკვეთრი, საკმაოდ ემოციური რეაქცია დაკავშირებულია, სხვა საკითხებთან ერთად, იმასთან, რაც აფრიკულ ქვეყნებში ხდება“, - განაცხადა მან 13 მარტს ინტერვიუში. მისი თქმით, საფრანგეთის პრობლემა რუსეთთან, უკრაინა კი არა, „ვაგნერის“ ჯგუფია. მან განაცხადა, რომ საფრანგეთი გამწარებულია, რადგან რუსეთი აფრიკაში „კუდზე აბიჯებს“.

ჯერჯერობით არც ნიგერს, არც მალისა და არც ბურკინა-ფასოს ურანისა და ოქროს ექსპორტი ევროკავშირსა და საფრანგეთში არ შეუჩერებიათ, თუმცა საფრანგეთში შიშობენ, რომ შექმნილი ვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.

„მას შემდეგ, რაც საფრანგეთი რუსეთმა უკიდურესად შეავიწროვა საჰელის ქვეყნებში, რასაც საფრანგეთი თავისი სასიცოცხლო ინტერესებისთვის კრიტიკულ რეგიონად აღიქვამს, საფრანგეთს აუცილებლად უნდა ეპასუხა რუსეთისთვის. და ამ პასუხისთვის ყველაზე კარგი ადგილი არის უკრაინა“, - ამბობს გიორგი ხარებავა.

ფოკუსი აღმოსავლეთით - რა იცვლება?

თუმცა უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი ტრადიციულად საკუთარი გავლენის სფეროდ, „უკანა ეზოდ“ აღიქვამს და სადაც ამჟამად საფრანგეთი აქტიური როლის მორგებას ცდილობს. პარიზი გარკვეულ ნაბიჯებს დგამს მოლდოვაშიც, სომხეთშიც და ცენტრალურ აზიაშიც.

მოლდოვა: 7 მარტს პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა „უპირობო მხარდაჭერა“ გამოხატა მოლდოვისადმი და ხაზი გაუსვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ეს იყო მას შემდეგ, რაც სეპარატისტულმა დნესტრისპირეთმა, - სადაც რუსეთს ორი ათწლეულია, 2000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული,- რუსეთს „თავდაცვის“ თხოვნით მიმართა.

ემანუელ მაკრონმა, კიშინიოვში ვიზიტის შემდეგ, მაია სანდუ ელისეს სასახლეში მიიღო. 2024 წლის 7 მარტი

მაკრონმა გამოხატა ევროკავშირში გაწევრების გზაზე მოლდოვისადმი მხარდაჭერა და მისი რეფორმირების პროცესი შეაქო.

რაც მთავარია:

  • მოლდოვამ და საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, - რასაც წინ უძღოდა 2023 წლის სექტემბერში სამხედრო პერსონალის წვრთნების, თავდაცვის სფეროში რეგულარული კონსულტაციების და ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება;
  • ზაფხულში პარიზი კიშინიოვში გაგზავნის თავდაცვის მისიას;
  • დაიწყება მოლაპარაკებები მოლდოვისათვის იარაღის, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, მიწოდების შესახებ.

სომხეთი: სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა, რომელსაც ყარაბაღის მეორე ომში მარცხისა და მთიან ყარაბაღზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ თავდაცვისუნარიანობის აღდგენის მწვავე საჭიროება უდგას, გარდა ირანისა და ინდოეთისა, საფრანგეთისგან ცდილობს ამ დახმარების მიღებას.

ერევანი რუსეთს, რომელიც მისი უსაფრთხოების გარანტორად აღიქმებოდა, აღარ ენდობა 2020 წლის ომსა და მომდევნო პერიოდში, აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის მიუხედავად, მოსკოვის უმოქმედობის გამო. სომხეთმა „გაყინა“ წევრობა რუსეთის სამხედრო ალიანსში, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ ორგანიზაციაში.

2024 წლის 23 თებერვალს ერევანს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ ეწვია.

  • მინისტრის ვიზიტს (რასაც წინ უძღოდა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი პარიზში) თან სდევდა ღამის ხედვის აღჭურვილობის გადაცემა სომხეთისათვის.
  • ხელი მოეწერა ფრანგულ კომპანია PGM-თან შაშხანების შეძენაზე შეთანხმებას.
  • მიმდინარეობს მოლაპარაკებები მცირე რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, „მისტრალების“ შესყიდვის შესახებ.
  • რამდენიმე თვით ადრე სომხეთმა საფრანგეთისგან, საქართველოს გავლით, მიიღო მრავალფუნქციური ტაქტიკური ჯავშანტრანსპორტიორები, „ბასტიონები“.
ასევე ნახეთ ფრანგული იარაღი სომხეთს საქართველოს გავლით - რა შეიცვალა?

ეს თანამშრომლობა, თავის მხრივ, აღიზიანებს აზერბაიჯანს, - რომელსაც „მიუმხრობლობის მოძრაობის“ ფარგლებში დიპლომატიური ფრონტის ხაზი აქვს გახსნილი „ფრანგული ნეოკოლონიალიზმის“ წინააღმდეგ.

ყაზახეთი: 2023 წლის ნოემბერში მაკრონის ტურნე ცენტრალურ აზიაში იყო მცდელობა, გაეძლიერებინა კავშირები რეგიონში, სადაც რუსეთის ტრადიციულ დომინაციას უკვე მიაყენა ჩრდილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაძლიერებამ.

მაკრონი 1 ნოემბერს ჩავიდა ასტანაში და პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს შეხვდა „თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.

იქიდან უზბეკეთში გაემგზავრა.

ორივე ქვეყანა საფრანგეთში ურანის იმპორტიორთა სამეულში შედის და პირველ და მესამე ადგილებს ინაწილებს. საფრანგეთი ყაზახეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მეხუთე ადგილზეა.

პრეზიდენტმა ტოყაევმა, - რომელიც არ აღიარებს უკრაინაში რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას“, - საფრანგეთს უწოდა „საკვანძო და სანდო პარტნიორი“ ევროკავშირში.

მაკრონმა შეაქო ასტანა უკრაინის საკითხზე მოსკოვის პოზიციასთან წინააღმდეგობის გამო და თქვა: „გზა, რომელიც თქვენს ქვეყანას აქვს არჩეული, არის უარი, იყოს რომელიმე ძალის ვასალი, და სურს, შეინარჩუნოს დაბალანსებული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, თქვენი ქვეყნის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი სტრატეგია ახლოსაა საფრანგეთთან“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი მოსკოვისგან „მეზობლების, მეგობრებისა და მოკავშირეების ჩამოშორებას ცდილობს“.

სად არის საქართველო?

ეს ქვეყნები სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს და საფრანგეთის ჩართულობაც სხვადასხვაგვარია:

  • უკრაინასთან, მოლდოვასა და სომხეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო დომინირებს;
  • სომხეთთან ურთიერთობას, თავის მხრივ, დამატებით განაპირობებს სომხეთის ლობისტური წრეების აქტიურობა საფრანგეთის პოლიტიკურ ველში, რასაც მრავალწლიანი ტრადიცია აქვს;
  • ცენტრალურ აზიაში წამყვანი ინტერესი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებაა.

მართალია, საფრანგეთს ყველა მათგანთან განსხვავებული ინტენსივობის მიდგომა აქვს, საერთო ფონი რუსეთისგან მათი დისტანცირება, ან დისტანცირების მცდელობაა, - და, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, რუსეთის მზარდი ამბიციების შეკავების ინტერესი.

„სამწუხაროდ, [პარიზის გადმოსახედიდან] საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად რეგიონულ ჭრილში არ განიხილება“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო კვირიკაშვილი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი.

როდესაც მაკრონმა 2022 წლის ივნისში თქვა, რომ „უკრაინის და მოლდოვის განცალკევება არ უნდა მოხდეს“, საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, „განსხვავებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციად“ დაახასიათა. მას შემდეგ საქართველოზე ცალკე აქცენტი არც ჰქონია, მათ შორის არც ახალი პოლიტიკის ფარგლებში.

„მაკრონის ახალ რიტორიკაში არსად ჩანს საქართველო, ამიტომ აუცილებელია, ქვეყანა გააქტიურდეს და პროაქტიულად იმუშაოს როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე შიდა რეფორმებზე, რათა არ დარჩეს იმ ახალი არქიტექტურის მიღმა, რომელიც ამჟამად, უკრაინის ომის ფონზე ყალიბდება“, - ამბობს ნინო კვირიკაშვილი.

უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან დაწყებული აქვთ გაწევრების მოლაპარაკებები, საქართველო კი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ერთი ნაბიჯით უკანაა. თუმცა „გაზრდილი ყურადღება ნიშნავს მეტ შესაძლებლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისათვის“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

საქართველოს საგარეო პოლიტიკას ბოლო წლებში არათანმიმდევრულობის გათვალისწინებით, მოლოდინი, რომ თბილისი რაიმე ნაბიჯებს გადადგამს, დაბალია.

„ერთია, რომ საფრანგეთს აქვს მოტივაცია, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გააქტიურდეს, მაგრამ მეორეა, თავად ეს ქვეყნები რას აკეთებენ, რომ მათ მიმართ საფრანგეთის დაინტერესება გაიზარდოს“, - ამბობს „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი გიორგი ხარებავა.

პოლიტიკის კომენტატორების დაკვირვებით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისგან არ შეინიშნება აქტიური პოლიტიკის წარმოება. არადა, ანალიტიკოსების თქმით, საქართველოს გარკვეული უპირატესობაც შეიძლებოდა, ჰქონოდა - და შეეძლო, პარიზთან თანამშრომლობის არსებული ფორმატები გამოეყენებინა.

„ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის პრეზიდენტი არის ყოფილი ფრანგი დიპლომატი, რომელიც საფრანგეთშია დაბადებული, გაზრდილი და საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა დიდხანს. თუმცა გვახსოვს, რომ როდესაც პრეზიდენტი თითქოს მთავრობისგან დაუკითხავად წავიდა საფრანგეთში, ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა კრიტიკა, იმპიჩმენტის პროცედურებიც კი დაიწყეს. ერთი სიტყვით, ცირკში გაატარეს ეს პერიოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებულიყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის სასიკეთოდ და ეროვნული ინტერესებისათვის“, - ამბობს ხარებავა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაგმო და ხაზი გაუსვა, რომ დაპირისპირებების ნაცვლად, საქართველოს სჭირდება მეტი კონცენტრირება რეფორმებზე. ანალიტიკოსების თანახმად, ეს „სიგნალია იმის შესახებ, რომ საფრანგეთს საქართველოსგან ევროინტეგრაციის გზაზე მეტი ინიციატივის მოლოდინი აქვს“.

შესაძლო ფორმატები

თუმცა პრეზიდენტი ზურაბიშვილიც კი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის სადარაჯოზე დგას, საფრანგეთთან ცალკე თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს.

„არა მგონია, რომ საფრანგეთს ჰქონდეს თავისი პოზიციები… არა მგონია, საფრანგეთს ჰქონდეს სურვილი, ცალკე რაიმე როლი ითამაშოს, რადგან კარგად იცის, რომ მისი როლი უფრო დიდი იქნება, როგორც ევროპის ერთ-ერთი მთავარი ლიდერისა, და არა ცალკე. დღეს მთავარი სიახლე ისაა, რომ ევროპამ გამოიღვიძა“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 6 მარტს რადიო თავისუფლების შეკითხვაზე პასუხად.

ანალიტიკოსები კი მიუთითებენ, რომ შესაძლებლობის ეს ფანჯარა არსებობს და გამოყენება აუცილებელია. საამისოდ კი საქართველოს შეეძლო, უკვე არსებული თანამშრომლობის ფორმატები გამოეყენებინა. GIP-ის ანალიტიკოსის, ნინო კვირიკაშვილის თქმით, ეს ფორმატებია:

  • 2019 წელს დაფუძნებული ორმხრივი ფორმატი, „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“, - რომელიც უკვე მოიცავს თანამშრომლობის სფეროებს უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხებში, და „საჭიროა უფრო გააქტიურება, რათა რაიმე ტიპის ორმხრივი შეთანხმება დაიდოს“;
  • „ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედი“, რომლის ფარგლებშიც 2018-2023 წლებში მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა „აქაც მნიშვნელოვანია, თბილისი უფრო გააქტიურდეს და უფრო ხელშესახები და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას“.