მოსკოვიდან სოხუმში გაგზავნილ ნოტაზე უკვე რამდენიმე კვირაა ლაპარაკობენ, მაგრამ დე ფაქტო საგარეო უწყებამ მხოლოდ დაადასტურა, რომ - ნოტაც მიიღო და პასუხიც მოამზადა.
ჩანს, რომ რუსეთის სურვილი ამჯერადაც შესრულდება, რაც შესაძლოა - თავად პუტინისა და მსხვილი რუსული ბიზნესის ინტერესებს უკავშირდება.
რაში სჭირდება რუსეთს ქონების მესამე პირზე გადაფორმების უფლება? არის თუ არა ეს გზა - სამომავლოდ მეტი ქონების დასაუფლებლად?
სოხუმში დამნაშავეს ეძებენ
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ეძებს კონკრეტულ ადამიანს - რომელმაც მოსკოვიდან მიღებული ნოტა გამოაქვეყნა.
8 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.
„და ვინ გამოაქვეყნა? შეუძლია ვინმეს - გამოვიდეს და თქვას - ჩემი სახელია ესა და ეს და მე ვარ ამ პუბლიკაციის წყარო? უბრალოდ მაინტერესებს - ვინ გააკეთა ეს? თუ ეს ადამიანი თვლის, რომ სწორად მოიქცა, თქვას მაშინ - „ეს მე ვარ“. ხშირად ქვეყნდება ჩვენთან ნოტები, თუკი ისინი არ არის მისალოცი?
ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ ეს ნოტა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის? რამდენად შეესაბამება ეს დიპლომატიურ ეტიკეტს, დიპლომატიურ პრაქტიკას სახელმწიფოთაშორისო მიმოწერის გამოქვეყნება? - ეს არის საკითხი, რომლის განხილვასაც ვისურვებდი კონკრეტულად იმ ადამიანთან, რომელიც გამოვა და იტყვის - ჩემი სახელი და გვარი ესა და ეს არის" , - თქვა 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ყველამ იცის, რომ არძინბა „რუსეთის კაცია“ და მაქსიმალურად ლობირებს მოსკოვის ინტერესებს, მათ შორის - აფხაზებისთვის კატეგორიულად მიუღებელს.
ასევე ნახეთ გამოქვეყნდა ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო უწყებისთვის" რუსეთის მიერ გაგზავნილი ნოტაბოლო კვირებში აფხაზი ჟურნალისტები ამაოდ ეძებდნენ პასუხებს მოსკოვიდან მიღებული ნოტის შესახებ, ინალ არძინბამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, თუმცა ის კი თქვა, რომ ამასობაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა საპასუხო ნოტის მომზადებაც მოასწრო და ის - „საგნობრივი და გასაგებია“.
- მოსკოვიდან მიღებული გასაიდუმლოებული ნოტა 13 მარტს ტელეგრამარხებმა - «Абхазский портал»-მა და «Апсны Хабар»-მა გამოაქვეყნეს.
- მანამდე, თებერვალში, დოკუმენტის შესახებ „ნუჟნაია გაზეტა“ წერდა. გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, იზიდა ჭანიამ - არძინბას პრესკონფერენციის შემდეგ, 14 მარტს თქვა, რომ „ჟურნალისტის ვალდებულებაა საზოგადოებას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც ხალხს უმალავენ ისეთი ჩინოვნიკები, როგორიც არის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი - ინალ არძინბა“.
რუსეთის მოთხოვნები
მოსკოვი უკმაყოფილოა ცვლილებებით, რომლებიც აფხაზეთის „პარლამენტმა“ 2023 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა და ყველაზე სადავო დებულებების შეცვლას მოითხოვს.
ტექსტში მითითებულია აუცილებლობა, რომ გაუქმდეს ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებზე გადაცემის აკრძალვა. ხელმოწერილ შეთანხმებაში, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ხმაური გამოიწვია, ამ ეტაპისთვის - ლაპარაკია [მიწის და ზღვის აკვატორიის] 49-წლიან იჯარაზე, შემდგომში - 15 წლით ავტომატურად გახანგრძლივების უფლებით. შენობები კი ისედაც - რუსეთის საკუთრებაა.
რუსეთის ფედერაციასთან 2022 წლის დასაწყისში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევდა რუსეთის საკუთრებაში არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას. რუსეთი ამ პირობის დაბრუნებასაც ითხოვს.
რუსეთის მოთხოვნების მიზანი
რუსეთი არ ამბობს, რაში სჭირდება ბიჭვინთაში მისაკუთრებული ტერიტორიის მესამე პირზე გადაფორმება და ვინ შეიძლება იყოს ეს მესამე პირი.
„ჩემი აზრით, ეს არის - პუტინი. სულ ცოტა, ორჯერ - სკანდალის დაწყებამდე და მერეც - რუსეთის დე ფაქტო ელჩმა აფხაზეთის ტერიტორიაზე [მიხაილ შურგალინი] განაცხადა, რომ ეს [ბიჭვინთის ტერიტორია] პუტინის ინტერესებში იყო და არც სხვებმა დამალეს. პუტინი უკვდავი ხომ არ არის და არც ახალგაზრდაა - ის შეიძლება ნორმალურად ვერც მოესწროს ამ აგარაკზე დასვენებას... შეიძლება კერძო გარიგება მოხდეს - ოჯახს გადაეცეს ან რაღაც მსგავსი“, - ეუბნება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებას.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი სწორედ ახლა ცდლობს - დაუშვას პრეცედენტი და საფუძველი ჩაუყაროს სამომავლო პროცესებს, რაც მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ უფრო მეტი უძრავი ქონების მიტაცების შესაძლებლობას მისცემს.
წყარო, რომელსაც ფართო კავშირები აქვს აფხაზეთში - რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ადგილზე არსებული ეჭვების შესახებ, რომ შესაძლოა, ბიჭვინთის აგარაკს რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მსხვილი ბიზნესმენების ინტერესები უკავშირდებოდეს.
„ახლა მხოლოდ იჯარის შეთანხმებაა და მსხვილ ბიზნესმენებს შესაძლოა უნდათ, რომ ეს ტერიტორია მათი საკუთრება გახდეს. როგორც ისინი [ბიზნესმენები] ფიქრობენ, ეს ტერიტორია ადრე თუ გვიან რუსეთი გახდება... ბიჭვინთა ყოფილი საბჭოთა კავშირის მარგალიტია - საუკეთესო, ყველა სხვა ზღვისპირა ტერიტორიებს შორის და დღეს თუ იქ, [მიწა] პირობითად - დოლარი ღირს, ხვალ 10 დოლარი ეღირება... და მისაკუთრება უნდათ“, - წყაროს თანახმად, ადგილობრივები შიშობენ, რომ ამ საკითხზეა მიბმული ე.წ. აპარტამენტების კანონის ბედიც და რუსეთმა ზეწოლის მექანიზმი ჩართო, მათ შორის - აფხაზებისთვის ბარიერების შექმნა - რუსეთში გადასვლის დროს.
ასევე ნახეთ რუსეთი აფხაზეთში ჩასვლას სახიფათოდ თვლის - წყენა ორივე მხარეს იზრდება2023 წლის 27 დეკემბერს, როცა აფხაზეთის „პარლამენტმა“ მთელი ღამე საპროტესტო აქციის ფონზე იმუშავა და „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება“ გამთენიისას მოახერხა; ყველაზე მწვავე საკითხს სწორედ ქონების მესამე პირზე გადაცემა წარმოადგენდა.
მღელვარების ჩასაცხრობად, ცვლილებები შევიდა ოკუპირებული რეგიონის არაერთ „კანონში“ და მათ შორის - „სპეციალურ კონსტიტუციურ კანონში“, რომელიც კონკრეტულად სახელმწიფო აგარაკის გადაცემას შეეხება და მესამე პირებზე გადაცემას გამორიცხავს.
„მასში მითითებულია, რომ ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება უქმდება და საკუთრება უბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკას“, - მძიმე ღამის შემდეგ, 2023 წლის 27 დეკემბერს, განმარტა „პარლამენტის“ სპიკერმა ლაშა აშუბამ.
2024 წლის 14 მარტს კი აშუბამ თქვა, რომ „პარლამენტის“ დეპუტატები ძველ პოზიციაზე რჩებიან.
მანამდე, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციაში, ასლან ბჟანია „პარლამენტის“ სპიკერს, ვიცე-სპიკერსა და კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
«Абхазский портал»-ი წერს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს სურს შეცვალოს კონსტიტუციური კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ და დააკმაყოფილოს რუსეთის ინტერესი.
ასევე ნახეთ "ომს არ ვაცხადებთ" - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას თბილისში კომენტარი, მოსკოვში კმაყოფილება მოჰყვარუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების მისაკუთრებას, გასული წლის მიწურულს, საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქცია მოჰყვა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები კი აცხადებდნენ, რომ ოკუპაციას არ ურიგდებიან, მაგრამ რუსეთს ომს ვერ გამოუცხადებენ.
გასული წლის მიწურულს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს არა საგანგებო განცხადებით, არამედ - კომენტარით გამოეხმაურა.